2030 წლისთვის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ხუთი მილიონი ქალის გაძლიერება ‒ ასეთია Women in Tech-ის დამფუძნებლის, აიუმი მურ აოკის ამბიციური გეგმა, რომელსაც ის გუნდთან ერთად 2018 წლიდან უძღვება. აიუმი სოციალური ანტრეპრენიორია, ამ ტერმინის ყველაზე ფართო გაგებით, რადგან საქმე, რომელსაც ის აკეთებს და მასშტაბი, რომელსაც Women in Tech-მა რამდენიმე წელიწადში მიაღწია, ტრადიციულ ჩარჩოებში უბრალოდ არ ჯდება. უახლესი მონაცემებით, Women in Tech-ის ეკოსისტემაში ექვს კონტინენტზე მცხოვრები სამასი ათასი ქალი და სამასამდე მოხალისე არის ჩართული, რომელთა დახმარებით, ქსელი ლამის ყოველთვიურად ფართოვდება.
როგორც თავად ამბობს, მოძრაობა, რომელიც დღეს ასობით ათას წევრს ითვლის, ერთი ქალის დახმარების სურვილით დაიწყო. სხვების დახმარება, ისევე, როგორც თანასწორობის განსხვავებული აღქმა, რომელიც თავად აიუმის და შესაბამისად, Women in Tech-ის განმასხვავებელ ნიშან-თვისებად იქცა, მისი დამფუძნებლის ბავშვობაში უნდა ვეძებოთ. აიუმი, რომელიც ნახევრად ბრაზილიელია, ნახევრად კი იაპონელი, სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა, სადაც, იმ დროს, აპართეიდი მძვინვარებდა. როგორც ჰყვება, სწორედ ამ რეჟიმმა და იმ დროს მიღებულმა გამოცდილებამ დაანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტერეოტიპების დამსხვრევა და დინების საწინააღმდეგო სვლა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დეტალი ‒ Women in Tech-ის დამფუძნებლის განათლებასა და წარსულში უნდა ვეძებოთ, რომელიც აერთიანებს, როგორც ტექნოლოგიურ, ანუ კოდის წერის ცოდნას, ასევე მაღალ მენეჯმენტში მუშაობის გამოცდილებას. საქმისადმი ასეთი დამოკიდებულება, ცხადია, აისახება აიუმის უახლეს პროექტზე, რომელიც, დიდწილად, საქართველოშიცაა წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ Women in Tech-ს ჩვენს ქვეყანაში არაერთი ბენეფიციარი ჰყავს, ქართული ოფისი და ადგილობრივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ნინო ლორთქიფანიძე, ინიციატივას რეგიონულ ჭრილში კურირებენ, ანუ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის წამყვანი ოფისი, სწორედ საქართველოში მდებარეობს.
როდის და რა ვითარებაში გაჩნდა ხუთი მილიონი ქალის გაძლიერების იდეა, როგორ აღმოჩნდა Women in Tech-ი საქართველოში და რას უნდა ველოდოთ ინიციატივისგან მომავალში? ‒ ამ და სხვა თემებზე, Women in Tech-ის დამფუძნებელსა და დირექტორს, აიუმი მურ აოკის ველაპარაკეთ და უპრიანი იქნება, ადგილი სწორედ ჩვენს საუბარს დავუთმოთ.
აიუმი, მსურს ინტერვიუ მეტად ზოგადი შეკითხვით დავიწყო. როგორც ცნობილია, Women in Tech-ი 2030 წლამდე ხუთი მილიონი ქალისა და გოგოს ტექნოლოგიური მიმართულებებით გაძლიერებას ისახავს მიზნად. მომიყევით, როგორია ის გეგმა, რომელიც ამ მიზნამდე მიგიყვანთ?
ოთხ ძირითად მიმართულებაზე ვკონცენტრირდებით, ესენია: განათლება, ციფრული ინკლუზიურობა, მეწარმეობა და მხარდაჭერა. ვგრძნობთ, რომ შეგვიძლია ცვლილებები მოვახდინოთ და შესაბამისად, პროგრამები ყველა ამ მიმართულებით უნდა შევიმუშაოთ.
პირველი, ცხადია, განათლებაა, რაც გასაგებიცაა. ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა გვაქვს, რომელთაც ვაკეთებთ, როგორც ჩვენი ორგანიზაციის ფარგლებში, ასევე პარტნიორების დახმარებით. აი, Binance Charity-სთან, მაგალითად, ბლოკჩეინ-ტექნოლოგიების საწყისების სასწავლო კურსი შევქმენით, რომელსაც ბრაზილიასა და აფრიკაში მცხოვრები ორი ათას რვაასი ქალი და გოგო გადის.
ასეთი ინიციატივები კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონშიც გვაქვს. საქართველოში „კავკასიის უნივერსიტეტთან“ ვთანამშრომლობთ, სადაც კიბერუსაფრთხოების პროგრამა დავიწყეთ, რომელიც ექვსმა გოგომ უკვე დაამთავრა.
აიუმი, რამ გადაგაწყვეტინათ, რომ გსურდათ, ხუთი მილიონი ქალი და გოგო ტექნოლოგიების მიმართულებით გაგეძლიერებინათ?
თავდაპირველად, ერთი ქალის დახმარება მინდოდა, მერე ათის, შემდეგ კი ‒ ასისა და ათასის. დავფიქრდი და მივხვდი, რომ თუ მსურდა შედეგი მრავალწლიანი და მდგრადი ყოფილიყო, სხვა მასშტაბზე უნდა გავსულიყავი. ხუთი მილიონი ის რიცხვია, რომელსაც შეუძლია მსოფლიოზე გავლენა მოახდინოს.
ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არ გამომივიდოდა ჩემი გუნდისა და ადგილობრივი ორგანიზაციების გარეშე. დღეს, მსოფლიოში ორმოცდაათი „ჩაპტერი“ გვაქვს და მინდა, რომ მომდევნო ორ წელიწადში ასსაც კი გადავაჭარბოთ, ასე რომ 2025 წლისთვის, გაფართოებას განვაგრძობთ. თუ თითოეულ ადგილობრივ ორგანიზაციაში ხუთი ათას ქალს დავეხმარებით, არ გაგვიჭირდება, რომ შვიდ წელიწადში ხუთმილიონიან მიზანს მივაღწიოთ. ბოლო რაპორტის თანახმად, სამასი ათასზე მეტი ბენეფიციარი ქალი გვყავს.
ნელა დავიწყეთ, მაგრამ მიზანს მივაღწევთ ‒ დარწმუნებული ვარ.
როდის დაიწყო პროექტი და როგორია ადგილობრივი ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცესი ‒ მსურველები თავად გიკავშირდებიან, თუ გადაწყვეტილებები მეტად ცენტრალიზებულია?
ყველაფერი მასშტაბური ღონისძიებით დაიწყო, რომლითაც მსურდა, ძლიერი ქალებისთვის საკუთარი თავის გამოჩენის შესაძლებლობა მიმეცა, რაც, თავისთავად, გამოავლენდა იმ სამაგალითო ადამიანებსა და ინიციატივებს, რომელთაც სხვა ქალების გაძლიერება შეეძლოთ. Women in Tech Global Awardsის დაჯილდოება 2018 წელს დაიწყო და მას შემდეგ ვიზრდებით. გულნატკენი ვრჩებოდი, რომ ნომინანტებში ყველა რეგიონში მცხოვრები არ ხვდებოდა, რის გამოც გადავწყვიტე, რომ თუ გვსურდა გლობალური გავლენა გვქონოდა, რეგიონული დაჯილდოება უნდა ჩაგვეტარებინა.
მაშ, როგორ მოხვდით საქართველოში?
ჩვენთვის, საქართველო პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რაც იმის დამსახურებაა, რომ საერთო მეგობრების დახმარებით, ნინო ლორთქიფანიძე გავიცანი. მითხრეს, რომ ის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში მუშაობს, შევხვდი და ბუნებრივად გადაწყდა, რომ საქართველოში, Women in Tech-ის პროგრამას სწორედ ის გაუძღვებოდა. მას შემდეგ, გაფართოებაც დავიწყეთ, ჯერ მხოლოდ აზერბაიჯანში ვართ, მაგრამ რეგიონულ გაფართოებაზეც ვფიქრობთ, მათ შორის უზბეკეთსა და ყაზახეთში.
არსებობს თუ არა კავშირი ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის?
ადგილობრივ ორგანიზაციებს საერთო მიზანი აქვთ, რომელიც, რაც შეიძლება მეტი ქალის გაძლიერებას გულისხმობს. ამასთან, ლოკალური კომუნების გაფართოებაც გვსურს, რისთვისაც ღონისძიებებს და საგანმანათლებლო პროგრამებს ვაწყობთ. ცხადია, მნიშვნელოვანია პროექტის მდგრადობაც, რისთვისაც ადგილობრივ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ. თითოეულ მათგანს ერთი მიზანი აქვთ, ჩვენ კი გვსურს მათ შორის სინერგიული ეფექტი გამოვნახოთ და შესაბამისად, წარმომადგენლობა გავზარდოთ. თან, ვთანამშრომლობთ არა მხოლოდ რეგიონის შიგნით, არამედ კონტინენტების დონეზეც ‒ ერთმანეთს ვხვდებით და საუკეთესო პრაქტიკას ვუზიარებთ.
ერთი მხრივ, გვსურს, საზღვრები დავივიწყოთ, მაგრამ მეორე მხრივ, გვყავს რეგიონული დირექტორებიც. კავკასიისა და ცენტრალური აზიის შემთხვევაში, ეს ადამიანი ‒ ნინო ლორთქიფანიძეა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ადგილობრივ ორგანიზაციები საერთო ტრაექტორიით და მდგრადად ვითარდებიან. მნიშვნელოვანია გვყავდეს რეგიონული დირექტორები, რომლებიც ესაუბრებიან არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ ჩვენც, ანუ სათავო ოფისს.
Women in Tech-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი ‒ დაჯილდოებაა, რომელიც წელს, პირველად, საქართველოშიც გაიმართება. მოდი, ამ პროექტს ჩავუღრმავდეთ და ავხსნათ, თუ როგორია შერჩევის კრიტერიუმები?
ჯამში, ცხრა კატეგორია გვაქვს. ახლახან დავამატეთ ხელოვნების კატეგორია, რომელსაც Amazon Music-თან ერთად ვმართავთ. ამ დრომდე, უფრო მეტად ტექნოლოგიებზე ვიყავით კონცენტრირებულები, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ტექნოლოგიაში ხელვნებაც შემოვიტანოთ. ამასთან, „მიზანსწრაფული ახალგაზრდის“ და „საუკეთესო პარტნიორის“ ჯილდოებიც გვაქვს, რომლებშიც მონაწილეობა ქალებსაც შეუძლიათ და კაცებსაც. სხვა კატეგორიებიც გვაქვს, როგორიცაა „ქალი სტარტაპერი“, „ქალი Web3-ში“ ან „გლობალური ლიდერის ჯილდო“. ვცდილობთ, ქალები მათი ცხოვრების ყველა ეტაპზე დავაფასოთ.
აიუმი, თქვენი გამოცდილებით, რა არის ის მთავარი დაბრკოლებები, რომელთაც ქალები და გოგოები მთელ მსოფლიოში აწყდებიან?
ყველაფერი ეს დამოკიდებულია იმ რეგიონზე, რომელშიც ცხოვრობენ, მაგრამ მათი უმეტესობა ჯერაც იძულებულია „დედის როლს“ მოერგოს, ანუ ოჯახი, აპრიორი, კარიერაზე წინ უნდა დააყენოს. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, რადგან თუ მამაკაცს შეუძლია, ორივე ჰქონდეს, ეს, ცხადია, ქალსაც შეუძლია.
მეორე გამოწვევა ‒ მენტალიტეტია. ქალებმა, რომლებიც საკუთარ თავს ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით ხედავენ, საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპები უნდა დაამსხვრიონ და დინების საწინააღმდეგოდ წავიდნენ.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც მეწარმეობას ეხება ‒ ის სირთულეა, რომელსაც ქალები დაფინანსების მოძიებისას აწყდებიან. ქალ მეწარმეებს ინვესტიციების მოძიება უჭირთ. ხშირად ვამბობთ, რომ ძალა და ენერგია გვაქვს და მთავარი, სწორედ ინვესტიციაა. თუ კომპანიები, ინვესტორები და მთავრობები ქალებს აღმასრულებელ თანამდებობებზე დანიშნავენ, კაპიტალის მოძიების საშუალებას მისცემენ და ქალის როლის შესახებ არსებულ სტერეოტიპებს დაარღვევენ, ესე იგი, სწორ გზას დავადექით.
როგორია Women in Tech-ის მომავალი?
ჩვენი მისია, როგორც გითხარით, 2030 წლისთვის ხუთი მილიონი ქალისა და გოგოს გაძლიერებაა. ამისთვის, სულ მალე ახალ ონლაინპლატფორმას გავუშვებთ, რომელიც ქალებს საკუთარი ძალების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას მისცემს. ეს კოლაბორაციისთვის განკუთვნილი პლატფორმაა, რომელიც, თავისთავად, Facebook-ისა და LinkedIn-ის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.
მნიშვნელოვანი როლი აქვს ღონისძიებების ჩატარებასაც, მაგრამ ამ მიმართულებით მხოლოდ იმ ადგილებს არ ვგულისხმობ, სადაც ადამიანები ერთმანეთის გაცნობას შეძლებენ, არამედ ტრენინგებს და სასწავლო პროგრამებს.
ქალებისთვის მნიშვნელოვანია დასაქმების შესაძლებლობების გამოყენება და დაფინანსება, რისთვისაც, ქრაუდ-ფანდინგ პლატფორმას ვქმნით, რომელზეც ქალი მეწარმეების კომპანიების პორტფელებს განვათავსებთ და ინვესტიციების მოზიდვაში დავეხმარებით.
დაველოდოთ თუ არა საქართველოში Women in Tech-ის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას?
კი, რა თქმა უნდა! თან არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში, Women in Tech-ის ადგილობრივი წარმომადგენლობა რეგიონის ყველა ქვეყანა გვექნება.