ინტერაქტიულმა ვიდეოპლატფორმამ Whatifi 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო

Whatifi ახალი ინტერაქტიული ვიდეოპლატფორმაა, რომელშიც ფილმის გმირების ბედ-იღბალს უშუალოდ მაყურებელი განსაზღრავს, ანუ მაყურებელი ამბის მთხრობელი ხდება. როგორც კომპანიის დამაარსებლები ამბობენ, სამომავლოდ მათ გართობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ერთ აპლიკაციაში გაერთიანება სურთ. ოფიციალურად პლატფორმა 9 ივნისს App Store-ში გაეშვა.

Photo Credits to Whatifi

პროგრამა შემდეგნაირად მუშაობს: მას მერე, რაც მაყურებელი დარეგისტრირდება, ფილმის საყურებლად მას ერთდროულად რამდენიმე მეგობრის მოწვევა შეუძლია. ფილმის ამბის ბედი კენჭისყრის შედეგად გაირკვევა. გადაწყვეტილება ერთსულოვანი უნდა იყოს, აზრთა სხვადასხვაობის შემთხვევაში კი, ფილმის გარჩევა მაყურებლებს საერთო ჩატში შეუძლიათ.
კონტენტის შესაქმნელად, კომპანია ორ ხერხს მიმართავს: ერთი მხრივ, ისინი სტუდიის გახსნას აანონსებენ, მეორე მხრივ კი, სცენარისტებთან და რეჟისორებთან ინდივიდუალურ თანამშრომლობას აპირებენ. როგორც გამოცემა The Hollywood Reporter იუწყება, სპეციალური კონკურსის გამარჯვებული სცენარისტი ოცდათხუთმეტი ათას დოლარს, ხოლო გამარჯვებული რეჟისორი – ორასი ათას დოლარს მიიღებს.

Whatifi-ზე ვერ შეხვდებით რეკლამას, თუმცა სამომავლოდ კომპანიის დამფუძნებლები ე.წ. „ფრიმიუმ-მოდელზე“ გადასვლას ვარაუდობენ. „ფრიმიუმ-მოდელი“ გულისხმობს იმას, რომ კონტენტის საბაზისო პაკეტი მომხმარებლებს მაინც უფასოდ მიეწოდებათ, მაგრამ დამატებითი ანაზღაურების ფასად, მათ „ბონუს“ მასალასთან ექნებათ წვდომა.

საწყის ეტაპზე, კომპანიამ ათი მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. დაფინანსებას სათავეში ვენჩურული კაპიტალის კომპანია Andreessen Horowitz ედგა. ინდივიდუალურ ინვესტორებს შორის გვხვდებიან Netflix-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი, დევიდ უელსი, Supercell-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილკა პაანანენი და Paypal-ის თანადამფუძნებელი, მაქს ლევჩინი.

ბოლო დროს ინტერაქტიულ ვიდეოპლატფორმებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Quibi, რომელმაც ოფიციალურ გაშვებამდე, 2018 წლის აგვისტოში, ორი მილიარდი დოლარი მოიზიდა. იმავე წელს Netflix-მა, სერიალ Black Mirror-ის ერთ-ერთი სერიაც ინტერაქტიული გახადა. „სთორითელინგის“ ასეთი მეთოდი პოპულარულია ვიდეოთამაშებშიც.