შრომის ახლებური სტილი პოსტპანდემიურ ეპოქაში

ამერიკული კომპანია Apple-ის თანამშრომლები აპროტესტებენ ოფისში დაბრუნებას. გასულ კვირას კომპანიის პერსონალმა ტიმ კუკისგან ელექტრონული შეტყობინება მიიღო. ხელმძღვანელობა თანამშრომლებისგან მოითხოვს, კვირაში სამი დღე ოფისიდან იმუშაონ – ახალი სამუშაო გრაფიკი ძალაში სექტემბრისთვის უნდა შევიდეს.

თანამშრომლები იხსენებენ, რომ პანდემიის პერიოდში მათ არაერთხელ გამოთქვეს სურვილი უფრო მოქნილი, ან დისტანციური სამუშაო გრაფიკის თაობაზე. ისინი თვლიან, რომ ასეთი პირობები უპრეცენდენტო შესაძლებლობებს იძლევა და პერსონალთან მიმართებაში განსაკუთრებით ინკლუზიურია. თუმცა, მენეჯერები ამ ინიციატივების მიმართ არამხოლოდ გულგრილობას, არამედ აშკარა იგნორს გამოხატავდნენ.

ტიმ კუკი კი გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ ენატრება ე.წ. „საქმიანი ფუსფუსი“, რაც დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მას არ აწუხებს. Apple-ის თანამშრომლები თავს არასახარბიელო მდგომარეობაში ხედავენ, რადგან მათ მოუწევთ ჯანმრთელობის, ოჯახური იდილიის, პროდუქტიული სამუშაო რეჟიმის დათმობა, რათა უფროსების მოთხოვნა დააკმაყოფილონ. პრობლემას არა მხოლოდ კომფორტი, არამედ შესაძლებლობის ფაქტორიც წარმოადგენს. ზოგიერთი განსაკუთრებული საჭიროების პირია, რომლებისთვისაც ლოქდაუნის პერიოდში მრავალი პოზიცია გახდა ხელმისაწვდომი, ახლა კი კვლავ უთანასწორობას აწყდებიან.

Apple-ის თანამშრომელთა პროტესტი ცხადყოფს, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ძალიან ღირებული გამოცდილება მოგვცა. რამდენად მნიშვნელოვანია კომპანიისთვის თანამშრომლების ოფისში მიღება? როგორ აისახება ეს ჩვენს კარიერაზე? რა ხარვეზები აქვს თანამედროვე შრომის სტილს? რა გველოდება მომავალში? სტატია შეეცდება ამ კითხვებს უპასუხოს.

პრეზენტიზმი

ტერმინი პრეზენტიზმი გულისხმობს სამუშაო სივრცეში უნაყოფოდ გატარებული დროის და ფუჭი საქმიანობის ფენომენს. 1 989 სხვადასხვა ოფისის თანამშრომელზე დაკვირვებით,  კვლევამ გამოავლინა, რომ რვასაათიანი სამუშაო დღის განმავლობაში ისინი მხოლოდ 2 საათისა და 53 წუთის განმავლობაში არიან პროდუქტიულები(საშუალოდ). აგრეთვე, პანდემიამდელი კვლევის თანახმად, რესპოდენტთა 80% აღიარებდა, რომ მათ სამუშაო სივრცეში არსებობდა პრეზენტიზმი. აშკარაა, რომ თანამშრომლების ოფისში გამოცხადება და რვა საათი მუშაობა არ არის სარგებლიანობის ოპტიმალური პირობები, მაგრამ რატომ არ ვწყვეტთ ამ პრაქტიკას?

ჯერ კიდევ პანდემიამდე, დისტანციური რეჟიმის მქონე სამსახურებში, დამსაქმებლები ოფისში მომუშავე თანამშრომლებს ხელფასის მატების უფრო დიდ პერსპექტივას სთავაზობდნენ. პრეზენტიზმი შეიძლება ითქვას „გადამდებიც“ კია , რადგან როდესაც ერთი ადამიანი ზედმეტ საათებს მუშაობს, სხვა თანამშრომლები იძულებულები არიან მას კონკურენცია გაუწიონ და ზეწოლას დანებდნენ. 2020 წელს, პანდემიის პირობებშიც კი, ბრიტანული კვლევის რესპოდენტთა 54%-მა განაცხადა, რომ ისინი თავს ვალდებულად გრძნობდნენ, დრო და დრო ოფისში გამოცხადებულიყვნენ. ცხადია, ამ რეჟიმით სარგებლობს ის, ვისაც სამსახურში ადრე მისვლის და გვიან წამოსვლის ფუფუნება აქვს – სხვა კი იჩაგრება.

პრეზენტიზმის უნაყოფობის მიუხედავად, რატომ ანიჭებენ დამსაქმებლები მას უპირატესობას? ამას ორი ფსიქოლოგიური განმარტება აქვს. პირველი, უბრალოდ ადამიანთან ხშირი ინტერაქციის ეფექტია – როდესაც ერთ ადამიანს სხვასთან შედარებით ათჯერ ხშირად ხედავ, მის მიმართ მეტად კეთილგანწყობილი ხარ. მეორე, ცნობილი „ჰალოს ეფექტია“ – ამ დროს, ჩვენთვის მოსაწონ ადამიანებს სხვა კარგ თვისებებსაც მივაწერთ, თუნდაც უსაფუძვლოდ. მაგალითად, თავაზიან და მეგობრულ თანამშრომელზე უსაფუძვლოდ შევიქმნათ კეთილსინდისიერების და სიბეჯითის წარმოდგენა.

გადაღლა

შეიძლება ჩვენს დავალებას პირწმინდად ვასრულებდეთ , განსაზღვრულ დროში, ან თუნდაც დისტანციურ რეჟიმში , მაგრამ პრეზენტიზმი ჩვენი კარიერისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს. როდესაც სხვა ამ პრივილეგიით სარგებლობს, კონკურენცია დანარჩენებსაც არაჯანმრთელ, გადატვირთულ რეჟიმში ამწყვდევს. კვლევის მიხედვით, პრეზენტიზმის გავლენით, ბრიტანულ სამსახურებში ყოველწლიურად ერთი თანამშრომელი საშუალოდ 35 საათის განმავლობაში უნაყოფოდ შრომობს, ამის მიზეზი კი სწორედ გადაღლაა – პერსონალის პროდუქტიულობა მკვეთრად მცირდება კვირაში 50 საათზე მეტი მუშაობის შედეგად.

გადაღლა ნაყოფიერების ძირითადი წინაღობაა, მაგრამ სამუშაო სივრცეში იგი ძალიან ხშირად გვხვდება. მეტიც, მსოფლიოს ბევრ წერტილში და მათ შორის ჩვენთანაც, შრომაში ჩაძირული და ოფლად დაღვრილი, მოქანცული ადამიანი გაიდეალებულია. ცხადია, შრომისმოყვარეობა ღრმად დასაფასებელი თვისებაა, თუმცა ჩვენს დამსაქმებლებს ამ ფაქტორის ბოროტად გამოყენება შეუძლიათ. პროტესტანტული ღირებულებების მქონე კულტურებში(და შორეულ აღმოსავლეთშიც) გრძელი სამუშაო საათები ძალიან ხშირია – აქ შეგხვდებათ სამოტივაციო მოწოდებები, რომ დაუღალავად იშრომოთ და შეუპოვრად იბრძოლოთ ბრწყინვალე კარიერისთვის. კვლევებიდან ჩანს, რომ დასაქმებული ადამიანები კვირაში საშუალოდ 9,2 საათს აუნაზღაურებლად შრომობენ (რაც წინა წლებთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია).

დასავლურ საზოგადოებებში ილონ მასკის მსგავსი თავგადაკლული მშრომელი ადამიანები თანამედროვე გმირებს წარმოადგენენ. ისინი პოპულარიზებას უწევენ ცხოვრების ისეთ სტილს, როდესაც დღის უმეტესი ნაწილი სამსახურს და შრომას ეთმობა, ძილის და სხვა ცხოვრებისეული სიამოვნებების ხარჯზე. ასეთი კომპანიის თანამშრომლები იძულებულები არიან მონაწილეობა მიიღონ ამ გამოწვევაში – საპასუხოდ, მსხვილი კომპანიები პერსონალის ფსიქოლოგიური თერაპიის ხარჯებს აფინანსებენ – ანუ წარუმატებელ მენეჯმენტს ანაზღაურებენ. 

ციფრული მომთაბარეები

2020 და 2021 წლებში ბევრი სიახლე შევიტყვეთ ჩვენს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ტრადიციებსა და პრაქტიკებზე – ზოგი მათგანი მოძველებული და არარაციონალურია. თუმცა, ამავდროულად, ჩვენ აქამდე გამოუცდელ მეთოდებს მივმართეთ, მათ შორის შრომის ეთიკასა და სტილთან მიმართებაში, რომლებიც შეიძლება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში პოსტპანდემიურ ეპოქაშიც ვიხილოთ.

გასულ წელს ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ამერიკული სამსახურების მესამედზე მეტი სრულფასოვნად შესრულებადია დისტანციურ რეჟიმში. ხოლო გამოკითხვაში მონაწილე დამსაქმებელთა 82% აპირებს მომავალში მეტი დისტანციური სამსახურების შეთავაზებას. ამ სიახლის შედეგად, გამოჩნდა ბევრი ადამიანი, რომელთაც ციფრული მომთაბარეობის სურვილი გამოთქვეს. ეს ტერმინი ჯერ კიდევ 1997 წლიდან გხვდება, მაშინაც უკვე აშკარა იყო, რომ ახალი ტექნოლოგიები ადამიანებს დააბრუნებდა პრეისტორიული ცხოვრების წესთან და მათ საქმიანობის პარალელურად მოგზაურობის საშუალებას მისცემდა.

2019 წლისთვის აშშ-ის მოქალაქეებს შორის უკვე იყო 7,3 მილიონი ციფრული მომთაბარე, 2020 წელს კი, ბარბადოსმა და ესტონეთმა სპეციალური ერთწლიანი ვიზა შემოიღეს ამ რეჟიმში მომუშავე უცხოელებისთვის. მათ შორის საქართველოს მთავრობამ 2020 წლის ივლისიდან დაიწყო პროექტი – „დისტანციურად საქართველოდან“. ამ პროგრამით სარგებლობა 95-მდე ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია.. ადგილობრივი ხელისუფლებისგან თანხმობის მისაღებად მათ დასჭირდებათ აპლიკაციის შევსება, სადაც თავიანთ საქმიანობას და შემოსავალს აღწერენ. ის ტურისტული სამსახურები, რომლებიც ამ ტიპის მოგზაურობის ორგანიზებას უზრუნველყოფენ, ავრცელებენ ინფორმაციას რომ ქვეყნები მასობრივად ემზადებიან ციფრული მომთაბარეებისთვის ბუმისთვის.