„რთველი 2020“-ს განმავლობაში 200 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა

ღვინის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კახეთში გადამუშავდა 200 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. აღსანიშნავია, რომ მოცემული რაოდენობა შარშანდელს 20 ტონით აღემატება.

21 ათასამდე მევენახის მიერ ჩაბარებულ ყურძენს შორის 142 ათასი ტონა რქაწითელი, 48 ათასი ტონა საფერავი, 3.4 ათასი ტონა კახური მწვანე და 6.6 ათასი ტონა სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ღვინის ეროვნული სააგენტოს თანახმად, „რთველი 2020“-ში165 ღვინის საწარმოა ჩართული, რომელიც დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 8 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავებას ახერხებს. რეალიზებული ყურძნის ღირებულება 204 მილიონ ლარს შეადგენს.

წელს საქართველოს მთავრობამ რქაწითლისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირების განკარგულება გასცა. ეს გადაწყვეტილება პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად და წასახალისებლადაა მიმართული. კერძოდ, კომპანიები, რომლებიც კახეთის რეგიონში 1000 ტონაზე მეტ რქაწითელსა და კახურ მწვანეს შეისყიდიან და გადაამუშავებენ, სუბსიდიას მიიღებენ. სახელმწიფო კომპანიებს ავალდებულებს, რომ ყოველ 1 კილოგრამ ყურძენში, მათ ჩამბარებლებს მინიმუმ 0.80 ლარი გადაუხადონ. ყოველი 1 კილოგრამის რქაწითლისა და კახური მწვანის შესყიდვისას, ღვინის კომპანიაზე სახელმწიფოსგან 0.30 ლარი გაიცემა.

თვის ბოლოსკენ, კახეთის ბევრ მუნიციპალიტეტში რთველის აქტიური ფაზა დასრულდება, ხოლო საგარეჯოში კი – მისი ინტენსივობა გაიზრდება.