Wizz Air-მა სოფიადან ლონდონის მიმართულებით კომერციული ფრენა განახორციელა

პარასკევს სოფიადან ლონდონის ლუტონის აეროპორტის მიმართულებით Wizz Air-მა 100-მდე მგზავრი გადაიყვანა, რომელთა უმეტესობაც ამ დრომდე, საზღვრების ჩაკეტვის გამო, ვერ ახერხებდა ლონდონში დაბრუნებას.

Wizz Air-ის განცხადებით, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ყველანაირი პრევენციული ზომა იყო მიღებული. მგზავრებს ნიღბების, ხელთათმანების ტარებას სთხოვდნენ და თითოეულ მათგანზე სანიტარული ხელსახოცებიც იყო გაცემული, თუმცა მგზავრების თქმით, ადგილები მეტწილად შევსებული იყო და ავიაკომპანიას არც ადგილები გამოუთავისუფლებია მგზავრებს შორის დისტანციის გასაზრდელად. ამასთან, აეროპორტში არ ჩატარებულა არც თერმო სკრინინგი.

შეგახსენებთ, რომ სხვა მსხვილი ავიაკომპანიები, მაგალითად, EasyJet, Emirates და Delta პრევენციის მიზნით თვითმფრინავში ადგილების გამოთავისუფლებაზე თანხმდებიან. Ryanair-ის განცხადებით, ფრენებს იქამდე არ განაახლებს, სანამ შეზღუდვები არ მოიხსნება და ყველა ბილეთის გაყიდვას არ შეძლებს. IATA (საერთაშორისო საავიაციო გადაზიდვების ასოციაცია) კი, აეროპორტებში სოციალური დისტანციის უზრუნველსაყოფად მთავრობებს ზომების მიღებას სთხოვს.