WHO: სირიაში კორონავირუსზე ტესტირება მალე დაიწყება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO) აცხადებს, რომ კორონავირუსზე ტესტირება ჩრდილო-დასავლეთ სირიაში რამდენიმე დღეში დაიწყება. ორგანიზაციაში შიშობენ, რომ თუ პანდემია ხალხისგან გადატვირთულ ბანაკებს მიაღწევს, კატასტროფა გარდაუვალი იქნება.

მართალია, სირიაში ახალი კორონავირუსის ჯერ მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა ტესტირების ნელი ტემპების გამო შეიძლება, ეს ციფრი რეალური მაჩვენებლისგან რადიკალურად განსხვავდებოდეს. WHO-ის თქმით, ოპოზიციის მიერ კონტროლირებად იდლიბში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის პანდემიის აფეთქების საფრთხე ძალიან მაღალია.

სიტუაცია საგანგაშოა თურქეთის საზღვართანაც, სადაც ხალხის დიდი რაოდენობა კარვებშია განთავსებული და ჰიგიენის ელემენტარული პირობების დაცვა ვერ ხერხდება.

გასულ წელს სირიაში სამედიცინო დაწესებულებებზე 85 ძალადობრივი შეტევა განხორციელდა. გადარჩენილი საავადმყოფოებიდან დღესდღეობით 2/3-ზე ნაკლები ფუნქციონირებს, ხოლო მედპერსონალის 70% ქვეყიდან გაქცეულია.

„აქტიური საავადმყოფოების უმეტესობა დღეს არსებულ საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს. შესაძლოა, დაავადება უკვე იკვალავს გზას მოსახლეობაში.“- განაცხადა საერთაშორისო მაშველთა კომიტეტის (IRC) წარმომადგენელმა.