სწრაფად ცვალებად სამყაროში განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე არიან კორპორაციები, მცირე ბიზნესები, ლიდერები, დასაქმებულები – ხშირად, ისინი ვერ ახერხებენ ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას, იკეტებიან საკუთარ სივრცეებში და გარემოსგან იზოლირებულად ცდილობენ პრობლემებთან გამკლავებას, ან საერთოდაც, ფიქრობენ, რომ შესაცვლელი არაფერი აქვთ და სტატუს-კვო სრულებით მისაღები მდგომარეობაა.
სწორედ ამგვარი გამოწვევების გადალახვასა და ორგანიზაციულ ტრანსფორმაციაში ეხმარება კლიენტებს Wizard, როგორც მოკლევადიანი ვორქშოპების, ისე გრძელვადიანი კონსულტაციის გზით. კომპანია ნანა მიქაშავიძემ, სალომე ღუდუშაურმა და ნატო ტორონჯაძემ ბიზნესსექტორში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ, 2019 წელს დააფუძნეს.
ნანა ტერაბანკისა და ქართული კრედიტის სამეთვალყურეო საბჭოების წევრია, ამასთან, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის მიმართულებას. სალომე ფინტექ სტარტაპის bizon.ge დამფუძნებელი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა. ნატო bizon.ge-ის დირექტორი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანია. თითქმის ათი წლის განმავლობაში სამივე მათგანი თიბისი ლიზინგში მუშაობდა – კომპანიის დატოვებისას ნანა გენერალური დირექტორი იყო, სალომე – საოპერაციო დირექტორი, ხოლო ნატო – კომერციული დირექტორი.
სამივე თქვენგანს ბიზნესის ადმინისტრირებაში გაქვთ განათლება – როგორ გეხმარებათ მენეჯმენტისა და ფინანსების სიღრმისეული ცოდნა?
სალომე: ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, კრიზისული სიტუაციების მართვა ის ძირითადი უნარებია, რომელიც GAU-ში სწავლის პერიოდში შევიძინეთ ნატომ და მე. ამგვარი სისტემური აზროვნება კარიერაშიც გვეხმარება და პირად ცხოვრებაშიც. თავდაჯერებულებიც სწორედ უნივერსიტეტში გავხდით, სადაც შეგვეძლო ნებისმიერი იდეის განვითარება და შეცდომების დაშვება. დღეს კი ვცდილობთ, ასეთივე უსაფრთხო გარემო შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს განვითარებისთვის.
ნანა: იმდენი დროა გასული, რომ მიჭირს შევაფასო, რა მასწავლა ბიზნეს სკოლამ და რა ‒ გამოცდილებამ. ზოგჯერ რომ მახსენდება, მეცინება ‒ 19-20 წლის ასაკში უფრო თავდაჯერებული ვიყავი, ვიდრე ახლა ვარ. ვსწავლობდი ESM-ში, რომელიც იყო იმ დროის განათლების სისტემის მარგალიტი, თავისი ღირებულებებით, სწავლის ხარისხითა და შესანიშნავი სოციალური ქსელით, რომელიც დღემდე ჩემს სიმდიდრედ მიმაჩნია. სწორედ ხარისხის ამ სტანდარტით ვირჩევდი ჩემს ყოველ ახალ სამსახურს, პროექტს, ტრენინგს, თუ პროფესიულ კურსს.
მეორე მნიშვნელოვანი რამ, რაც შევიძინე ალტერნატივების ძიების და სისტემური ხედვის უნარია. ვცდილობ, ყველაზე ქაოსურ გარემოშიც კი დავინახო სისტემა მთელი თავისი კომპლექსურობით და გადაწყვეტილებების მიღებისას მაქსიმალურად გავითვალისწინო მისი ყველა ნაწილი. ვისწავლე, რომ რასაც არ უნდა ვაკეთებდე, საჭიროა მქონდეს ხედვა, რომელიც ენერგიით დამმუხტავს, მომცემს მიმართულებას და ამის შემდეგ შემიძლია ვიზრუნო იმაზე, თუ როგორ, რა სტრატეგიით მივაღწიო ჩემს მიზნებს;
რა არის ის თვისებები, რომელიც მოგწონთ ერთმანეთში და ძლიერ გუნდად გაქცევთ?
ნატო: ძალიან გულწრფელი ურთიერთობა გვაქვს და ვართ კარგი მეგობრები, რაც ძალიან გვეხმარება ეფექტურ მუშაობაში. მეგობრობის მიღმა, გვაქვს ერთმანეთის ძალიან დიდი პატივისცემა. ამასთან, მუდმივად განვითარებაზე ვართ ორიენტირებული – არ მოგვწონს სტატუს-კვო.
სალომე: Wizard-ის კლიენტებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ აუცილებელია, თანაბრად ფლობდნენ სამ ძირითად ენერგიას და შეეძლოთ სხვადასხვა სიტუაციას მიუდგნენ საჭიროების მიხედვით, „სიმტკიცით“, „თამაშ-თამაშით“ ან „სირბილით“ (“fierce”, “playful”, “tender” ენერგიები). ვფიქრობ, ჩვენ სამი ზუსტად ამ ბალანსის მომტანები ვართ გუნდში. თითოეულში ვხედავ განსხვავებულ დომინანტ ენერგიას და ეს სინთეზი უნიკალური გამოცდილებაა ჩვენთვისაც და მსმენელისთვისაც.
რა არის თქვენთვის ყველაზე ღირებული გამოცდილება კარიერიდან?
ნატო: ერთმანეთი თიბისი ლიზინგში გავიცანით ‒ ეს იყო ჩემთვის და სალომესთვის პირველი სამსახური, სადაც ნანამ აგვიყვანა სტაჟიორებად. ამ კომპანიაში ჩვენი კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი გავატარეთ ‒ ეს იყო ყველაზე გრძელვადიანი სამსახური, სტაჟიც და გამოცდილებაც, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების და პროფესიონალის ჩამოყალიბებაში.
სალომე: ბავშვობიდან ყველაზე კარგად მახსოვს ჩემი ოჯახისგან მონიჭებული თავისუფლება, შემოქმედებითი გასაქანი და თანაგანცდის, ემპათიის მძაფრი უნარი, რომელსაც ვავლენდი ურთიერთობებში. ამის რეალიზება ფინანსურ კარიერაში შედარებით ნაკლებად შემეძლო. საქმიანობის სფეროს შეცვლა იყო მნიშვნელოვანი გარდამტეხი მომენტი, როდესაც მივუახლოვდი ბავშვობისდროინდელ, გულწრფელ სურვილებს. ვიზარდში უფრო თავისუფალი ვარ და მეტად შემიძლია დავაკვირდე ადამიანების ქცევას სამუშაო გარემოში, მათ ემოციებს, როდის გრძნობენ დისკომფორტს, როდის არიან თავდაჯერებულები ან სად ავლენენ ლიდერულ უნარ-ჩვევებს.
ნანა: ჩემთვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება შორ ბანკი იყო ‒ მაშინდელი ქართული რეალობისგან განსხვავებული სტანდარტით ბიზნესში ‒ გამჭვირვალობა, ჰორიზონტალური ურთიერთობები, მაღალი სამუშაო ეთიკა, მეგობრული სამუშაო გარემო ‒ აქ მუშაობამ დამანახა, რომ შესაძლებლობები ბევრად მეტია, ვიდრე ზედაპირზე ჩანს.
შემდეგ იყო განსაკუთრებული ათი წელი თიბისი ლიზინგში ‒ „ლაბორატორიაში“, სადაც ჩემს გუნდთან ერთად მქონდა დიდი თავისუფლება შემოქმედებითად მივდგომოდით გამოწვევებს და გვეცადა საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკები, მემუშავა საკუთარი თვითგაცნობიერების ამაღლებაზე და დავკვირვებოდი, როგორ აისახებოდა ეს გუნდზე, სამუშაო გარემოზე. ამ 10 წლის განმავლობაში მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდიდნენ კომპანიაც და გუნდის წევრებიც. ჩვენ ერთად დავიწყეთ რთული ბიზნესის განვითარება და საბოლოოდ ინსტიტუციონალურად შემდგარი კომპანია ჩამოვაყალიბეთ. ამ პროცესში, ზურგს გვიმაგრებდა წარმატებული, მასშტაბური კომპანია, ბანკის სახით. ჩვენთვის მოცემული თავისუფლება ყველაზე ძვირფასი რამ იყო ჩვენთვის, რომელიც დაგვეხმარა გავზრდილიყავით პიროვნულად და გუნდის დონეზე.
ახლა, ვიზარდში კიდევ უფრო მეტი თავისუფლება გვაქვს ‒ ანუ მეტი პასუხისმგებლობაც და მეტი შემოქმედებითი გასაქანიც.
გამოცდილება, რომელიც ხელს გიწყობთ სხვა ორგანიზაციებისთვის ტრანსფორმაციის პროცესი დაგეგმოთ?
ნატო: სამივე ჩვენგანისთვის ასეთი გამოცდილება კრიზისიდან გამოსვლას უკავშირდება. მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და ომისშემდგომი ეროვნული კრიზისის ფონზე, ჩვენ შევძელით დახურვის პირას მყოფი კომპანია არათუ შეგვენარჩუნებინა, არამედ განგვევითარებინა და ბაზრის ლიდერად გვექცია. საგულისხმოა, რომ მაშინ სწორედ ძალიან კარგმა კონსულტანტმა დაგვანახა, რომ არ არსებობს კრიზისი, რომლის დაძლევაც შეუძლებელია, მოგვცა საკუთარი თავის რწმენა და პრობლემის მოგვარების პარალელურად, დავიწყეთ ზრდაზე ფიქრი, განვავითარეთ სერვისები და შევცვალეთ ორგანიზაციული სტრუქტურა. წარმატების ელემენტებს წლების განმავლობაში ვაგროვებდით და ახლა სხვა კომპანიებს ვუზიარებთ გამოცდილებას.
როგორია თქვენი როლი ტრანსფორმაციის პროცესში?
ნანა: ვიზარდში ინდივიდუალურად ვუყურებთ თითოეული კომპანიის და ადამიანის გზას. არ გვაქვს უნივერსალური რეცეპტების წიგნი, რომელიც ყველა შემთხვევას მოერგება. ზოგადადაც, კონსულტანტი არ არის გურუ, რომელიც პიედესტალიდან მიგითითებს, რა აკეთო. ჩვენ შევდივართ კომპანიებში, როგორც მათი გუნდის წევრები, ვცდილობთ, შევავსოთ ის დანაკლისი, რაც ორგანიზაციაშია და მიგვაქვს ჩვენი გამოცდილება და განსხვავებული, გარე პერსპექტივა.
ხშირად პრობლემაა, დაინახო საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, იდენტიფიცირებული გქონდეს ადამიანური რესურსის პოტენციალი ‒ ასეთ დროს, ჩვენი მიზანია მათთან ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ვქმნით უსაფრთხო და ღია გარემოს და ვაძლევთ იმ იარაღებს რაც სამომავლოდ, ამ გარემოს შენარჩუნებასა და უფრო მეტად განვითარებაში დაეხმარება მათ.
ჩვენს საქმიანობაში ყველაზე რთული ორგანიზაციული კულტურის ტრანსფორმაციაა. არ ვამბობ, რომ ტექნიკური მხარე ‒ სტრატეგიის წერა, ბიუჯეტირება მარტივი საქმეა, უბრალოდ, კულტურული ტრანსფორმაციის გარეშე შეიძლება უშედეგოდაც კი დასრულდეს წამოწყებული საქმიანობა. ამიტომ, ძალისხმევის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ აქეთკენ გვაქვს მიმართული და ამას ჯგუფური და ინდივიდუალური ქოუჩინგის მეშვეობით ვაკეთებთ. ფსიქოლოგიის თანამედროვე მიღწევები ბევრ რესურსს იძლევა ტრანსფორმაციისთვის. ბიზნეს გამოცდილების, აკადემიურობისა და პრაქტიკული ფსიქოლოგიის ცოდნის ერთობლიობაშია.
მნიშვნელოვნად მიგვაჩნია „მთლიანი“, ჰოლისტიკური მიდგომა ‒ ვმუშაობთ სისტემების და სტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ინდივიდუალური წევრების და გუნდების თვითგაცნობიერების და მოტივაციის გაზრდაზე, ორგანიზაციის ყველა დონეზე: მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯმენტსა და, ზოგადად, გუნდში.
ნატო: თუკი სიღრმისეულად არ აცნობიერებ, რა გინდა, რა არის შენი ხედვა, მიზნები ‒ შეუძლებელია შედეგზე გასვლა. ვფიქრობ, ამ მიზეზით უყურებენ კონსულტანტებს სკეპტიკურად საქართველოში ‒ უამრავი სტრატეგია იწერება, რომელიც შემდეგ თაროზე შემოიდება ხოლმე.
ჩვენ ორგანიზაციებში ვეძებთ ლიდერებს, რომლებიც გააუმჯობესებენ სამუშაო გარემოს, დაეხმარებიან გუნდს, გააცნობიერონ ორგანიზაციული პრიორიტეტები. ასევე, მუდმივად ვცდილობთ კომპანიებში გავაძლიეროთ რწმენა, რომ შეიძლება კრიზისის შესაძლებლობად ქცევა, გამოწვევების მიუხედავად, განვითარებაზე ფიქრი. ამას საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებით ვუზიარებთ, ვინაიდან წლების წინ თვითონ გავიარეთ ყველა ეს პროცესი.
საბოლოო ჯამში, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ კლიენტები აღვჭურვოთ იმ ინსტრუმენტებით, რომელიც ორგანიზაციული ტრანსფორმაციის რთულ გზაზე დაეხმარებათ გამოწვევების დაძლევაში.
სალომე: როგორც ვორქშოპების, ისე გრძელვადიანი სამუშაოების დროს, ჩვენი მიზანია, თითოეული თანამშრომელი და კომპანია ჩადგეს „არცოდნის“ მდგომარეობაში და გაიხსნას ახალი პერსპექტივებისთვის, გადაიაზროს ხედვა და მისია, რომელსაც შემდეგ კონკრეტულ მიზნებად, გაზომვად ინდიკატორებად, სწორ ორგანიზაციულ სტრუქტურად ვთარგმნით ხოლმე. საწყის, დიაგნოსტირების ეტაპზე ყველა ორგანიზაციული დონიდან მოგვაქვს ინფორმაცია, რათა დავრწმუნდეთ, რომ გამოწვევები სწორად არის იდენტიფიცირებული, რომ მენეჯმენტი და მთლიანი გუნდი ერთნაირად აღიქვამენ არსებულ სიტუაციას. ამასთან, ჩვენ სამმა და კომპანიის გუნდმა უნდა შევძლოთ მიმღებლობის მაღალი ნიშნულის მიღწევა. თუ ეს მოხერხდა, მთელი სამუშაო პროცესი მარტივად წარიმართება.
რა ტიპის ორგანიზაციები საჭიროებენ კონსულტირებას ყველაზე ხშირად, რა გამოწვევები აქვთ და როგორ უნდა მიხვდნენ, რომ დახმარება სჭირდებათ?
სალომე: თუკი ორგანიზაციას სურს ხანგრძლივი არსებობა, მას აუცილებლად სჭირდება მკაფიო, ყველა დონეზე გაცნობიერებული ხედვა და სტრატეგია. არ აქვს მნიშვნელობა რა ზომისაა ორგანიზაცია, რომელ სექტორში მუშაობს, კრიზისშია, თუ ვითარდება. თუკი კომპანია მიმართულია წარმატების მიღწევაზე, არასდროს სრულდება გამოწვევები და შესაძლებლობები, ახალი იდეების ფორმირება, მისიის, მიზნების გადააზრება. სათანადო ასისტენცია ძალიან მნიშვნელოვანია გარე პერსპექტივის მისაღებად, თანამშრომლებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად, გზის გასაკაფად.
ხშირად ჩვენი დახმარება იმ კომპანიებს სჭირდებათ, რომლებიც დიდი ხანია ერთ ადგილზე დგანან, ან პირიქით, ახალ პროდუქტს, სერვისს ამატებენ, გეგმავენ რესტრუქტურიზაციას. არიან კომპანიები, რომლებიც სწრაფად გაიზარდნენ და სტრუქტურა და სისტემები ვერ ეწევა ორგანიზაციის ზომას ან ვერ ხერხდება ცვლილებების სწორი და დროული კომუნიკაცია გუნდთან.
ნატო: ხშირად მოგვმართავენ, როდესაც კომპანიაში მენეჯმენტის სტრუქტურა იცვლება, ან აქვთ თანამშრომლების დიდი გადინება ‒ ხვდებიან, რომ გუნდის კმაყოფილების დონე სამუშაო ადგილზე დაბალია. ჩვენი პორტფელი მრავალფეროვანია და მოიცავს IT, სამშენებლო, საგანმანათლებლო, ფინანსურ სექტორებში მოღვაწე კომპანიებს, რომელთაც სჭირდებოდათ ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადასვლა.
როგორია Wizard-ის სამომავლო გეგმები?
ნატო: გვსურს უფრო მეტი მასშტაბი შევძინოთ კომპანიას, მეტ კლიენტთან ვიმუშაოთ, მათ შორის საზღვრებს გარეთაც, მოვიცვათ სხვადასხვა სფეროები და წარმატების ისტორიები ყველგან გავაჩინოთ, რომელიც ამ კომპანიებში უფრო დიდი წარმატების ისტორიებს დაუდებს საფუძველს.
სალომე: ამასთან ერთად, გვინდა, ადამიანებმა აიმაღლონ ემოციური ინტელექტი, იპოვონ საკუთარ თავში თანაგრძნობის უნარი, საწინააღმდეგო აზრების მიღების რესურსი, საჭირო ცვლილებებისთვის ბრძოლის და პირველი ნაბიჯის გადადგმის მოტივაცია. ვიზარდი არის ის პატარა აგური, რომელიც ამ პროცესის მშენებლობაზე იდება. ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანიაში ჩატარებული სამუშაოს შემდეგ ჩვენი მომხმარებლები ცვლიან მიდგომას სამსახურში, პირად ცხოვრებაში და ეს გავლენა ვრცელდება საზოგადოებაზეც. ასეთი სოციუმის შექმნაა ჩვენი გრძელვადიანი ხედვა.
რა მიზნებით იწყებთ ახალ დეკადას?
სალომე: ბევრ სხვა რამესთან ერთად, მსურს ჩემი შემოქმედებითი მხარის განვითარება. მინდა გავძლიერდე ტექნოლოგიების სფეროშიც. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი მეუღლე, ოჯახი და მეგობრები მიქმნიან გარემოს, რომელშიც არ მეშინია თავგადასავლების, შემიძლია უსასრულოდ ვიკვლიო ჩემი თავი და ყოველდღიურად აღმოვაჩინო ახალი მიზნები და ოცნებები. მინდა, ასეთი შესაძლებლობები რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს.
ნანა: მჯერა, რომ მუდმივად ვვითარდებით. ახალ დეკადასაც ამ მიდგომით ვიწყებ ‒ მსურს, უფრო ღრმად შევისწავლო ფსიქოლოგია. ძალიან მინდა ვიყო არაფორმალური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი რეფორმის მონაწილე, რათა გავზარდოთ თაობა, რომელიც იქნება კრიტიკულად მოაზროვნე, მაგრამ არა პოლარიზებული, რომელსაც ექნება უკეთესი მომავლის ხედვა, რწმენა სამყაროში და საკუთარ თავში.
ნატო: ეს დეკადა რთულად დაიწყო ‒ ბევრნაირი კრიზისი გვაქვს, ამ ყველაფრის ფონზე მაინც მინდა, რომ ეს იყოს მასშტაბირების დეკადა, როგორც ჩემი პიროვნებისთვის, ისე ბიზნესისთვის. იმედი მაქვს, რომ მომავალში ბევრი წარმატება გვექნება, მცირეც და მასშტაბურიც.