საუკუნეების განმავლობაში არაერთმა ქალმა შეიტანა მეცნიერების განვითარებაში წვლილი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მათი აღმოჩენები აღიარების მიღმა რჩებოდა ან თუ აღიარებდნენ, ამასაც დიდი დრო სჭირდებოდა. წიგნები და ნაშრომები, რომლებიც მეცნიერების, როგორც დარგის ისტორიას აღწერდნენ, უგულებელყოფდნენ ქალებს ინოვაციური იდეებითა და მიღწევებით. სამწუხაროდ, დღემდე მეცნიერება მამაკაცებით დომინირებულ დარგად მიიჩნევა.
2015 წელს გაეროს წევრი ქვეყნების ლიდერებმა მდგრადი განვითარების გეგმას მოაწერეს ხელი, რომლის მიზანიც 2030 წლისთვის ისეთი გლობალური გამოწვევების დაძლევაა, როგორიცაა სიღარიბე, კლიმატური და ეკოლოგიური პრობლემები, გენდერული უთანასწორობა, მშვიდობა და სამართლიანობა. 17 მიზნისგან შემდგარ გეგმაში ერთ-ერთი მნიშნელოვანი ადგილი სწორედ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ გასული ათწლეულების სურათი გვაძლევს საშუალებას ამ მიმართულებით მიღებული შედეგი შევაფასოთ, როგორც პროგრესი, რიგ სფეროებში გენდერული დისბალანსი მაინც შესამჩნევია.
იუნესკოს მონაცემებით, მკვლევარი და მეცნიერი ქალების წილი 30%-ს არ აღემატება. გარდა ამისა, მცირეა იმ ქალი სტუდენტების რიცხვიც, რომლებიც STEM მიმართულებებს ირჩევენ. კონკრეტულად კი, მხოლოდ 3% ირჩევს ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, 5% სტატისტიკას, საბუნებისმეტყველო მეცნიერებასა და მათემატიკას და 8% ინჟინერიასა და მეწარმეობას. სწორედ ამიტომ, მეექვსე წელია, რაც ამ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად მსოფლიოს მასშტაბით 11 თებერვალს მეცნიერ ქალთა დღე აღინიშნება.
Microsoft-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოზარდი გოგონები დაახლოებით 11 წლის ასაკში ინტერესდებიან მეცნიერული მიმართულებებით, თუმცა 15 წლის ასაკში ამჯობინებენ, რომ კარიერული წინსვლისთვის სხვა სფეროები აირჩიონ. გადაწყვეტილებების ასეთ ტენდენციურ ცვლილებას ფსიქოლოგი მარტინ ბაუერი საზოგადოებაში გავრცელებულ გენდერულ სტერეოტიპებსა და მისაბაძი მაგალითების სიმცირეს უკავშირებს: ,,სოციალური მოლოდინები, სტერეოტიპები, მაგალითების ნაკლებობა არის ის, რაც გოგონების კარიერულ არჩევანს STEM-ის სფეროებისგან აშორებს“. Microsoft განმარტავს, რომ სახელმწიფოს, მშობლებსა და მასწავლებლებს მხოლოდ 4 ან 5 წელი აქვთ იმისთვის, რომ მოზარდების ინტერესს მეცნიერებისადმი სწორი მიმართულება მისცენ, მანამ სანამ გოგონები ამ პროფესიისთვის ზურგის შექცევას გადაწყვეტენ.
გასული საუკუნის ბოლოს ჩატარებული ტენდენციური კვლევები ამტიცებდნენ, რომ გოგონებს ბიჭებთან შედარებით ნაკლები უნარები და გონებრივი შესაძლებლობები ჰქონდათ მეცნიერებისა და მათემატიკის შესასწავლად და სწორედ ეს იყო მათი კვოტის სიმცირის მიზეზი ამ სფეროებში. თუმცა, ახალი კვლევები ადასტურებენ, რომ სინამდვილეში, ამ საგნებში გოგონების აკადემიური მოსწრება უტოლდება ან ოდნავ აღემატება კიდეც ბიჭების აკადემიურ მაჩვენებლებს.
სამეცნიერო საზოგადოებაში აღიარების არარსებობის მიუხედავად და გენდერული დისკრიმინაციის გამოწვევის ფონზე, მაინც არაერთმა ქალმა შეძლო ამ დარგის განვითარებაში ისტორიული წვლილი შეეტანა. ,,მასწავლეს, რომ გზა პროგრესისკენ არც სწრაფია და არც მარტივი“ – მარი კიურის, ცნობილი ქალი მეცნიერის ეს სიტყვები შეიძლება ბევრისთვის ინსპირაციად იქცეს. განსაკუთრებით კი გოგონებისთვის, რომლებიც თავიანთ თავში ეძებენ ძალას მიჰყვნენ სასურველ სფეროს. სფეროს, რომელშიც მათ ყოფნას ყველაზე ნაკლებად ელიან.
ამ სტატიაში მოგიყვებით იმ რამდენიმე ქალ მეცნიერზე, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ აღიარებას მათი აღმოჩენებისა თუ დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
როზალინდ ფრანკლინი (1920-1958)
ამბობენ, რომ ბრიტანელ ბიოფიზიკოსსა და დნმ-ის მკვლევარს 15 წლის ასაკიდან სურდა გამხდარიყო მეცნიერი. ოცნება რეალობად მას შემდეგ იქცა, რაც ლონდონის კინგსის კოლეჯში პრესტიჟული სტიპენდია შესთავაზეს, სადაც იგი რენტგენოგრაფიის განყოფილების ექსპერტი გახდა.
როზალინდას ძირითადი წარმატება მოლეკულური სტრუქტურისა და დნმ-ის სტრუქტურის შესწავლას უკავშირდება. როდესაც მან 1952 წელს დნმ-ის პირველი ფოტო გადაიღო, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ის სამეცნიერო დაპირისპირების ცენტრში აღმოჩნდებოდა. მის მიერ გადაღებული ფოტოსურათი მეცნიერებმა, ჯეიმს ვოტსონმა და ფრენსის კრიკმა, თავიანთ კვლევაში ნებართვის გარეშე გამოიყენეს. ისინი დნმ-ის სტრუქტურის იდენტიფიკაციაზე მუშაობდნენ. სწორედ ფრანკლინის მასალაზე დაყრდნობით დაასკვნეს მათ, რომ დნმ-ს ორმაგი სპირალის ფორმა ჰქონდა. აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნებულ ნაშრომში ფრანკლინი მხოლოდ სქოლიოში იყო ნახსენები. გარდა ამისა, 1962 წელს ჯეიმსსა და ფრენსისს მეცნიერების დარგში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემია გადაეცათ, თუმცა ჯილდოს მიღმა დარჩა როზალინდა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდისთვის ფრანკლინი 4 წლის გარდაცვლილი იყო, პრემიის მისთვის გადაცემა არანაირ წესს არ ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ მოგვიანებით, 1974 წელს შეიცვალა პუნქტი, რომლის მიხედვითაც პრიზს მხოლოდ ცოცხალი კანდიდატი მიიღებდა ან ადამიანი, რომელიც პრიზის მიღების შემდგომ გარდაიცვლებოდა. როზალინდას შემთხვევა ქალი მეცნიერების ღვაწლის დაკნინების ერთ-ერთი ცნობილი და მწვავე მაგალითია.
ელის ბოლი (1892-1916)
ელისი იყო პირველი ქალი და პირველი აფროამერიკელი, რომელმაც ჰავაის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო და ქიმიის პროფესორი გახდა. სულ რაღაც 23 წლის ასაკში, ბოლმა კეთრის მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდი აღმოაჩინა. დაავადება, რომლისგანაც გამოჯანმრთელების შანსი მცირე იყო და, რომლის გამოც ადამიანებს ასახლებდნენ, განკურნებადი გახდა.
ბოლის გამოკვლევის მიხედვით, კეთრის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალება ერთ-ერთი დასახელების მცენარეული ზეთი იყო, რომლის კონსისტენციაც მის მოხმარებას ართულებდა. პაციენტებს მისი ორალური გზით მიღება არ შეეძლოთ. გარდა ამისა, ზეთი იმდენად სქელი იყო, რომ ინექციისთვის გამოყენება შეუძლებელი იყო. ელისმა სწორედ მარტივად ინექცირებადი ფორმა შექმნა და 1940 წლებში ის საუკეთესო მკურნალობის მეთოდად იქცა.
სამწუხაროდ, ელისი საკუთარი ნაშრომის გამოქვეყნებამდე გარდაიცვალა. ჰავაის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კვლევის მისაკუთრება სცადა,თუმცა ბოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა საჯაროდ განაცხადა, რომ მიღწევა ელისს ეკუთვნოდა. 29 თებერვალს ჰავაიზე ელის ბოლის დღე აღნიშნება.
დოროთი ჰოჯკინი (1910-1994)
ბრიტანელმა ქიმიკოსმა, დოროთიმ შექმნა ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც ბიომოლეკულის სამგანზომილებიანი სტრუქტურის განსაზღვრა გახდა შესაძლებელი.
1964 წელს პენიცილინის სტრუქტურის დადასტურებისა და B12 ვიტამინის სტრუქტურის აღმოჩენისთვის ნობელის პრემია გადასცეს. ის დღემდე ერთადერთი ბრიტანელი ქალია, რომელმაც ჯილდო მეცნიერების დარგში მიიღო.
ჰოჯკინი განსაკუთრებით იყო მოტივირებული, ინსულინის სტრუქტურა აღმოეჩინა. ინსულინი – კომპლექსური, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოლეკულა აღმოჩენის დღიდან ამოუხსნელი იყო. 1969 წელს, 35 წლის ასაკში მან პირველად მიიღო კრისტალური ინსულინის ნიმუში და მიუხედავად გაუარესებული რევმატოლოგიური ართრიტისა, რომლის გამოც ინვალიდის ეტლს მიეჯაჭვა, დოროთიმ საბოლოოდ დაადასტურა მისი სტრუქტურა. მან კარიერის დარჩენილი ნაწილი ინსულინის კვლევასა და დიაბეტის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში გაატარა.
გრეის ჰოპერი (1906-1992)
გრეისი კომპიუტერული პროგრამისტი და პირველი ქალი იყო, რომელმაც მათემატიკაში მაგისტრის ხარისხი აიღო. მან რამდენიმე კომპიუტერული ენის ჩამოყალიბებაში მიიღო მონაწილეობა.
იელის უნივერსიტეტის მაგისტრანტმა და დოქტორანტმა კარიერა კერძო სექტორში და აშშ-ს საზღვაო ძალებში გააგრძელა. 1943 წელს ის საზღვაო რეზერვს შეუერთდა და მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელებს საიდუმლო კალკულაციებსა და ბომბების კოდის დადგენაში ეხმარებოდა.
გრეისს დიდი წვლილი მიუძღვის თანამედროვე კომპიუტერული ენების ჩამოყალიბებაში. ის პირველი ადამიანი იყო, რომელმაც კომპიუტერულ პრობლემას ,,ბაგი“ უწოდა.
ლიზა მაიტნერი (1878-1968)
1930-იან წლებში ლიზა მიიჩნეოდა განსაკუთრებულ ადამიანად, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთ-ერთი იმ ცოტა ქალთაგანი იყო, რომელიც მეცნიერების დარგში მოღვაწეობდა, არამედ იმიტომ, რომ ის იყო პირველი გერმანელი, რომელიც ბირთვულ ენერგიაზე მუშაობდა. ლიზა ებრაული წარმომავლობის იყო, ამიტომ ნაცისტების ხელში ძალაუფლების გადასვლამ ის იძულებული გახადა 1938 წელს ქვეყანა დაეტოვებინა.
ლიზა იმ ჯგუფის წამყვანი წევრი გახდა, რომელმაც ბირთვული გახლეჩა აღმოაჩინა. თუმცა 1944 წელს ნობელის პრემია ქიმიის დარგში მხოლოდ მის კოლეგა ოტო ჰანს გადასცეს. ბევრმა მეცნიერმა ეს გადაწყვეტილება კომიტეტის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად მიიჩნია. მისი ღვაწლის დასაფასებლად 109-ე ელემენტს მენდელეევის ცხრილში მეიტნერიუმი დაარქვეს.
გერტრუდ ელიონი (1918-1999)
ამერიკელმა ბიოქიმიკოსმა და ფარმაკოლოგმა მედიცინის შესწავლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც 15 წლისას ბაბუა სიმსივნითგარდაეცვალა. მან მიიღო ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხი მეცნიერების მიმართულებით, თუმცა არასდროს დაუმთავრებია დოქტორანტურა. მიუხედავად ამისა, მან პირველმა გამოიგონა ლეიკემიის სამკურნალო მეთოდი და პირველი წამალი ორგანოების ტრანსპლანტაციისთვის.
1983 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგაც კი მეთვალყურეობდა ლაბორატორიას და აკონტროლებდა AZT-ს, აივ-ინფექციის საწინააღმდეგო პირველი წამლის განვითარებას. გერტრუდმა 1988 წელს მედიცინის დარგში ნობელის პრემია მიიღო. ის ამბობდა: ,,ნუ მისცემთ სხვებს საშუალებას, თქვენზე მოახდინონ ზეგავლენა – ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ქალები არ ირჩევენ ქიმიას. მე კი ვერ ვხედავდი მიზეზს, თუ რატომ არ უნდა ამერჩია ის“.
მარი კიური (1867-1934)
პირველი ქალი ისტორიაში, რომელმაც მოიგო ნობელის პრემია და ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ნობელის პრემია ორ სხვადასხვა დარგში, ქიმიასა და ფიზიკაში მიიღო.
როდესაც მან და მისმა მეუღლემ, პერმა, რადიოაქტიურობა აღმოაჩინეს, ამით საზოგადოების ხედვა შეცვალეს სამყაროს მიმართ. მარიმ ასევე ორი ელემენტი, პოლონიუმი და რადიუმი აღმოაჩინა. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა მსოფლიოში პირველი კვლევები სიმსივნის სამკურნალოდ. მან დააარსა კიურის ინსტიტუტი პარიზსა და ვარშავაში, რომლებიც დღემდე წამყვანი სამედიცინო კვლევითი ცენტრებია. თავისი წარმოუდგენელი ინდივიდუალური წვლილის მიღმა, მარი კიურიმ კიდევ ერთი მარადიული მემკვიდრეობა დატოვა – მან შთააგონა ქალთა თაობებს ებრძოლათ თავიანთი ოცნებებისთვის.