„სამოსი“ – ახალი კოლექცია „ზარაფხანასგან“

საიუველირო სახლი „ზარაფხანა“ 1939 წლიდან ემსახურება მისიას, ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა და შეინარჩუნოს ის საოქრომჭედლო ტრადიციები, რომლებიც მრავალსაუკონოვანი წარსულიდან მოდის. სწორედ ამ მიზნით, მან კიდევ ერთი გამორჩეული კოლექცია – „სამოსი“ წარმოადგინა, რომლის პრეზენტაციაც 26 ნოემბერს, საქართველოს ხელოვნების სასახლეში გაიმართა.

„სამოსი“, რომელიც საქართველოს ხელოვნების სასახლესთან თანამშრომლობით შეიქმნა, ქართველი მეფეებისა და დედოფლების, ასევე სხვა დიდგვაროვნების შესამოსი ქსოვილის დეტალების მიხედვით დამზადებულ სამკაულებს აერთიანებს. კოლექციის შესახებ დეტალებზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Forbes Woman-ს „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი – თორნიკე სამხარაძე, კრეატიული დეპარტამენტის უფროსი – თეა თეთრაძე და საოპერაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი – მარიკა მირზაშვილი ესაუბრნენ.

ბატონო თორნიკე, საიდან გაჩნდა კოლექცია „სამოსის“ შექმნის იდეა?

კოლექცია „სამოსის“ შექმნის იდეა გაჩნდა ხელოვნების სასახლესთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად. „ზარაფხანას“ კრეატიული გუნდის წევრებს მიეცათ წვდომა ბევრ საინტერესო წყაროსა და ისტორიულ არტეფაქტზე, სადაც აღწერილი იყო ჩვენი დიდი მეფეებისა და თავადების სამოსის სპეციფიკური დეტალები და მახასიათებლები. ჩვენმა გუნდმა, ზემოაღნიშნული წყაროების შესწავლის შემდეგ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა კოლექცია, რომელიც იქნებოდა ყველა წინა კოლექციისგან გამორჩეული და ახალი სიცოცხლით, ასევე განსხვავებული სახით წარმოუდგებოდა „ზარაფხანას“ ერთგულ მომხმარებელსა და საზოგადოებას.

კოლექციის პრეზენტაცია უკვე შედგა – გაამართლა მოლოდინი შეფასებებმა და გამოხმაურებამ?

დიახ, შაბათს, 26 ნოემბერს გვქონდა კოლექციის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში და მინდა გითხრათ, რომ სრულად გამართლდა ჩვენი მოლოდინი. ღონისძიებაზე მოსული სტუმრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ „ზარაფხანას“ კოლექციის ესთეტიკითა და საიუველირო ოსტატობით, რომლითაც ის ყოველთვის არის გამორჩეული.

ეს ერთჯერადი პროექტია, თუ კიდევ იგეგმება ძველ ქართულ თემატიკაზე კოლექციის გამოშვება?

მოგეხსენებათ, „ზარაფხანა“ ყოველთვის მიისწრაფვის განვითარებისკენ და მომავლის დიზაინების შექმნისკენ, თუმცა ჩვენ არ ვივიწყებთ ფესვებს, საიდან მოვდივართ. ზოგადად, ჩვენს ერთ-ერთ მისიად მივიჩნევთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და საუკეთესო მხარით წარმოჩენას, ამიტომ აუცილებლად შევთავაზებთ საზოგადოებას ისტორიული პერსონაჟებით თუ სხვადასხვა არტეფაქტით შთაგონებულ კოლექციებსა და ცალკეულ ნაკეთობებს. ქართულ საზოგადოებას და ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან, კიდევ ბევრჯერ გავაოცებთ სასიამოვნოდ.

ქალბატონო თეა, რატომ გადაწყვიტეთ კოლექცია ქართველი მეფეებისა და დედოფლების სამოსის დეტალებზე დაგეფუძნებინათ?

ახალი კოლექციის, „სამოსის“ შექმნის იდეა 2 წლის წინ გაჩნდა ხელოვნების მუზეუმში, სადაც გამოფენილი იყო დიდგვაროვანთა და მეფეთა სამოსები. სწორედ ამ ისტორიულმა სამოსმა შთამაგონა, ეს სტილი და დიზაინი სამკაულში გადამეტანა.

„ზარაფხანა“ უკვე მრავალი წელია ქმნის კოლექციებს ქართულ ეროვნულ მოტივებზე, სამოსის შემთხვევაშიც ეს იყო მოტივი?

გვაქვს რამდენიმე კოლექცია, რომელიც შექმნილია ქართული კულტურის უკვდავსაყოფად. ჩემი გუნდის წევრები, დიზაინერ-მემოდელე მამუკა ბუტულაშვილი და მხატვარ-დიზაინერი ანნა წოწონავა, „ზარაფხანას“ მისიიდან გამომდინარე, ვქმნით კოლექციებს ისტორიული მემკვიდრეობიდან, რომელიც  შერწყმულია თანამედროვეობასთან მისი სტილითა და დიზაინით. სწორედ აქედან გამომდინარე, კოლექცია „სამოსის“ შემთხვევაშიც, ინსპირაცია ქართველი მეფე-დედოფლების დიდებული სამოსიდან ავიღეთ, რადგან თანამედროვე ქალს ეგრძნო ქართული სიდიადე თავის ყოველდღიურობაში.

კოლექცია „სამოსში“ გამოყენებულია დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და სხვა მეფეთა სამოსიდან აღებული ორნამენტები, სიმბოლოები და ფერები. ზუსტად ფერებიდან გამომდინარე შეირჩა სამკაულებში გამოყენებული ბუნებრივი  ქვები. თითოეული ნაკეთობა საავტოროა, რადგან ის „ზარაფხანას“ მხატვარ-დიზაინერების მიერ არის შექმნილი.

მოგვიყევით დიზაინის შექმნის პროცესზე.

მას შემდეგ, რაც კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი კოლექციის შექმნასთან დაკავშირებით, კრეატივის დეპარტამენტმა დაიწყო ესკიზების მომზადება, რომელთა მიხედვითაც განისაზღვრა სამკაულის დიზაინი, ბუნებრივი ქვების ფერები და მათი ზომები, ასევე სამკაულის წონა.

კომპანიის სამხატვრო საბჭოს მიერ დამტკიცდა თითოეული სამკაულის დიზაინი, რის შემდეგაც შერჩეული სამკაულის სამგანზომილებიანი მოდელირების პროცესი დაიწყო.

ქალბატონო მარიკა, რა მასალაა გამოყენებული „სამოსში“ შემავალ ნიმუშებში?

ამ შესანიშნავ კოლექციაში, რომელსაც, „სამოსი“ ჰქვია, გამოყენებულია 585 სინჯის ოქრო. ნიმუშები შემკულია სხვადასხვა ფორმის ბუნებრივი ქვებით (ამეთვისტო, აქატი, მარჯანი, ტოპაზი, მარგალიტი) და სხვადასხვა ფერის მინანქრით.

გვიამბეთ „ზარაფხანას“ საწარმოს შესახებ, რამდენი ადამიანია დასაქმებული?

ამჟამად საწარმოში დასაქმებულია 35 ადამიანი, რომლებსაც აქვთ უდიდესი საიუველირო გამოცდილება და საქმისადმი სიყვარული. ასევე „ზარაფხანას“ საწარმოში დავასაქმეთ ახალგაზრდების ჯგუფი. ისინი საკმაოდ მიზანდასახულები აღმოჩნდნენ, სერიოზულად მოეკიდნენ ამ საქმეს და დღეს უკვე დიდი წვლილი შეაქვთ „ზარაფხანას“ წარმატებაში.

რა არის მნიშვნელოვანი საიუველირო წარმოების პროცესში?

წარმოების პროცესებში მეტად მნიშვნელოვანია ადამიანური რესურსი, ზუსტად ეს განაპირობებს იმ ხარისხს, რითაც „ზარაფხანაა“ წარმოდგენილი. ამ ხარისხის  მისაღწევად დიდი ძალისხმევაა საჭირო. ბოლო პერიოდში განვაახლეთ აპარატურა და შევიძინეთ უახლესი მოდელის ლაზერული აპარატები.

აღსანიშნავია, რომ თითოეული სამკაული უნიკალურია, რადგან ისინი ხელით იქმნება. ზარაფხანას საიუველირო სახლში შექმნილი სამკაულები სამუზეუმო რანგის ექსპონატებია, რომლებიც მრავალსაუკუნოვანი საოქრომჭედლო ტრადიციებით და საიუველირო ხელოვნების მაღალ დონეზეა შესრულებული.

როგორ აფასებთ ძვირფასი და ბუნებრივი ქვების ხარისხს?

ნაკეთობის წარმოების პროცესში ჩართულია ექსპერტიზისა და ხარისხის კონტროლის სამსახური, რომელიც აფასებს ყოველი ნიმუშის ხარისხს სხვადასხვა ეტაპზე და მხოლოდ მათი დასტურის შემდგომ იგზავნება იგი მომდევნო ოპერაციაზე. ასევე, გარდა მნიშვნელოვანი ლაბორატორიული დასკვნისა ძვირფასი ლითონის სინჯის შესახებ, რაც თან ახლავს ყოველ ჩამოსხმას, ხდება ყველა ნაკეთობის ცალ-ცალკე გადამოწმება – ეს არის დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმი.

ქვების შესყიდვისას და ყოველი ოპერაციის შემდგომ ექსპერტიზის სამსახური ამოწმებს და ადასტურებს ბუნებრივი და ძვირფასი ქვის ხარისხს, რაც გარანტია იმისა, რომ „ზარაფხანას“ ნებისმიერი ნაკეთობის პასპორტული მონაცემი არის უტყუარი.