მონაცემთა მეცნიერება მრავალდისციპლინარული სფეროა, რომელიც იყენებს სამეცნიერო მეთოდებს, პროცესებს, ალგორითმებსა და სისტემებს, არასტრუქტურიზებული და დაუმუშავებელი მონაცემებისგან ცოდნისა შესაქმნელად – ეს არის მეცნიერება, რომელიც დღევანდელ სამყაროს ყველაზე მეტად სჭირდება.
მონაცემები ახალი “ნავთობია” მსოფლიოში არსებული ყველა ინდუსტრიისთვის, ხოლო მონაცემთა მეცნიერება არის ელექტროენერგია, რომელიც ინდუსტრიებს მთელი სიმძლავრით ამუშავებს.
თბილისმა უკვე მესამედ უმასპინძლა, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მონაცემთა ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალს. Data Fest Tbilisi-ზე მონაწილეობდნენ სპიკერები, რომლებიც მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა კომპანიებსა და ინდუსტრიებს წარმოადგენდნენ.
Forbes Woman Georgia რამდენიმე მათგანს გაესაუბრა.
ერთ-ერთი მათგანი რუზანა ბალდრაიანია, იგი სომხეთის მთავრობისა და გაეროს ერთობლივ პროექტში ეროვნული ინოვაციის ლაბორატორიაში მუშაობს. მან ზუსტად იცის, როგორ შეიძლება გამოიყენოს ციფრული მონაცემები საზოგადოების განვითარებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის სამუშაო ადგილები უფრო მიმზიდველია მონაცემთა მეცნიერთათვის, რუზანა ცდილობს გვაჩვენოს სხვა შესაძლებლობებიც, რომლითაც მონაცემთა მეცნიერება შეიძლება პოლიტიკის შემუშავებაში და მდგრადი განვითარების პროცესში იქნას გამოყენებული.
მისი აზრით, აღნშნული ტიპის ფესტივალები დიდ როლს თამაშობს მთლიანად სფეროს განვითარებაში და შესანიშნავი საშუალებაა ახალი კონტაქტებისა და შესაძლებლობების აღმოჩენისთვის.
„სომხეთისთვისა და საქართველოსთვის მონაცემთა მეცნიერება შედარებით ახალი ხილია. თუმცა, ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება ჩვენს სფეროში.“ – რუზანა ბალდრაიანი
რუზანას აზრით, მთავრობამ და კერძო სექტორმა ერთად უნდა გაზარდონ ინტერესი არა მხოლოდ მონაცემთა მეცნიერების, არამედ მთლიანად მეცნიერების მიმართ. რადგან ეს ის სფეროა, რომელიც მომავლის დღისწესრიგს განსაზღვრავს.
ანალოგიურად ფიქრობს ჰონგ-კონგელი ჩუკ ტინგ ჰო. ჩუკი ლონდონში ესპანურ კომერციულ ბანკში მონაცემთა სპეციალისტად მუშაობს და უკვე დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. თეორიულ ფიზიკაში კვლევის დასრულების შემდეგ ჩუკმა საკუთარი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში გამოსცადა, საიდანაც მონაცემთა მეცნიერებაში გადავიდა. იგი ასევე არის თანაორგანიზატორი კლუბისა, რომელიც აქტიურად იბრძვის გენდერული უმცირესობების მრავალფეროვნებისა და ინკლუზიურობისათვის ტექნოლოგიების ინდუსტრიაში.
„მონაცემებს ახასიათებთ ერთი საოცარი თვისება, ისინი არა მხოლოდ ბიზნესის წინსვლაში, არამედ კაცობრიობის განვითარებაშიც გვეხმარებიან.“ – ტინგ ჰო.
ის თვლის, რომ ტექნოლოგიური ინდუსტრია ნელ-ნელა მეტად ინკლუზიური ხდება, თუმცა ბევრია სამუშაო სასურველი ბალანსის მისაღწევად.
ტინგ ჰო იმ გოგოებს, ვისაც წარმატების მიღწევა სურთ, ურჩევს: „უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავებს, არ მისცეთ სხვებს უფლება გითხრან რა უნდა აკეთოთ. თუ ფიქრობთ, რომ კარგად გამოგდით მათემატიკა, მეცნიერება, კომპიუტერი თუ სხვა, აუცილებლად გაყევით ამ სფეროებს. არ მისცეთ სტერეოტიპებს უფლება უკან დაგხიოთ!“
დანიელა დიას დუსანი კოლუმბიიდან არის, ისიც მონაცემთა მეცნიერია. დანიელა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამოგზაურო ვებ-პორტალის Booking.com-ის სათაო ოფისში , ამსტერდამში მუშაობს. ყოველდღიურად მას უწევს დიდი მონაცემების დამუშავება, რათა ბიზნესს მიაწოდოს ის სტრატეგია, რომელიც მომხმარებლის ერთგულებას ზრდის.
დანიელა ყველას მოუწოდებს მონაწილეობა მიიღონ მსგავს ფესტივალებზე, რადგან ასეთი ტიპის ღონისძიებები კავშირების გაღრმავების საუკეთესო საშუალებაა.
„ჩემი აზრით, მონაცემთა მეცნიერება ის სფეროა, რომელიც განვითარების თანაბარ შესაძლებლობას გვაძლევს ქალებსა და კაცებს. თუმცა, ქალებმა ალბათ, მაინც არ იციან იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც ეს ინდუსტრია სთავაზობს მათ.“ – დანიელა დუსანი.
ახალ თაობებს დანიელა ურჩევს, რომ ზუსტად განსაღვრონ თუ რა სურთ, მათ. „დღევანდელ დღეს ინტერნეტში ყველაფერს იპოვით. ინტერნეტი უსაზღვრო ინფორმაციის წყაროა. მე თავად სწორედ ინტერნეტით ვისწავლე ის პროფესია, რომლითაც ახლა ვვითარდები. ასევე, ერთი მთავარი რჩევა იქნება, ჩაერთოთ სხვადასხვა ტიპის პროექტებში, რათა რაც შეიძლება დიდი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვოთ. პრაქტიკული გამოცდილება ისაა, რასაც კომპანიები დღეს ყველაზე მეტად აფასებენ.“
სოფი შოედონი ფინტექის სფეროში მოღვაწე წარმატებული ქალია. იგი ბრიტანული ფინტექ კომპანიისთვის ClearScore მუშაობს. 11 მილიონი მომხმარებლის მონაცემებს იგი სამხრეთ აფრიკის, ინდოეთისა და ავსტრალიის მასშტაბით იკვლევს.
კითხვაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია და როგორ ეხმარება DataFest-ის მსგავსი ფესტივალები fintech ინდუსტრიას, სოფიმ გვიპასუხა, რომ შესანიშნავი შესაძლებლობაა შეხვედრა ადამიანებთან სხვადასხვა ინდუსტრიებიდან, მთელი მსოფლიოდან და საუბარი მათ ირგვლივ არსებულ სხვადასხვა გამოწვევებზე. ასეთ ფესტივალებზე ვისმენთ ამ გამოწვევებთან გამკლავების უამრავ კრეატიულ მეთოდსა თუ გზას.
„ქალებისთვის არსებობს მთელი რიგი გამოწვევები. თუმცა, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მისაბაძი ადამიანების ნაკლებობაა. არსებობდნენ ისეთი ძლიერი და მოტივირებული ადამიანები, რომლებიც ზუსტად ჩვენნაირები არიან და მსგავსი წარსული აქვთ, რომლებიც აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც გსურთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი.“- სოფი შოედონი.