ქალები ერთმანეთისთვის

Woman Power ‒ ეს ლიტონი სიტყვები არ არის! ქალების ძალასა და შესაძლებლობებს, ყოველდღიურად სულ უფრო მეტ სფეროსა და დარგში აღიარებენ, აღიარებენ კაცები! აღიქვამენ თანასწორ და სანდო პარტნიორად. მართალია, გენდერული სტერეოტიპები ბოლომდე არ დამსხვრეულა, თუმცა შეხედულებები რომ იცვლება, ეს სწორედ ძლიერი და პროფესიონალი ქალების დამსახურებაა, გაგვიმართლა, რომ ასეთები საქართველოშიც არიან, ზღვაშიც და ნაპირზეც!

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი / Forbes Woman Georgia

საზღვაო ინდუსტრიაში დღეს უკვე იმდენი ქალია დასაქმებული, რომ მეოთხე წელია ქვეყანაში ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია (WISTA Georgia) არსებობს. WISTA-ს ისტორია 44 წლის წინ, ბრიტანეთში დაიწყო, როცა საშობაო ვახშამზე გერმანიის, ნიდერლანდებისა და ბრიტანეთის წარმომადგენელი ბროკერი ქალები შეიკრიბნენ. უკვე დღეს WISTA მსოფლიოს 40 ქვეყნის 3 000-ზე მეტ წარმომადგენელს აერთიანებს. საქართველოში ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია, პირველი საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის ინიციატივით დაფუძნდა. მთავარი მიზანი აქ, საზღვაო სფეროში, ქალების როლის გაძლიერება, სანაოსნო და სავაჭრო სექტორში წამყვან თანამდებობებზე მომუშავე ქალებს შორის კავშირის დამყარება და გამოცდილების გაზიარებაა.WISTA Georgia აქტიურად თანამშრომლობს ქალთა საერთაშორისო სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასთან, ასოციაცია ზრუნავს საკუთარი წევრი ქალების განათლების დონის ამაღლებისთვის.

ქალთა გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით WISTA Georgia ყველა შესაძლო საშუალებას იყენებს; 2018 წელს სამმხრივი მემორანდუმიც გაფორმდა ასოციაციას, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის. 2 წლის განმავლობაში ამ მემორანდუმის ფარგლებში უკვე არაერთი პროექტი და ინიციატივა განხორციელდა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიული დოკუმენტის ნაწილი გახდა საზღვაო სფეროში ქალთა მხარდაჭერა. ეს კი სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა ინიციატივა „მეტი ქალი საზღვაო სფეროში“ უფრო მეტად იყოს მხარდაჭერილი.

ასოციაცია საკუთარ სიტყვას ყოველწლიურად ამბობს – ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 14 დღიან კამპანიაშიც.

WISTA Georgia აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს საზღვაო ხელისუფლებასთან და მის რესურსს, საჭიროებისამებრ, არა მხოლოდ ქალების გაძლიერებას მოახმარს, არამედ საზღვაო სფეროში მიმდინარე მოვლენების მხარდაჭერასაც. დაფუძნების დღიდან WISTA Georgia მეზღვაურის საერთაშორისო დღის (25 ივნისი, IMO-ს მიერ მეზღვაურის დღედ გამოცხადდა) მხარდამჭერია და ყოველწლიურად აფინანსებს წარმატებული სტუდენტების სწავლის საფასურს; წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის თანასპონსორს და ჩართულია საზღვაო სექტორში უცხოელი ინვესტორებისა, თუ ქართველი მეზღვაურების პოტენციური დამსაქმებელი გემთმფლობელების მოზიდვის საქმეში.

ორგანიზაცია საზღვაო გარემოს დაცვის კუთხითაც საქმიანობს და შავი ზღვის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროექტებში მონაწილეობს.

აქ, არც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ივიწყებენ. WISTA Georgia ზრუნავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის საზღვაო განათლების ხელშეწყობისთვის, აქ ყველა შესაძლო პლატფორმას იყენებენ იმისთვის, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებნი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ და საზღვაო განათლება მიიღონ.

ლალი ხვედელიძე

WISTA Georgia ამ ეტაპზე 40 წევრს აერთიანებს, ასოციაციის პრეზიდენტი ლალი ხვედელიძეა, ის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელიცაა, რომლის მთელი გააზრებული ცხოვრება საზღვაო საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. ლალი ახლა ერთდროულად ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, წარმომადგენლობითი საბჭოს თავმჯდომარე და პარტნიორთა კრების წევრია.

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი / Forbes Woman Georgia

„მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება საზღვაო საგანმანათლებლო სფეროს უკავშირდება. როგორც პედაგოგი, აუდიტორიაში 26 წლის ასაკში 1976 წელს შევედი. იქედან მოყოლებული, ყოველი ჩემი დღე ‒ განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობისა და ხარისხისთვის ბრძოლაა“.

როცა აღმოაჩინა, რომ საქართველოში მეზღვაურების მომზადებისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამები არ არსებობდა, გამოწვევა საკუთარ თავზე აიღო და, შორეული ნაოსნობის კაპიტნის მეუღლემ, 1997 წელს მეზღვაურთა კოლეჯი დააარსა. მეუღლის მხარდაჭერით წამოწყებული საქმე წარმატებული გამოდგა. ლალი ხვედელიძის მიერ დაარსებული სასწავლებელი დღეს უკვე საერთაშორისო საგანმანათლებლო არენაზე მოასპარეზე უნივერსიტეტებს შორისაა. უკვე 2 ათეული წელია ლალი ხვედელიძე მთელ საკუთარ ინტელექტუალურ რესურსს საზღვაო განათლების სტანდარტების და ხარისხის ასამაღლებლად იყენებს.

განათლების ხარისხის პარალელურად, ლალი ხანგრძლივი კარიერის მანძილზე იბრძვის საზღვაო სფეროში ქალების როლის გაძლიერებისთვის. ასეთი ქალები შემოიკრიბა ირგვლივ ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტშიც. დღეს ამაყია, რომ შეძლო და შეკრა აქტიური, მიზანდასახული ქალების ძლიერი გუნდი. ამ გუნდზე ამბობს, რომ ის უნივერსიტეტში მისი მთავარი დასაყრდენი ბირთვია. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში დღეის მონაცემებით, 106 ადამიანია დასაქმებული და მათგან 61 ‒ ქალია.

„დაბალანსებული, ტოლერანტული და კანონმორჩილი საზოგადოება ქვეყნის წარმატების უტყუარი საწინდარია. ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებამ მომცა საშუალება, ყოველდღიურად შევიტანო წვლილი ამ დიდ საქმეში“.

ამ საქმეში ლალი ხვედელიძის წვლილი მის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებში გამოიხატება. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის კანცლერმა გადაწყვიტა და სპეციალური სტიპენდია დააწესა, იმ გოგონებისთვის, რომლებიც ცხოვრებისეულ საქმედ საზღვაო სპეციალობას აირჩევენ. კანცლერის მიერ დაწესებული სტიპენდია გოგონებს საზღვაო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას სრულად უფინანსებს.

„განათლება უპირველესი ქვაკუთხედია, რაზეც შენდება ძლიერი, მდგრადი ინდუსტრია. საზღვაო განათლების გაძლიერება და აქ ჩადებული ინვესტიცია ჩვენი ქვეყნის საზღვაო სექტორის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.

ჩემთვის, როგორც საზღვაო უნივერსიტეტის კანცლერისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ WISTA მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) უნივერსიტეტებთან: მსოფლიო საზღვაო უნივერსიტეტთან და საერთაშორისო საზღვაო ინსტიტუტთან. ამ ორგანიზაციის წევრობა მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას გვაძლევს. WISTA Georgia-ს მხარდაჭერით არა მხოლოდ მის წევრებს, არამედ დაინტერესებულ ქალებს ეძლევათ შესაძლებლობა აიმაღლონ კვალიფიკაცია წამყვანი ორგანიზაციების ტრენინგ-ცენტრებში, როგორიც არის: ILO – International Labour Organization (ILO), Le Havre is a major port in northern France’s Normandy region (Le Harve), European Maritime Safety Agency (EMSA), ITLOS – Intergovernmental organization /International Tribunal for the Law of the Sea (ITLOS), UN Division for Ocean Affairs and the Law of the Sea (UNDOALOS), და მიიღონ უმაღლესი სამაგისტრო განათლება World Maritime University (WMU) და IMO International Maritime Law Institute (IMLI)-ში“.

ლალი მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იმიჯის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია საზღვაო განათლების სისტემა და ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმი. ამიტომაც თამამად ამბობს, რომ 24/7-ზე გუნდთან ერთად დაუღალავად, სწორედ სტუდენტების კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისთვის მუშაობს. ქვეყნის იმიჯს გაფრთხილება უნდა!

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი / Forbes Woman Georgia

განათლების სფეროს პარალელურად, ლალი ხვედელიძე საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული ბალანსის შექმნისა და ქალთა უფლებების დაცვისთვის ზრუნავს; მარტივი არ არის იყო ქალთა სავაჭრო და სანაოსნო ასოციაციის საქართველოს ფილიალის პრეზიდენტი. ლალი გვეუბნება, რომ WISTA Georgia საკმაოდ დიდი ძალაა, რომელიც კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული. საკუთარი პრეზიდენტობის პერიოდში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან წელს გაფორმებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გამოყოფს.

„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) თანამშრომლობის შედეგად ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს ველოდებით. ჩვენ 4 ძირითადი ამოცანა დავისახეთ: საზღვაო გამოწვევების ერთობლივი ძალისხმევით გადალახვა, IMO-ს სახით ქალებისთვის პლატფორმის შეთავაზება, სხვადასხვა ტიპის კონფერენციების, პანელებისა და ვორქშოპების ორგანიზებისათვის, საზღვაო სექტორში ქალების მეტი ჩართულობის და ბარიერის გარეშე სამუშაო გარემოს ხელშეწყობა. WISTA Georgia ასევე თანამშრომლობს საქართველოში IMO-ს კეთილი ნების ელჩთან და ჩართული არის საჯარო ლექციებსა და დისკუსიებში“.

როცა ლალი მეზღვაურების მხარდაჭერის თაობაზე გვიყვება, აქ ცალკე აღნიშვნის თემაა WISTA Georgia-ს როლი პანდემიის პირობებში მეზღვაურთა როტაციის კუთხით. ასოციაციამ ყველა საერთაშორისო კონტაქტი გამოიყენა და პროცესებში კონსულტანტის სტატუსით იყო ჩართული. WISTA Georgia-ში იმაზეც ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას, თანაც მაშინ, როცა ეს დარგი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობას იძლევა და როცა პროფესიის სპეციფიკა შესაძლოა ყინულის დნობის საფუძველიც გახდეს.

„როგორც მეზღვაურები ამბობენ, გემზე მუშაობას თავისი კანონები აქვს, იქ ყველანი ძმები არიან. შეიძლება ეს ძალიან პატარა ნაბიჯია ყინულის გასადნობად, თუმცა 21-ე საუკუნეში შეუძლებელია არ დააფასო ადამიანური ურთიერთობების და კავშირების მნიშვნელობა“.

ვინც ზუსტად არ იცის, მათთვის, ლალი ხვედელიძე განმარტავს, რომ საზღვაო სფერო და საზღვაო პროფესიები მრავალფეროვანია. ქვეყანაში ინდუსტრიის განვითარება კი ზღვასა თუ ხმელეთზე კვალიფიციურ კადრებზე დგას. რეალურ დროში სახელმწიფო პოლიტიკა საზღვაო ბიზნესების მხარდაჭერასა და განვითარებისკენ არის მიმართული. ამიტომაც WISTA Georgia-ს პრეზიდენტი ახალგაზრდა ქალებს ურჩევს კარგად დაფიქრდნენ პროფესიის არჩევისას. აღნიშნავს, რომ საზღვაო სასწავლებლებს დღეს ხარისხიანი განათლების მიცემა შეუძლიათ, რაც თავის მხრივ წარმატებული კარიერის საწინდარია. ამიტომაც ქალების მისამართით ლალის მთავარი გზავნილი გამბედაობას ეხება.

„აუცილებლად გაბედეთ! ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შრომას, მონდომებას და მოთმინებას ყოველთვის მოაქვს შედეგი“.

თამარ იოსელიანი

წლების წინ ასე გაბედა თამარ იოსელიანმაც, თანაც იმდენად, რომ უკვე 2 წელია საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აბარია. სწორედ, თამარ იოსელიანი იყო WISTA Georgia-ს პირველი პრეზიდენტი. პროფესიით სამართალმცოდნე, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 9 წლის წინ მივიდა, დღეს კი უკვე ქვეყნის საზღვაო ხელისუფლებაში პირველი ქალია და სფეროში ქვეყნის პოლიტიკას ახორციელებს.

არც ადრე და არც ახლა თამარს არასოდეს უთქვამს უარი საქმეზე გენდერული ნიშნის გათვალისწინებით, ამბობს, რომ გუნდური მუშაობით ყველა გამოწვევა დაძლევადია, ოღონდ მთავარი, სწორი ადამიანების არჩევა და მიზნისკენ მიმავალ გზაზე დაუღალავი ბრძოლაა.

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი / Forbes Woman Georgia

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში 2011 წელს მივედი და ამ 9 წლის განმავლობაში ჩემ თვალწინ ბევრი რამ შეიცვალა. ქალები ნელა, თუმცა, მაინც იმკვიდრებენ თავის ადგილს საზღვაო სფეროში და ამტკიცებენ, რომ არ ჩამორჩებიან კაცებს პროფესიონალიზმსა და გამძლეობაში. ჩემთვის სასიხარულოა იმის დანახვა, თუ როგორ შეიცვალა საზღვაო სფეროში დასაქმებული კაცების დამოკიდებულება გენდერულ საკითხებთან მიმართებით. დღეს ამ სფეროში როგორც ქალი ძალიან დიდ უპირატესობას ვგრძნობ. მსოფლიო საზღვაო საზოგადოება აღიარებს, რომ ქალებს შეუძლიათ ინოვაციების შემოტანა და ამ სფეროში კონკურენციის გაზრდა“.

იგივეს ამტკიცებს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, სადაც გენდერული ბალანსი სრულად დაცულია, აქ ქალები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებენ და სააგენტოს საქმიანობაში სრულფასოვნად არიან ჩართულები.

მიუხედავად იმისა, რომ საზღვაო სფეროში ტრადიციულად კაცები დომინირებენ, თამარ იოსელიანი გვეუბნება, რომ ბოლო წლებში საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) WISTA-სთან ერთად ქალების როლის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან კამპანიებს ახორციელებს და მოუწოდებს ინდუსტრიას ქალების ჩართულობას მხარი დაუჭირონ. მათ შორის 2019 წლის მეზღვაურთა დღის ძირითად თემად გენდერული თანასწორობა გამოცხადდა და კამპანიაც წარიმართა სლოგანით – “I Am On Board with Gender Equality”. თამარი კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ კომპანიები და ორგანიზაციები, სადაც გენდერული ბალანსი დაცულია, მეტად წარმატებულები არიან, შესაბამისად, ,ამ კამპანიას სოციალური სამართლიანობის დაცვასთან ერთად სრულიად პრაგმატული საფუძველიც ჰქონდა. თავად დარწმუნებულია, რომ ქალების ჩართულობა ხელს შეუწყობს სფეროს მრავალფეროვან, ინოვაციურ და მდგრად მომავალს.

რადგან, ქართული საზღვაო ინდუსტრია გლობალური საზღვაო სფეროს განუყოფელი ნაწილია, გენდერული თანასწორობისადმი ქართული მიდგომები საერთაშორისო პრაქტიკას ეფუძნება. თამართან ინტერვიუდან ვიგებთ, რომ საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც საქართველოში ოპერირებენ, მზად არიან ქალები ღირსეული პირობებით დაასაქმონ. ამის პარალელურად, ქართველ მეზღვაურებს საქმიანობა დიდ საერთაშორისო კომპანიებში უწევთ, სადაც შეხება აქვთ საზღვაო ინდუსტრიაში დასაქმებულ ქალებთან. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს ინდუსტრიაში სტერეოტიპების რღვევას, რაც ქართულ რეალობაში, მართალია, ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. ამ პროცესში საკუთარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსაც ეკისრება, ამას თავად სახელმწიფო მოხელე გვეუბნება. ამიტომაც სააგენტო თამარ იოსელიანის ხელმძღვანელობით ქალების როლის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს. მაგალითად, გოგონებისთვის ხარისხიანი საზღვაო განათლების მიცემის შესაძლებლობა. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ამაყია, რომ მათი წარდგინებით სამმა გოგომ, გასულ წელს, განათლების მიღება საზღვარგარეთ პრესტიჟულ საზღვაო უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელა.

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი / Forbes Woman Georgia

სექტორში ქალების როლის გაძლიერებას ისახავს მიზნად, საზღვაო სასწავლებლებში სპეციალურად გოგოებისთვის შექმნილი წამახალისებელი და მხარდამჭერი გარემო. სტერეოტიპების დაძლევისა და ქალებში საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით ყოველწლიურად ხორციელდება შესაბამისი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით ქალების დაინტერესებას. პორტის ლოგისტიკა, ამწის ოპერატორი და სხვა მოთხოვნადი სპეციალობები 2021 წლიდან საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში, ფოთის ახალ საზღვაო სასწავლო-საწვრთნელ ცენტრში, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით შეგიძლიათ შეისწავლოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის მზაობა დაასაქმოს ქალები.

თამარ იოსელიანი არ ამბობს, რომ ქალების როლის გაძლიერება მხოლოდ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიდგომების შედეგია. მას მიაჩნია, რომ სფეროში ქალების ჩართულობის ზრდა არასამთავრობო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საჯარო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების თანამშრომლობამ მოიტანა. ამ გზაზე თავის გამორჩეულ სიტყვას კი ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაცია ამბობს. თამარს სჯერა რომ WITSA Georgia-ს წევრი ქალები თავისი ისტორიებით საზღვაო სფეროს დღევანდელობას ქმნიან.

„ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თითოეული ქალის მიერ განვლილი გზა არის ახალგაზრდა თაობის ინსპირაცია და უდიდესი მოტივატორი. ჩემი, როგორც WISTA Georgia-ს დამფუძნებლის და წევრის მოტივატორი სწორედ ეს არის – მეტ ქალს დავანახოთ განვითარების შესაძლებლობები, ამ ძალიან საინტერესო, დივერსიფიცირებულ, საერთაშორისო და გლობალურ სფეროში. საზღვაო ინდუსტრიას სჭირდება ახალი, ენერგიული და სწორი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანები, რომლებიც შექმნიან მდგრად მომავალს.

გენდერული ბალანსი ჯერ კიდევ გამოწვევაა, თუმცა დღეს ჩემს გვერდით გაცილებით უფრო მეტი განათლებული, ძლიერი ქალია და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ საქართველოში სტერეოტიპებისგან თავისუფალი, დაბალანსებული და სამართლიანი სოციალური პრინციპების მქონე საზღვაო ინდუსტრიის შექმნას“.

ნინო გუჯაბიძე

სტატიის დასაწყისში ხარისხიანი განათლების მნიშვნელობაზე ტყუილად არ ვწერდი. ბათუმის საზღვაო სახელმწიფო აკადემიით იწყება ნინო გუჯაბიძის ისტორია, რომელიც მხოლოდ 24 წლისაა და უკვე 2 წელია საკრუინგო კომპანია ELVICTOR GROUP საქართველოს ხარისხისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯერია. ეს ბერძნული კომპანიაა, რომელიც ქართველი მეზღვაურების ერთ-ერთ უმსხვილეს დამსაქმებელს წარმოადგენს.

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი / Forbes Woman Georgia

„თუ ეძებთ პროფესიონალს კონკრეტული პოზიციისთვის, ეძებეთ არა სქესის, არამედ პროფესიონალური ნიშნებისა და უნარ-ჩვევების მიხედვით“.

ნინო გუჯაბიძეც WISTA Georgia-ს წევრია. მათ შორის საკუთარ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რომელიც კომპანია „ტალინკ გრუპში“, საკრუიზო ლაინერზე მუშაობისას მიიღო, დარწმუნდა, რომ ქალი გემზე სულაც არ იწვევს უხერხულობას, მთავარი საქმის სწორად კეთებაა. ნინო გვეუბნება, რომ ეს გემზე ორმაგად საჭირო და აუცილებელია.

ქალის როლის ზრდასა და განვითარებაში საკუთარი მოკრძალებული წვლილის შეტანა სტუდენტობიდან დაიწყო. ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სწავლისას, ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის სათაო ოფისში, მსოფლიო ფორუმის ფარგლებში წარადგინა თემა „ქალი საზღვაო სფეროში“. მაშინ მისი ძირითადი გზავნილი იყო ის, რომ საზღვაო განათლების მიღებისა და ამ სფეროში დასაქმებისთვის მეტი ქალისთვის მიეცათ შესაძლებლობა. ნინოს თემამ აღიარება მოიპოვა.

კომპანიაში, სადაც 24 წლის ნინო საქმიანობს, დასაქმებულთა 95% ქალია. ნინო გვეუბნება, რომ აქ ქალის როლისა და ფუნქციების ზრდას გამორჩეულად უჭერენ მხარს. ELVICTOR GROUP საქართველო ქვეყანაში 2013 წლიდან ოპერირებს და მისი ძირითადი საქმიანობა პროფესიონალი მეზღვაურებით გემების ეკიპაჟების დაკომპლექტებაა. კომპანია არც გლობალური პანდემიის პირობებში გაჩერებულა. პირიქით, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად, 24/7-ზე მეზღვაურების დასასაქმებლად მუშაობდა, შედეგად კომპანია მოწინავეა, მათ ანგარიშზე მარტიდან დღემდე 869 დასაქმებული მეზღვაურია. ეს ამდენივე წელში გამართულ ქართულ ოჯახს ნიშნავს.

მეზღვაურია ის ძალა, რომელზეც აჭარის რეგიონის ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული. პანდემიის პერიოდში საზღვაო სფეროს მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის გაორმაგდა. კერძო სექტორმა საქართველოს მთავრობასთან ერთად შეძლო 10000-ზე მეტი მეზღვაურის დახმარება სამშობლოში დაბრუნებასა და გემზე დასასაქმებლად გამგზავრებაში, რაც ნიშნავს ქვეყნის ბიუჯეტში შემოტანილ 260 მილიონ აშშ დოლარს Covid-19-თან ბრძოლაში პორტებთან ერთად, მეზღვაურები ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთ საყრდენად იქცა.

ელიტა ხვედელიძე

WISTA Georgia-ს კიდევ ერთი წევრი უნდა გაგაცნოთ, ელიტა ხვედელიძე მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ოფთალმოლოგი. არ დაიბნეთ, მეზღვაურებს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება სჭირდებათ. ამიტომაც, 2010 წელს გადაწყვიტა, რომ საკუთარი ოფთალმოლოგიური კლინიკისთვის პროფილი გაეფართოებინა და მეზღვაურებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება შეეთავაზებინა. 10 წლის შემდეგ ელიტა უკვე თამამად ამბობს, რომ საკუთარ გუნდთან ერთად შეძლო და მეზღვაურთა პროფესიული სამედიცინო შემოწმების ხარისხი აამაღლა; მიაღწიეს იმას, რომ მეზღვაურები საკუთარ ჯანმრთელობას უკვე პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ცდილობენ სრულყოფილად გამოიკვლიონ, არ გადადონ მკურნალობა, რათა ზღვაში პრობლემები არ შეექმნათ.

ფოტო: ლაშა ფალავანდიშვილი / Forbes Woman Georgia

მეზღვაურებისთვის უწყვეტმა სამედიცინო სერვისმა განსაკუთრებული დატვირთვა პანდემიის პირობებში შეიძინა. ელიტა ხვედელიძის კლინიკა „საგიტარიუსი“ მეზღვაურებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მშობლიურ ენაზე სამედიცინო კონსულტაცია მკურნალი ექიმისგან მიიღონ. კლინიკა პირველი იყო, რომელმაც მეზღვაურთა PCR ტესტირება დაიწყო, აქ პანდემიის პერიოდში 1000-მდე მეზღვაურს მოემსახურნენ, რაც მათი დასაქმების ხელშემწყობადაც უნდა მივიჩნიოთ.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიული საქმიანობა სულ სხვა სფეროს დაუკავშირა, მეზღვაურების ოჯახში გაზრდილი, ზღვას მაინც ვერსად გაექცა. დღევანდელი გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ საზღვაო სფერო მხოლოდ კაცებისთვის განკუთვნილი აღარ უნდა იყოს, რადგან მათ შორის, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ქალებს ბევრი შესაძლებლობა გაუხსნა, რათა ძალები ზღვაშიც მოსინჯონ.

„ბავშვობიდან საზღვაო სფეროს ნაწილად აღვიქვამ თავს. ალბათ, ამიტომაც ბოლომდე ვერ ავუარე გვერდი და მოვძებნე ჩემს პროფესიასთან გადაკვეთის წერტილები. ვთვლი, რომ ქალებს ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლია ამ ინდუსტრიის განვითარებისათვის, ამიტომაც ვარ WISTA Georgia-ს წევრი.“

მიუხედავად იმისა, რომ WISTA Georgia ფეხს ახლა იდგამს, ამ 4 წლის განმავლობაში ასოციაციამ უკვე შეძლო თავისი კვალი დაეტყო ქართული საზღვაო სფეროსთვის. ორგანიზაციის წევრები კიდევ უფრო დიდ მიზნებს ისახავენ და სჯერათ, რომ საქართველოს წარმომადგენლობა საერთაშორისო საზღვაო სივრცეშიც თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის! მანამდე კი, კორონავირუსის გავრცელებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საერთაშორისო ვაჭრობის ხერხემალი ნამდვილად არის საზღვაო ტრანსპორტი, რადგან სწორედ საზღვაო ტრანსპორტით გადაიზიდება მთლიანი ტვირთების 80%-ზე მეტი.