ქალთა ჩართულობის პოზიტიური გავლენა ქვეყნის კეთილდღეობაზე

მსოფლიო ბანკის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მეტი ქალი სამუშაო სივრცეში შედეგად ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებას გვაძლევს. კვლევა Women, Business and the Law გვიჩვენებს, თუ როგორ მოქმედებს სახელმწიფოში არსებული სამართლებრივი გარემო ქალთა დასაქმებასა და კარიერაზე.

კვლევა ნათელყოფს, რომ თანასწორუფლებიანობა ეკონომიკური პერსპექტივიდანაც სასიკეთო შედეგების მომტანია – ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული რეფორმები და პოლიტიკა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას განაპირობებს. ქალების სამუშაო სივრცეში ჩართულობა და ამით ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდა მაშინაა მოსალოდნელი, როცა მათ თავისუფლად შეეძლებათ დაკავდნენ საოჯახო საქმიანობის გარდა სხვა სამსახურითაც. მაგალითად, ფლობდნენ ქონებას, რომელსაც თავად განკარგავენ, წამოიწყონ ბიზნესი და ა.შ.

Women, Business and the Law – ის ინდექსი გამოიყენება სამართლებრივი ბარიერების აღმოსაჩენად ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების საკითხში. ინდექსის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს ქალთა მეტ ჩართულობას სამუშაო ძალაში. შესაბამისად, მათ მაღალ შემოსავლებსა და განვითარების მეტ შესაძლებლობას.

წელს კვლევა 190 ქვეყანაში ჩატარდა. შეიძლება ითქვას, რომ შედეგები პოზიტიურია: 2020 წლის კვლევის მიხედვით, მსოფლიოს ყველა რეგიონში პროგრესია – მათი საშუალო ქულები თანდათან უმჯობესდება. მთელი მსოფლიოს მასშტაბით საშუალო ქულა კი, 75.2-ია, როცა 2017 წლის მონაცემებით, საშუალო ქულა 73.9 იყო. გენდერული ნიშნით ხელფასებს შორის სხვაობა კი უფრო და უფრო მცირდება.

წყარო: Women, Business and the Law database

მიუხედავად პროგრესისა, სახელმწიფოთა სტატისტიკა ჯერ კიდევ არათანაბარია. სამართლებრივად, გენდერული თანასწორობის მხრივ, მაღალშემოსავლიან ქვეყნებში ბევრად უკეთესი მაჩვენებელია, ვიდრე დაბალშემოსავლიანებში. მოწინავე ადგილებს 100 ქულით იკავებენ ბელგია, კანადა, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, ლატვია, ლუქსემბურგი და შვედეთი. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში ქალებსა და მამაკაცებს სრულიად თანაბარი უფლებები აქვთ.

რაც შეეხება საქართველოს, მისი Women, Business and the Law – ის ინდექსი 85.6-ია და მსოფლიოში 55-ე ადგილს იკავებს.

წყარო: Women, Business and the Law database

აღსანიშნავია, რომ გენდერული ნიშნით კვლავაც არსებობს დაბრკოლებები მსოფლიოს არაერთ რეგიონში, კანონი და რეგულაციები ჯერ კიდევ ზღუდავს ქალთა ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღებისა და დასაქმების თავისუფლების პერსპექტივებს. თუმცა, ინდექსის გაუმჯობესების სწრაფი ტემპის მიხედვით, ქვეყნები – საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული ემირატები, ნეპალი, სამხრეთ სუდანი, სან-ტომე და პრინსიპი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ჯიბუტი, იორდანია, ტუნისი და ბაჰრეინი, – მოწინავე პოზიციებს იკავებენ.

Women, Business and the Law – ის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი მხოლოდ ქალთა ეკონომიკურ წარმატებას არ აფასებს. კვლევები ასევე ცხადყოფს, რომ იქ, სადაც ქალსა და მამაკაცს თანაბარი შესაძლებლობები აქვს, მეტად დადებითი შედეგებია ჯანდაცვის განვითარებისა და სოციალური წინსვლის მხრივ. ქვეყნებში, სადაც ნაკლებად დისკრიმინაციული კანონები და პოლიტიკაა, უფრო მსხვილი ინვესტიციები ხორციელდება ჯანდაცვასა და განათლებაში, დაბალია სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა პროცენტული მაჩვენებელი, დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობა, მაღალია ქალთა განათლების დონე.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ Woman, Business and the Law აფასებს მხოლოდ ფორმალურ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც ქალთა დასაქმებისა და ბიზნესის წარმოების უფლებებსა და შესაძლებლობებს ეხება. ხოლო სახელმწიფოებში დამკვიდრებული სხვა ნორმები და პრაქტიკები ამ მაჩვენებლებში გათვალისწინებული არ არის.