ივ სენ ლორანის ცხოვრების „ოპიუმი“

ივ სენ ლორანი – დიზაინერი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა მოდა. მან ქალის სხეულს და ჩაცმის სტილს თავისუფლება მიანიჭა. დიდი წარმატების მუხედავად, ის ყოველთვის მორცხვი ბუნების ადამიანად რჩებოდა. გენიოსმა თავისი სათქმელი საკუთარი შემოქმედებით გადმოსცა.

Photo: GQ Magazine

1961 წელს დაარსებულმა მოდის სახლმა, რომელიც დიზაინერის სახელს ატარებს, ისტორიის მანძილზე ლეგენდარულ დიდებას მიაღწია. ახალგაზრდა დიზაინერმა შექმნა ეგრეთ წოდებული Le Smoking, რომელმაც მოდის სახლის ახალი, თავისუფალი და სექსუალური ტენდენციები ჩამოაყალიბა. ივ სენ ლორანი შთაგონების მისაღებად მთელი მსოფლიოს გარშემო  მოგზაურობდა, ეცნობოდა სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და სტილს. ის იყო რუსეთის სტეპებსა და აფრიკის ქვეყნებში, იქიდან მიღებული უბრალო ადამიანების მოკრძალებული სტილით კი მსოფლიო მოდის ისტორიის ახალი ფურცელი გადაშალა.

მოდის სახლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროდუქტი 1977 წელს შექმნილი არომატია, სახელად Opium. არსებობს მოსაზრება, რომ ივ სენ ლორანმა სუნამოს შექმნის იდეა სწორედ ნარკოტიკულ ტრანსში ყოფნის დროს მიიღო. 

დიზაინერის დეპრესიამ და ხშირმა დამოკიდებულებამ ნარკოტიკულ საშუალებებზე, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოდის სახლის კრიზისის დასაწყისს. 1999 წელს ფინანსური პრობლემების გამო მოდის სახლი გუჩის ჯგუფს შეუერთდა, რომელსაც ტომ ფორდი ხელმძღვანელობდა. 2002 წელს ივ სენ ლორანი გადადგა დამფუძნებლის თანამდებობიდან, 2004 წელს კი ტომ ფორდი წავიდა. 2012 წელს ბრენდის ახალი შემოქმედებითი დირექტორი სტეფანო პილატი გახდა. მიუხედავად იმისა რომ დიზაინერის ნამუშევრები სავსე იყო საინტერესო და გამორჩეული სტილით, მან მაინც დაიმსახურა პრესისგან ხშირი კრიტიკა, რამაც ხელი შეუწყო მის წასვლას. 2016 წელს კი მოდის სახლს სათავეში ბელგიელი ენტონი ვაკარელო  ჩაუდგა.

წელს ივ სენ ლორანის გარდაცვალებიდან მეცამეტე წლისთავი აღინიშნება, ამიტომ გავიხსენოთ ის შთამაგონებელი სიტყვები და ბრწყინვალე აზრები, რომელიც ლეგენდარულ ფრანგ დიზაინერს ეკუთვნის. მგრძნობიარე ბუნებით და ცხოვრებისეული სიბრძნით იყო გაჟღენთილი არა მხოლოდ მისი შემოქმედება, რომელიც პოდიუმზე გვიჩვენა, არამედ საკუთარი აზრებიც.

  • „ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მოდა არამარტო ლამაზს ხდის ქალებს, არამედ მათ თავდაჯერებულობასაც ანიჭებს“.
  • „ქალის ყველაზე ლამაზი მაკიაჟი მისი ვნებაა, მაგრამ კოსმეტიკის ყიდვა ბევრად უფრო ადვილია“.
  • „მსურდა ქალებს ისეთივე გარდერობი ჰქონოდათ, როგორც კაცებს. ქურთუკი, შარვალი და კოსტიუმი. ისინი ძალიან ფუნქციურია. მჯეროდა, რომ ქალებს ეს სურდათ და მართალიც იყვნენ“.
  • „მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ქალს, ვისაც ჩემი ტანსაცმელი აცვია, ცნობილსა და უცნობს, რომლებიც ასეთი ერთგულები იყვნენ და მანიჭებდნენ ამდენ სიხარულს “.
  • „საკუთარ თავს ვეუბნები, რომ შევქმენი თანამედროვე ქალის გარდერობი და მონაწილეობა მივიღე ჩემი დროის გარდაქმნაში“.
  • „ყოველთვის მჯეროდა, რომ სტილი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მოდა. ის, ვინც სტილს აწესებს იშვიათია, ხოლო მოდის შემქმნელები ძალიან ბევრი არიან ”.
  •  „რაც შესანიშნავია ჩემს ხელოვნებაში, არის ის, რომ ოცნება და რეალობა შეიძლება ერთი გახდეს. მათ შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია“.
  • „საკუთარ თავს ვუმეორებდი: ერთ დღეს შენ გახდები ცნობილი“.