ქართველი ქალები ტექნოლოგიებში – გზა საქართველოდან სილიკონის ველამდე

საქართველოში მალე ქალი ანტრეპრენერებისთვის განკუთვნილი ახალი პროგრამა „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში“ ამოქმედდება, რომლის ინიციატორი სილიკონ ველის წამყვანი აქსელერატორი, აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრია. ინიციატივა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით ხორციელდება. რა პერსპექტივებია მეწარმე ქალებისთვის საქართველოში და რისთვის არის საჭირო ქალებისთვის განკუთვნილი პროგრამები?

დღეს, გაცილებით მეტი ქალი ცდილობს საკუთარი ბიზნესი წამოიწყოს. ბოლო წლებში, გვხვდება წარმატებული მეწარმე ქალების მაგალითებიც, მაგრამ რამდენად მასშტაბურია საერთო სურათი და რამდენად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალებისთვის წარმატების ბევრი შესაძლებლობაა ხელმისაწვდომი ‒ ამის გასარკვევად, ბიზნესის სფეროში, ზოგადად, ქალების მონაწილეობა უნდა განვიხილოთ.

ქალების ბიზნეს შესაძლებლობებზე მრავალ მოსაზრებას შეხვდებით, თუმცა, არგუმენტები, თუ რატომ არიან ან არ არიან ქალები კარგი ანტრეპრენერები, ყოველთვის სუბიექტურია. ეს საკითხი პრობლემურია არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამიტომ, მიკერძოებული არგუმენტების ნაცვლად, 2020 წლის სტატისტიკას გადავავლოთ თვალი.

მსოფლიოს მასშტაბით, მართლაც გვხვდება არაერთი წარმატებული სტარტაპერი ქალი. ბოლო 20 წლის განმავლობაში კი, ქალი ანტრეპრენერების რაოდენობა 114%-ით გაიზარდა. მხოლოდ 2019 წელს, ქალების მიერ მართული 10 კომპანია გახდა ე.წ. Unicorn-ი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ კომპანიების ღირებულებამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თუმცა, სანამ დასკვნებს გამოვიტანთ, სტატისტიკის მეორე მხარესაც გადავხედოთ.

დიახ, მხოლოდ აშშ-ში, ქალების მიერ მართული ბიზნესების ყოველწლიური შემოსავალი 1.8 ტრილიონი დოლარია, მაგრამ ეს ქვეყნის კერძო სექტორის შემოსავლების მხოლოდ 4.3 პროცენტია. ფორბსის სტატისტიკის მიხედვით, ქალების მიერ დაფუძნებული კომპანიების პირველადი კაპიტალის პორტფოლიო 63%-ით აღემატება მამაკაცების მიერ დაარსებული კომპანიების პორტფოლიოს. ქალი ანტრეპრენერების მიერ მართული ტექნოლოგიური კომპანიების ინვესტიციის დაბრუნების მაჩვენებელი (ROI) კი 35%-ით აღემატება მამაკაცების მიერ მართულ კომპანიების მაჩვენებელს. მიუხედავად ამისა, ქალების მიერ წამოწყებული სტარტაპების მხოლოდ 7% იღებს დაფინანსებას ვენჩურული ფონდებიდან. ინოვაციური ტექნოლოგიების სფეროში კი ქალი სტარტაპერების კომპანიების წილი მხოლოდ 13%-ია.

HSBC-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში, ქალების მესამედი განიცდიდა გენდერულ მიკერძოებას, როდესაც ისინი ბიზნესისთვის კაპიტალის მოზიდვას ცდილობდნენ. კიდევ ერთი, კოლუმბიის ბიზნეს სკოლის კვლევა გვეუბნება, რომ ქალ ანტრეპრენერებს 63%-ით ნაკლები შანსი აქვთ, რომ ვენჩურული კაპიტალის დაფინანსება მოიპოვონ.

მოკლედ რომ შევაჯამოთ, ქალი ანტრეპრენერების წარმატებული მაგალითები უდავოდ გვხვდება, თუმცა, მათი პროცენტული წილი იმდენად მცირეა, რომ სტატისტიკას სამართლიანს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.

როგორ ავხსნათ ეს მონაცემები ‒ თუ გავითვალისწინებთ, რომ ინოვაციების სფეროში, წარმატების დიდ ნაწილს იღბალი განსაზღვრავს და ამ სარისკო ინვესტიციის განხორციელებისას შეუძლებელია ინვესტორი 100%-ით დარწმუნებული იყოს მის შემოსავლიანობაში. ამ დროს, ზუსტად რომ სუბიექტური შეხედულებები და ზოგადი შთაბეჭდილება განსაზღვრავს, რამდენად შეძლებენ ქალები ინვესტორების დარწმუნებას.

თუ გვსურს, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და გენდერის მიუხედავად, ყველას თანაბარი შესაძლებლობები და სამართლიანი კონკურენცია შევთავაზოთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ახალი პროგრამები, რომლებიც სწორედ ქალების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ერთსა და იმავე პოზიციაზე მამაკაცის ხელფასი თითქმის ყოველთვის აღემატება ქალის შემოსავალს და იქ, სადაც მასკულინურ კულტურას ასე მყარად აქვს ფესვები გადგმული, ერთადერთი გამოსავალი სწორედ ისეთი ინიციატივებია, რომელიც ქალებს თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის და სთავაზობს გარემოს, სადაც მათი იდეები შესაბამისად იქნება აღქმული.

საქართველოში სტარტაპ ეკოსისტემა ახლა იწყებს განვითარებას და სხვადასხვა სტარტაპ პროგრამებთან ერთად, ქალი სტარტაპერების მხარდაჭერისთვისაც ჩნდება ინიციატივები. სწორედ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ახალ შესაძლებლობებს აჩენს, არის პროგრამა სახელწოდებით „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში“, Prospera Women-ის მხარდაჭერით, რომელსაც აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი (USMAC), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით სწორედ ახლა იწყებს. აშშ-ის ბაზრის წვდომის ცენტრი სილიკონ ველის წამყვანი აქსელერატორია, რომელიც საერთაშორისო სტარტაპებს სილიკონ ველის მეშვეობით, გლობალურ ბაზარზე გასვლაში ეხმარება. აღნიშნული სწრაფი ეკონომიკური ზრდის პროგრამა ქართული სტარტაპების ქალ ხელმძღვანელებს განვითარებაში დაეხმარება.

„ქართველი ქალები ტექნოლოგიებში“ (GWIT) ექვსთვიანი ონლაინ პროგრამაა, რომლის მიზანია საქართველოსა და სილიკონის ველს შორის კავშირების გაღრმავება და საქართველოში, განვითარების ადრეულ ეტაპზე მყოფი ქალი მეწარმეების დახმარება, რომ მნიშვნელოვნად გაზარდონ საერთაშორისო დონეზე წარმატების მიღწევის შანსები. GWIT-ის პროგრამის ფარგლებში, სტარტაპები გაივლიან ინტენსიურ ბიზნეს ტრენინგებს, მიიღებენ მხარდაჭერას და რჩევებს ტექნოლოგიური ინდუსტრიის ექსპერტებისგან, წამყვანი კომპანიების ლიდერებისგან და მსოფლიოს ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიური ეკოსისტემის – სილიკონ ველის ინვესტორებისგან.

„ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის ზრდას და მოხარულები ვართ, დავიწყოთ ეს ყოვლისმომცველი პროგრამა, რომელიც ქალების მიერ შექმნილ სტარტაპებს დაეხმარება და ეფუძნება გასულ წელს, პალო-ალტო-ში წამოწყებულ საპილოტე პროგრამას, სადაც მონაწილეთა 40%-მა სილიკონ ველისა და სხვა გლობალური ინვესტორებისგან 100 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალის მოზიდვა წარმატებით შეძლო“ ‒ ამბობს USMAC-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალფრედო კოპოლა, რომელიც პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორია.

პროგრამის მთავარი პარტნიორი ‒ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა ქალების მიერ შექმნილ ხუთ ქართულ სტარტაპს გაუწევს ფინანსურ დახმარებას პროგრამაში მონაწილეობისთვის. „ჩვენ ვცდილობთ, სამეწარმეო სფეროში აღვადგინოთ ბალანსი და ქალებს, რომლებიც ნამდვილად არიან მდიდარნი ყველანაირი შესაძლებლობით, მივცეთ მხარდაჭერა საქმეში, დასაწყისიდან ბოლომე, რათა საუკეთესოდ წარმოაჩინონ საქართველო მსოფლიოს წინაშე და ამასთანავე, ქვეყნის ეკონომიკაც წინ წასწიონ. მე დიდი და გულწრფელი მოლოდინები მაქვს ამ პროექტიდან. საქართველოს ზრდის შესაძლებლობა და განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ეს კი ბიზნესის და მეწარმეობის სფეროში ქალების ჩართულობას თავისთავად გულისხმობს“ ‒ აცხადებს USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსენი.

პროგრამის ფარგლებში, ერთი სტარტაპი მხარდაჭერას მიიღებს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) პროექტისგანაც „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ერთი სტარტაპი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და მისი სამეწარმეო ცენტრისგან მიიღებს დაფინანსებას, დამატებით ბიზნეს სერვისების პაკეტთან ერთად.

იმისთვის, რომ პროგრამის მნიშვნელობა აღვიქვათ, USMAC-ის მცირე ისტორიაც საკმარისია. 10 წლის განმავლობაში, აქსელერატორი 37 ქვეყანაში, 1,300-ზე მეტ სტარტაპს დაეხმარა. პროგრამის ფარგლებში, სტარტაპებმა $1,49 მილიარდი აშშ დოლარის მოზიდვა შეძლეს.

რაც შეეხება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას, ის 2019 წლიდან მოქმედებს საქართველოში და კარგად ნაცნობია ქართველი მეწარმეებისთვის. პროგრამის ფარგლებში უკვე მიიღო დაფინანსება არაერთმა ქალმა მეწარმემ.

ქართველი სტარტაპერები, რომლებიც ახლა ამყარებენ კავშირებს სილიკონის ველთან, ზუსტად იმ რგოლს წარმოადგენენ, რომელმაც სამომავლოდ მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. „ინოვაციური სტარტაპებისთვის კი მთავარი სამართლიანი კონკურენციაა, სადაც უნდა იმარჯვებდეს იდეა და არა გენდერი. ინიციატივა, რომელიც გვთავაზობს ისარგებლო ყველა იმ შესაძლებლობით, რომელსაც სილიკონ ველის ეკოსისტემა იძლევა, ზუსტად ის შესაძლებლობაა, რომელიც ქართველ ქალ ანტრეპრენერებს საკუთარი პოტენციალის რეალიზაციას შეაძლებინებს“ ‒ ამბობს ქეით ბუნინა, GWIT პროგრამის დირექტორი.

პროგრამა „ქართველი ქალები ტექნოლოგიებში“ მონაწილეების შერჩევის ეტაპზეა. შერჩეული აპლიკანტები პრაქტიკულ და თეორიულ ტრენინგებს თებერვალში დაიწყებენ.