WORLD CLASS GEORGIA – ვარჯიში როგორც ცხოვრების სტილი | ინტერვიუ ნინი ხუროძესთან

რუსეთ-უკრაინის ომმა მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა. უკრაინელების დახმარების კამპანიაში საქართველოშიც არაერთი კომპანია ჩაერთო. მათ შორისაა World Class Georgia. ცხოვრების ჯანსაღი სტილი და ვარჯიში აქ დახმარების ფორმაცაა და სამოქალაქო პოზიციაც.

World Class Georgia ფიტნესმწვრთნელების საერთაშორისო, სერტიფიცირებულ გუნდს აერთიანებს, რომლებიც ვარჯიშის მაღალპროფესიულ დონეზე წარმართვის პარალელურად, პანდემიის პერიოდში მომხმარებლებს უსაფრთხოების ყველა პირობას სთავაზობენ. შესაბამისი რეკომენდაციები კლუბში კორონავირუსის გავრცელებისთანავე შეიმუშავეს, რის შედეგადაც, ამ სივრცეს, მუდმივ მომხმარებლებთან ერთად, ცხოვრების ჯანსაღი სტილით დაინტერესებული ახალი წევრებიც შეემატნენ.

ნინი ხუროძე | ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

World Class Georgia-ს მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორი ნინი ხუროძე გვიყვება, რომ კლუბის მწვრთნელები სერტიფიცირებულები არიან მსოფლიოს წამყვანი ფიტნესორგანიზაციების მიერ: World Class (ევროპა), Les Mills (დიდი ბრიტანეთი), Romana’s Pilates (აშშ), AntiGravity (აშშ), Technogym (იტალია).

სივრცე აერთიანებს მსოფლიოს წამყვანი სატრენაჟორო ბრენდის, “Technogym”-ის უახლესი ხაზით აღჭურვილ 600 კვ.მ. ფართობის სავარჯიშო დარბაზს ყველა ტიპის სავარჯიშო ზონით, სადაც მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ჰყავდეთ პერსონალური მწვრთნელი და არჩევანი გააკეთონ იოგას, ჯგუფურ პროგრამებს, საბრძოლო ხელოვნებასა და სხვა მომსახურებებს შორის;

» მსოფლიოს წამყვანი ახალზელანდიური ბრენდის “Les Mills”-ის სავარჯიშო პროგრამების ფართო სპექტრს, რომლებიც აქტიურად გამოიყენება მსოფლიოს 100 ქვეყნის 15,000 წამყვან ფიტნესკლუბში და ქართველ მომხმარებელს სავარჯიშო პროგრამების სრულიად ახლებურ ფორმატს სთავაზობს.

» სწორი და ჯანსაღი კვებისთვის განკუთვნილ ფიტნესბარს, განტვირთვისთვის ზონას – ლაუნჯსა და სპორტულ მაღაზიას;

» კომფორტულ გასახდელებს სოლარიუმით, მასაჟის ზონასა და საუნას პანორამული ხედით;

» ავტომობილების პარკირების ზონას მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისათვის.

ნინი, როდის დაარსდა World Class Georgia და როგორია მისი კონცეფცია?

World Class მსოფლიოში ცნობილი ფიტნეს ბრენდია, რომელიც 1983 წელს შვედეთში დაარსდა და ამ პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტი სხვადასხვა ფორმატის კლუბი გახსნა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში. საქართველოში World Class-ის პირველი დარბაზი 2017 წელს გაიხსნა.

„ჯორჯიან ფიტნეს გრუპმა“ პირველი მასშტაბური პროექტისთვის განსაკუთრებული ადგილმდებარეობა შეარჩია – თბილისის ფილარმონიის შენობა მელიქიშვილის გამზირზე. კლუბის კონცეფცია შენობის სპეციფიკისა და მისი ადგილმდებარეობის გათვალისწინებით დამუშავდა. კომპლექსური სამუშაო ჩატარდა შენობის იმ ნაწილის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი. შეიცვალა ნაგებობის გადახურვა, განახლდა და მოწესრიგდა კომუნალური ქსელები, დამონტაჟდა კომფორტული ლიფტები, კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია.

ჩვენი კონცეფცია კლუბის გახსნის დღიდან ყველა ეტაპზე იყო მაღალი ხარისხის ფიტნესმომსახურების შეთავაზება და ქართულ ბაზარზე იმ სიახლეების შემოტანა, რაც აქამდე არ იყო ნაცნობი ქართველი მომხმარებლისთვის. ჩვენი მიზანია სტუმრებს შევთავაზოთ მსოფლიო დონის ფიტნესგამოცდილება. ჩვენი მომხმარებლები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობენ და სხვა მაღალი დონის დარბაზებს სტუმრობენ, ხშირად გვიზიარებენ შთაბეჭდილებას, რომ ჩვენი დარბაზი და ჩვენთან ვარჯიში მათთვის უფრო ხარისხიანი და სასიამოვნო გამოცდილებაა. ეს ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უდიდესი სტიმულია იმისთვის, რომ ხარისხიანად ვაკეთოთ როგორც ყოველდღიური საქმე, ასევე ვიზრუნოთ სამომავლო განვითარებაზე, რაშიც ბრენდის გამოცდილება გვეხმარება.

ასევე ხშირად სიამაყით აღვნიშნავ, რომ World Class Georgia აღიარებულია ახალ ბაზარზე შესვლის ყველაზე წარმატებულ ნიმუშად და, ყოველწლიური შეფასებებით, სტაბილურად პირველ ადგილზე ვართ ამ ბრენდის დიდ საერთაშორისო ქსელში.

რას სთავაზობს World Class Georgia მომხმარებელს განსხვავებულს? რის გამო ირჩევენ თქვენს კლუბს?

გადამწყვეტია ცოდნა და გამოცდილება. ასევე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სხვა დეტალს, მათ შორის, გუნდურობას, კლუბურ განწყობას, სტუმრების კომფორტზე ზრუნვას. შეიძლება ითქვას, ერთი დიდი ოჯახი ვართ, ჩვენი ბევრი კლიენტისთვის ეს მეორე სახლია.

გვყავს როგორც ახალგაზრდა, ასევე უფრო ასაკიანი სტუმრებიც. ბავშვები კი მხოლოდ პირადი მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობენ.
საკმაოდ პოპულარულია ჩვენი ჯგუფური ვარჯიშები. როგორც აღვნიშნე, ჩვენ ვართ მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Les Mills-ის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში და მომხმარებლებს ვთავაზობთ არაერთ საავტორო პროგრამას, რომლებიც მსოფლიოს წამყვან დარბაზებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და საქართველოში ექსკლუზიურად ჩვენთანაა წარმოდგენილი (Body Pump, Body Balance, Body Combat, RPM).

რაც შეეხება დარბაზს, აქაც შემიძლია დიდი სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენი კლუბის წევრების 40% ვარჯიშობს პერსონალურად მწვრთნელთან, რაც არამხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წამყვანი კლუბების სტანდარტით საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ვფიქრობ, ეს არის განპირობებული ჩვენი მწვრთნელების მიმართ მაღალი ნდობით და უკვე მიღწეული შედეგებით.

რამდენადაც ვიცი, თქვენი კლუბი ჩართულია უკრაინის დახმარების კამპანიაში. მოგვიყევით ამის შესახებ.

დიახ, ჩვენი კომპანიაც ჩაერთო უკრაინის დახმარების კამპანიაში, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა და მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია მცირედი წვლილი შევიტანოთ როგორც უკრაინაში მცხოვრები, ასევე საქართველოში დევნილი უკრაინელების დასახმარებლად. პირველ რიგში, გავაკეთეთ სპეციალური შეთავაზებები და ფასდაკლებები უკრაინელი კლიენტებისთვის. ასევე ვხვდებით უკრაინიდან დევნილ პროფესიონალ მწვრთნელებს და გვსურს რამდენიმე მათგანი დავასაქმოთ ჩვენთან. ამასთანავე, ვგეგმავთ ჩავატაროთ ვარჯიშები ღია ცის ქვეშ სრულიად უფასოდ. მონაწილეების სურვილის შემთხვევაში, მივიღებთ ფულად შემოწირულობას და გადავცემთ უკრაინის დახმარების ფონდს. ვფიქრობ, ამ პერიოდში გადამწყვეტია ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხის მხრიდან უპირობო მხარდაჭერის გამოხატვა უკრაინის მიმართ.

როგორ აისახა პანდემია World Class Georgia-ს მუშაობაზე და მის ვიზიტორთა რაოდენობაზე? ინფიცირების საფრთხის გამო ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. როგორია World Class Georgia-ს მუშაობის სტილი და დაწესებული უსაფრთხოების ნორმები ამ პერიოდში?

პანდემიამ, რა თქმა უნდა, უდიდესი პრობლემები შეუქმნა ბიზნესს, გართულდა ყველა სახის საოპერაციო საქმიანობა, შეიცვალა ჩვენი მუშაობის სპეციფიკა. მოგეხსენებათ, უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, ყოველდღიურად ვემსახურებით ჩვენს სტუმრებს და განსაკუთრებით ვფრთხილობთ მათ უსაფრთხოებაზე პანდემიის პირობებში. დროთა განმავლობაში შევძელით ახალ რეალობასთან ადაპტაცია, ვისწავლეთ ამ რეალობაში მუშაობა. უფრო მეტიც, ჩვენი სტუმრებისთვის ერთ-ერთ უსაფრთხო გარემოდ ვიქეცით. პირველ ეტაპზე მომხმარებლების რაოდენობა დრამატულად შემცირდა, თუმცა ნელ-ნელა ვუბრუნდებით ძველ ნიშნულს და, იმედი მაქვს, სულ მალე სტაბილურ გარემოში ვიმუშავებთ.

როგორც იცით, გასულ წელს დიდი ხნის განმავლობაში ფიტნესკლუბები დაკეტილი იყო. გახსნისთვის ზედმიწევნით მოვემზადეთ. დარბაზში დაცულია ყველა რეგულაცია, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს უსაფრთხო გარემოში ივარჯიშოს. მათ შორის, დისტანციის დაცვა, სადეზინფექციო სამუშაოები, დასუფთავება, ჯგუფურ ვარჯიშებზე შეზღუდული რაოდენობა, პირბადის ტარება ყველა ზონაში უშუალოდ ვარჯიშის გარდა და ა.შ.

თავდაპირველად ყველას გვეშინოდა ამ ახალ რეალობაში მუშაობის გაგრძელების, რადგან კარგად გვქონდა გაცნობიერებული დამატებითი პასუხისმგებლობა ჩვენი სტუმრების წინაშე. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდით, რომ, პირიქით, ეს ის ადგილია, სადაც ადამიანები უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, დიდ დროს ატარებენ ამ სივრცეში, რადგან ეს იქცა ადგილად, სადაც არამხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ გაჯანსაღებაზე ვზრუნავთ. ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენთან ყოფნისას თავს კარგად გრძნობენ, უსაფრთხოების განცდა აქვთ, არ საუბრობენ პრობლემებზე, ერთმანეთს დადებით ენერგიასა და განცდებს უზიარებენ.

რას ცვლის ფიზიკური აქტივობა ჩვენს ცხოვრებაში? შეიძლება ითქვას, რომ ვარჯიშის დაწყებით იცვლება არამარტო ფიზიკური დატვირთვა, არამედ კვების რეჟიმი, განწყობა და, მთლიანობაში, ცხოვრების სტილი?

ვარჯიში ნამდვილად აბედნიერებს და აჯანსაღებს ადამიანს. არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურადაც. მნიშვნელოვანია თავი მივანდოთ გამოცდილ პროფესიონალებს, ამიტომ ჩვენი მწვრთნელების გუნდი ყოველწლიურად გადის გადამზადებას World Class-ისა და Les Mills-ის საერთაშორისო მეთოდისტების მიერ. ეს პროცესი უწყვეტია, რადგან ფიტნესინდუსტრია სწრაფად და დინამიურად ვითარდება, ჩვენც ფეხს ვუწყობთ ამ ტემპს.

ალბათ სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ, ვარჯიშთან ერთად, უმნიშვნელოვანესია კვება. ჩვენი მწვრთნელები მოვარჯიშეებს კვების რაციონის შედგენაშიც უწევენ რეკომენდაციას და ასევე გვაქვს ფიტნეს კაფე, სადაც წარმოდგენილია დაბალკალორიული საჭმელი, უშაქრო დესერტები და ყველა ტიპის საკვები დანამატები.

გვანცა სალაყაია | ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი / Forbes Woman Georgia

გვანცა სალაყაია

World Class Georgia-ს მომხმარებელი,
Duka Georgia-ს დამფუძნებელი

„World Class-ის წევრი ვარ იმ დღიდან, რაც უცხოეთიდან საცხოვრებლად საქართველოში დავბრუნდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის ჩემი მეორე სახლია, სადაც საკმაოდ დიდ დროს ვატარებ და დროს ვუთმობ საკუთარ სხეულს. World Class-ში მისვლა დიდი სიამოვნებაა, რადგან იქაური გუნდის თითოეული წევრი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციურია. ეს ჩემთვის გადამწყვეტია, რამდენადაც სპორტი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ეს კი ის ადგილია, სადაც იმუხტები პოზიტივით, გეძლევა ვარჯიშის მოტივაცია და თავდაჯერებული ხდები.

პანდემიის დროს მაქსიმალურად ვცდილობდი შემენარჩუნებინა ფორმა და მაშინაც კი, როცა ყველაფერი ჩაიკეტა, თითქმის ყოველ მეორე დღეს ვვარჯიშობდი ონლაინ ჩემს პირად მწვრთნელთან, მახო გარსევანიშვილთან.

ფიზიკური დატვირთვა შეუცვლელია ჩემთვის. ის მანიჭებს სულიერ სიმშვიდეს, მმატებს თავდაჯერებულობას, მხდის მოტივირებულს ჩემს საქმეში და მაძლევს საშუალებას, ვიყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან, რაც მიმაჩნია, რომ აუცილებელია ყველა ადამიანისთვის.

სპორტული აქტივობა და ცხოვრების ჯანსაღი წესი ყოველდღიური პრობლემებისა და სტრესისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იპოვო ადგილი, სადაც სიხარულით იზრუნებ საკუთარ ჯანმრთელობაზე“.