პერსონაჟი ქალები, რომლებიც წიგნის საახალწლო ფესტივალზე უნდა გაიცნოთ

ჰერმიონ გრეინჯერი, პეპი, ლიზი ბენეტი, ჯეინ ეარი, ლიზბეთ სალანდერი, სკარლეტ ოჰარა – ეს ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი გმირების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ქართველი მკითხველი დიდი ხანია იცნობს. თუმცა, წიგნის სტენდებზე ბევრი სხვა, არანაკლებ საინტერესო პერსონაჟი ქალი იმალება, რომელთა ისტორიები და თვისებები მკითხველთა სიყვარულს, აღფრთოვანებასა და კრიტიკას იმსახურებს.

თუ გოგონების ძალა ჯერ კიდევ გაეჭვებთ, გთავაზობთ პერსონაჟი ქალების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა გაიცნოთ წიგნის საახალწლო ფესტივალზე, რომელსაც 27-29 დეკემბერს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს.

ყველა გოგონა წყალზე გაშენებული ქალაქიდან

© გამომცემლობა წიგნები ბათუმში

„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს; ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა.“ -სალომე ბენიძე.

საყვარელ ქალ პერსონაჟებზე ფიქრისას შეუძლებელია სალომე ბენიძის პროზაული ნაკრები „ქალაქი წყალზე“ და მისი გოგონები არ გაგახსენდეს. ლიდია, ეფი, ილარია, ელენა, კატარინა, მარია და ანა-ულრიკე – მათგან ერთის გამორჩევა უბრალოდ შეუძლებელია, რადგან თითოეული ისტორია, თითოეული ხმა განსაკუთრებულია. ეს გოგონები იბრძვიან, ეცემიან, ტირიან. მათ სწამთ, უყვართ, იმედი უცრუვდებათ, მაგრამ მაინც ფეხზე დგებიან, ცხოვრებას აგრძელებენ და იღიმიან. განსხვავებული ისტორიები და პერსონაჟები ერთიანდებიან, ერთმანეთს ერწყმიან და მკითხველს ახსენებენ, რომ გოგონებს იმაზე მეტი ძალა აქვთ, ვიდრე გარშემომყოფებს წარმოუდგენიათ.

დედის რძეს დანატრებული შვილი

© გამომცემლობა წიგნები ბათუმში

შვილი, რომელსაც არასდროს გაუსინჯავს დედის რძე ნორა იკსტენას წიგნის ერთ-ერთი მთხრობელია. მას სახელი არ აქვს, რადგან გოგონა რკინის ფარდით შემოღობილი სამყაროს პირმშოა. ამ სამყაროში უფროსებს მომავლის იმედი აღარ აქვთ, ეს სამყარო გოგონას დედის გასრესას ცდილობს, მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, გოგონა იმედს არ კარგავს. მასში მომავლის რწმენა იმდენად ძლიერია, რომ იმედგადაწურულ დედას სიცოცხლეს აიძულებს. ეს იმედი სიმამაცესა და გამბედაობას შობს, რომელიც გოგონას თაობას ხანძარივით ედება და საბჭოთა რეჟიმს საყრდენს აცლის. თუმცა, იმედზე მეტად მკითხველს გააოცებს გოგონას მოთმინება, რომლითაც იგი დედის ნამსხვრევებს ყოველ ჯერზე კრეფს და მშობლის სულის გამთელებას ხელახლა ცდილობს.

ლელა მსხლების მინდვრიდან

© ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

მსხლების მინდორი ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანია, რომელმაც 2016 წელს ნომინაციაში „წლის დებიუტი“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა.

წიგნის მთავარი გმირი, ლელა, გამორჩეული იმითაა, რომ ის ნამდვილია. ლელა რომანტიკულ ფერებში დახატული, სილამაზითა თუ განსაკუთრებული ნიჭით გამორჩეული პერსონაჟი არაა. ის არც ნამდვილ სიყვარულზე ოცნებობს და არც დიადი გეგმები აქვს. ლელა რეალური ადამიანია – რეალური პრობლემებით. ის თბილისის სკოლა-ინტერნატის ერთ-ერთი ბინადარია, რომელსაც ყოველდღიურად უსამართლობასთან, ბავშვების ტკივილსა და ძალადობასთან გამკლავება უწევს. სკოლა-ინტერნატის საყრდენი და უსუსური ბავშვების მცველი მზადაა, მცირე შემოსავალი პატარა მეგობრის განათლებას ბოლო თეთრამდე მოახმაროს. სხვების დასაცავად არც მოძალადე მასწავლებლის მკვლელობის დაგეგმვას ერიდება.

რეალობის ჭუჭყიანი ხელებისგან ბავშვების დასაცავად ლელას თავისებური, ჩუმი და უბრალო გზები აქვს და სწორედ ეს უბრალოება აქცევს მას თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ, ტრაგიკულ და რეალურ პერსონაჟად.

მარიამი და ლაილა

© გამომცემლობა არტანუჯი

ავღანეთის სისხლიანი ისტორია და მისი თანმდევი უსამართლობა და ძალადობა ხალიდ ჰოსეინის შემოქმედების ხერხემალია. „ათასი მოელვარე მზე“ ორი რადიკალურად განსხვავებული ქალის ისტორიაა, რომელთა ბედიც ერთმანეთს ომმა გადააჯაჭვა.

„ათასი მოელვარე მზე“ ორი ხმის მიერ მოთხრობილი ამბავია. პირველი ხმა მორჩილ, დაჩაგრულ მარიამს ეკუთვნის, რომელსაც საზოგადოებამ განაჩენი დაბადებისთანავე გამოუტანა; ავღანელებისთვის უკანონოდ დაბადებული ანუ „ჰარამი“ მარიამი საზოგადოების არასრულფასოვანი წევრი, არასასურველი შვილი და უუფლებო ცოლია. მარიამს მამა შუა ხნის მოძალადე მამაკაცზე დაქორწინებას აიძულებს, რაც მარიამს მხოლოდ მეტ ტანჯვასა და დამცირებას უქადის.

მეორე ხმა ლაღ, ჭკვიან და ლამაზ ლაილას ეკუთვნის, რომელიც თანატოლებისგან განსხვავებულ ღირებულებებზე იზრდება. „ისიც ვიცი, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, ავღანეთს შენ ისევე დასჭირდები, როგორც მამაკაცები. შეიძლება, უფრო მეტადაც კი, რადგან იმ საზოგადოებას, რომელსაც გაუნათლებელი ქალები ჰყავს, წარმატების შანსი არ გააჩნია, ჩემო გოგონავ.“ -ასე არიგებს მამა ლაილას.

ლაილა სწავლობს, უყვარს, იზრდება, მაგრამ ომი არც მას ინდობს; ჯერ არდაბადებული შვილისა და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად ლაილა იძულებულია დაქორწინდეს. ასე ხვდება ერთი მოძალადე მამაკაცის ორი ცოლი, ორი ხმა, ერთმანეთს. მტრობის, შურისა და უსამართლობის მიუხედავად, ისინი ერთმანეთის სიყვარულს, პატივისცემას, მოსმენას სწავლობენ და საბოლოოდ ხვდებიან, რომ მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში ქალებს მხოლოდ თანადგომა გადაარჩენთ.

ჯო – ჩვენი საყვარელი პატარა ქალი

© ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

თუ ლუიზა მეი ოლკოტის „პატარა ქალები“ ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ, ჯო მარჩის გაცნობისა და შეყვარების ბედნიერება წინ გაქვთ. წიგნის პერსონაჟები ოლკოტის ოჯახის წევრები არიან, ჩვენს საყვარელ პატარა ქალში კი თავად ავტორს ამოიცნობთ.

ჯოს წიგნების კითხვა და წერა უყვარს. გარშემომყოფებისთვის იგი მოუქნელი, ბიჭური და ზედმეტად თამამია – მას ყველა ის თვისება აქვს, რაც XIX საუკუნის ქალს არ შეეფერება. თუმცა, ყველაზე საშინელი მაინც მისი ოცნებებია – დაქორწინების ნაცვლად, ჯოს უნდა წარმატებული და დამოუკიდებელი ქალი იყოს, იქნებ მწერალიც კი გახდეს. მიზანდასახული ჯო არც მუშაობაზე ამბობს უარს, რაც XIX საუკუნეში მაღალი ფენის ქალებისთვის უცნაური და მიუღებელია.

დარწმუნებულები ვართ, რომ XIX საუკუნისთვის არასტანდარტული თვისებებისა და სურვილების მქონე გამბედავი, გულწრფელი და მიზანდასახული ჯო მარჩი ნებისმიერ მკითხველს შეაყვარებს თავს.