ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით არსებობს იმედი, რომ წლის ბოლომდე Covid-19-ის ვაქცინა მზად იქნება.
Covax-ის პროგრამა ცხრა ექსპერიმენტული ვაქცინის შემოწმებას გეგმავს. ამ პროგრამის კომპეტენციაა 2021 წლისთვის ორი მილიარდი ვაქცინის დამზადება და გავრცელება. პროგრამაში ჩართულია 168 ქვეყანა, თუმცა მათ შორის არაა ჩინეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მოუწოდებს ქვეყნებს, რომ ითანამშრომლონ და ერთად ებრძოლონ დაავადებას. მისი თქმით, ვაქცინის პოვნისთვის უმნიშვნელოვანესია პოლიტიკური ურთიერთშეთანხმება ქვეყნის ლიდერებს შორის, განსაკუთრებით ვაქცინის თანაბრად გავრცელების უზრუნველსაყოფად.
ამ ეტაპზე ჩინეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ჩინეთში წარმოებული Covid-19-ის ვაქცინის გლობალურად გავრცელება შეძლოს.
ამავე დროს, ევროპის წამლების სააგენტო განიხილავს ამერიკული ფარმაცევტული კომპანიის Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ დამზადებულ ვაქცინას. აღნიშნული ვაქცინის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ მალე მისი ფართოდ გამოყენება შესაძლებელი იქნება. ორივე კომპანია გასულ კვირას ევროპასთან მოლაპარაკებისას შეთანხმდა, რომ 300 მილიონი დოზა პოტენციური ვაქცინის უზრუნველყოფას შეძლებდა.
იმავე გზას გადის კომპანია AstraZeneca, რომელსაც 400 მილიონი ვაქცინის წარმოება შეუძლია.