ჩინეთში, უჰანის პროვინციაში, სადაც კორონავირუსის გავრცელების საწყისი წერტილი იყო, კარანტინი უქმდება.
ჩინეთის ხელისუფლების თქმით, თითქმის ორი თვის შემდეგ, 8 აპრილიდან უჰანი გარე სამყაროსგან იზოლირებული აღარ იქნება. საკარანტინო რეჟიმი ასევე უქმდება ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც.
უსაფრთხოების ზომების შერბილება ჰუბეიში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვნად კლებას უკავშირდება. 5 დღის მანძილზე პროვინციაში ყოველდღიურად მხოლოდ ხუთამდე შემთხვევა ფიქსირდებოდა, მაშინ როცა ვირუსის გავრცელების პიკში, თებერვალში ეს მაჩვენებელი რამდენიმე ათასს უდრიდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში კორონავირუსით თითქმის 82 ათასი დაინფიცირებულიდან 68 ათასი სწორედ ჰუბეის პროვინციაზე მოდის. ეპიდემიასთან საბრძოლველად, გაუქმდა ყველა ფრენა, აიკრძალა მატარებლებისა და ავტობუსების მოძრაობა. მკაცრი ზომები ჯამში 60 მილიონზე მეტ ადამიანს შეეხო.