აშშ-ში Wendy’s რესტორნების ქსელს საქონლის ხორცის მარაგების პრობლემა შეექმნა. შედეგად, აღნიშნული სწრაფი კვების რესტორნის მენიუში აქამდე არსებული ზოგიერთი დასახელების პროდუქტი ამჟამად მომხმარებელთათვის მიუწვდომელია. აშშ-ში Wendy’s 5500 ობიექტი აქვს, რომელთაგანაც, დაახლოებით, 1000-ში, ანუ 5-დან 1 რესტორანში, მარაგების პრობლემაა.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, Wendy’s ბურგერებისა და სხვადასხვა დასახელების პროდუქტების დასამზადებლად იყენებს ახალ ხორცს, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი იარაღია მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად. კორონავირუსის კრიზისის პერიოდში კი კომპანია საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა ხორცის დამარაგებისას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ აშშ-ში ხორცის მიმწოდებელი ბევრი კომპანია დროებით დაკეტილია.
„დაუღალავად ვმუშაობთ იმისათვის, რომ მინიმუმამდე შევამციროთ კრიზისის ზეგავლენა ჩვენს მომხმარებლებსა და რესტორნებზე. გარდა ამისა, ვაგრძელებთ საქმიანობას მომმარაგებელ პარტნიორებთან“ – აცხადებენ Wendy’s-ის ოფიციალური წარმომადგენლები.
აღნიშნული პრობლემის გამო ცვლილებებია ონლაინ-მენიუშიც, კერძოდ, კომპანია მომხმარებლებს ძირითადად ქათმის ხორცით დამზადებულ ბურგერებსა და სენდვიჩებს სთავაზობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია დგანან თუ არა მსგავსი პრობლემის წინაშე ისეთი დიდი სწრაფი კვების ობიექტები, როგორებიც McDonald’s და Burger King არიან.
ცნობისთვის, Wendy’s სწრაფი კვების რესტორანი საქართველოში 2013 წელს გაიხსნა და დღეისთვის 10-ზე მეტ ლოკაციაზე მუშაობს. ჯერჯერობით უცნობია საქართველოშიც არის თუ არა ხორცის მარაგების პრობლემა – ქსელში შემავალ ყველა რესტორანში ბურგერების და სხვა პროდუქტების დასამზადებლად, აშშ-ის მსგავსად, ახალი, საქართველოში წარმოებული ხორცი გამოიყენება.