მარტი ქალთა ისტორიის თვეა. ყოველ წელს გაზაფხულის პირველი თვე ისტორიის შექმნაში ქალთა წვლილის აღნიშვნას ეთმობა. ეს მოვლენა ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის და მუდმივად გვახსენებს შესანიშნავ ქალებს მსოფლიო დონის მიღწევებით. ხშირად კი თანამედროვე საზოგადოების გმირებსაც გვაცნობს.
ქალთა ისტორიის თვე ამერიკიდან იღებს სათავეს. თავდაპირველად იგი მხოლოდ კალიფორნიაში აღინიშნებოდა და ამჟამინდელი დასახელებისაგან განსხვავებით, ქალთა ისტორიის კვირად მოიხსენიებოდა და ასეთი მასშტაბური ხასიათიც არ ჰქონდა. დროის გასვლასთან ერთად, კიდევ უამრავი ქალი აღმოვაჩინეთ, ძველებიც გავიხსენეთ და ერთმა კვირამ უკვე ვეღარ შეძლო მათი დატევა. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, ქალთა ისტორიის თვე მხოლოდ ამერიკას აღარ დასჯერდა და მთელს მსოფლიოში გავრცელდა. ახლა კი ცოტა ქვეყანა იქნება ისეთი, რომელიც მარტის თვეში ქალების გაძლიერებისადმი მიძღვნილ ერთ ღონისძიებას მაინც არ გეგმავს. ქალები ყველგან არიან და მათი შემჩნევა აუცილებელია. ისინი ქმნიან ისტორიას და არიან მისი ნაწილი – ნაწილი ამოუწურავი შესაძლებლობებითა და თვალუწვდენელი მიზნებით.
სამწუხაროა, მაგრამ დღეს ქალებს კვლავ სჭირდებათ ხელშეწყობა. აუცილებელია, მათ განათლების მიღების შესაძლებლობა მიეცეთ, შემდგომ კი შევამჩნიოთ და დავაფასოთ ისინი. ქალები ყოველდღიურად მთელი რიგი სოციალური თუ სისტემური ხასიათის ბარიერების წინაშე დგებიან. ისინი აბსოლუტურად ყველგან ოჯახში ძალადობას, სიღარიბესა და უმუშევრობას განიცდიან. ამ მოცემულობას კი Covid19-ის პანდემიამ არაერთი პრობლემა დაამატა და კიდევ უფრო დაამძიმა. განსაკუთრებით, ასეთ კრიზისულ დროს, მნიშვნელოვანია, სრულად დაცული იყოს ქალების უფლებები, ახალგაზრდა გოგონების ინტერესები და მაქსიმალურად ავითვისოთ მათი რესურსი.
დღეს არაერთ წარმატებულ, გავლენიან და მაღალშემოსავლიან ქალს ვხედავდეთ, თუმცა პრობლემა მოგვარებული მაინც არაა. დიდ კომპანიებში მმართველ პოზიციებზე კვლავაც ძალიან ცოტა ქალს შევხვდებით, ცოტა ქალია ქვეყნების სათავეშიც, ხოლო, სხვადასხვა მიზეზით ამ, ისედაც რამდენიმე ათეული ქალიდან, კიდევ უფრო ცოტას ვიცნობთ. Statista-ს უახლესი ანგარიშის მიხედვით, რაოდენობა იმ ქალებისა, რომლებიც მმართველ პოზიციებს იკავებენ, ყველაზე მაღალი 2019 წელს იყო. გასული საუკუნიდან დღემდე, ცხადია, ეს პროცენტული მაჩვენებელი პოზიტიურადაა შეცვლილი, მაგრამ ბოლო ორი წელია, მისი კლება შეინიშნება. უკანასკნელი ათწლეულებიდან მოყოლებული ასეთი პროცენტული ცვლილება მეტწილად თავად ქალების დამსახურებაა – იმ ქალების, რომლებიც ერთმანეთის გაძლიერებას ახმარენ საკუთარ ძალას, მუდამ სოლიდარულები არიან და ერთად იბრძვიან უკეთესი მომავლისათვის.
მიუხედავად გენდერული დისბალანსის, არათანაბარი სამუშაო გარემოსა და ანაზღაურებისა, ქალები განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ იმ ლიდერთა შორის, რომლებიც პანდემიის დროსაც საუკეთესოდ უძღვებიან საკუთარ ბიზნესსა თუ კომპანიას. ამ მოცემულობაშიც კი ისინი ლიდერულ უნარებს ინარჩუნებენ და საქმის ხარისხიანად კეთებას განაგრძობენ. „ქალმა ლიდერებმა პანდემიის წარმატებით მართვა გვაჩვენეს“, ამბობს UN Women-სთვის მიცემულ ინტერვიუში სამართლის მეცნიერებათა დოქტორი, ვოასა ოსმანი. პანდემიის დროს ქალები ქმნიან ისტორიას – ისინი მართავენ საუკეთესოდ და კიდევ ერთხელ ახსენებენ მსოფლიოს საკუთარ თავს, შესაძლებლობებსა და ლიდერულ უნარებს.
Harvard Business Review-მ გასული წლის მიწურულს კვლევა ჩაატარა, რომელზე დაყრდნობითაც, კრიზისულ სიტუაციაში, მათ შორის Covid19-ის პანდემიის დროს, ქალები უკეთესი ლიდერები აღმოჩნდნენ, ვიდრე კაცები. კვლევაში ნათქვამია, რომ ქალებს მმართველ პოზიციებზე დანიშვნამდე ბარიერად „მინის კლდე” ეჩეხებათ. პოსტზე არჩევის შემდგომ კი უწევთ, გაუმკლავდნენ უკვე „დამსხვრეულ” საქმეებს – ისინი კი ამ მოვალეობას, ძირითად შემთხვევაში, საუკეთესოდ ართმევენ თავს. HBR-ს მიხედვით, ქალები, არა მარტო უეცრად თავს დატეხილ პანდემიას, არამედ მანამდე არსებულ პრობლემებს, კრიზისულ სიტუაციებსაც უკეთ უძღვებოდნენ.
დღეს ლიდერი ქალების, და არა მხოლოდ მათი, უმთავრესი და პრინციპული მოთხოვნა თანასწორობაა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც სამუშაო სივრცემ კომფორტულად მოწყობილი ოფისებიდან სახლში გადაინაცვლა და ქალებს უამრავი პრობლემა, საზრუნავი დაემატათ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიხედვით, ქალები, საშუალოდ, ექვს საათზე მეტს ატარებდნენ შვილებთან, ვიდრე კაცები. პანდემიის პერიოდში კი საათების ეს რაოდენობა გაზრდილია და ახლა უკვე დედები 7.7 საათს უთმობენ ბავშვის აღზრდას – ასეთ დროს კი ქალები არჩევანის წინაშე დგებიან.
მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ დაამტკიცეს საკუთარი მრავალფეროვანი შესაძლებლობების არსებობა, ქალების ლიდერული უნარები, ფართო მასებისათვის ყოველივე ეს დღემდე მაინც ბუნდოვანია. Pew Research-ის სტატისტიკის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ქალები ბიზნესში უკეთესი ლიდერები არიან, ვიდრე კაცები. მაგრამ, განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკურ ლიდერებთან მიმართებით. ამ შემთხვევაში, გამოკითხული კაცების 53, ხოლო ქალების 43%-ს სჯერა, რომ მამაკაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან. მიუხედავად მსოფლიო მოსახლეობის ასეთი წარმოდგენისა, ქალი ლიდერები კვლავაც ბარიერებს ანგრევენ. მათ კორონავირუსის პანდემიის მართვის ისტორია შექმნეს. გერმანიაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიასა და სხვა კიდევ არაერთ ქვეყანაში, Covid19-ით გამოწვეულ კრიზისს საკუთარი თავდაჯერებულობით სწორედ ქალები განაგებენ. ცხადია, ვირუსის დამორჩილება რთულია, მაგრამ იმ ეკონომიკურ თუ სოციალურ პრობლემებთან გამკლავება, რაც მას თან სდევს, ორმაგად რთულია. ქალები კრიზისულ სიტუაციებში ნამდვილი ლიდერობის მაგალითი აღმოჩნდნენ. მათ მიერ შეცდომებზე მყისიერმა რეაგირებამა და თავდაუზოგავმა შრომამ ძალაუფლების გამოყენების ალტერნატიული გზა გვაჩვენა. როგორც ჩანს, ქალებს აქვთ ყველაფერი, რაც კრიზისთან გასამკლავებლადაა საჭირო.
თანამედროვე სამყაროში ქალები აქტიურად მონაწილეობენ უახლესი ისტორიის ახალი გვერდების შექმნაში. ამბები ეწყობა და იწერება ახალგაზრდა ქალებზე, რომლებმაც დაიპყრეს ტექნოლოგიების ინდუსტრია, მართეს ქვეყანა და გახდნენ წარმატებულები. ქალთა ლიდერობას უდიდესი პოტენციალი აქვს, რისი უარყოფაც შეუძლებელია.