თიბისი ქალთა გაძლიერებისთვის | ინტერვიუ ნინო მასურაშვილთან

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება თიბისის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის ეფექტიანობა ამ მიმართულებით უკვე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებითა და კვლევების შედეგებითაც დასტურდება.

სულ ახლახან თიბისი 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში საბანკო ორგანიზაციებს შორის პირველ ადგილზე დასახელდა საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით – ამ შედეგის უკან კი თიბისის მრავალწლიანი ძალისხმევა და ქალთა გაძლიერებაზე მიმართული ათეულობით ინიციატივაა .

ქალთა მხარდაჭერის ფორმებსა და თიბისის ინიციატივებზე Forbes Woman-ის კითხვებს თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე, ნინო მასურაშვილი უპასუხებს.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

ნინო, ინტერვიუ უახლესი ამბით დავიწყოთ – 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში თიბისი საბანკო ორგანიზაციებს შორის პირველ ადგილზეა, საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით. ქალთა მონაწილეობის რა მაჩვენებელზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში და ზოგადად, როგორია ამ მიმართულებით თიბისის სამიზნე ნიშნულები?

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, 2021 წლის FTSE 250 რეიტინგში, თიბისიმ საბანკო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს შორის პირველი ადგილი დაიკავა მმართველ საბჭოსა და ლიდერულ პოზიციებზე ქალების 45.5%-იანი წარმომადგენლობით. ამავე წლის FTSE 250 რეიტინგში,  თიბისი ყველა სექტორის კომპანიებს შორის მერვე ადგილს იკავებს.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მეორე უმსხვილესი ინდექსია და მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიებს აერთიანებს. თიბისი FTSE 250-ს 2017 წელს შეუერთდა. FTSE ქალთა ლიდერობის მიმოხილვა (Women Leaders Review) ბრიტანეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი, დამოუკიდებელ ჩარჩოა, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟის უმსხვილესი ინდექსის მქონე კომპანიებისთვის რეკომენდაციებს ადგენს, რათა მათ ქალების წარმომადგენლობა მმართველ საბჭოებსა და ლიდერულ პოზიციებზე გააუმჯობესონ.  მიმოხილვა პირველად 2022 წლის თებერვალში გამოქვეყნდა და ის ბოლო  10 წლის განმავლობაში  Hampton-Alexander-ის და Davies-ის მიერ ჩატარებულ კვლევებს ეფუძნება. მიმოხილვა ბრიტანეთის 350 უმსხვილესი კომპანიის, 24 000-ზე მეტი ლიდერული პოზიციას მოიცავს.

FTSE 250 რეიტინგში, ქალთა გაძლიერების კუთხით, თიბისის ლიდერი პოზიცია ჩვენთვის განსაკუთრებულად სასიხარულო და საამაყოა. 2020 წლის შემდეგ, ამ მიმართულებით კომპანიის რეიტინგი  მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც თიბისის გაზრდილი ძალისხმევისა  და თანასწორობაზე ორიენტირებული პოლიტიკის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას, როგორც კომპანიის შიგნით, თანაბარი შესაძლებლობებით, თანასწორი და მრავალფეროვანი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფით, ისე ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 71% ქალია, ასევე, საშუალო რგოლის მენეჯერების 36%-ს ქალები წარმოადგენენ.

ზემოთ ხსენებული აღიარების მიზეზებზეც რომ ვისაუბროთ. როგორ ახერხებს თიბისი ქალთა ჩართულობის ზრდას და რა ძირითად ინსტრუმენტებს იყენებთ მათი კარიერული მხარდაჭერისთვის?

თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.  საგანმანათლებლო პლატფორმა თიბისიმ 2019 წელს, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.  ამ პერიოდის განმავლობაში, თიბისის IT აკადემიაში უკვე 640-მა ახალგაზრდამ გაიარა სხვადასხვა კურსი, წარმატებული 220  სტუდენტი კი თიბისი ჯგუფში დასაქმდა.

გარდა ამისა, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის, რომლებიც ეჯაილ სტრუქტურის ნაწილნი არიან, დავნერგეთ 360-გრადუსიანი უკუკავშირის სისტემა. ეს სისტემა თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს უკუკავშირი მისი ხელმძღვანელისგან, კოლეგებისა და გუნდის წევრებისგან. მრავალმხრივი უკუკავშირით თანამშრომლები ინფორმაციას იღებენ იმის შესახებ, თუ როგორ აფასებენ მათ საქმიანობას კოლეგები; გამოავლინონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები და განავითარონ ახალი უნარები, რაც მათ პროფესიულ განვითარებაზე  დადებითად აისახება. 2020 წელს საშუალო რგოლის მენეჯერულ პოზიციებზე დაწინაურებული თიბისელების 50%-ს სწორედ ქალები წარმოადგენდნენ. 2021 წლის განმავლობაში, მთლიანობაში 1 132 თიბისელი დაწინაურდა, მათ შორის 795 ანუ 70% ქალია.

FTSE 250 რეიტინგი არ არის ერთადერთი საერთაშორისო შეფასება, რომელიც თიბისის ქალთა გაძლიერების კუთხით გამორჩეულ საბანკო ორგანიზაციად ასახელებს. იგივე შეფასება მიიღეთ ავსტრიის განვითარების ბანკისა და გერმანიის განვითარების ფინანსური ინსტიტუტისგან. ამ შემთხვევაში რა ფაქტორებმა განაპირობა მიღებული აღიარება?

დიახ, ქალთა გაძლიერების კუთხით თიბისი სამაგალითო კომპანიაა საქართველოში. ავსტრიის განვითარების ბანკის (OeAB) მიერ, გერმანიის განვითარების ფინანსურ ინსტიტუტთან (DEG) ერთად,  2021 წელს  ჩატარებული კვლევაც ამას ადასტურებს. კვლევის მიზანს საქართველოში, სამუშაო გარემოში გენდერული და ქალთა ლიდერობის საკითხების შესწავლა წარმოადგენდა.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

კვლევაში აღნიშნულია, რომ თიბისიში მეგობრული სამუშაო გარემო გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების  მამოძრავებელი ფაქტორია. ამასთანავე, ქალები სულ უფრო მეტად საქმდებიან ისეთ სფეროებში, რომლებშიც აქამდე ძირითადად კაცები იყვნენ წარმოდგენილნი. მაგალითად – რისკების მართვა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები. კვლევა თიბისის მაგალითზე აჩვენებს, რომ გენდერული თანასწორობის საკითხების უზრუნველყოფას დადებითი გავლენა აქვს ინვესტორებსა და საერთაშორისო პარტნიორებზეც.

ნინო, მაინტერესებს, რამ უბიძგა თიბისის, გასცდენოდა ორგანიზაციის საზღვრებს და აქტიურად ჩართულიყო ქალთა გაძლიერებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით?

ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება თიბისის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის არსებობის 30 წლის მანძილზე,  მდგრადი განვითარებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას თიბისიში ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორსაც  ბიზნესის მიმართულების ხელშეწყობას. თიბისისა და სხვადასხვა საერთაშორისო  ორგანიზაციების (UN Women, USAID) პარტნიორობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც, რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ბიზნესებში ქალების უფრო მეტად ჩართულობას განაპირობებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობა რა ახალ შესაძლებლობებს აჩენს ამ მიმართულებით?

ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ 2022 წელს, თიბისი პირველი კერძო კომპანია გახდა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. სტრატეგიულ პარტნიორობას შემდეგი მიზნები აქვს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში; ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიულ პარტნიორობას წინ უძღოდა 2021 წელს, თიბისის მიერ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერა. აღნიშნული პრინციპები ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესებისთვის, შექმნან ისეთი ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომლებიც ქალებს და კაცებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს, დაიცავს ქალების და კაცების თანასწორ უფლებებს სამუშაო სივრცესა და სოციუმში და იზრუნებს მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.

აუცილებლად უნდა ვისაუბროთ თიბისის მიერ მხარდაჭერილ პროექტებზეც – წელს მეორედ ტარდება გრეის ჰოპერის დაჯილდოება. რა არის ამ ჯილდოს მიზანი და როგორ ეხმიანება ის თიბისის ხედვასა და ღირებულებებს?

საქართველოში გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, თიბისის, მაშავის ცენტრისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით 2021 წელს დაწესდა. ეს პროექტი პირდაპირ შეესაბამება თიბისის,  როგორც ტექნოლოგიური კომპანიის პრიორიტეტებს, მხარი დაუჭიროს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში. მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, მონაწილეობა მივიღოთ ამ წამოწყებაში. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, გავაძლიეროთ ქალების ჩართულობა ტექნოლოგიებში და იმედი გვაქვს, რომ მათი მხრიდან კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ამ მიმართულებების მიმართ მომავალში. გრეის ჰოპერის ჯილდოს პროგრამა უზრუნველყოფს მონაწილეების აღიარებას ამ სფეროებში და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით, დაეხმარება მათ პროფესიულ ზრდასა და ბიზნესპერსპექტივების გაფართოებას.

ჯილდოს მიზანია წარმოაჩინოს ადგილობრივი გოგონები და ქალები საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში (ICT) და გამოავლინოს ის ორგანიზაციები, პროგრამები და ინიციატივები, რომლებიც ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გენდერული თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ. პროგრამა ამერიკელი კომპიუტერული მეცნიერისა და პირველი ამერიკელი კომპიუტერული პროგრამისტი ქალის –  გრეის ჰოპერის სახელს ატარებს.

თიბისი, წელსაც, ტექნოლოგიური სტარტაპისა და მომავლის ლიდერის ნომინაციებში გამარჯვებულებს დაუჭერს მხარს და მათ საჭიროებებზე მორგებულ პროგრამებს შესთავაზებს.

თიბისი ფართოდ უჭერს მხარს ტექნოლოგიებში ქალების ჩართულობის ზრდას. მაგალითისთვის კმარა პროექტები 500 ქალი ტექში და თავად თიბისის IT აკადემია.  რა ძირითად მიზანს ემსახურება ეს ინიციატივები და რატომ აარჩიეთ ფოკუსირება ტექზე?

ტექნოლოგიური მიმართულების განვითარება, თიბისის,  როგორც ტექნოლოგიური კომპანიის პრიორიტეტია, ამიტომ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქალების ჩართულობას ტექნოლოგიებში, განსაკუთრებით კი, ICT სფეროში. ამ მიმართულებით განვითარებისთვის საჭიროა ახალი ტალანტების მოზიდვა, მათთვის პროფესიული განვითარების გარემოს შექმნა, ახალი პროფესიებისა და პოზიციების შექმნა, და თანამშრომლების მოტივირება, განვითარდნენ ტექნოლოგიური მიმართულებით, რადგან ტექნოლოგიები არსებითია ბიზნესისა და ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი / Forbes Georgia

ნინო, გარდა კონკრეტული ინიციატივების მხარდაჭერისა, თიბისი თავისივე პროექტებითაც აქტიურად ცდილობს ქალთა მხარდაჭერას. უკვე ვისაუბრეთ თიბისის აიტი აკადემიაზე. ამჯერად, ლიდერობის სკოლაზე რომ მოვუყვეთ Forbes Woman-ის მკითხველს.

2021 წელს ტალანტების მართვის ახალი პროგრამა დავიწყეთ, რომელიც მიზნად ისახავს კომპანიის გამორჩეული ტალანტების გამოვლენას და მათ განვითარებას. წამყვან საერთაშორისო ტრენინგკომპანიასთან პარტნიორობით, საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის შევიმუშავეთ ლიდერობის ვრცელი, ოთხმოდულიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს: სტრატეგიულ მართვას, ცვლილებების მართვას, კოლაბორაციისა და თანამშრომლობის განვითარებასა და ლიდერობას. ვგეგმავთ, შერჩეულ კანდიდატებზე მორგებული განვითარების პროგრამების დანერგვას და მათთვის საჭირო უნარების განსავითარებლად მიზნობრივი როტაციის შეთავაზებას. ლიდერობის აკადემიაში დღემდე 8 კურსი მიმდინარეობს, მონაწილეთა რაოდენობა  112-ს შეადგენს, მათ შორის 62 ქალია.

ბოლოს მინდა გკითხოთ, რა არის თიბისის გრძელვადიანი ხედვა ქალთა გაძლიერების მიმართულებით?

2021 წელს თიბისიში  გენდერული პოლიტიკა შევიმუშავეთ – სახელმძღვანელო დოკუმენტი გენდერული თანასწორობის პროაქტიული და თანმიმდევრული ინტეგრაციისთვის, თიბისის საქმიანობის ყველა ასპექტში – ორგანიზაციის შიგნით, ბაზარსა და ზოგადად საზოგადოებაში.

თიბისის გრძელვადიანი მიზანია, მოვიზიდოთ მეტი ნიჭიერი ადამიანი ჩვენს კომპანიებში, გავზარდოთ კომპანიის კონკურენტუნარიანობა, დავნერგოთ ისეთი მოდელი, რომელიც ასახავს ჩვენი თანამშრომლებისთვის, მოქალაქეებისა და ოჯახებისთვის სასურველ საზოგადოებას, ასევე, ხელი შევუწყოთ მდგრად განვითარებას.

თიბისის პასუხისმგებლობაა, თითოეულ თანამშრომელს და მომხმარებელს თანასწორი, უსაფრთხო და ღირსეული გარემო შეუქმნას და ამავდროულად, მოტივაციის მიმცემი და სამაგალითო იყოს სხვა კომპანიებისთვის.