მოსკოვმა ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელს 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ჯაშუშობაში ბრალდებულ აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილ ოფიცერ პოლ უილანს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ თექვსმეტი წელი მიუსაჯა, – ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. ამერიკელი, რომელსაც ასევე ბრიტანეთის, ირლანდიისა და კანადის მოქალაქეობა ჰქონდა, 2018 წლის 28 დეკემბერს, მოსკოვის ერთ-ერთ სასტუმროში გამართულ საქორწილო წვეულებაზე დააპატიმრეს.

Photo Credits to Sky News

პოლ უილანი მაშინ დააკავეს, როდესაც მან საკუთარი რუსი მეგობრისგან მეხსიერების ბარათი მიიღო, რომელზეც, რუსეთის პროკურატურის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებში დასაქმებული ადამიანების პირადი მონაცემები ინახებოდა. უილანის ადვოკატის მტკიცებით, მეხსიერების ბარათზე იმ მოგზაურობის სურათები იყო, საიდანაც მეგობრები ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უილანმა მეხსიერების ბარათის გახსნა ვერ მოასწრო, რადგან ის მანამდე დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით, პროკურატურა თვრამეტწლიან სასჯელს ითხოვდა, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს, პოლ უილანი აშშ-სთან ტყვეების გასაცვლელად სჭირდება.

ბოლო წლებში, პოლ უილანი ამერიკულ კომპანიაში BorgWarner, უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. მანამდე კი მას სამხედრო კარიერა ჰქონდა: 2004 და 2006 წლებში ის ერაყში იბრძოდა, მაგრამ 2008 წელს, აშშ-ის სამხედრო ტრიბუნალმა, არაერთი ძარცვის ბრალდებით, ის სამხედრო სამსახურიდან გადააყენა.