Reuters-ის ცნობით, ირანის მთავრობასთან აფილირებულმა ჰაკერულმა ჯგუფმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის თანამშრომლების ელექტრონული ფოსტის ანგარიშებზე თავდასხმა განახორციელა. გამოცემასთან საუბრისას ოთხმა პირმა დაადასტურა, რომ ორგანიზაციის თანამშრომლების პირად მიმოწერაზე წვდომის მოპოვებას, ირანის ხელისუფლების დაკვეთით, ჰაკერების ჯგუფი ცდილობდა.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპიკერის ცნობით, ჰაკერული თავდასხმები წარუმატებლად დასრულდა, თუმცა ორგანიზაციას საკუთარი რესურსებით არ შეუძლია თავდამსხმელთა ზუსტი იდენტიფიცირება.
თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება სრულიად უარყოფს გავრცელებულ ბრალდებებს თავდასხმასთან დაკავშირებით. მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ირანი თავად გახდა მსხვერპლი ჰაკერული შემოტევისა და ბრალდებები მხოლოდ ქვეყნაზე ზეწოლას ემსახურება.
მარტში გაერთიანებული ერების ჯანმრთელობის სააგენტოზე და მის პარტნიორ ორგანიზაციებზე განხორციელებული ჰაკერული შეტევები თითქმის გაორმაგდა, COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის ფონზე.