მოხალისეები კორონავირუსის  პირისპირ

პანდემიამ მსოფლიო წესრიგი შეცვალა. რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრებაც და თავდაყირა დადგა გაწერილი მიზნები ან დაუგეგმავი ფიქრები. თუმცა, ერთია, საუკუნის კრიზისმა საზოგადოება მოხალისეობრივი საწყისებით გააერთიანა. სტატიაში მოგიყვებით იმ მოხალისეებზე, რომლებიც სხვებთან ერთად კორონავირუსთან ბრძოლის ხაზზე იმყოფებიან.

რა ხდებოდა მარნეულში?

„ყველაზე რთული ჩაკეტილ ქალაქში გაღვიძება იყო“- იხსენებს კარანტინის პირველ დღეს, მარნეულში წითელი ჯვრის მოხალისე, მსახიობი ქეთი აბაშიძე. – პირველივე წუთებში, ყველაზე იმედისმომცემი ზარი და შეტყობინება საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტისგან მივიღეთ: „მეგობრებო, გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, თქვენ გვერდით ვართ, ჩვენ თქვენთან მოვდივართ და ერთად ყველაფერს შევძლებთ.“ იმ მომენტში ვიგრძენი ის საოცარი  ძალა და მოტივაცია, რომელიც დღემდე მომყვება.

ქეთი გვიყვება, რომ „მაშინ როცა, ადგილობრივები ბაირამის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ და ქალაქში კორონავირუსით, მხოლოდ, 1 ინფიცირებულისგან 1700 კონტაქტი გამოიკვეთა, მოსახლეობაშიც გაჩნდა შეკითხვები -ახლა, რა ვქნათ? ახლა, რა მოხდება? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, ამ დროს საინფორმაციო კამპანია უკვე დასრულებული გვქონდა და მოსახლეობამდე მისული იყო პრევენციისა თუ უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია, ვიგრძენი, რომ დატყვევებული ქალაქის პირველ დილას, წითელი ჯვრის ჟილეტების დანახვამ ადამიანების შიში შეარბილა. თუ მანამდე, სხვადასხვა სავაჭრო წერტილში ვიზიტისას ვთხოვდით რეგულარულად შეეცვალათ პირბადეები ან არ გამოეყენებინათ დაზიანებული ხელთათმანი და ზოგჯერ  გულგრილად გვარიდებდნენ თავს, კარანტინის პირველივე დღეს, რეალური საფრთხის შეგრძნებამ დამოკიდებულებები რადიკალურად შეცვალა.  ახლა მშვიდად ვართ. მივეჩვიეთ ცხოვრების ამ რეჟიმს, უფრო ფრთხილები გავხდით, ალბათ, ზუსტად ისევე, როგორც ყველგან“.

რა არის მოხალისის მოტივაცია?

სანამ ქეთი მარნეულსა და მიმდებარე სოფლებში, გადამზადებულ მოხალისეებს საქმეს უნაწილებს, თბილისში, მსახიობი ლაშა გურგენიძე პირადი უსაფრთხოების ეკიპირებას ირგებს და ინტერვიუს მომენტში მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებთან წასასვლელად ემზადება. „მოხალისედ დარეგისტრირება ორი მიზეზით გადავწყვიტე. პირველი ეგოისტურია, გადატვირთული განრიგის შემდეგ სახლში ყოფნა შეუძლებელი მეჩვენებოდა და მეორე, მივხვდი, რომ თუ ჩემთვის რისკი იყო ჯანმრთელობა, სხვისთვის ეს რისკი სიცოცხლისთვის საშიში ხდებოდა“. იმხელა სითბოს,  სიყვარულს, მადლიერებას ვგრძნობ ჩვენი ბენეფიციარებისგან, ისეთ ენერგიას მაძლევენ, რომ დღის ბოლოს, 15-20 კგ. ყუთების სართულებზე ფეხით ატანა თუ მიწევს, დაღლასაც ვერ ვგრძნობ. მარტოხელებთან როგორც წესი, 1 ამანათს ვტოვებთ ხოლმე და ერთხელ მისამართზე რომ ორი ამანათი დავინახე გამიკვირდა. კარი 85 წლის ქალმა გამიღო და აღმოჩნდა, რომ თვითონ დასახმარებელს, არა ოჯახის წევრი ან ნათესავი – უცხო ადამიანი, 92 წლის ქალი ყავდა შეფარებული, რომელიც სკამზე დაყრდნობილი ძლივს გადაადგილდებოდა და შემოისახლა, რომ თვითონ მოსავლელს – სხვაზე ეზრუნა. არადა, ასეთი კრიზისის დროს ბევრი ჩვენგანი, პირველ რიგში, ხომ საკუთარ თავზე ვფიქრობთ, ჩვენთვის ვიგროვებთ საკვების მარაგს და ადამიანობის ამხელა გამოვლინებამ შემძრა. დამიჯერეთ, იმ განცდების 2%-საც  ვერ გადმოგცემთ, რასაც მათგან ვიღებ და ცნობილი ფრაზის არ იყოს საკითხავია, ჩვენ ვეხმარებით სხვას თუ ისინი გვეხმარებიან ბევრი რამის გაცნობიერებაში. ტკივილი, დეპრესია, შიში, სადღაც ქრება და გრძნობ, რომ ისევ საჭირო ხარ, რომ ამ დიდ პროცესში მნიშვნელოვანი რგოლი ხარ. ყოველდღიურად მათთან შეხვედრა იმხელა სტიმულს მაძლევს, რომ არა 2 მეტრიანი დისტანციის ვალდებულება, მაგრად ჩავეხუტებოდი.“

რა ხდება მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იკრძალება?

24 წლის შაკო ომარაშვილი საგურამოდან წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეთა რიგებს 2 მარტს შეუერთდა. ამბობს, რომ ტრენინგების გავლის შემდეგ პირველი დღე გადამწყვეტი იყო. როცა დარწმუნდა, რომ მთელი ძალისხმევა მოწყვლადი ჯგუფის დასახმარებლად უნდა მიემართა.  „შემდეგ,  საგანგებო რეჟიმი გამოცხადდა და ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. საგურამოდან წამოსვლა ავტოსტოპით გადავწყვიტე, ორგანიზაციიდან გამაფრთხილეს და  სახლში დარჩენა მთხოვეს, მაგრამ როცა იცი, რომ შენ შეგიძლია სხვისი დახმარება, გადარჩენა, ეს ისეთი მოტივაციაა შეუძლებელია შეგაფერხოს გზამ საგურამოდან თბილისამდე  და მეც ფეხით ჩამოვედი. რომ დაინახეს დანებებას არ ვაპირებდი,  წითელი ჯვრის დახმარებით თბილისში, დროებით საცხოვრებლად  სახლი გამომიყვეს და ახლა მარტოხელა მოხუცებისა და ბენეფიციარებისთვის პროდუქტებს ვაგროვებ. წარმოუდგენელ სტიმულს გაძლევს ხალხის დამოკიდებულება – როცა გეკითხებიან, სურსათის გარდა,  რა ფორმით შეუძლიათ ბენეფიციარების დახმარება, გრძნობ, მხოლოდ შენთვის კი არ ხარ იქ, თავი რომ მნიშვნელოვნად იგრძნო, არც მხოლოდ ბენეფიციარებისთვის, იმ ადამიანებისთვისაც ხარ იქ,  ბოლო თეთრებით სხვას რომ საკვებს უნაწილებენ, რიგითი მოქალაქეებისთვის, რომელებიც თავს კარგად გრძნობენ თუ სხვის დახმარებას შეძლებენ.“   

როდის გადის მოხალისე თვითიზოლაციაში ?

დავით ედილაშვილი წითელი ჯვრის რუსთავის ფილიალის მოხალისე 3 წლის წინ გახდა.  ამბობს, რომ ამ პერიოდში გავლილი ტრენინგებით და სიმულაციური ვარჯიშებით დაგროვებული კვალიფიკაცია გამოსაყენებლად ასე საჭირო არასდროს ყოფილა. „ჩართული ვიყავი სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობაში, თუმცა იმ დროს, როცა რუსთავის საკრებულოს წევრზე, როგორც კორონავირუსის შესაძლო შემთხვევაზე ინფორმაცია გავრცელდა, მე სხვა დეპუტატთან ერთად, მარტოხელა ხანდაზმულებთან ამანათები მიმქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტი არცერთს გვქონია, თვითიზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია მაინც მოგვცეს. ვცდილობ, დისტანციურად მუდმივად ვიყო პროცესებში ჩართული და ველოდები ვადის ამოწურვას. ვერ წარმოიდგენთ, როგორი გრძნობაა, როცა ხვდები, რომ შენი მონაწილეობით კიდევ ერთ ოჯახში მივიდა სიცოცხლისთვის აუცილებელი სასურსათო ამანათი.“

იყვნენ თუ არა პანდემიისთვის მზად მოხალისეები?

ჟურნალისტი ნინი ქავთარაძე მოხალისეობრივ საქმიანობაში ერთი წლის წინ ჩაერთო. საქართველოში COVID-19-ის გავრცელებამდე, 7 დღიანი ბანაკის ფარგლებში, კორონავირუსთან საბრძოლველად საჭირო პირველადი დახმარებისა და ფსიქო-სოციალური დახმარების ინტენსიური ტრენინგ კურსი გაიარა. „ჩემი ტრენინგის ბოლო დღეს დაფიქსირდა პირველი შემთხვევა და მაშინვე ჩავერთეთ სხვადასხვა საჭირო საქმიანობაში, იქნებოდა ეს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თერმო-სკრინინგი თუ ბენეფიციარების დახმარება“.  ნინი გვიყვება, რომ ამ ეტაპზე, დილის 10 საათიდან ისნის რაიონის გამგეობაშია. მის ფუნქციებში შედის მოხალისეების კოორდინირება, ამანათების მიღება, დახარისხება, გადანაწილება, დარიგების ორგანიზება და მიმდინარე დღის გეგმის მონიტორინგი. „როგორც წესი, არასოდეს ვფრთხილობ, მაგრამ ახლა ისეთი გამძაფრებული მაქვს ეს გრძნობა, თავს ვერ ვაპატიებ, რომ გავცივდე და ვეღარ შევძლო ამ პროცესებში ჩართვა. 2019 წელს ოჯახის 4 წევრი დავკარგე და პრაქტიკულად სახლში, დეპრესიაში გავატარე მთელი წელი. ვიცი, რას ნიშნავს სიცოცხლის ყოველი წუთი და რამდენად მნიშვნელოვანია, არ დარჩე პრობლემასთან მარტო. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც ვარ ველზე ენერგიის ბოლო წვეთამდე..“

მოხალისეები საზღვრისპირა რეგიონებში

საქართველოს წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალის მოხალისე მაია ღუბელაძე საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული წარმომადგენელია.  მან კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად წითელი ჯვრის ინტენსიური კურსი გაიარა  და ახლა უკვე, არასამთავრობო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფების თუ სხვადასხვა ახალგაზრდული წარმომადგენლობისთვის პრევენციის, თავდაცვისა და უსაფრთხოების შესახებ ონლაინ კურსს უძღვება.  გარდა ამისა, სხვა მოხალისეებთან ერთად აწესრიგებს რიგებს ბანკებთან, მაღაზიებთან და თავშეყრის ადგილებში. თუმცა, როგორც აღნიშნავს, ყველაზე ემოციური საზღვრისპირა სოფლებში სტუმრობაა,  სადაც ერთი ხიდი, ენგურს გაღმა და გამოღმა საქართველოს ჰყოფს. „განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სოფლები – ხურჩა და რუხი. არის შემთხვევები, როცა საზღვრის ორივე მხარეს ერთი ოჯახია , გაყოფილი ოჯახები და ძალიან რთულია მათი ისტორიების მოსმენა. ჩვენ ხომ მხოლოდ ამანათი არ მიგვაქვს მათთან, ვაცნობ თავდაცვის და პრევენციის საშუალებებს და ამ ყველაფრის მოსმენისას მათი სურვილი, რომ ენგურს მიღმა დარჩენილ ოჯახს, რაც შეიძლება სწრაფად გადასცეს მიღებული ინფორმაცია, არის ძალიან ამაღელვებელი… ძალიან რთულდება ვითარება, როცა საზღვარი იკეტება და ენგურს მიღმა დარჩენილებს სახლში კვირების განმავლობაში ელოდებიან. ახლაც, აფხაზეთმა საზღვარი ჩაკეტა და გახლეჩილად დარჩენილი ოჯახები გაურკვეველი ვადით დარჩნენ მეორე მხარეს.  მე ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე და ღრმად მწამს, რომ მომავალი არ არის ჩაკეტილი საზღვრების, მომავალი არის ღია და თავისუფალი ურთიერთობების, ურთიერთობების რომელიც ადამიანებს აახლოებს.“

მსოფლიოს 192 ქვეყანაში წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო მოძრაობა 14 მილიონ მოხალისეს აერთიანებს.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ქვეყნის მასტშაბით, 39 ფილიალით  და 15 000 მოხალისით არის წარმოდგენილი. მათგან 5000-მა უკვე გაიარა COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ ტრენინგი.

რას მოიცავს მოხალისეობრივი საქმიანობა ?

საქართველოში, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, წითელი ჯვრის რეაგირების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მოხალისეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა საქმიანობაში. მათი მონაწილეობით დარიგდა საინფორმაციო ბროშურები, რომელიც მოსახლეობას კორონავირუსისგან თავის დასაცავად რეკომენდაციებს აცნობდა, მათ შორის, სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ და აფხაზურ ენებზე; ისინი ახორციელებენ თერმო-სკრინინგს, როგორც სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე, ასევე კარანტინში მყოფი პირებისთვის; მარტოხელა ხანდაზმულებსა და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებთან საკვები მიაქვთ; სუპერმარკეტებში სურსათს აგროვებენ და  უსაფრთხოების სრული ციკლის დაცვით, ამანათები მიდის ბენეფიციარებთან; მოხალისე ფსიქოლოგები კი ფსიქო-სოციალური დახმარების პროცესში არიან ჩართულები.

საქართველოს წითელი ჯვრის პრეზიდენტი ნათია ლოლაძე მოხალისეების როლზე საუბრისას ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია, არა მხოლოდ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა, არამედ მოხალისეების გვერდით ყოფნა, რომ მოხალისე, მსოფლიო მასტშაბით, ორგანიზაციის მისიის ფუნდამენტი, მთავარი ძალა და დასაყრდენია.

„მეამაყება, რომ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები ჩვენი დროის გმირების, 14 მილიონიანი მოძრაობის ღირსეულ ნაწილს წარმოადგენენ და მათი ყოველდღიური საქმიანობა ნამდვილად არის გმირობის ტოლფასი. ჩემი უპირველესი ამოცანაც სწორედ მათზე ზრუნვაა და  ვცდილობ  მუდმივად მქონდეს მათთან კონტაქტი. ეს ადამიანები ჩვენი დიდი ოჯახის ძალიან ღირსეული წევრები არიან და მათ მიერ გადადგმული ყოველი ახალი ნაბიჯი, თითოეული წარმატება, საოცარი სიამაყით მავსებს. ისინი, ახლაც, ჩვენთან ერთად არიან კორონავირუსის პირისპირ  და ამ საოცარი ძალისხმევისთვის, ორგანიზაციის სახელით, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო.“

თუ  შენც გინდა  გახდე მოხალისე, გსურს, რომ დაეხმარო ჩვენი საზოგადოების ყველაზე მოწყვლად, მაღალი რისკის ქვეშ მყოფ წევრებს და მზად ხარ გაიარო ონლაინ ტრენინგ-კურსი – პირადი უსაფრთხოებისა და ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ,  რეგისტრაციისთვის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება გთავაზობს პლატფორმას – www.help.redcross.ge, სადაც ტრენინგ-მოდულის წარმატებით გავლის შემთხვევაში, COVID-19-ის რეაგირების ჯგუფის წევრი გახდები.

მჯერა, რომ სანამ სამყარო ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება და პრინციპში,  ამის შემდეგაც, გმირები ჩვენს შორის არიან.

#მადლობამოხალისეს

სპეციალურად Forbes Woman-ისთვის,
ნინი ხუგაშვილი