ზაჰა ჰადიდის პროექტები ერთ დროს მოიაზრებოდა, როგორც აუშენებელი, ჩანახატებად დარჩენილი კონცეფციები. უჭირდათ მისი კომპლექსურ პროექტების რეალობად ქცევა. დღეს კი მის შენობებს უყურადღებოდ გვერდს არავინ უვლის და არქიტექტორის სახელიც შეუძლებელი ფორმების რეალობად ქცევასთან ასოცირდება.
ერაყში დაბადებული ბრიტანელი არქიტექტორი ის იშვიათი ქალია არქიტექტურის ინდუსტრიაში, რომელმაც 2004 წელს არქიტექტურის ყველაზე დიდი ჯილდო – პრიცკერის პრემია მიიღო, და ასევე სამეფო ოქროს მედალი არქიტექტურაში, რომელიც თავისი არსებობის 167 წლის მანძილზე პირველად გადაეცა ქალ არქიტექტორს.
ჰადიდი, რომელმაც საგრძნობლად შეცვალა არქიტექტურის ინდუსტრია, 2016 წლის 31 მარტს გარდაიცვალა.
„დიდი არქიტექტორი და დიდი მეგობარი“ – ასე ახასიათებდა მას ფრენკ გერი.
ზაჰა ჰადიდი 1950 წელს ბაღდადში დაიბადა, მისი მშობლები გატაცებული იყვნენ ხელოვნებით და ხშირად დაჰყავდათ იგი არქიტექტურულ გამოფენებზე. ზაჰას ინტერესიც არქიტექტურის მიმართ სწორედ აქედან დაიწყო. მას პირველი აკადემიური განათლება მათემატიკის მიმართულებით ჰქონდა და შემდეგ ისწავლა არქიტექტურა ლონდონში. არქიტექტორი ყოველთვის ხაზს უსვამდა, თუ რა მჭიდრო კავშირია არქიტექტურასა და მათემატიკას შორის.
ჰადიდის ერთ-ერთი პირველი პროფესიული შეკვეთა იყო ვიტრას მუზეუმის სახანძრო პუნქტი, რომელსაც იმ დროისთვის ძალიან ამბიციური ფორმა ჰქონდა და მას მალევე მოჰყვა სხვა ტრიუმფალური პროექტები. ზაჰას ეს ნამუშევარი ძალიან განსხვავებულია მისი ბოლოდროინდელი არქიტექტურისგან – არის უფრო სწორკუთხა, სუფთა ფორმები და მეტი სიმარტივე. ტექნოლოგიურად იმ დროისთვის ეს პროექტი დიდი გამოწვევა იყო.
ვიტრას კამპუსი გერმანიაში დღეს აერთიანებს ფაბრიკას, შოურუმებს, და ვიტრას დიზაინ მუზეუმს. იმ რამდენიმე კილომეტრის არეალში, რომელზეც ეს შენობა დგას არის ანსამბლი ისეთი არქიტექტორების შენობებისა, როგორებიც არიან ტადაო ანდო, ფრენკ გერი, ჰერცოგ დე მეირონი, ალვარო სიზა, ჟან პრუვე და სხვა.
ამ ადგილას მდგომი ძველი შენობა 1981 წელს დაიწვა, მსგავსი ფაქტის განმეორების თავიდან ასარიდებლად მუზეუმმა გადაწყვიტა იქვე სახანძრო პუნქტის აშენება და სწორედ ეს იყო ჰადიდის დავალებაც. მისი ინიციატივა იყო გრძელი, ვიწრო ბეტონის შენობის შექმნა, პლანარული ზედაპირებით. მიუხედავად იმისა, რომ შენობა უფრო სტატიკურია ვიდრე მისი შემდგომი პროექტები, აქაც იგრძნობა ის დინამიურობა, რაც არქიტექტორს ახასიათებს. განსაკუთრებით შენობის გვერდზე ჩავლისას, როდესაც შენობა ჩვენს მოძრაობასთან ერთად დრამატულად იცვლება. „გაყინული მოძრაობა“ – ასეც ახასიათებენ ამ შენობას.
მიუხედავად არქიტექტორის ძალისხმევისა, შენობა მაქსიმალურად მორგებოდა თავისი ფუნქციას, ის არასდროს ყოფილა სახანძრო შენობა და დღეს ფუნქციონირებს როგორც საგამოფენო სივრცე. მიუხედავად იმისა, რომ მისი არქიტექტურა მომდევნო 20 წლის მანძილზე უფრო ტექნოლოგიურად რევოლუციურია, მისი ეს პირველი დაკვეთა რჩება მის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად.
ზაჰა ჰადიდმა ძალიან განსხვავებული ხედვა შექმნა არქიტექტურაში. როგორც თვითონ ამბობდა, მას არ ჰქონდა ერთი კონკრეტული სტილი. რთული ფორმები რომლების რეალობაში არსებობაც არავის წარმოედგინა, ზაჰას მტკიცე ხასიათის წყალობით, რეალობად იქცა. როგორც ამბობენ, ჰადიდის თავდაჯერებულობას დიდი წვლილი მიუძღვის მის წარმატებაში. სწორედ ამ მიზეზით ენდობოდნენ მას დამკვეთები და ტექნიკური ჯგუფები და სრულად მიჰყვებოდნენ პროექტის ყველა ეტაპზე.