„პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის დეფიციტი ჩვენი სიცოცხლისათვის მწვავე საფრთხეა” – WHO

Photo ByDaniel Frank

27 მარტს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა 50 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებთან შეხვედრა გამართა. მასზე ჩინეთისა და სინგაპურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ და უცხოელ კოლეგებს ვირუსთან ბრძოლის მთავარი გამოწვევები გაუზიარეს.

შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, ტედროს ადანომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავარი გამოწვევა, რომელიც ვირუსთან ბრძოლისას ქვეყნებმა უნდა დაძლიონ, არის ინფიცირებულთა სწრაფი გამოვლენა და იზოლაცია, კონტაქტების სწრაფი იდენტიფიცირება და მათი კარანტინში გადაყვანა.

ამასთანავე, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა შეიძლება გახდეს სამედიცინო პერსონალის პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის პაკეტების დეფიციტი.

„პირადი უსაფრთხოების აღჭურვილობის ხანგრძლივი და გლობალური დეფიციტი ყველაზე მწვავე საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენს ერთობლივ ბრძოლაში.“

WHO-მ უკვე დაიწყო მსოფლიოს 74 ქვეყნისათვის 2 მილიონამდე დამცავი აღჭურვილობის პაკეტის მიწოდება და დამატებით 60 ქვეყნისთვის კიდევ ამზადებს მასშტაბურ პარტიას, თუმცა ორგანიზაცია შიშობს, რომ ეს საკმაისი არ იქნება.

„ეს პრობლემა მხოლოდ საერთაშორისო თანამშრომლობით და სოლიდარობით შეიძლება გადაიჭრას. როცა მედპერსონალი რისკის ქვეშაა, ყველანი რისკის ქვეშ ვართ.“