ბოლო საუკუნეების მანძილზე ქალები განუწყვეტლივ იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისათვის. ეს ბრძოლა დღემდე გრძელდება. რენატე ვინტერის მსგავსი ადამიანები მუდმივად მუშაობენ ქალთა დასახმარებლად, რათა მათ შეძლონ და აღიდგინონ საკუთარი უფლებები. რენატე ვინტერი გახლავთ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, ბავშვების, ახალგაზრდობისა და საოჯახო საქმეთა განმხილველი მოსამართლეების საერთაშორისო ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანოს, მათ შორის გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, გაეროს ბავშვთა ფონდის კონსულტანტი და ორმოცწლიანი გამოცდილების მქონე მოსამართლე. იგი საკუთარი პროფესიული საქმიანობის პირველივე დღიდან ქალთა და ბავშვთა უფლებების დასაცავად იბრძვის. გაეროს წამლისა და დანაშაულის ოფისში ბავშვთა ტერორიზმის საკითხებზე მუშაობდა. ამჟამად რენატე ვინტერი საქართველოში ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის, “EU4JUSTICE”-ის გუნდს ხელმძღვანელობს.
მოცემულ ინტერვიუში გავეცანი მოსამართლე რენატე ვინტერის პროფესიულ გამოცდილებას, მოვისმინე მისი მოსაზრებები საქართველოში ქალთა და ბავშვთა უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, ქ-ნი რენატე გვესაუბრა მისი თვალით დანახულ პროგრესზე და სამომავლო განვითარების შესაძლო გზებზე.
წლების განმავლობაში თქვენი საქმიანობის უდიდესი ნაწილი ქალთა მართლმსაჯულებას უკავშირდებოდა. ძალიან აქტიურად ხართ ჩართული აღნიშნულ პროცესში. შეგიძლიათ დაწვრილებით მოგვიყვეთ ამის შესახებ?
თითქმის მთელი ცხოვრებაა მოსამართლედ ვმუშაობ. პროცესში ძალიან სწრაფად იგებთ, რომ ყველაზე მძიმე ტვირთი მუდამ ქალებსა და ბავშვებს აწევთ. ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო უფრო მეტი გამეგო ქალების წინაშე არსებული პრობლემების, მათი მიზეზების შესახებ და მესწავლა, თუ როგორ შეიძლება აღნიშნული გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლა.
როდესაც ვსაუბრობთ ქალებზე, განსაკუთრებით გოგონებზე, თქვენ ნახავთ, რომ საუკუნის, კულტურისა თუ ტრადიციის განურჩევლად, ქალი მუდამ დგას სირთულეების წინაშე, როდესაც ცდილობს დამოუკიდებლად მიაღწიოს წარმატებას. როგორც მინიმუმ, იმისთვის, რომ მასზე რეგულარულად არ ძალადობდეს მამა, ძმა, ქმარი, თუ შვილი.
ასე რომ, სადაც არ უნდა ვიყო, მათ შორის საქართველოში, განუწყვეტლივ ვიმეორებ: „გთხოვთ, მიეცით თქვენს გოგონებს განათლება“. სამწუხაროდ, ბევრი რელიგია, არადემოკრატიული თუ დემოკრატიული ქვეყანა, ხშირად გოგონების განათლების წინააღმდეგია. გზა, რომლითაც შეიძლება სისტემის შეცვლა და ქალების დაცვის უზრუნველყოფა, გადის განათლების მიღებასა და სამსახურის ქონაზე.
როგორ ფიქრობთ, მთლიანობაში, ჩამორჩება საქართველო ქალთა უფლებების მხრივ არსებულ პროგრესს?
არა. მე უკვე ასაკოვანი ვარ და ცხოვრება დღევანდელი გოგონებისგან საკმაოდ განსხვავებულ გარემოსა და პერიოდში მომიწია. თქვენი ასაკის ახალგაზრდა თაობა სრულიად სხვა სიტუაციაში ცხოვრობს. მათ გაცილებით მეტ ინფორმაციაზე აქვთ წვდომა ნებისმიერ დროს, საქართველოს მასშტაბით. თუმცა, თუ თბილისიდან ოდნავ უფრო შორს წახვალთ, მაგალითად, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იქ განსხვავებულ რეალობას გადააწყდებით; ნახავთ ბავშვებთან და ქალებთან ურთიერთობის სრულიად განსხვავებულ ფორმებს. ზოგიერთ უმცირესობებში მამაკაცებს არა ერთი, არამედ ოთხი ცოლი ჰყავთ, რომლებიც ვალდებულნი არიან იმუშაონ, თუმცა მათ უმრავლესობას განათლება მიღებული არ აქვს.
ძალაუფლებაში მყოფ ნებისმიერ ხელისუფლებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ განათლება აუცილებელია. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ საქართველოში ქალები საკმარისად ძლიერი არიან იმისათვის, რომ განათლება მისცენ საკუთარ ქალიშვილებს. მთავრობამ, განსაკუთრებით განათლების მინისტრმა, უნდა იზრუნოს როგორც სოფლად, ასევე შორეულ რეგიონებში მცხოვრები გოგონებისათვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
რა პროგრესი გინახავთ სხვა ქვეყნებში, სადაც გიმუშავიათ, რომელიც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მიღწეული?
ოდესმე გიფიქრიათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებზე? მათ ძალიან უჭირთ საქართველოში ცხოვრება. ისინი ხშირად უსარგებლოდ, ოჯახის ტვირთად გრძნობენ თავს. დაქორწინების შემთხვევაში, რაც იშვიათია, თავად თვლიან, ან გარშემომყოფები აგრძნობინებენ, რომ ქმარს, ბავშვებსა თუ ოჯახის სხვა წევრებს ტვირთად აწვებიან. ამ სფეროში საქართველოს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. სხვა ქვეყნებში კარგად ჩანს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს მეტი ხელშეწყობა და განათლება აქვთ, შეუძლიათ განვითარდნენ და აიმაღლონ თვითშეფასება, იზრუნონ საკუთარ თავზე. საუკეთესო შემთხვევაში, მათ სიბრალულით არ უყურებენ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი არ არიან სიძულვილისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლნი. ეს პოლიტიკა საქართველოში არ არის დანერგილი.
როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
ვფიქრობ, რომ შშმ ქალებისთვის ბიუჯეტიდან თანხა არ გამოიყოფა (მათ შორის, არც მამაკაცებისთვის). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელია ფინანსური სახსრების არსებობა. შშმ პირები მაშინ შეძლებენ განვითარებასა და წინსვლას, თუკი მათ მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობის ობიექტებად არ აღიქვამენ. შშმ ქალები ნამდვილად იმსახურებენ მათში ჩადებულ ინვესტიციას. სამინისტროებმა და ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს ინვესტიცია არ არის დაკარგული ფული, ვინაიდან შშმ ქალები, რომელთაც სრულყოფილად შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, არ იწვევენ სოციალურ ხარჯებს. თუკი ფინანსთა, განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრები დასვამენ ისეთ შეკითხვებს, როგორიც არის: „რას უნდა ველოდოთ ასეთი ქალებისგან?“, „რატომ უნდა ჩავდოთ ინვესტიცია მათში?“ – ეს ძალზე არასწორი და ამასთანავე არაჰუმანური მიდგომა იქნება პრობლემის მოსაგვარებლად.
ქვეყანაში, სადაც აღარ რჩება ადგილი ახალი იდეებისათვის, რამდენად დიდი პრობლემაა ის ფაქტი, რომ ოჯახები გოგონებს არ აძლევენ უნივერსიტეტში სწავლის ან სხვა ქვეყნებში გამგზავრების საშუალებას?
ქალები, რომელთაც თავად უკვე მიიღეს განათლება, აუცილებლად იზრუნებენ საკუთარ ქალიშვილებზე და მათ სწავლის შესაძლებლობებს შესთავაზებენ. სამუშაო ადგილები საჭიროა არა მხოლოდ მათი ვაჟებისათვის, არამედ გოგონებისთვისაც. ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვთ და ეს ყველგან აშკარაა. მე ვმუშაობ გუნდთან ერთად, რომელშიც მხოლოდ ერთადერთი მამაკაცია, გუნდის ყველა სხვა წევრი ქალი გახლავთ. გუნდი არაჩვეულებრივად მუშაობს. ყველა ქალბატონი განათლებულია, ჰყავთ ოჯახები და მათზე ზრუნვასაც ახერხებენ. ამ ორი საქმის შეთავსება მუდმივი დაგეგმვისა და ორგანიზების საკითხია, თუმცა სავსებით შესაძლებელია. ქალებს ეს საკმაოდ კარგად გამოსდით, კაცებზე უკეთესადაც კი.
ვფიქრობ, რომ გოგონების განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები მხოლოდ ქალაქში არ იყრის თავს. დიდ ქალაქებში მთავარი პრობლემა ისაა, რომ არ არის საკმარისი სამუშაო ადგილები. ყოველი გოგონას და გინდაც ვაჟის უნივერსიტეტში გაგზავნა ასევე არ არის მიზანშეწონილი, რადგან ქვეყანაში საჭიროა პრაქტიკული ცოდნა. ბევრი ქალი ექიმი გყავთ, მაგრამ არც ერთი ქალი სანტექნიკოსი. ქვეყანაში არ არიან ხის ხელოსანი ან ელექტრიკოსი ქალები, რომელთა არსებობაც საჭიროა არსებული პრობლემების გადასაჭრელად და პრობლემების შეფასებისას ბალანსის შესანარჩუნებლად. ჩემს ქვეყანაში, ავსტრიაში, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა. გამოვიარეთ ორი მსოფლიო ომი, დაიღუპა ათასობით ჯარისკაცი, რამაც ძალზე დიდი გავლენა იქონია. ომში გარდაცვლილი, დაჭრილი ან ლოგინად ჩავარდნილი მამაკაცები მუშაობას ვეღარ ახერხებდნენ. ამრიგად, სავსებით შრომისუნარიანმა ქალებმა ისინი სხვადასხვა სფეროში ჩაანაცვლეს. ამიტომაც, ამჟამად ქვეყანაში ყველა პროფესიაში გვყავს ქალები. იქნება ეს ქალი სანტექნიკოსი თუ ხელოსანი. სწორედ ეს არის საჭირო საქართველოშიც. ცხადია, ქვეყანაში საჭიროა ქალი ექიმები, თუმცა, ამასთანავე აუცილებელია იყვნენ ადვოკატი, მოსამართლე, პედაგოგი, პროფესორი, აკადემიის წევრი ქალები, მაგრამ მთავარია, ქალები მუშაობდნენ ყველა სხვა სფეროშიც.
შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმ გამოცდილების შესახებ, რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება? მომენტი თქვენს კარიერაში, რომელსაც მუდმივად იხსენებთ?
ბავშვებთან მუშაობა ბევრ ქვეყანაში მომიწია. მხოლოდ მაშინ შევძელი სრული სიცხადით აღმექვა ომის საშინელება და გამეგო დანაშაულის შეგრძნების არსი, როდესაც შევიტყვე ბავშვი ჯარისკაცების შესახებ. ამ გამოცდილებამ ძალიან შემცვალა, რადგან სწორედ მაშინ დავინახე განსხვავება ჯარისკაცსა და მის ზემდგომს შორის, რომელიც ბრძანებას გასცემს; ნათლად დავინახე პასუხისმგებლობის სხვადასხვა დონე ორივე შემთხვევაში.
ბავშვ ჯარისკაცთან მუშაობის პირველი გამოცდილება ომისაგან განადგურებულ ქვეყანაში, ხანგრძლივი სამოქალაქო ომის შემდეგ მომიწია. საქმე მქონდა თხუთმეტი წლის ბიჭთან, რომელმაც ომის შემდეგ, სამშვიდობო ვითარებაში, ჯარისკაცი მოკლა. ბიჭი იმდენად სიმპათიური იყო, რომ მას „ანგელოზსახიანს“ უწოდებდნენ. დამეთანხმებით, მკვლელი, რომელსაც ანგელოზის სახე აქვს, შოკისმომგვრელად უცნაურად ჟღერს. ბავშვთან მუშაობისას შევიტყვე, რომ შვიდი წლის ასაკში ჯარისკაცებმა ის ოჯახს დააცილეს. ამ მომენტიდან ბიჭი ჯარისკაცების თილისმა გახდა. ისწავლა დასახიჩრება, წამება, იარაღის ხმარება, ქურდობა, ძარცვა, მკვლელობა – ყოველივე ათი წლის ასაკში. ომი დასრულდა, მაგრამ ბიჭის უნარები და ცოდნა მხოლოდ აღნიშნულით შემოიფარგლებოდა. ვინაიდან იგი აჯანყებულთა, გამარჯვებული ჯარისკაცების ჯგუფის წევრი იყო, მას არა როგორც დამნაშავედ, არამედ ომის გმირად აღიქვამდნენ. ბიჭმა მშვიდობიან დროს მოკლა ყოფილი მტრის ჯარისკაცი. როდესაც პოლიციამ აიყვანა, მან თქვა: „თქვენ ვერ წამიყვანთ. მე ომის გმირი ვარ“. ისეთ ადამიანთან გამკლავება, რომელსაც არც კი ესმის რა ჩაიდინა ან ვინ გახდა, ძალიან რთულია. ამან სრულიად შეცვალა ჩემი აზროვნება. როდესაც მოსამართლე მსგავს სიტუაციაში ხვდება, საჭიროა ისაუბროს იმ სიტყვებით, რომლებსაც ადრესატი გაიგებს. ამისათვის უნდა ესმოდეს და იცოდეს იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ კანონი. აღნიშნულმა გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება კანონთან კონფლიქტში მყოფი ადამიანების მიმართ.
და ბოლოს, რა რჩევებს აძლევდით საკუთარ თავს მაშინ, როდესაც პირველად გახდით მოსამართლე?
ჩემს პირველ სამსახურში არასრულწლოვანთა მოსამართლედ ვმსახურობდი. ალბათ, ზოგი რამ სხვანაირად იქნებოდა, ჯერ ზრდასრულთა სასამართლოში რომ მემუშავა. ბავშვთა მართლმსაჯულებაში მოხვედრისას პირველი, რაც ჩემს თავს ვუთხარი, იყო: „უპირველეს ყოვლისა, შენ მათ უნდა მოუსმინო“. მეორე, რაც ჩემს თავს ვუთხარი, სწორედ იმიტომ, რომ ბავშვებთან მქონდა საქმე, იყო: „არ არსებობს ბავშვი, რომლის გადარჩენაც შეუძლებელია“.
მოსამართლისათვის, განსაკუთრებით სისხლის სამართლისა და ოჯახის მოსამართლისათვის, აუცილებელია მოსმენის უნარი, რადგან თანაბრად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა და ასევე დავადგინოთ რა მოხდა.