#StopHateforProfits კამპანიის ფონზე, Facebook–ის სარეკლამო ბოიკოტს 500–ზე მეტი ბრენდი შეუერთდა. ინვესტორების ნაწილი დანაკარგით შეშფოთებულია, თუმცა Wall Street–ის ფირმების შეფასებით, კომპანია ამ ბოიკოტის ფარგლებში, მისი მთლიანი შემოსავლების 5% –ზე ნაკლებს დაკარგავს.
Citi–ის ანალიტიკოსთა თქმით, Facebook–ის სარეკლამო სფეროს 100-მა საუკეთესო მომხმარებელმა მისი მთლიანი მოგების მხოლოდ 6% შეადგინა, რაც თვიურად 1 მილიარდ დოლარს უტოლდება. მათი აზრით, თუ სარეკლამო ბოიკოტი მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება, Facebook–ის აქციების თითო წილზე მოსალოდნელი გავლენა მხოლოდ 1 აშშ დოლარია.
საწყის ეტაპზე დიდი ბრენდების მზარდმა სიამ ფეისბუქის აქციები 8%-ით შეამცირა. Starbucks, Coca-Cola, Dunkin Donuts და სხვა კომპანიები Facebook-თან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, სანამ კომპანია დეზინფორმაციისა და სიძულვილის ენასთან მიმართებით დამოკიდებულებას არ შეცვლის.
Facebook-ის ვიცე-პრეზიდენტ ნიკ კლეგის თქმით, კომპანია სიძულვილის ენას მის კონკურენტებზე, Twitter-სა და YouTube-ზე, გაცილებით უფრო სწრაფად შლის.
Raymond James-ის ანალიტიკოსების აზრით, Facebook-ის მიერ განხორციელებული ცვლილებები რეკლამის დამკვეთ ბრენდთა შეშფოთებას საგრძნობლად შეასუსტებს.