ნულიდან მილიონებამდე: უიტნი ვულფ ჰერდი

ჟურნალ ფორბსის ამერიკის ყველაზე მდიდარი ქალების სიის მიხედვით ოცდამეცხრამეტე ადგილს Bumble Inc.-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, უიტნი ვულფ ჰერდი იკავებს. მისი ქონება 1.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ის ორ გაცნობის აპლიკაციას, Bumble-სა და Badoo-ს ხელმძღვანელობს. კონკურენტული სფეროა, ისეთი აპლიკაციებით, როგორიცაა Tinder, Hinge, Match, OKCupid და სხვა. ეს იმდენად საინტერესო და მიმზიდველი ბაზარია, რომ თავად Facebook-იც კი ცდილობს ჩაერთოს მასში. ამჟამად Bumble ცდილობს სხვა სერვისებიც წამოწიოს წინ და ამასთან, მოიზიდოს მეტი ინვესტიცია აზიაში, ცენტრალურ ამერიკასა და ევროპაში შესასვლელად. საინტერესოა, როგორ მოვიდა ჰერდი დღევანდელ დღემდე, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალი, რომელმაც ქონება საკუთარი შრომით გამოიმუშავა.

ვულფ ჰერდი დაიბადა სოლტლეიკ სიტიში, 1989 წელს. როცა ვულფი მეოთხე კლასში იყო, ოჯახი საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად. კოლეჯში ყოფნისას, მან ცნობილ სტილისტთან, პატრიკ აუფენკამპთან ერთად წამოიწყო პროექტი „Help Us Project”, რომელშიც ჩაერთნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიცაა, რეიჩელ ზოი და ნიკოლ რიჩი. მალევე, ვულფმა პატრიკთან ერთად ახალი ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა, „Tender Heart“, რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას ადამიანებით ვაჭრობასა და სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. კოლეჯის დამთავრების შემდეგ ვულფ ჰერდი გაემგზავრა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ობოლთა თავშესაფარში მუშაობდა.

22 წლის ვულფი 2012 წელს აპლიკაცია ტინდერის გუნდის წევრი გახდა, როგორც მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. მას მნიშვნელოვანი როლი აქვს აპლიკაციის სახელისა და ლოგოს შექმნაში. ვულფის დამსახურებით აპლიკაციის პოპულარობა საკმაოდ გაიზარდა სტუდენტებშიც. 2014 წელს, ხელმძღვანელობასთან დაძაბული ურთიერთობის გამო, ვულფმა თანამდებობა დატოვა. მოგვიანებით, მან სარჩელიც კი შეიტანა აპლიკაციის წინააღმდეგ, სექსუალური ძალადობის მიზეზით და ამით 1 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მიიღო კომპენსაციად.

MagicLab Press Kit

2014 წელს ვულფს დაუკავშირდა ანდრეი ანდრეევი, აპლიკაცია BANDOO-ს შემქმნელი და ახალი გაცნობის აპლიკაციის შექმნის იდეა შესთავაზა – სწორედ ასე შეიქმნა ქალებზე ორიენტირებული გაცნობის აპლიკაცია Bumble. კომპანია იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით, Tinder და Bumble პირველი და მეორე ყველაზე პოპულარული აპლიკაცია იყო შეერთებულ შტატებში, მომხმარებელთა ყოველთვიური ბაზა, შესაბამისად, 7.9 მილიონი და 5 მილიონი იყო. ასევე, 2020 წლის მონაცემებით, Bumble-ს 100 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით.

2019 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც Bandoo-ს ყოფილ მფლობელს ანდრეი ანდრეევს ​​ბრალი დასდეს რასიზმსა და სექსიზმში, ინვესტიციურმა ფირმამ Blackstone-მა Bumble-ის მფლობელი კომპანია Magiclab იყიდა – გარიგების ღირებულება 3 მილიარდი აშშ დოლარი იყო. სწორედ ამის შემდეგ, როცა ანდრეევმა უარი თქვა საკუთარ წილზე, ვულფი კომპანიის 11,6%-იანი წილის მფლობელი გახდა. Bumble და Badoo 150 ქვეყანაში არის წარმოდგენილი. 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ორივე აპლიკაციას თვეში 42 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

DREW ANTHONY SMITH / NYT

აშკარაა, რომ ვულფის ერთ-ერთი მთავრი მამოძრავებელი ძალა ქალების მხარდაჭერაა. 2018 წელს მან სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, რომ Bumble ინდოეთში შეეტანა, რაც რისკიანი ნაბიჯია იმის გათვალისწინებით, რომ შემთხვევითი გაცნობა აქ შედარებით ახალი და ურბანული ფენომენია და ინდოეთში მსოფლიოში სექსუალური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია: „ჩვენ უნდა წავიდეთ იქ, სადაც ყველაზე მეტად ვართ საჭირო”, – თქვა ვულფ ჰერდმა 2019 წლის სექტემბერში CNN Business-თან ინტერვიუში. „გლობალური მასშტაბით ყველაზე ტრადიციული, ყველაზე ქალთმოძულე აზროვნება – ეს ბაზრები ჩვენთვის სრულიად ღია პრერიებია”, – თქვა მან ინდოეთში შესვლასთან დაკავშირებით. „იმის გამო, რომ აქ რაღაც ისეთი პროგრესული არ არის, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, არ ნიშნავს, რომ ამის სურვილი არ არსებობს.“