„ქალები აძლიერებენ ქალებს“ ‒ ამ ლოზუნგის გარშემო ერთიანდებიან დღეს ასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ წევრები. დიახ, ეს არის საქმიანი, ანტრეპრენერი, კომპანიების ხელმძღვანელი, ბიზნესლიდერი ქალების ერთობა, რომელსაც მკაფიო მიზანი აქვს: წარმოადგენდეს ქალების ხმას საზოგადოებაში; გაზარდოს მათი როლი და ჩართულობა პოლიტიკაში და ეკონომიკური დოვლათის შექმნაში და იბრძოლოს თანაბარი შესაძლებლობებისთვის.
„ქალები მომავლისთვის“ 2014 წელს დაარსდა და დღეს უკვე 100-მდე წევრს აერთიანებს 60-მდე კომპანიიდან. ბიზნესფედერაციაში თავმოყრილია პრაქტიკულად ყველა სფერო და ყველანაირი ტიპის ბიზნესი, რომლებსაც ქალები ხელმძღვანელობენ: ინფრასტრუქტურიდან ‒ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიამდე, სადაზღვევოდან-საბანკო სექტორამდე, ტექნოლოგიური კომპანიებიდან ‒ სამთომოპოვებით მრეწველობამდე.
ბიზნესფედერაციაში სჯერათ, რომ ქალების გაძლიერებამდე უმოკლესი გზა მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაზე გადის, ამიტომ უპირველესი პრიორიტეტი ქალებისთვის თანამედროვე ცოდნისა და უნარების გადაცემაა. ამ მიზნით „ქალები მომავლისთვის“ არაერთ პროექტს ახორციელებს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მათ შორის არიან: USAID, EBRD, CARE CAUCASUS, Visa, CIPE და სხვა.
ასოციაციის წევრები სწორედ საკუთარი მაგალითით ცდილობენ დაამსხვრიონ გენდერული სტერეოტიპები და დაამტკიცონ, რომ არ არსებობს ქალის და კაცის პროფესიები და არ არსებობს ბარიერი, რომელსაც ისინი სქესის გამო ვერ გადალახავენ. წარმოგიდგენთ ბიზნესასოციაციის „ქალები მომავლისთვის“ რამდენიმე წევრს და მათ ისტორიებს, რომლებიც ამაში ნამდვილად დაგარწმუნებენ.