ქალების განათლება | მსოფლიო და საქართველო

დიდი ხანი  გავიდა მას შემდეგ, რაც ქალებმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი მათი საქმეა: კვანტური ფიზიკა, თეატრალური წარმოდგენები, მოდა, გენური ინჟინერია,  წიგნების წერა თუ მრავალსართულიანი შენობების აგება. ამ ყოველივეს კი, ცხადია – განათლება სჭირდება.

Photo via GETTY

სკოლაში სიარული, უნივერსიტეტსა ან კოლეჯში ჩაბარება, ხარისხის მიღება და კარგი სამუშაო ადგილი, სამწუხაროა, თუმცა ყველა ქალისთვის ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის. განსაკუთრებით კი ისეთ გარემოში, სადაც ქალის შესაძლებლობები ჯერ კიდევ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საშუალო დონის მიღწევით იზომება. ხშირად, ქალებს აკლიათ ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, განათლების მიღებას უზღუდავს ოჯახის რომელიმე წევრი, ზოგჯერაც მათ ეშინიათ უცხო გარემოსი ანდა უჭირთ საკუთარი შესაძლებლობების შეფასება. სისტემური განათლების არმქონე ქალების უმრავლესობას კი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრება უწევთ. ისინი ხშირად ნაადრევი ქორწინებისა და ძალადობის მსხვერპლნიც ხდებიან.

განათლების საყოველთაობა და ხელმისაწვდომობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, თუმცა ქალებთან მიმართებით ეს არ არის მხოლოდ სურვილთან, შესაძლებლობასა ან ფინანსებთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში საკითხს შემდეგნაირად აყენებენ – სჭირდებათ თუ არა ქალებს განათლება ან რაში სჭირდებათ.

ქალების სკოლაში სიარული ნაკლებად პრობლემური საკითხია. უმეტესად,  ბავშვის სკოლაში შეყვანა, მისგან დამოუკიდებლად ხდება. გოგონების სკოლაში სიარული კი არც მათ სხვა ქალაქში გადასვლასა თუ კოლოსალურ თანხებთანაა დაკავშირებული, რაც მეტწილად ოჯახში წინააღმდეგობას იწვევს. ამის გათვალისწინებით, მათ სკოლაში სიარულს ნაკლები დაბრკოლება ხვდება. ქალების 60%-ზე მეტს სკოლის განათლება აქვს. თუმცა, ჯერ კიდევ 130 მილიონზე მეტი გოგონაა, რომლებსაც სკოლაშიც არასდროს უვლია.

უფრო მეტ ქალს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ვიდრე კაცს. მაგრამ, მიუხედავად ამ ფაქტისა, პროცენტული მაჩვენებელი დიდად სასიხარულო მაინც არაა. Forbes-ისა და Statista-ს ერთობლივი კვლევის მიხედვით, 2016-2017 წლებში აშშ-ში სულ 80 000 ადამიანმა მიიღო დოქტორის ხარისხი- მათი 53% კი ქალი იყო. მათმა უმრავლესობამ მომავალ საქმიანობად ჯანმრთელობის მეცნიერებები აირჩია.

ქალებისათვის ყოველთვის მკაცრად განსაზღვრული პროფესიები არსებობდა. თუმცა, მათმა დაუმორჩილებლობამ და მათემატიკისა თუ მეცნიერების სფეროში შევარდნამ, ეს ამოჩემებული აზრიც უკვე დაგვავიწყა. ამასთანავე,  2010 წელს ქალების უმრავლესობამ, ისევე როგორც კაცებისამ, კოლეჯში სწორედ ბიზნესის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ ტექნიკური მიმართულებით ქალების დაინტერესება და ამ სფეროში მათი პერსპექტივა იზრდება.

იმის გათვალისწინებით, რომ უფრო მეტ ქალს აქვს უმაღლესი განათლება მიღებული, ვიდრე კაცს, ლოგიკურიცაა, რომ სამუშაო ძალის უმრავლესობაც ქალებითაა დაკომპლექტებული. Pew Research Centre-ის 2020 წლის კვლევის მიხედვით, უმაღლესი განათლების მქონე დასაქმებულთა 50.2% ქალია. 2000 წელს კი ეს მაჩვენებელი 45.1% იყო. მიუხედავად ამ მდგომარეობისა, ქალები მაინც მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან კაცებს ანაზღაურების მიღებაში. Gender Pay Gap თითქმის ყველა სფეროს პრობლემაა. მკვლევრები კი ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ქალს აქვს განათლება მაღალანაზღაურებად ე.წ. STEM მიმართულებებში. ეს კი მოიცავს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის სფეროს.

მსოფლიო სტატისტიკისაგან განსხვავებულია ქართული. ამ შემთხვევაში პროცენტული სხვაობა მცირეა, თუმცა მაინც უფრო მეტ კაცს აქვს უმაღლესი განათლება, ვიდრე ქალს. სახელმწიფო უნივერსიტეტები საქართველოს მხოლოდ ხუთ ქალაქშია. გამომდინარე აქედან, ხშირად პირდაპირ ფინანსური საკითხებისკენაა მიმართული განათლების მიღება. ამას დამატებული, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები გოგონებისა და მათი ოჯახებისათვის ხშირად ბუნდოვანი აღმოჩენილა ქალისათვის განათლების მნიშვნელობა და იმ შესაძლებლობების შეფასება, რომელსაც ის იძლევა. გასულ წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა ანგარიში. ამ ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს უმაღლესი სასწავლებელი დაახლოებით 11 ათასმა ადამიანმა დაამთავრა. მათგან 49.9% ქალი, ხოლო 50.1% კაცი იყო. კურსდამთავრებულთა უმეტესობა საინჟინრო პროგრამებზე (28.6%), ჯანდაცვის პროგრამებსა (15.7%) და ბიზნესის ადმინისტრირებაზე (16.5%)  სწავლობდა.

გოგონების განათლებასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ ისევ მწვავედ დგას არა ერთ ქვეყანაში. ასეთი ქვეყნების უმრავლესობა კი აფრიკის კონტინენტზე მდებარეობს. მდგომარეობა განსაკუთრებით კრიტიკულია სამხრეთ სუდანში, სადაც, The Guardian-ის მიხედვით, გოგონების მხოლოდ 15.93%-ს აქვს სისტემური განათლება მიღებული. ასეთი მაჩვენებელი ბევრმა ფაქტორმა განაპირობა.

ერთ-ერთ შეხვედრაზე მიშელ ობამამ მონაწილეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „როდესაც გოგონებს აქვთ განათლება, მათი ქვეყანა უფრო ძლიერი და წარმატებული ხდება“. სამწუხაროა, მაგრამ განათლების მიღება ყველა გოგოსთვის ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის.