ინგლისელი დრამატურგის, კერილ ჩერჩილის პიესა „ყველაზე მაგარი გოგოები“ 1982 წელს დაიწერა ქალების განსხვავებულ სოციალურ და კულტურულ ყოფაზე. მთავარი გმირი, მარლინი, კარიერაზე ორიენტირებული წარმატებული ქალია. ის ვახშამზე ეპატიჟება პიესის დანარჩენ მონაწილე ქალებს ისტორიიდან თუ ლიტერატურიდან. სუფრის გარშემო იკრიბებიან მოგზაური იზაბელა ბერდი, რომის პაპი იოანა, ნახატიდან გადმოსული შეშლილი გრეტა და სხვები. ბრენდის სვამენ და ჰყვებიან, რის ფასად უჯდებათ ქალებს წარმატების მიღწევა ყველა ეპოქაში.
პიესის დაწერიდან თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ ქალები მსოფლიოში კვლავ თავიანთი უფლებებისთვის იბრძვიან. რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი პირველია, ვინც ეს პიესა საქართველოში დადგა.
მთხრობელი რვა ქალია. სპექტალში მხოლოდ ქალები მონაწილეობენ. რეჟისორისა და პროდიუსერის გარდა, შემოქმედებით გუნდში მხოლოდ ქალები არიან: მათ შორის, მომღერალი, კომპოზიტორი, ქორეოგრაფი, ფოტოგრაფი და ტექნიკური რეჟისორი.
ქალები ჰყვებიან ამბებს თავიანთ თავზე.
ნინო კასრაძე
„ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, სამუშაო პროცესში სრული თავისუფლების განცდა იყო. რეჟისორისგან მონიჭებული უფლება – იარსებო თავისუფლად და პასუხისმგებლობასაც და რისკსაც თავად აფასებდე და მართავდე. როგორც „ქალი“, ზუსტად იგივეს განვიცდი.
მე ორ პერსონაჟს განვასახიერებ. მე-18 საუკუნის ასაკოვან მოგზაურ ქალს – იზაბელა ბერდს და გასული საუკუნის 80-იანი წლების ინგლისის პროვინციელ მარტოხელა დედას, სახელად – ჯოისს. სინამდვილეში ეს ერთი და იგივე ტიპაჟის ორი შესაძლებელი ვარიანტია. ოღონდ, ბედის ირონიით ვიქტორიანული ეპოქის იზაბელამ შეძლო პირობითობის, ქალური დისკრიმინაციისა და საკუთარი კომპლექსების გადალახვა, ხოლო, „თანამედროვე“ ბრიტანული საზოგადოების წარმომადგენელმა ჯოისმა – ვერ.
მე მეჩვენება, რომ უცვლელი გამოწვევა აღარ არსებობს. არსებობს ქვეყნები და საზოგადოებები, სადაც კვლავ ძველი, დანაშაულებრივი კანონები ძალადობენ ქალზე. მთავარი მაინც მსხვერპლის თემაა. ქალი, როგორც მოხმარების (გამოყენების) ობიექტი, რომელსაც არ შეუძლია თავისი „მე“-ს დაცვა და თუ აჯანყდა, რატომღაც ყოველთვის მსხვერპლია.
აქამდე უცვლელი მეგონა ის, რომ მხოლოდ ქალს შეუძლია ბავშვის გაჩენა. და შეიცვალა ის, რომ ახლა კაცსაც შეუძლია ბავშვი იყოლიოს (ტრანსგენდერ კაცებს ვგულისხმობ, რომლებიც დროებით კვლავ იბრუნებენ სქესს და შვილებს აჩენენ). მე ვფიქრობ, ეს მხოლოდ დასაწყისია… მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა,მაგრამ მთავარი ეშმაკობა იმაშია, ქალს „სუსტ სქესს“ რომ ეძახიან. ფარისევლები!!!“
ნატო მურვანიძე
„როდესაც ამ პიესის გაანალიზება დავიწყე, მასში არაფერი იყო ისეთი, რასაც არ ვეთანხმებოდი როგორც ქალი და როგორც მოქალაქე. ჩემი გმირი კარიერაზე ორიენტირებული ქალია, რომელიც, ფაქტობრივად, უარს ამბობს პირად ცხოვრებაზე, „ქალის ცხოვრებაზე“. ეს ხდება 80-იანი წლებში. მე თვითონ არ მაქვს განცდილი იგივე. საქმის გამო არ მითქვამს უარი იმაზე, რაც პირადს, ოჯახს ეხება. მაგრამ ჩემი გმირი უარს ამბობს ამაზე, რადგან მიაჩნია, რომ ეს ხელს უშლის მის კარიერას.
რა უცვლელი გამოწვევების წინაშე დგანან ქალები? ქალი პასუხისმგებლობით აღსავსეა, გამომდინარე მისი ფიზიოლოგიური, ფიზიკური მდგომარეობიდან: ის დედაა და ეს უკვე გულისხმობს პასუხისმგებლიანობას. ზუსტად ასეთივე მიდგომა აქვს ქალს საქმის მიმართაც. ორივეს ერთად, დიდი პასუხისმგებლობით კეთება კი, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და არა მგონია, ეს მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა იყოს. ეს არის ყოველთვის, ყველგან – ქალი ინსტინქტურად იღებს პასუხისმგებლობას შვილებზე, ოჯახზე და ა. შ. და სულ არის ჭიდილი იმასთან დაკავშირებით, რა უფრო მნიშვნელოვანია. ეს სულ აქვს ქალს, როცა მას ოჯახი ჰყავს. როცა არ ჰყავს, მაშინ თავისუფალია და ჩაძირულია საკუთარ საქმეში. მამაკაცს, მიუხედავად იმისა, რომ ასევე იღებს პასუხსმგებლობებს, ამ მხრივ მეტი თავისუფლება აქვს.
დროსთან ერთად არ იცვლება ის, რომ ქალი ძლიერია და დროსთან ერთად არ იცვლება დამოკიდებულება, რომ რატომღაც უნდა ვიყოთ სუსტები. ეს რაღაც მოგონილი მდგომარეობაა, რომელიც აწყობს ძალიან ბევრ მამაკაცს და, სხვათა შორის, ბევრ ქალსაც.
მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ყველაფერი საშინელი ჩვენთან ხდება ან ყველაფერი კარგი ხდება ჩვენთან. მე მგონია, რომ ადამიანი ადამიანია, ქალი – ქალია, კაცი – კაცია და ყველგან ერთნაირი იმპულსები და მოთხოვნილებები არსებობს. უბრალოდ, მერე ამას უკვე სახელმწიფოები არეგულირებენ კანონებით და ეს გვაქვს განსხვავებული“.
ქეთა შათირიშვილი
„სპექტაკლმა „ყველაზე მაგარი გოგოები“ როგორც მსახიობი დამარწმუნა იმაში, რომ თუ თანამოაზრეების ჯგუფი შეიკრა, რომელთაც საქმის მიმართ დიდი სიყვარული აერთიანებთ, ყველანაირი სირთულის დაძლევა და გადალახვაა შესაძლებელი. ერთი თვის ნამშობიარები ვიყავი, როცა სპექტაკლზე მუშაობა დავიწყე. განვლილმა პროცესმა დამანახა, რომ შეუძლებელი არაფერია. დავრწმუნდი იმაში, რომ ქალი თანაბრად პროდუქტიული შეიძლება იყოს როგორც საქმეში, ასევე საოჯახო ამბებში.
სპექტაკლში განვასახიერებ მე-9 საუკუნეში მოღვაწე ერთადერთ ქალ რომის პაპს – იოანას. ის ჰყვება თავისი ცხოვრების ისტორიას – თუ როგორ გადაიცვა მამაკაცის სამოსი 12 წლის ასაკში, რათა სრულფასოვანი განათლება მიეღო. რამდენიმე წლის შემდეგ მას პაპად აკურთხებენ, თუმცა მალევე მას თავისი ერთ-ერთი კამერჰერი უყვარდება და მისგან ორსულდება. იმის გამო, რომ პაპ იოანას 12 წლის შემდეგ ქალთან კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია, ორსული ქალის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის. 9 თვის შემდეგ, პროცესიის მსვლელობისას მას მუცელი სტკივდება და მთელი სამღვდელოებისა და ხალხის წინაშე, შუა ქუჩაში მშობიარობს. ამის შემდეგ განრისხებული ბრბო მას და მის შვილს კლავს. სპექტაკლში ასევე ვთამაშობ ახალგაზრდა ქალს – ვინის, რომელიც დასაქმების სააგენტოში მუშაობს. პიესა აღწერს ნაცნობ სიტუაციას: როდესაც ქალში ვლინდება კლასიკური კონფლიქტი სურვილსა და მოვალეობას შორის. სპექტაკლში კონკრეტული ქალის გამოცდილება ჩნდება არა როგორც კვლევის დამოუკიდებელი ობიექტი, არამედ როგორც შემოთავაზებული გარემოება, ამოცანის პირობა. ინტერესის მთავარი საგანი არის არჩევანის გაკეთებისა და მისი შედეგების მიღების სიტუაცია.
პიესაში დრამატურგი დეტალურად და ფსიქოანალიტიკური სიზუსტით აღწერს ადამიანის მიერ სამყაროსთან და საკუთარ თავთან კონტაქტის დაკარგვის სხვადასხვა სახეობას და ამ კონტაქტის მოპოვების არანაკლებ უცნაურ მცდელობებს. ახლაც და საუკუნეების წინაც ჩნდება კითხვა – სად არის ქალის ადგილი საზოგადოებაში? რა მოდელებს სთავაზობს ის ქალს: დაღლილ დედას? წარმატებულ კარიერისტს? როგორ შეიძლება ქალი იყოს ბედნიერი, ჰარმონიული, აქტიური და კმაყოფილი საზოგადოებაში? ეს კითხვები რელევანტურია დღეს და რელევანტური იყო საუკუნეების წინაც“.
ქეთი ხიტირი
„სტურუას თეატრიდან დაგროვილი გამოცდილებიდან სტადიონზე გათამაშებული სამი როლი აღმოჩნდა დიდი ენერგიის გაცვლა, ერთმანეთთან უამრავი დეტალის გაზიარება. სპექტაკლზე მუშაობის დროს გურამმა სულ სხვა მეთოდი გამოიყენა: მან ჩვენ სტადიონზე, არენაზე გაგვიყვანა და ქალთა უფლებების დასაცავად გლადიატორებივით გვაბრძოლა… ასეთი გადაწყვეტებით გურამი გამორჩეული რეჟისორია. ეს ნამდვილად იყო ექსპერიმენტი, რომელიც ჩემთვის დიდი გამოცდილებაა.
ხოლო როგორც ქალს, მომეცა ამოსუნთქვის საშუალება ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, როცა სახლში ორი მცირეწლოვანი ბავშვი გელოდება და მათ ზრუნვაზე მნიშვნელოვანი არაფერი გგონია, როცა პანდემია მძვინვარებს და შენ სასიცოცხლოდ საჭირო მომენტებს და სასიცოცხლოდ საჭირო ჰაერს გლიჯავ ცხოვრებას, სადაც თითქოს არ გაქვს უფლება ისუნთქო და მაინც აგრძელებ თავისუფლად სუნთქვას.
განვასახიერებ ისტორიულ გმირს ლიტერატურიდან – მთმენ გრიზელდას. ამ პერსონაჟის გავლით მთავარ სათქმელს დავუბრუნდები: არასდროს არ არის გამართლებული ქალის ჩაგვრა! მაშინაც კი, როცა ქალი ითმენს, ნებდება, ემორჩილება. სწორედ ასეთია გრიზელდას ბედი, რომელმაც საუკუნოვანი დუმილი დაარღვია და პირველად დასვა კრიტიკული კითხვა: უნდა იყოს თუ არა ქალი მამაკაცის მორჩილი?
ქალების ირგვლივ უცვლელია გამოწვევები: სამზარეულო თუ კარიერა?
მორჩილება თუ ქალის უფლებების დაცვა, ქალის პატივისცემა? ჩაგვრა თუ დუმილის დარღვევა? შვილები თუ მათ სანაცვლოდ გაკეთებული კარიერა?
დროსთან ერთად თითქოს არ იცვლება ფასეულობები, თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ცვალებადია, არაფერი არ არის მუდმივი, თუნდაც ჩვენი პრობლემები. მე მჯერა ერთი რამის: ყველაზე ფუჭად ჩავლილად მიიჩნევა ის დღე, როდესაც ჩვენ არ ვიღიმით. ეს სიტყვები ჩარლი ჩაპლინს ეკუთვნის.
დროის გასვლასთან ერთად ქალები ბევრად უფრო დამოუკიდებლები, თავისუფლები გახდნენ, საკუთარ უფლებებს თამამად იცავენ და აღარ ეპუებიან უსამართლობას. თუმცა სამყაროს დიდი ნაწილი მაინც ვერ იღებს ემანსიპირებულ ქალს.
მაინც მგონია, რომ ყველაზე ძლიერი ქალი მაშინაა, როცა ის დედა ხდება. თუ გაუძლებ და ღირსეულად შეინარჩუნებ ამ სტატუსს, შემდეგ გზა ხსნილია ნებისმიერი წარმატებისკენ“.
ნატუკა კახიძე
„ამ სპექტაკლმა ძალიან ხილული გახადა ის პრობლემები, რაც დაკავშირებულია ჩვენს გენდერთან. კიდევ ერთხელ მომიხდა ამასთან შეჯახება და ამის გაანალიზება. იმის გათვალისწინებით, რომ სპექტაკლის თითქმის ყველა მონაწილეს მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, კიდევ უფრო აქტუალურია, როგორ უნდა შედგე წარმატებულ ქალად 21-ე საუკუნეში, როცა გყავს ოჯახი, ბავშვი; რანაირად უნდა დააბალანსო ეს ისე, რომ პროფესიაშიც შემდგარი იყო და პლუს ოჯახიც არ დაგენგრეს. ძალიან ძნელია ეს. არავინ თქვას, რომ ქალებისთვის იოლია ამის ბალანსი და ის, რომ არაფერს ყურადღება არ მოაკლო. როცა საკუთარ თავს მთლიანდ უძღვნი სამსახურს, კარიერას, მეორე ნაწილი გიზიანდება.
მე განვასახიერებ ლედი ნიძიოს – ესაა ისტორიული ფიგურა, რომელიც მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა, 11 წლის განმავლობაში იმპერატორის ხარჭა იყო, მერე კი ამ ყველაფერზე უარი თქვა და ბუდისტი მონაზონი გახდა. სპექტაკლის მეორე ნაწილში ნაწილში 12 წლის გოგო ვარ. ერთი ეპიზოდია, სადაც ნათლად ვხედავთ დამახინჯებულ, მოწყენილ, დაჭაობებულ თინეიჯერობას, მოუცლელი მშობლების შვილებს, რომლებსაც გარდატეხის რთული ასაკი აქვთ და პლუს მშობლების მხრიდან ყურდღების მიღმა არიან დარჩენილები.
მთელ სპექტაკლს და მის მონაწილე ქალებს აერთიანებთ შეურიგებლობა, გაბედულება, რომლითაც, ეპოქის მიუხედავად, სირთულეებს შეეჭიდნენ ცხოვრებაში.
პირველი ნაწილი უფრო სიურეალისტურია, მეორე ნაწილი იმაზეა, როგორ შეიძლება აბსოლუტურად ყველაფერი დათმო პირად ცხოვრებაში, რათა წარმატება გქონდეს კარიერაში. რეალურად, რა უნდა ვქნათ ჩვენ, ქალებმა, როცა ამ არჩევანის წინაშე ვდგავართ – გვქონდეს ბედნიერი პირადი ცხოვრება თუ კარიერა? გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ არჩევანი დღესაც გასაკეთებელია. არადა, ასე არ უნდა იყოს. არჩევანის ეს აუცილებლობა კაცებზე არ ვრცელდება, მათი მისამართით არასდროს არავინ იტყვის საყვედურს, თუ, მაგალითად, ბავშვი უყურადღებოდ დარჩა. მთელი პასუხისმგებლობა ჩვენზეა. პლუს იქვე განკიცხული ხდები ქალების მხრიდან. გეტყვიან, აბა, რა გეგონა, რას აჩენდი… როცა ფემინიზმზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ურთიერთობა ჯერ თვითონ ქალებს გვაქვს ერთმანეთში დასალაგებელი და მერე უკვე შეიძლება, კიდევ უფრო ხმამაღლა მოვითხოვოთ ჩვენი უფლებების დაცვა“.
თეა კიწმარიშვილი
„როგორც მსახიობს, უდიდესი სიამოვნება მომანიჭა ამ პროექტმა. პროცესი იყო ძალიან, ძალიან საინტერესო და (ბანალურია, მაგრამ იყოს ბანალური), რა თქმა უნდა, კიდევ ერთი დიდი გამოცდილება.
განვასახიერებდი ორ პერსონაჟს – გიჟ გრეტას (ბრეიგელის ნახატიდან გადმოსულ პერსონაჟს), და ლუიზს, დასაქმების სააგენტოს აპლიკანტს – ქალს, რომელიც სამსახურს ეძებს.
ჩემი (და არა მარტო ჩემი) გმირი ჰყვება იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც, სამწუხაროდ, ასეთი სასტიკია ქალების მიმართ. თუმცა კონკრეტულად ჩემი გმირი ასევე არის ის ქალი, რომელიც დრამატული დუმილის შემდეგ გამოფხიზლებისკენ უბიძგებს ყველა სხვა დანარჩენ ქალს. მისი მთავარი სათქმელი არის ის, რომ კაცი არ არის ძირითადი მამოძრავებელი ამ ქვეყნად: ნუ გგონიათ, რომ ქალს ნაკლები ძალა აქვს, თუნდაც ფიზიკური.
მუდმივი გამოწვევა და სირთულე ქალის შემთხვევაში არის ის, რომ აიმაღლოს ხმა ძალადობის წინააღმდეგ და დაძლიოს საზოგადოების შიში. ძალადობა – ეს არის საერთო ამ პერსონაჟი ქალების თავგადასავალში, უბრალოდ, ვიღაც ამას ეგუება და ემორჩილება და ვიღაც იბრძვის, ისე, როგორც ჩემმა პერსონაჟმა იბრძოლა.
დროსთან ერთად არ იცვლება დამოკიდებულება, რომ ქალი სუსტია, რომ ქალი ვიცით მხოლოდ „სპალნაში“ და „კუხნაში“. მისი გასაგნება არ იცვლება.
რა იცვლება? მინდა მჯეროდეს, რომ იცვლება ქალების დამოკიდებულება საკუთარი თავისა და ღირსების მიმართ. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მართლა იცვლება“.
ლიზა კერესელიძე
„მე არ ვარ პროფესიით მსახიობი, ამიტომ ჩემთვის მსახიობის ამპლუაში ყოფნა უდიდესი გამოწვევა იყო. საქართველოში საუკეთესო მსახიობების გვერდით დგომა ერთდროულად იყო დიდი პატივი და გამოცდილება. ვუყურებდი, ვუსმენდი და ვსწავლობდი მათგან, რაც ძალიან საინტერესო პროცესი გახლდათ. გავიზარდე არა მარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც.
მე განვასახიერებ სამ სხვადასხვა პერსონაჟს: მიმტანს და ორ ახალგაზრდა ქალს, რომლებიც სხვადასხვა მიზნით ეძებენ სამსახურს. სამივე პერსონაჟი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება: მორიდებული გოგო, რომელიც ფულს აგროვებს ქორწილისთვის; მიმწოლი, ყველაფერზე წამსვლელი გოგო, რომელიც ასაკს (და არა მხოლოდ) მალავს, რომ თავისი გაიტანოს; მიმტანი, რომელსაც ტექსტი არ აქვს, თუმცა მისი როლი ძალიან მნიშვნელოვანია ამ სიჩუმის მიღმა. სამივე განსხვავდება სოციალური კლასით, მდგომარეობით, ასაკით, თუმცა აერთიანებთ ის, რომ არიან ქალები და უწევთ ბრძოლა თავიანთი თავის გადასარჩენად.
სამწუხაროდ, ტერმინი – „ფემინიზმი“ დღეს ჩვენს საზოგადოებას დამახინჯებულად ესმის. ეს სიტყვა ნიშნავს თანასწორობას ყველა სფეროში: სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ თუ სხვა ასპექტებში. სამწუხაროდ, თანასწორობამდე ძალიან ბევრი გვიკლია დღესაც. ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით მსგავს პრობლემას, პატარა დეტალებშიც მკაფიოდ იგრძნობა დისკრიმინაცია. ყველაზე საწყენი ისაა, რომ თვითონ ქალებს აქვთ ჩაბეჭდილი თავში, თითქოს ეს ყველაფერი ნორმაა და ხშირად ყველაზე სასტიკები თავად არიან. შესაბამისად, ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალურია, ამიტომაც ვილაპარაკებთ ამ თემაზე სხვადასხვა ხერხებითა და საშუალებებით.
სპექტაკლის პერსონაჟები სხვადასხვა ეპოქიდან, კულტურიდან, სოციალური ფენიდან არიან, თუმცა მათ საერთო აქვთ ყველაზე მნიშვნელოვანი – ისინი არიან ქალები. პიესის პირველ მოქმედებაში პერსონაჟების ამბებიდან ვიგებთ, საუკუნეების განმავლობაში როგორი ტანჯვა, როგორი დისკრიმინაცია, როგორი ჩაგრული ცხოვრება გამოიარეს მათ. ეს ისტორიები ნამდვილია და ამაზე ფიქრობს ამ საუკუნის თანამედროვე ქალი, რომელიც დღეს იმავე გამოწვევების წინაშე დგას. ვხედავ, რომ თანდათანობით წინ მივდივართ, თუმცა ძალიან ნელი ნაბიჯებით“.