კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდან საზოგადოება გამუდმებით ვითარდება და ევოლუციის გზაზე დგას, თუმცა, რომ არა მეცნიერება, კაცობრიობის ტექნიკური პროგრესი ბევრად უფრო ნელა წარიმართებოდა. ტექნოლოგიური პროგრესის გარეშე კი შეუძლებელია, ვუმკურნალოთ სხვადასხვა დაავადებას, ვეკონტაქტოთ მსოფლიოს მეორე ბოლოში მყოფ საყვარელ ადამიანს თუ შევიცნოთ სამყაროს კანონზომიერებანი.
სწორედ ტექნიკურმა პროგრესმა გახადა კულტურა თუ სხვა მრავალი ადამიანის განვითარებისთვის საჭირო რესურსი ყველასათვის ხელმისაწვდომი. ქვევით ჩამოთვლილმა ქალებმა კი უდიდესი როლი ითამაშეს კაცობრიობის ამ მხრივ განვითარებაში. ამაზე როგორც მათი შემოქმედება, ასევე, მათ მიერ დამსახურებული ნობელის პრემიაც მეტყველებს, რომელიც დღემდე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯილდოდ ითვლება მსოფლიოში.
მარია კიური
ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა და 2020 წლის ჩათვლით მისი მოპოვება ქალებმა სულ 58-ჯერ მოახერხეს. თუმცა მხოლოდ ერთმა ქალბატონმა, მარია კიურიმ მოახერხა მისი ორჯერ, თანაც ორ სხვადასხვა დარგში მოპოვება. პირველი ნობელი მსოფლიო ისტორიაში ალბათ ერთ-ერთმა უდიდესმა ქალმა მეცნიერმა 1903 წელს მოიპოვა მეუღლესთან პიერ კიურისთან ერთად ფიზიკის დარგში. წყვილმა პირველი ნობელი იმ გამორჩეული ექსპერიმენტების აღიარებისა და დაფასების გამო მოიპოვეს, რომელიც მათ რადიაციის ფენომენს მიუძღვნეს. თუმცა მარიას საქმიანობას პიკისთვის აქ არ მიუღწევია, 8 წლის შემდეგ 1911 წელს მარიამ უკვე მეორე ნობელის პრემია მოიპოვა ამჯერად ქიმიის დარგში რადიუმისა და პოლონიუმის აღმოჩენისთვის, რადიუმის იზოლაციისა და ამ შეუფასებელი ელემენტის ბუნებისა და შემადგენლობის შესწავლისათვის. მარია კიური ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერია კაცობრიობის ისტორიაში. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ორივე კატეგორიაში მარია კიური პირველი ქალი ლაურეატია.
ფრანსუაზა ბარე-სინოუსი
კიდევ ერთი კატეგორია, რომელშიც ნობელის კომიტეტი აჯილდოებს გამორჩეულ მეცნიერებს, ფიზიოლოგიის ან მედიცინის კატეგორიაა. ამ კატეგორიაში სულ 12 ქალი ლაურეატია. ერთ-ერთი მათგანი კი ფრანსუაზა ბარე-სინოუსია. ის ფრანგი ვირუსოლოგია, ასევე, რეტროვირუსული ინფექციების რეგულირების სამმართველოს ხელმძღვანელი და პროფესორი Pasteur-ის ინსტიტუტში. მან ნობელი 2008 წელს დაიმსახურა თავის ყოფილ მენტორთან, ლუკ მონტანიერთან ერთად. მათ ნობელის პრემია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (HIV) აღმოჩენისთვის მიიღეს, ხოლო დაავადების იდენტიფიცირება და გამოკვლევა კი მისი განკურნების პირველი და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
ჯენიფერ დაუდნა და ემანუელე შაპენტო
2020 წელი წარმატებული აღმოჩნდა ჯენიფერ დაუდნასა და ემანუელე შაპენტოს და მათ მიერ შესრულებული ფუნდამენტური კვლევებისა და ჩატარებული ექსპერიმენტებისთვის. მათ შეიმუშავეს მეთოდი გენომის შესაცვლელად და აღმოაჩინეს სპეციალური მექანიზმი დნმ-ში – CRISPR-Cas9. ამ აღმოჩენამ საფუძველი ჩაუყარა გენომის რედაქტირების შესაძლებლობას, რაც დნმ მოლეკულის სტრუქტურაში სპეციფიკური ცვლილებების განხორციელების უფრო ეფექტური გზაა ვიდრე მისი წინამორბედები. CRISPR-Cas9 სისტემის გამოყენებით მეცნიერებს მიეცათ საშუალება, დნმ-ის შემადგენლობაზე ზემოქმედების გზით მოეხდინათ ცხოველებში გენეტიკური დეფექტების კორექტირება და ემბრიონულ ღეროვან უჯრედებში დნმ თანმიმდევრობების მოდიფიცირება. რამაც, თავის მხრივ, გააჩინა ადამიანის სასქესო უჯრედების გენური სტრუქტურის შეცვლის შესაძლებლობა.
ანდრეა გეზი
2020 წელი ასევე წარმატებული აღმოჩნდა ანდრეა გეზისთვის, რომელმაც ნობელის პრემია ფიზიკის დარგში მიიღო. ის ამერიკელი ასტრონომი და პროფესორია კალიფორნიის უნივერსიტეტში. მისი კვლევები ფოკუსირებულია ირმის ნახტომის გალაქტიკის ცენტრზე და სწორედ ამანაც გამოიწვია მისი წარმატება. მან რეინარდ გენზელთან ერთად აღმოაჩინა სუპერმასიური შავი ხვრელი ჩვენი გალაქტიკის ცენტრში, ამ აღმოჩენამ ის მეოთხე ქალად აქცია, რომელმაც ნობელის პრემია მოიპოვა ფიზიკის დარგში. მისი მიღწევები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ანდრეა ასევე არის ავტორი წიგნისა “შენ შეგიძლია იყო ქალი ასტრონომი”.