2019 წელს თბილისმა პირველად უმასპინძლა ამბის თხრობის ფესტივალს და მსოფლიო რუკაზე საქართველო კიდევ ერთი ახალი და მიმზიდველი მიმართულებით მონიშნა. მაშინ Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ის ერთობლივი წამოწყებისთვის სახელად მინიმალისტური, თუმცა მრავლისმომცველი „ZEG“ შეირჩა.
ფესტივალი ამბის თხრობის მრავალ მედიუმსა და ფორმას აერთიანებს, თუმცა, მთავარი მაინც იმ კითხვაზე პასუხის პოვნაა, რაც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება მოვყვეთ ამბები ისე, რომ #ZEG, მომავალშიც საინტერესო და რელევანტური იყოს.
„ჩვენ უნდა მოვყვეთ!“ – 2019 წელს, როდესაც Forbes Woman-ის რედაქცია ZEG-ის იდეის ავტორებსა და ორგანიზატორებს ესაუბრა, ფესტივალი ჯერ ჩატარებული არ იყო, შესაბამისად, ინტერვიუ და მოლოდინები მოკრძალებული იყო. თუმცა, პირველი წარმატებული წლისა და დადებითი გამოხმაურების შემდეგ, ფესტივალის ყოველწლიურ ტრადიციად ქცევა გადაწყდა.
მართალია, ამ გადაწყვეტილების რეალიზება პანდემიამ შეაფერხა, თუმცა, იზოლაციაში ყოფნას უქმად არ ჩაუვლია – ZEG ამბის თხრობითა და მოსმენით გატაცებული ადამიანებისთვის მასშტაბურად და კიდევ უფრო მრავალფეროვანი პროგრამით ბრუნდება.
Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ს მიერ ინიცირებულ საერთაშორისო ფესტივალს დღეს ბევრი პარტნიორი ჰყავს. ამ სინერგიის შედეგია ისიც, რომ ამბის თხრობის ფესტივალი წელს მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტ ცნობილ სპიკერსა და 300-მდე სტუმარს გააერთიანებს.
„Impact Hub Tbilisi საერთო სამუშაო სივრცეა, რომელიც სხვადასხვა ინტერესისა და გამოცდილების ადამიანებს აერთიანებს და რომელიც თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარებაზე დგას. სხვადასხვა იდეის გარშემო წევრებთან გაერთიანება, ჩვენთან მიღებული პრაქტიკაა, ZEG-იც ასე დაიბადა. ჩვენი ერთ-ერთი პირველი წევრი, მულტიმედია პლატფორმა Coda Story იყო, სწორედ ნატალია ანთელავასთან და სოფიკო ვასაძესთან ერთად, დავფიქრდით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ერთობლივი ძალისხმევით. ბევრი ვისმჯელეთ და მივედით დასკვნამდე, რომ დღეს, ისე როგორც არასდროს, ამბის თხრობას, ამბის სწორად გადმოცემას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ყველა ინდუსტრიაში და ფესტივალი ამბის გადმოცემის საინტერესო ხერხების შესახებ, ორივესთვის საინტერესო ფოკუსი აღმოჩნდა – სწორედ ასე გაჩნდა ფესტივალის იდეა, რომელიც ამბის თხრობის ნამდვილი დღესასწაულია” – ამბობს ქეთი ებანოიძე და იხსენებს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დაიწყეს ფესტივალისთვის საინტერესო სპიკერების ძიება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
2019 წლის ფესტივალი წარმატებული აღმოჩნდა. მრავალი პოზიტიური გამოხმაურების შემდეგ გადაწყდა, რომ ZEG ყოველწლიურად უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, COVID-19-ის პანდემია შეუძლებელს ხდიდა ფესტივალის მთავარი უპირატესობა შენარჩუნებულიყო — 2 წლის განმავლობაში შეუძლებელი იყო ZEG ჩატარებულიყო ფიზიკურ სივრცეში, სადაც სპიკერები და სტუმრები ერთმანეთთან შეუზღუდავად შეძლებდნენ კომუნიკაციას. გამონაკლისი აღმოჩნდა 2022 წლის ოქტომბერში ჩატარებული, მოკრძალებული ერთდღიანი ფესტივალი, რომლის ძირითადი თემატიკაც უკრაინაში მიმდინარე ომი და ომის ამბების თხრობა გახლდათ. საბოლოოდ გამოვიდა, რომ პროექტის ორგანიზატორებმა ორწლიანი შესვენება გრანდიოზული დაბრუნების დასაგეგმად გამოიყენეს.
წელს თბილისი კვლავ უმასპინძლებს 50-ზე მეტ სპიკერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თუ ინდუსტრიიდან — ZEG კვლავ გააერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3-დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.
ფესტივალის სტუმრები კვლავ შეძლებენ მიიღონ ინსპირაცია ამბის თხრობის ხელოვნებაზე, გაიზიარონ სხვების გამოცდილება, მიიღონ რჩევები და პირადად გაესაუბრონ ისეთ ცნობილ სპიკერებს, როგორებიც არიან: არმანდო იანუჩი – სატირიკოსი და არაერთი ცნობილი ფილმის რეჟისორი და სცენარისტი (მათ შორის The Death of Stalin), მარია რესა – ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში, ადამ ნოიჰაუსი – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სპორტული ტელეკომპანიის ESPN-ის განვითარების სტრატეგიის ხელმძღვანელი და დოკუმენტური სერიალის 30for30-ის კრეატიული დირექტორი, ფედონ პაპამიქაელი – ოსკარის ორგზის ნომინანტი კინოოპერატორი (მათ შორის Ford V Ferrari, Indiana Jones), სევგილ მუსაიევა – Ukrainska Pravda-ს მთავარი რედაქტორი, ოლივია არტური – Magnum-ის დოკუმენტალისტი ფოტოგრაფი, კლაუდია მილნი – CBS News-ის ვიცე პრეზიდენტი, ჯო საბია – Vogue’s 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი, სარა ნატოჩენი – Pokémon-ის ხმა და მრავალი სხვა წამყვანი პროფესიონალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ZEG ბევრ ფორმატსა და პარალელურ სესიას აერთიანებს. ყველა ვთანხმდებით, რამდენად მრავალფეროვანია ამბის თხრობის მედიუმი და ტექნიკა, შესაბამისად, ვეცადეთ ყველასთვის ნაცნობი თუ საინტერესო ფორმატი ყოფილიყო შეთავაზებული. ჩვენი მიზანია, რომ სამდღიანი ფესტივალის განმავლობაში ჩვენს სტუმრებს მიეცეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის, ჩაერთონ დისკუსიებში, პირადად შეხვდნენ და გაესაუბრონ ჩვენს სპიკერებსა თუ სხვა სტუმრებს, მოისმინონ სხვისი ამბები და გაგვიზიარონ საკუთარი თავგადასავალიც. ფესტივალის ძირითადი ფორმატიც ხომ ასეთია – ამბების გაზიარების მასშტაბური სივრცე, სადაც ყველა რაღაც ამბავს ჰყვება და ამ ამბავს ჰყავს სათანადო მსმენელი“ – ამბობს ელენე ჟვანია და მიაჩნია, რომ 2023 წლის ფესტივალი შეძლებს დაარწმუნოს სტუმრები საკუთარი სათქმელის ავთენტურობაში და ამასთან, აპოვნინოს მისთვის ყველაზე კომფორტული გამოხატვის ფორმა, იქნება ეს მუსიკა, მონაცემთა მეცნიერება, ფოტოგრაფია თუ ნებისმიერი სხვა.
წელსვე ZEG-ის ფარგლებში, პირველად საქართველოში, ჩატარდება European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს ეწვევა 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
„ევროპის პრესის ჯილდო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია ჯილდო და პლატფორმაა ევროპაში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის ოსკარი ჟურნალისტებისთვის. დარწმუნებულები ვართ, რომ ადგილობრივი მედიაწარმომადგენლებისთვის ეს ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება გაიცნონ ევროპელი კოლეგები, დაამყარონ ახალი პროფესიული კონტაქტები, ამასთან, გაეცნონ მათ რეპორტაჟებს, მასალებსა თუ პროექტებს“ — გვეუბნება ქეთი და ამატებს, რომ ცერემონიის თბილისში ჩატარების იდეით, დაჯილდოების ორგანიზატორები, გასული წლის ZEG-ზე დასრწრების შემდეგ დაინტერესდნენ.
წელს ფესტივალი 8-10 ივნისს ჩატარდება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოიცავს პანელურ დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, ქალაქის ტურებსა და სხვა არაფორმალურ ღონისძიებებს, რა დროსაც ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ უშუალო ურთიერთობა ჰქონდეთ სპიკერებსა თუ სხვა მათთვის საინტერესო სტუმრებთან. ფესტივალის ფორმატიდან გამომდინარე, ZEG-ის ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია და მათი შეძენა ონლაინ, TKT.GE-ზე არის შესაძლებელი.
ფესტივალის ორგანიზატორებთან საუბარს სამომავლო გეგმებზე საუბრით ვასრულებთ და ვინტერესდებით, რას უნდა ველოდოთ მომდევნო წლებში.
„ჩვენ არ ვცვლით თავდაპირველ მიზანს, ამბის თხრობის ფესტივალი, რომლითაც თბილისი სთორითელინგის მსოფლიო რუკაზე მოინიშნა, ყოველწლიურად ჩატარდეს თბილისში. თუმცა, ამის პარალელურად, გვსურს ფესტივალის გაფართოება და გვაქვს ამბიციური გეგმაც. ძალიან გვინდა, რომ ფესტივალი გასცდეს თბილისს და უახლოეს წლებში ZEG ვაქციოთ გლობალურ ბრენდად. გვსურს ჩვენს რუკაზე გამოჩნდეს – ZEG: ამსტერდამი, ბერლინი და ა.შ.“ – გვიზიარებს გრძელვადიან ხედვას ელენე და პრინციპში, წლევანდელი ფესტივალის მასშტაბები შეუძლებელს ხდის მცირედი ეჭვიც კი შევიტანოთ ამ გეგმის რეალისტურობაში.