უკვე რამდენიმე ათეული წელია არაერთ ადამიანს ყოველ პარასკევ საღამოს უცვლელი გეგმები აქვს. მათი საღამოს გეგმა კი ელექტრონული მუსიკის მოსმენა და ცეკვაა. ალბათ, მარტივად შეამჩნევთ, რომ DJ-სთვის გამოყოფილ ადგილას, მუსიკალურ აპარატურასთან ქალები იშვიათად დგანან.
მთლიანად მუსიკის ინდუსტრია მამაკაცებით დომინირებული ბიზნესია. მის ნებისმიერ ჟანრში უფრო მეტი კაცი არტისტი ან მუსიკალური პროდიუსერია, ვიდრე ქალი. ეს განსხვავება კი განსაკუთრებით თვალშისაცემია ელექტრონულ მუსიკაში, სადაც ქალების თითქმის შეუმჩნეველი რაოდენობაა. შესაძლოა, ქალი პოპ შემსრულებლების ნაკლებობას ვერ ვამჩნევდეთ, თუმცა თუ მუსიკალურ დაჯილდოებებს ან ფესტივალებს თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ უკვე წლებია სხვადასხვა გარემოში ერთი და იმავე ქალ შემსრულებელს ვხედავთ.
მუსიკის ინდუსტრიაში ქალების სიმცირეზე She Is The Music-მა საკუთარი სტატისტიკა გამოქვეყნა. 2019 წლის კვლევის მიხედვით, მუსიკალური შემსრულებლების მხოლოდ 21.7%-ია ქალი. ქალი მუსიკალური პროდიუსერები კი განსაკუთრებით რთულად აღმოსაჩენია მსოფლიოში. პროცენტული მაჩვენებელი აქ განსაკუთრებით დაბალია. მუსიკალური პროდიუსერების მხოლოდ 2.6%-ია ქალი.
ქალები ელექტრონული მუსიკის შექმნას გასული საუკუნიდან იწყებენ. თუმცა, ცხადია, მათი მუსიკა სხვა ფორმით ჟღერდებოდა. პირველი ქალი ელექტრონული არტისტი ბრიტანელი კომპოზიტორი დაფნი ორამი იყო. მან მუსიკის შექმნა XX საუკუნის შუა წლებში დაიწყო. ის იყო პირველი ქალი, ვინც დამოუკიდებლად შექმნა და წარმართა პერსონალური ელექტრონული მუსიკალური სტუდია. ამასთანავე, შექმნა და ააწყო ელექტრონული მუსიკის ინსტრუმენტიც. დაფნი ორამი, ერთმნიშვნელოვნად, პიონერი და უმნიშვნელოვანესი ფიგურაა ელექტრონულ მუსიკაში.
ალბათ, სულ რამდენიმე ქალი ელექტრონული მუსიკოსია მსოფლიოსათვის ცნობილი და მათაც კაც არტისტებზე უფრო იშვიათად მოვისმენთ მუსიკალურ ფესტივალებზე. თუმცა, ეს ფაქტი სულაც არ მიანიშნებს მათი მუსიკის დაბალ ხარისხსა ან ნაკლებ შესაძლებლობაზე. ისევე, როგორც ნებისმიერი არტისტისათვის, ქალი მუსიკოსებისთვისაც აუცილებელია ხელშეწყობა: მეტი დაინტერესება მათდამი, მუსიკალურ საღამოებზე უფრო ხშირად მიწვევა და სივრცის დათმობა.
ცხადია, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში ქალების ჩართულობას რაღაც აფერხებს. შესაძლოა, სულაც ძალიან ბევრი ქალია ამ საქმით დაკავებული, მაგრამ მათ შესახებ ჩვენ არაფერი გვსმენია – რაც კარგი ნამდვილად არაა. მხოლოდ რამდენიმე ქალი არტისტი ჩნდება ხოლმე ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე. მაგალითად, EDC – Las Vegas ელექტრონული მუსიკის უდიდესი ფესტივალია. 2015 წელს კი ამ ფესტივალზე არც ერთ ქალ არტისტს არ დაუკრავს. ამ არასასიამოვნო ამბის შემდგომ რამდენიმე წელია გასული და მუსიკის ინდუსტრიაშიც არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, თუმცა დღემდე მუსიკალური კონცერტების უმრავლესობას სწორედაც კაცი არტისტები მართავენ.
ალბათ, იმედის მომცემი ფაქტია, რომ ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ საკმაოდ დიდ ლეიბლს მხოლოდ ქალები მართავენ. DirtyBird-ის საქმიანობა 2005 წლიდან House Music-ისა და ტექნოს ჩაწერაა. Forbes-თან ინტერვიუში ქალები საუბრობენ, რომ მათ ლეიბლსაც უმეტესად კაცი არტისტები მიმართავენ და ამ მოცემულობის შეცვლის აუცილებლობასაც ხედავენ. DirtyBird-ის ერთ-ერთი მმართველი და ასევე DJ – ები გეტო – ამავე ინტერვიუში ამბობს: „ისინი (ქალები) ხედავენ ნინა კრავიცსა და Black Maddona-ს და ფიქრობენ, რომ ეს გამონაკლისია და არა ნორმა. ამ დროს კი მამაკაცებს ასობით ათასი მისაბაძი DJ ჰყავთ, რაც მათ შთააგონებთ…“ ქალები სხვა ქალებს საკმარისი რაოდენობით ვერ ხედავენ ამ სფეროში. შესაბამისად, მათთვის როლური მოდელის ძიება, რომელიც მოტივაციასა და გამბედაობას მისცემს, რთული პროცესი ხდება.
შესაძლოა, ელექტრონულ მუსიკაში ქალების მცირე ჩართულობას უნდა დავაბრალოთ ისიც, რომ ვერ გამოიმუშავებენ იმდენს, რამდენსაც კაცი არტისტები. მუსიკოსების შემოსავალი ლაივ კოცერტებითა და ჩაწერილი კომპოზიციებით ივსება, რითაც ქალები ჯერ ისევ არ გვათამამებენ. Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი DJ-ების სიას. სამწუხაროდ, ამ სიებში ქალები ვერ ხვდებიან. Forbes-ის მიხედვით, 2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან 15 ელექტრონულ მუსიკოსს შორის მოხვდა: The Chainsmokers, Marshmello, Zedd, Calvin Harris… მაგრამ ვერც ერთი – ქალი.
ეჭვიც კი არ უნდა შევიტანოთ, რომ ქალებიც ქმნიან ელექტრონულ მუსიკას და არანაკლებ ხარისხიანს. როდესაც ელექტრონულ მუსიკაში ქალების ჩართულობაზე ვლაპარაკობთ, ალბათ, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს რამდენიმე არტისტი. მათ შორისაა, ნინა კრავიცი – გოგონა, რომელიც ელექტრონული მუსიკის ბიზნესში, ალბათ, ყველაზე პოპულარული და აქტიური ქალია. რუსი არტისტი ორიათასიანი წლებიდან აკეთებს ამ საქმეს და რამდენიმე წლის წინ მისი მუსიკის საქართველოში გაჟღერების სიამოვნებაც გვქონდა. ამასთანავე, 2018 წელს ნინა კრავიცი International Dance Music Award-ის მიერ საუკეთესო ქალ ელექტრონულ არტისტად დასახელდა. ტექნო ტიტანი, ნინა კრავიცი The Guardian-თან მიცემულ ინტერვიუში ამბობს: „ხალხს ეეჭვებოდა – ლამაზი ქალი თუ მუსიკას შექმნიდა.“
ალბათ, ნინა კრავიცს არც პოპულარობითა და არც შესანიშნავი მუსიკის კეთების შესაძლებლობით არ ჩამოუვარდება პეგი გოუ. პეგი გოუ ამჟამად ბერლინში მცხოვრები სამხრეთ კორეელი დიჯეია. ახალგაზრდა ქალმა შეძლო და საკუთარი მუსიკა მსოფლიოს არაერთ ქვეყანას გააცნო. პეგი გოუს ამ დრომდე ოთხი ალბომი და რამდენიმე ათეული კომპოზიცია აქვს შექმნილი.
ქალებს ისევე შეუძლიათ მუსიკის კეთება, როგორც ყველაფრისა, რასაც კი მოისურვებენ. მათი დაინტერესება მამაკაცების მიერ დომინირებად სფეროებში უნდა გაიზარდოს. ნამდვილად, ნებისმიერი მუსიკალური ფესტივალი თუ მათი მსმენელი იმსახურებს ქალ ელექტრონულ არტისტებსა და მათ მუსიკას.