ლიდერი ქალები ვაჭრობის ფინანსირებაში

„თიბისი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების სექტორში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და უწყვეტი განვითარებისთვის გამარჯვებულად დასახელდა“ – Euromoney.

„Commerzbank AG-ს მხრიდან TBC-ს ბანკისთვის მეორედ გადაცემული ვაჭრობის ფინანსირების ჯილდო ადასტურებს ბანკის არსებულ წამყვან პოზიციას ვაჭრობის ფინანსირების სფეროში და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ინსტიტუტებს შორის მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას. ვაჭრობის ფინანსირების ხელშეწყობის აუცილებლობა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტრუქტურიდან მომდინარეობს. ეს ჩვენი, როგორც ორი წამყვანი საბანკო ინსტიტუტის, საერთო ამოცანაა.“ – Commerzbank AG.

თამარ გუგუშვილი, თამარ ხიზანიშვილი, თეონა ჯოლოხავა | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

მათი საქმიანობა ვაჭრობის ფინანასირების გუნდთან ერთად თიბისი ბანკისთვის მორიგი საერთაშორისო აღიარების საფუძველი გახდა. თამარ ხიზანიშვილის, თამარ გუგუშვილის და თეონა ჯოლოხავას თავდაუზოგავი შრომის და ბიზნესისადმი მიდგომების გაანალიზების შემდეგ საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა Global Finance-მ თიბისი ბანკი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2020 წლის საუკეთესო პროვაიდერად, Euromoney-მ კი ბაზრის ლიდერად და საუკეთესო მომსახურების მქონე ბანკად დაასახელა.

ვაჭრობისა და სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტი თიბისი ბანკის კორპორატიული და საინვესტიციო მიმართულების ნაწილია. „ვეხმარებით ბიზნესს უფრო ეფექტურად და მეტად უსაფრთხოდ ჩაებას საერ­თაშორისო ვაჭრობაში, კერძოდ, გაცილებით ნაკლები რისკებით, ექსპორტზე გაიტანოს ან იმპორტით შემოიტანოს პროდუქცია საქართველოში“, ‒ განმარტავს დეპარტამენტის უფროსი თამარ ხიზანიშვილი. ამ მიზნის მისაღწევად გუნდის მიდგომის აღიარება და მოპოვებული ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, საქართველოში, თიბისის #1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს, რომ კომპანია მომხმარებლებთან წარმატებით თანამშომლობს!

თამარ ხიზანიშვილი | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

რადგან საერთაშორისო ვაჭრობა საკმაოდ დიდ რისკებთან ასოცირდება, თიბისის ვაჭრობისა და სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტის ძირითადი მისიაა კლიენტებს რეკომენდაციები გაუწიოს და მათთან ერთად ხშირად ძალიან რთული სიტუა­­ციებიდან საუკეთესო გამოსავალი მოძებნოს. თამარ ხიზანიშვილის ხელმძღვანელობით ვაჭრობის ფინანსირება მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა, საბანკო გარანტიები, დოკუმენტური აკრედიტივი და ფაქტორინგი. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ სამივე ეს პროდუქტი ბანკის მხრიდან კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს. „თუ კომპანია ყიდულობს დანადგარს/ მიწას/ ნებისმიერ სხვა საქონელს მეორე კომპანიისგან და არ სურს წინასწარ თანხა გადაურიცხოს, თუმცა მეორე მხრივ, არც მომწოდებელს სურს მიაწოდოს პროდუქცია, რადგან არ არის დარწმუნებული, რომ დროულად მიიღებს ანაზღაურებას. მხარეებს შორის უნდობლობა შესაძლებელია გახდეს კონტრაქტის ჩაშლის საფუძველი. ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების სწორად გამოყენებით და ბანკის ჩართულობით ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინება არის შესაძლებელი, რადგან ამ პროდუქტებით ბანკი იღებს ვალდებულებას გადახდაზე. ბანკის მიმართ, კერძოდ, თიბისის მიმართ კი, ძალიან მაღალია ნდობა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამიტომ მოთხოვნა ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე საკმაოდ მაღალია“, ‒ ეს ყველაზე მარტივი განმარტებაა იმის, თუ რას აკეთებს თიბისი ბანკის ეს დეპარტამენტი. დეპარტამენტის დირექტორის თამარ ხიზანიშვილის გამოცდილება ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციებზე, ქართულ წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში და HSBC Bank-ში, 20 წელზე მეტს ითვლის. ვაჭრობის და სტრუქტურული დაფინანსების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით, თამარი თიბისი ბანკს 2018 წლის დეკემბერში შეუერთდა.

მცირე, საშუალო და მსხვილი ‒ ვაჭრობის ფინანსირების გუნდი ყველა მასშტაბის ბიზნესს ერგება, ზოგადად, აქ პროდუქტებს არგებენ კლიენტს და არა პირიქით, ანუ ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტები ყველა სეგმენტის საჭიროებებს პასუხობს. ეს ამ გუნდის წევრებსაც ძალიან მოსწონთ, მათთვის საინტერესოა სხვადასხვა ზომის კომპანიებთან მუშაობა, ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოწვევებიც ინდივიდუალურია, შესაბამისად, გუნდს მუდმივად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება უწევს, აქ პრეცენდენტულად თითქმის არასოდეს მუშაობენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესებს წარმატებული ტრანზაქციების განხორციელებაში, რათა ისინი სექტორის მსხვილ მოთამაშეებად მალე ვიხილოთ“.

ამ სფეროში სიტყვა „კლიენტი“ არ უყვართ. თითოეულ ბიზნესს აქ პარტნიორად განიხილავენ, მათთან ურთიერთპატივისცემა და ურთიერთგანვითარების სურვილი აკავშირებთ. ამიტომ აქ პარტნიორების საჭიროებებს სიღრმისეულად სწავლობენ, შემდეგ პერსონალურად მათთვის და ხშირად ინოვაციურ სერვი­სებს ქმნიან, რაც მიაჩნიათ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თიბისი ბანკის, არამედ, ზოგადად, ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის.

თეონა ჯოლოხავა | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

ეს რომ მხოლოდ სიტყვები არ არის, ამას ოფიციალური სტატისტიკა ამტკიცებს. ვაჭრობის დაფინანსების, კერძოდ გარანტიების და აკრედიტივების პორტფელი 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1,838 მლრდ ლარს შეადგენდა. 2017 წლიდან ბანკის პორტფელი აგრესიული ზრდის ტემპებით გამოირჩეოდა, რაც პირველ რიგში, თიბისის მიერ ბანკი რესპუბლიკის შეძენამ განაპირობა. 2019 წელს თიბისიში წარმატებულ წელს უწოდებენ, მათ შორის სწორედ ვაჭრობის დაფინასების პორტფელისთვის, რადგან პორტფელი წინა წელთან შედარებით 39% -ით გაიზარდა. საბოლოოდ, ბაზრის წილის 50,2% სწორედ თიბისის ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებაზე მოდის. შედეგად, ბაზრის ლიდერად ბანკის აღიარება საქართველოს ხშირად სცდება. Global Finance-სა და Euromoney-ს გარდა, თიბისი, ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, ნომერ პირველად EBRD, ADB, Commerzbank ასახელებენ.

ბანკის ამ წარმატებების აქტიური მონაწილეა თამარ გუგუშვილი, რომელიც თიბისის გუნდს 2012 წლიდან შეუერთდა. მას შემდეგ, ვაჭრობის ფინანსირების განვითარების მიმართულებით თამარის ბიოგრაფიაში არაერთი საინტერესო გამოწვევა და პროფესიული გამოცდილება იყო, დღეს ის უკვე ვაჭრობის ფინანსირების და დოკუმენტური ოპერაციების ჯგუფის უფროსის პოზიციას იკავებს.

გუნდს, რომლის 10 წევრიდან 8 ქალია, წვლილი ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში შეაქვს, რადგან ექსპორტის ხელშეწყობა ქართული ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. „თიბისი ბანკს, როგორც ქვეყნის უმსხვილეს ბანკს აქვს ყველაზე ძლიერი ექსპერტიზა და ცოდნის ცენტრი. შესაბამისად, ბანკი მზად უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის კლიენტს შესთავაზოს მრავალფეროვანი პროდუქტი, მათ შორის ვაჭრობის დაფინანსების კუთხით. თიბისი ბანკი აქტიურად არის ჩართული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ნაწილში, რაც სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს ქვეყნისთვის. ქართული კომპანიებისთვის და, ზოგადად, ქართული ეკონომიკისთვის ექსპორტის ხელშეწყობა არის პრიორიტეტი, ჩვენი ბანკი ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით და ასევე, ბანკის საერთაშორისო კავშირებით ეხმარება ქართულ კომპანიებს თავიანთი პროდუქცია გაიტანონ სხვადასხვა ქვეყანაში“.

ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან კარგია, ოღონდ მარტო ამის მიღწევა რთული იქნებოდა. თიბისიშიც არავინ მალავს, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში წარმატების მიღწევა საერთაშორისო პარტნიორების გარეშე შეუძლებელია. თიბისი ბანკი აქაც გამორჩეულია ‒ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ავტორიტეტული პარტნიორთა სიმრავლით. EBRD, ADB, IFC, Commerzbank, DeutscheBank, Credit Agricole, Societe Generale, Barclays, HSBC, Unicredit, Natixis, Raiffeisen Bank, Citibank, BNP Paribas, KBC, SMBC – სწორედ ისინი ეხმარებიან ბანკის პარტნიორებს თავიანთი საერთაშორისო ვაჭრობის გეოგრაფიის გაფართოებაში. პარტნიორებიდან ერთ-ერთი, Societe Generale Group განსაკუთრებით ახლობელია თეონა ჯოლოხავასთვის, რომელიც 2017 წლიდან თიბისიში ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის გაყიდვების განყოფილებას ხელმძღვანელობს. თიბისიში მისვლამდე 10 წლით ადრე კი საბანკო კარიერა სწორედ ბანკ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც სხვადასხვა პოზიციაზე მიღებული გამოცდილების შედეგად, 2012 წლიდან ვაჭრობის ფინანსირების განყოფილების უფროსის პოზიციას იკავებდა.

თამარ გუგუშვილი | ფოტო: ანა ბოკო / Forbes Woman Georgia

საერთაშორისო პარტნიორების შთამბეჭდავ ჩამონათვალს ბუნებრივად მოჰყვება კითხვა, რის ხარჯზე აღწევს თიბისი ბანკის ვაჭრობის დაფინანსების დეპარტამენტი მსოფლიო მასშტაბის ფინანსური ინსტიტუტებისგან ნდობის მოპოვებას? კითხვაზე პასუხი ასეთია: „აღიარება საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე გამოცემებისა და ბანკების მხრიდან დაფუძნებულია წარმატებით შესრულებულ ტრანზაქციასა და მაღალი რისკიანობის მქონე გარიგებების ინოვაციურად გადაჭრის ქეისებზე. ჩვენ პირადად ვიცნობთ მსოფლიოს ტოპ ბანკების პირველ პირებს ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით და ისინი პატივს სცემენ იმ გამოცდილებას, რაც ამ წლების მანძილზე თიბისი ბანკში დაგროვდა“.

როცა, ციფრებში თუ ჯილდოებში გამოხატული წარმატებების შესახებ ისმენ, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რაშია გუნდის წარმატების საიდუმლო? ბანალურად დასმულ კითხვას, არაბანალური პასუხი აქვს: „ჩვენი წარმატების ფორმულა საიდუმლოს არ წარმოადგენს და ის კარგად ცნობილია, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ასევე კონკურენტებისთვის, თუმცა იმდენად რთული მისაღწევია, რომ რთულია მისი დუბლირება. თითოეულ წარმატებულ გარიგებაში ინდივიდუალური მიდგომა, დაუღალავი შრომა, ქვეყნის ტოპ პროფესიონალების ცოდნა და განვითარებისათვის მაქსიმალური ძალისხმევაა ჩადებული“, ‒ გვპასუხობს ვაჭრობის დაფინანსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და სამომავლო გეგმებსაც გვანდობს. პროდუქტების დიჯიტალიზაციისა და კლიენტების ბანკთან ურთიერთობის გამარტივების ეპოქაში, გუნდი აქტიურად გეგმავს ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტების დიჯიტალიზაციას. ამ გუნდში გააზრებული აქვთ, რომ ლიდერის სტატუსი დიდი გამოწვევაა, რომელსაც შენარჩუნება და განმტკიცება სჭირდება. თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება, ახალი პროდუქტების შეთავაზება, მომსახურების გამარტივება ‒ ყველაფერს ერთი მთავარი მიზანი აქვს, იყვნენ ბიზნესისთვის ნომერი პირველი არჩევანი!