ევროპის უდიდესი ტექნოლოგიური კონფერენცია Web Summit კორონავირუსის გამო დეკემბერში სრულად ონლაინ რეჟიმში გაიმართება. კონფერენციის დამაარსებელმა, პედი კოსგრეივმა, განაცხადა, რომ Web Summit კვლავ ლისაბონში, პორტუგალიის დედაქალაქში, ჩატარდება, თუმცა ევროპის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების დრამატული მატების გამო, მათ უნდა იფიქრონ იმაზე, თუ რა იქნება უკეთესი დამსწრეებისა და პორტუგალიელებისათვის.
სამიტის დამაარსებელმა ივნისში დააანონსა, რომ ღონისძიება დეკემბერში ლისაბონში გაიმართებოდა. მას შემდეგ, კონფერენციის ორგანიზატორები სხვადასხვა საკითხზე სასაუბროდ შეხვდნენ პორტუგალიის მთავრობის წარმომადგენლებსა და ლისაბონის მერს.
ღონისძიებამ 2016 წელს დუბლინიდან ლისაბონში გადაინაცვლა და მას ყოველწლიურად დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ესწრება. მათ შორის არიან წამყვანი ტექ-კომპანიებისა და სტარტაპების სპიკერები. Web Summit წელს საკუთარ საკონფერენციო პლატფორმაზე ონლაინ სივრცეში ასი ათას დამსწრეს უმასპინძლებს. ორგანიზატორთა განცხადებით, ღონისძიების დამსწრეებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ 800-მდე სპიკერს, მათ შორის Zoom-ის აღმასრულებელ დირექტორს, ერიკ იუანსა და ამერიკელ კინოვარსკვლავ კრის ევანსს.
პორტუგალიაში ამჟამად კორონავირუსის 80 ათასზე მეტი შემთხვევა აღირიცხება. „ყველაზე უსაფრთხო გზა Web Summit-ის ონლაინ რეჟიმში ჩატარებაა. ფიზიკურად კი სტუმრებს 2021 წელს ვუმასპინძლებთ ლისაბონში.“ – განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა.