„გატაცება ვამჯობინე ფულსა და შემოსავლიან კარიერას“ – ვალერი ვლასენკოს „კოსმოსური მოგზაურობა“

შეუცნობლის მიმართ ცნობისმოყვარეობამ და იმის კეთების სურვილმა, რაც გულწრფელად აინტერესებს, ვალერი ვლასენკო კოსმოსამდე მიიყვანა. ჟურნალისტი, კოსმოსის იურისტი, Vspace Media-ს დამფუძნებელი – იგი მუშაობს იმისთვის, რომ მისი ყოველი ნაბიჯი კოსმოსის კვლევას ჰგავდეს – იყოს ამ პროცესივით ღირებული და გაბედული. კოსმოსის უსასრულო შესაძლებლობებზე საუბრის გარდა, ვალერიმ ცოტა რამ თავის შთამბეჭდავ კარიერულ არჩევანზე, Vspace Media-ზე, Touch-ის მოახლოებულ ტექ-სამიტსა და იდუმალებით მოცულ კოსმოსზეც გვიამბო.

Photo Credtis to Arctic15 Space / Photo by Wasim Al-Nasser

რამ გამოიწვია კოსმოსის მიმართ თქვენი ინტერესი, როდის და როგორ მიხვდით, რომ ეს სწორედ ის იყო, რისი კეთებაც გინდოდათ?

ბავშვობაში შეუცნობლის მიმართ ყოველთვის უსაზღვრო ცნობისმოყვარეობით გამოვირჩეოდი, მათ შორის იყო კოსმოსიც. ხუთი წლის ასაკში ასტრონავტობა მინდოდა, მაგრამ, ჩემს სურვილს, რა თქმა უნდა, სერიოზულად არავინ უყურებდა, ისევე, როგორც მე.
კოსმოსზე სერიოზულად პირველად უნივერსიტეტში სწავლისას, მეხუთე კურსზე დავფიქრდი. საერთაშორისო სამართალს ვსწავლობდი და უკვე მეორე კურსზე მუშაობა კორპორაციული იურისტის თანაშემწედაც დავიწყე. იურიდიული საქმიანობა საერთოდ არ აღმოჩნდა ისეთი, როგორსაც ფაკულტეტზე ჩაბარებამდე წარმოვიდგენდი. ორი წლის შემდეგ მთლიანად გამოვიფიტე და ცვლილებები მჭირდებოდა. ასე რომ, სამსახური საბოლოოდ მივატოვე და სწავლას დავუბრუნდი. სწორედ ამ პერიოდში გავაკეთე ჩემი ცხოვრებისთვის გადამწყვეტი არჩევანი. დისერტაციის თემის შერჩევის დრო მოსულიყო, რაც საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა. სასკოლო წიგნის თვალიერებისას გადავაწყდი პატარა თავს, სახელწოდებით „საჰაერო და კოსმოსური სამართალი“.

საჰაერო და კოსმოსური სამართალი? არსებობს ასეთი რამ? არსებობდა, თუ არა – ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ეს სწორედ ის იყო, რაც მჭირდებოდა; ეს ჩემი თემა იყო – კოსმოსური სამართალი. ძალიან უცნაურად და, ამავდროულად, განსხვავებულად ჟღერდა და სამართალს თითქმის სახალისოსაც კი ხდიდა. ზედმეტი ფიქრის გარეშე თემა ლექტორს წარვუდგინე, რომლითაც ისიც აღფრთოვანდა და მწვანე შუქი ამინთო.

საქმეს შევუდექი და გაკვირვებამაც არ დააყოვნა. ეს ყველაფერ ბევრად ადრე მოხდა, მანამ, სანამ კომპანიები, როგორებიცაა Virgin Galactic და SpaceX გაზეთების სათაურებში მოხვდებოდნენ. კოსმოსური სააგენტოები მიუწვდომელი ჩანდა, იქ მხოლოდ რამდენიმე იღბლიანს შეეძლო მოხვედრა. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ, მაშინ ჯერ კიდევ არავინ საუბრობდა კერძო კოსმოსზე. კოსმოსური სამართალი კარიერული თვალსაზრისით პერსპექტიულად არ გამოიყურებოდა, თუმცა გადავწყვიტე, საკუთარ ინტუიციას მივნდობოდი და მესწავლა ის, რაც გულწრფელად მაინტერესებდა. გატაცება ვამჯობინე ფულსა და შემოსავლიან კარიერას. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ სად მიმიყვანდა ეს გადაწყვეტილება.

წლების შემდეგ მივხვდი, რომ კოსმოსი სინამდვილეში უზარმაზარი ინდუსტრიაა, თუმცა შედარებით ახალი. ვგრძნობდი, რომ ის შესაძლებლობებით იყო სავსე და რაც უფრო მეტად ვიკვლევდი, მით უფრო მომაჯადოვებელი ხდებოდა.

როგორ გაგიჩნდათ VSpace-ის შექმნის იდეა და რა არის თქვენი მთავარი მიზანი?

VSpace უკვე 5 წელია, რაც არსებობს და სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მივხვდი, რომ კოსმოსი ძალიან მალე ჩვენი მომავალი იქნებოდა. ჩემი მთავარი მიზანი თავიდანვე ის იყო, რომ სხვა ადამიანებისთვის კოსმოსი ხელმისაწვდომი და ხელშესახები გამხდარიყო. მინდოდა, დავხმარებოდი მათ იმის გარკვევაში, თუ რას წარმოადგენდა მათთვის კოსმოსი, რა ადგილი გვიჭირავს კოსმოსში და რას ვაკეთებთ მის უკეთესად შესაცნობად.

ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ანდაზა ამბობს: „ჯერ გადახტი და ფრთები შემდეგ გამოისხი“. ამ ანდაზაში ორი ასპექტია, რომელთაც მუშაობისას ვიყენებ, ესენია: გამბედაობა და ღირებულის შექმნის უნარი, მიუხედავად გარემოებებისა. Vspace-ში ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, იყოს ღირებული და მის შესრულებას გამბედაობა სჭირდებოდეს – ეს პროცესი კოსმოსის კვლევის უნდა ჰგავდეს.

საკუთარ თავს ერთი კონკრეტული პროექტითა თუ მომსახურებით არ ვზღუდავ, მაგრამ დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ჩემს მთავარ მიზანსა და პრინციპებს შეესაბამება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემთვის ცენტრალური მარკეტინგისა და პიარის სფეროში კოსმოსური კომპანიების დახმარება იყო, ახლა კი ვგრძნობ, რომ მზად ვარ, ბავშვთა განათლების სფეროში საკუთარი კოსმოსური სტარტაპი წამოვიწყო, რომელსაც AstroBox ჰქვია.

რა სახის შესაძლებლობებს გვთავაზობს კოსმოსი ჩვენ, ადამიანებს?

არის საკითხები, რომლებიც ვიცით და საკითხები, რომლებიც არ ვიცით. კოსმოსი ორივეს ახალ შრეს უმატებს – იმას, რაც ჩვენ არ ვიცით, რომ არ ვიცით. შეუცნობლის საბოლოო შესწავლის შემდეგ, უკეთესად გავიგებთ, რაც უკვე ვიცით და აღმოვაჩენთ სიახლეებს, რომლებიც ჩვენს წარმოსახვის უნარს სცდება.

ამრიგად, კოსმოსი გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ მეტი საკუთარი თავის შესახებ მეცნიერების, კვლევის, ან სოციალური და ეკონომიკური განვითარების ჭრილში.

კოსმოსისთვის შექმნილი ტექნოლოგიები ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ინდუსტრიაზე, როგორებიცაა მობილობა, ჯანმრთელობა, ლოჯისტიკა, მედიცინა და სხვა მრავალი – საზღვარი არ არსებობს. კოსმოსური პროგრამების წყალობით, ჩვენ დღეს სწრაფმავალ მატარებლებსა და თვითმფრინავებში სწრაფი ინტერნეტი გვაქვს; მათი მეშვეობით შეგვიძლია ავირიდოთ სტიქიური უბედურებები და გარემოსთან დაკავშირებული სხვა გამოწვევები, მაგრამ ეს მხოლოდ ტექნოლოგიაზე აღარაა დამოკიდებული. საუბარია სხვადასხვა მოთამაშეთა შორის თანამშრომლობის ახალ გზებზე, რათა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში კოსმოსი უფრო ხელმისაწვდომი იყოს. რაც მთავარია, კოსმოსი ჩვენს ცნობისმოყვარეობასა და შეუცნობლის შესწავლის შინაგან სურვილს აკმაყოფილებს – სწორედ აქ იმალება ყველაზე საინტერესო შესაძლებლობები.

სარგებლობს თუ არა კოსმოსი საზოგადოების იმ ყურადღებით, რომელსაც იმსახურებს, როგორ შეიცვალა საზოგადოების ცნობისმოყვარეობა კოსმოსში პირველი ადამიანის გაგზავნის შემდეგ?

კოსმოსი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, რადგან ის უფრო და უფრო ცნობილი ხდება. კოსმოსში დღეს იმაზე მეტი ფული ტრიალებს, ვიდრე ოდესმე, ხოლო სადაც ფულია, იქაა – არა მხოლოდ მედიის, არამედ კერძო საწარმოების ყურადღებაც. ისეთი კომპანიების საშუალებით, როგორიცაა SpaceX, Nanoracks, Boeing – კოსმოსი უფრო მეტად კერძო ხასიათს იძენს. კერძო კომპანიებმა იციან, როგორ აიმაღლონ ხმა, ეს კი ახალგაზრდა მეწარმეებს ამ მომხიბლავ სფეროში მოხვედრის შესაძლებლობას აძლევს. მართალია, ჯერ იქ არ ვართ, სადაც საჭიროა, მაგრამ სწორი მიმართულებით მივდივართ. ცოტა მეტი საწვავით, მჯერა, რომ კოსმოსი დედამიწის დომინანტი ინდუსტრია გახდება.

როგორ ზრდის კოსმოსთან დაკავშირებული სტარტაპები, ჰაკათონები და სამიტები საზოგადოების ინტერესს კოსმოსის მიმართ?

ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ინდუსტრიაში, კოსმოსს მოთამაშეთა საკუთარი ეკოსისტემა გააჩნია – განათლებისა და კვლევის ინსტიტუტები, კოსმოსური სააგენტოები, სტარტაპ ჰაბები, მეწარმეები, ინვესტორები და ა.შ. საერთაშორისო ტექნოლოგიური ღონისძიებები, როგორიცაა TechTouch, რომლებიც აერთიანებენ საწარმოსა და ინოვაციის სფეროების წარმატებულ კომპანიებს, ზემოთ ჩამოთვლილთა გადაკვეთის წერტილი ხდება. ისინი ეკოსისტემასთან ურთიერთობის, იდეების განხილვის, საკითხში გარკევისა და სწორი კავშირების დამყარების ეფექტურ საშუალებებსა და გზებს გვთავაზობენ. სწორი მიდგომით ამგვარმა კავშირებმა შესაძლოა შედეგად ნაყოფიერი თანამშრომლობა გამოიღოს.

ჰაკათონები შესანიშნავია ახალი იდეების დატესტვისთვის, ასევე ნაწილობრივ მაინც – მათი განხორციელებისთვის. ისინი გვასწავლიან გუნდურ მუშაობასა და საქმის მოკლე დროში გაკეთებას. ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, კოსმოსური მეწარმეებისთვის.

იფიქრეთ ამაზე, როგორც ბიზნესის დაწყებისა და მართვის სწრაფ სიმულაციაზე. რაც უფრო მეტი მსგავსი შესაძლებლობა გვაქვს, მით მეტი ბიზნესი იქცევა სიმულაციებიდან რეალობად. ჰაკათონები ხშირად უნივერსიტეტებთან და კომპანიებთან თანამშრომლობითაა ორგანიზებული, რომლებიც შესაძლოა, შექმნილი სერვისების პოტენციური კლიენტები გახდნენ, სწორედ ამიტომ კოსმოსური კომპანიები ბაზარზე უფრო სწრაფად გაგვაქვს.

ჰაკათონები შესანიშნავია არა მხოლოდ სტუდენტებისა და მეწარმეებისთვის, არამედ მსხვილი კომპანიებისთვისაც, რადგან ეს ყველაფერი მათ ახალი იდეებისა და მუშაობის ახალი გზების შემოღებისკენ უბიძგებს. რაც უფრო მეტია მათი ჩართულობა, მით უკეთესი. ჰაკათონები, სტარტაპები, სამიტები, გამოსვლები, პანელები – ჩვენი ხმაური ხალხის აქტიურობასაც წაახალისებს. სხვა მრავალი ინდუსტრიისგან განსხვავებით – კოსმოსური ხმაური რეალურია.

როგორც ჟურნალისტს, ინტერვიუები თქვენი ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი სახეებისგან გაქვთ აღებული. ვინ იყო მათგან ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო და რატომ?

ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამოცდილება იყო ჩემი პირველი ინტერვიუ ნამდვილ ასტრონავტთან – ევროპული კოსმოსური სააგენტოს იტალიელ ასტრონავტ ლუკა პარმიტანოსთან, რომელიც იმ დროს ყველაზე ახალგაზრდა იყო მათ შორის, ვისაც ხანგრძლივ მისიაში მონაწილეობა მიეღო. იგი წელს მეორე კოსმოსური ფრენიდან დაბრუნდა. პარმიტანო ასევე ერთადერთი ადამიანი იყო, რომელიც კოსმოსში დახრჩობას გადაურჩა. 2013 წლის ივლისში EVA-ს (კოსმოსური ხომალდის ბორტს მიღმა მიმდინარე მოქმედების) დროს მის სკაფანდრში წყალმა შეაღწია – ეს ჯერჯერობით, ადამიანის თავს გადამხდარი ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საგანგებო შემთხვევაა კოსმოსურ ისტორიაში.

ლუკას გადარჩენის ისტორიის გარდა, გაგიმხელთ იმ ფასდაუდებელ რჩევებსაც, რომლებმაც დამანახეს, თუ რას ნიშნავს ასტრონავტობა რეალურად. ეს რჩევები ჩემს კარიერაში ძალიან გამომადგა და იმედი მაქვს, რომ ისინი თქვენთვისაც ფასეული იქნება.

უპირველეს ყოვლისა, ასტრონავტი ბევრ სფეროში უნდა ერკვეოდეს: მედიცინაში, ინჟინერიაში, ლიდერობის ხელოვნებაში, პრობლემების გადაჭრაში, ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში, ასტროფიზიკაში და ა.შ. რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო ნაკლებად გეშინია შეუცნობლის და ფრთების გასაშლელადაც მზად ხარ. ეს სწავლისა და საქმის კეთების გაერთიანების შესანიშნავი მაგალითია.

მეორე – დიდი ხედვაა საჭირო. როდესაც დედამიწას კოსმოსიდან ვუყურებთ, არ არსებობს საზღვრები ქვეყნებს შორის და განსხვავება სახეობებს შორის – ჩვენი პლანეტა არის ერთი დიდი ცოცხალი ორგანიზმი. პარმიტანომ აღიარა, რომ საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობების მიღმა სამყაროს შესწავლა მხოლოდ ერთობლივად, საერთო ძალით, შეუძლია. „ასტრონავტებსა და სააგენტოებს აქვთ საერთო დიდი ხედვა. ეს არ არის ოცნება. ოცნება მიუწვდომელია, მაგრამ ხედვა არის ის, რისთვისაც ვმუშაობთ. რაც უფრო ამბიციურია ეს ხედვა, მით უფრო მეტი ადამიანი გაერთიანდება მის უკან“.

დაბოლოს, უნდა იყო თავმდაბალი. „ბევრი ადამიანი ასტრონავტებს ზეადამიანებად თვლის. სიმართლე კი ისაა, რომ ასტრონავტები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომელთა მსგავსებსაც დედამიწაზეც იპოვით. სხვებისგან მხოლოდ ჩვენი წვრთნა გამოგვარჩევს. ისეთ ექსტრემალურ გარემოში მოქმედების უნარი, როგორიცაა კოსმოსი, ჩვენი მწვრთნელების დამსახურებით გვაქვს“- ამბობს ლუკა.

კოსმოსური სამართლის მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ხართ. კოსმოსური სამართალი საკმაოდ სპეციფიკური სფეროა. რისთვის გვჭირდება კანონები კოსმოსში?

კოსმოსში კანონები არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ აუცილებელიც კია. ისინი განსაზღვრავენ იმ მიმართულებას, რომელსაც ახალი ტერიტორიების შესასწავლად ვიყენებთ. შესაძლოა დღეს კოსმოსური სამართალი სამართლის ყველაზე პოპულარული სფერო არაა, მაგრამ აუცილებლად იქნება მომავალში. ახალი შემთხვევებისა და პრეცედენტების წყალობით ინდუსტრია გაფართოვდება. ჩვენ უკვე შევესწარით წინსვლას ასტეროიდის დამუშავებასთან მიმართებით და მჯერა, რომ კოსმოსური ტურიზმის განვითარებასთან ერთად კიდევ უფრო მეტს უნდა ველოდოთ.

კოსმოსი სხვადასხვა იურისდიქციის მქონე მოთამაშეებს აერთიანებს. მათ შორის წარმოშობილი ნებისმიერი ურთიერთობა რეგულირებული და დოკუმენტირებული უნდა იყოს. ეს არის კოსმოსური სამართალი – იგი არეგულირებს ურთიერთობებს და კოსმოსში შესაბამისი ქცევის წესების სახელმძღვანელო პრინციპებს ადგენს. მჯერა, რომ საკანონმდებლო საქმიანობა კოსმოსში მომავალ წლებში უფრო საინტერესო იქნება. ეს გამოუკვლევი მიწაა და მასთან ერთად ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა პერსპექტივიდან შევხედოთ ყველაფერს, მათ შორის – სამართალსაც.

რა მოლოდინები გაქვთ Touch Digital Summit-ისგან, რომელიც თბილისში, საქართველოში ტარდება?

ასეთ უჩვეულო დროს ღონისძიებების ჩატარება მართლაც სიგიჟეა, ამიტომაც ძალიან აღელვებული ვარ ამის გამო! თქვენ თქვენთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით შეუძლებელს შესაძლებლად აქცევთ – ზუსტად კოსმოსის კვლევის მსგავსად.

ყველა საუბრობს იმაზე, თუ როგორ უჭირს სხვადასხვა ბიზნესს COVID-ის დროს, მაგრამ მოდით, ყველაფერს ნათელი მხრიდანაც შევხედოთ – შეიქმნება მრავალი ახალი კომპანია და მათგან ბევრი წარმატებასაც მიაღწევს – ეს ნებისმიერი ისტორიული ვარდნის შედეგია. იმედი მაქვს, რომ ამ კომპანიების დამფუძნებლები Touch Digital Summit-ის საშუალებით იპოვიან შთაგონებას, შეიძენენ ცოდნასა და კონტაქტებს.

ბევრი ადამიანისთვის კოსმოსთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ კვლავ ბავშვობის სურვილად რჩება. რა რჩევას მისცემდით მათ, ვისაც არ სურს, უარი თქვას საკუთარ ოცნებებზე?

როდესაც ადამიანები კოსმოსზე ფიქრობენ, ისინი, ძირითადად, ცისკენ იყურებიან: რაკეტები, კოსმოსური შატლები, კოსმოსური მოგზაურობა – თუმცა კოსმოსი ბევრად მეტია. სულაც არაა აუცილებელი გენიალური მეცნიერი იყო იმისთვის, რომ კოსმოსური პროგრამების გამოყენება და შედეგებში წვლილის შეტანა შეძლო, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, სწორედ მრავალფეროვნება და უნარების სწორი კომბინაციაა ის, რაც კოსმოსის მაგიურობას ჩვენთვის ხელმისაწვდომს ხდის. მრავალი თვალსაზრისით, ინდუსტრიის ბირთვს უდავოდ კოსმოსური ინჟინრები წარმოადგენენ, მაგრამ რომ არა სხვადასხვა პროფესიის ადამიანები – იურისტები, დიზაინერები, ფსიქოლოგები და სხვა – ბევრი კოსმოსური პროგრამა საერთოდ არ შეიქმნებოდა და არც ჩვენ ვიქნებოდით იქ, სადაც ახლა ჩვენს კოსმოსურ მოგზაურობაში ვართ.

ამიტომ, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი ოცნება ან ხედვა კოსმოსის მიმართ – თქვენი შეჩერების უფლება არავის მისცეთ. ასტრონავტებს სხვებისგან სწორედ ის განასხვავებს, რომ ისინი ბავშვობის ოცნებების მისაღწევად ყველაფერს აკეთებენ. და თქვენ?