აურაცხელი შავ-თეთრი ფოტო ბევრს ჰყვება მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკაზე. მათი ავტორის შესახებ კი დოკუმენტური ფაქტები მწირია. თუმცა ვივიან მაიერის აღმოჩენის შემდეგ ინტერნეტში მისი ცხოვრების რომანტიზებული ეპიზოდები თუ ბიოგრაფიის ათასგვარი საავტორო ინტერპრეტაცია მალევე გაჩნდა. ნამდვილი ამბავი კი ყველანაირი შელამაზების გარეშეც იდუმალია.
ვივიანის სიცოცხლეში მისი არცერთი ნამუშევარი არ გამოქვეყნებულა. უცნობი ფოტოგრაფი მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინეს. 2007 წელს უძრავი ქონების აგენტმა ჯონ მალოფმა აუქციონზე გადაუხდელობის გამო გატანილი ნივთებით სავსე რამდენიმე ძველი ყუთი 400 დოლარად შეიძინა,- იქნებ წერის დროს რამეში გამომადგესო. ჯონი ჩიკაგოსა და მის მცხოვრებლებზე წიგნს წერდა. პარალელურად, ბევრს კითხულობდა, ძველ მასალებს დაეძებდა. ერთ-ერთ ყუთზე მან უცნობი სახელი- ვივიან მაიერი- ამოიკითხა.
ყუთებში, სხვა ნივთებთან ერთად, 100 000-მდე გაუმჟღავნებელი ფირი აღმოჩნდა. ჯონმა მათი გამჟღავნება დაიწყო და, როგორც მოგვიანებით იხსენებს, ემოციისგან სუნთქვა შეეკრა. ნეგატივებიდან ქუჩის ფოტოგრაფიის ჟანრის შესანიშნავი ფოტოსურათები გამოისახა, რომლებიც გასული საუკუნის 60-70-იან წლებში იყო გადაღებული.
ჯონმა უცნობი ფოტოგრაფის ძებნა დაიწყო და მიაგნო ოჯახებს, სადაც ვივიანი ძიძად მუშაობდა. ერთ-ერთმა ოჯახმა მალოფს კოლექციისთვის ვივიანის პირადი ნივთები გადასცა: ჩემოდანი, ტანსაცმელი, გაზეთის ამონაჭრებით სავსე ყუთები, გამჟღავნებული სურათები და ფოტოკამერა Rolleiflex, რომლითაც ვივიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში მუშაობდა. ფოტოსურათებს არავის ანახებდა. ნაცნობების წრეში არ იცოდნენ ფოტოგრაფიისადმი მისი სიყვარულის შესახებ. წელიწადში 200 ფირს იღებდა, მათ საკუთარ ოთახში ამჟღავნებდა, რომელიც ფოტოლაბორატორიის ფუნქციასაც ითავსებდა.
ჯონ მალოფმა აღმოჩენილი ფოტოები ინტერნეტში პირად ბლოგზე განათავსა. მეორე დღესვე მუზეუმებისა და საგამოფენო დარბაზებისგან 200-ზე მეტი შეთავაზება მიიღო- გადაეღოთ ფილმი ან მოეწყოთ გამოფენა ვივიან მაიერის შესახებ. ფოტოგრაფის ნამუშევრების პირველი გამოფენა 2010 წელს ნორვეგიაში გაიმართა, მეორე-ჩიკაგოში. ჯონ მალოფის მოულოდნელმა აღმოჩენამ მე-20 საუკუნის ფოტოგრაფიის ისტორია შეცვალა. ვივიან მაიერი მსოფლიო სენსაციად იქცა.
ვინ იყო ვივიან მაიერი
ვივიანი 1926 წლის 1 თებერვალს ნიუ იორკში, ავსტრიელი მამისა და ფრანგი დედის ოჯახში დაიბადა და ბავშვობის უმეტესი ნაწილი საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მოგზაურობაში გაატარა.
1956 წელს ჩიკაგოში დასახლდა, სადაც მომდევნო 40 წელიწადს მდიდარ ოჯახებში გუვერნანტად მუშაობდა. წლების შემდეგ ერთ-ერთმა აღსაზრდელმა ექსცენტრული, თავგადასავლების მაძიებელი ვივიანი “ნამდვილ, ცოცხალ მერი პოპინსს” შეადარა.
მას უხეში, მამაკაცური ფეხსაცმელი და შარვალი ეცვა, თავზე შლაპა ეხურა. ყოფილი აღსაზრდელები ასე ახასიათებენ: ”ვივიანი იყო სოციალისტი, ფემინისტი, კინოკრიტიკოსი, ბუნებით თამამი ქალი. არ ერიდებოდა სიმართლის პირში მიხლას, რაც უნდა მწარე ყოფილიყო ის.“
გადმოცემით, ვივიანს რთული ხასიათი ჰქონდა, თუმცა გაგიჟებით უყვარდა ბავშვები. ისინიც საპასუხო სიყვარულს უბრუნებდნენ. ხანდაზმულ ასაკში, როდესაც მისმა აღსაზრდელებმა, ძმებმა გენსბურგებმა, ვივიანის სიღარიბის შესახებ შეიტყვეს, ბინა მოუძებნეს მას და მზრუნველობას არ აკლებდნენ. 2008 წელს ვივიანს ყინულზე ფეხი დაუსხლტა, დაეცა და თავი დაარტყა. ერთი წლის შემდეგ, 2009 წლის 21 აპრილს ის მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა.
ვივიანის ამერიკა
სამსახურისგან თავისუფალ დროს ვივიანი ქალაქის ქუჩებში კამერით დაეხეტებოდა და შავ-თეთრ ფოტოებს იღებდა. ეს ფოტოები არ ჰგავდა არაფერს იქამდე გადაღებულს. ასე, ხეტიალისას, აღბეჭდა ვივიანმა იმდროინდელი ჩიკაგოს, ნიუ-იორკისა და ამერიკის სხვა დიდი ქალაქების ქუჩების მთელი პოეზია, ადამიანების სიხარული და დანაღვლიანებული ყოფა. მათი პორტრეტები. მისი ნატურალისტური, ხაზგასმით ინდივიდუალური ნამუშევრები ცხადყოფდა ვივიანის ცნობისმოყვარეობას, ინტერესს დეტალებისადმი, განსხვავებულ ხედვას, სპონტანურობასა და უდიდეს ნიჭს- ყოველდღიურ ცხოვრებაში მარტივად, ფეხის ყოველ ნაბიჯზე აღმოეჩინა რაღაც ზედმიწევნით უჩვეულო. მის ინტერესს ხშირად იმსახურებენ ქალები, ბავშვები, მოხუცები, აფრიკელი ამერიკელები, ღარიბები, უსახლკაროები, შეყვარებულები, რომლებიც, თავსდამტყდარი ვნებითა და სინაზით მოცულები, განიარაღებულებს ჰგვანან ვივიანის ობიექტივში.
ვივიანი აღბეჭდავს ადამიანებს სანაპიროზე. იღებს მათ ჩაძინებულებს. იღებს დოკუმენტურ მოვლენებს- უბედურ შემთხვევებს, სტიქიის მძვინვარებას, შენობების ნგრევას. მის ფოტოებში მაგიური ექსპრესიაა, თავად ავტორი კი უხილავია. მის მიერ აღბეჭდილ კადრში არ იკითხება ვივიანის აზრი ან პოზიცია. ის უბრალოდ აკვირდება მოვლენებს და ადამიანებს. აკვირდება ცხოვრებას და ერთდროულად ქმნის მისგან რეპორტაჟსაც და საავტორო პორტრეტსაც.
იდუმალების მიზეზი
ვივიანის აღმოჩენასთან ერთად, ბევრს მსჯელობენ იმის შესახებ, რატომ აირჩია მან იდუმალება და რატომ არ ისურვა დღის სინათლეზე გამოეტანა საკუთარი ხელოვნება. მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ 50-იანი წლების ამერიკის სტერეოტიპულ საზოგადოებაზე, რომელიც ქუჩის ფოტოგრაფ ქალს მომხიბვლელ მიზანსცენებთან ერთად კლიშეებსაც უხვად სთავაზობდა. 1950-60-იანი წლების ამერიკულ სახელოვნებო სივრცეში, როგორც მთლიანად ამერიკულ საზოგადოებაში, ხელოვან ქალებს მუდმივი ბრძოლა უხდებოდათ ადგილის დასამკვიდრებლად.
წერენ იმასაც, რომ ვივიანს არ ჰქონდა საკმარისი ამბიცია და ცოდნა საიმისოდ, რომ საზოგადოებისთვის წარედგინა საკუთარი ნამუშევრები, რადგან ის არ იყო პროფესიონალი ფოტოგრაფი, თუმცა მისი მემკვიდრეობა ამ შეფასებას უსუსურს ხდის.
ფოტოსურათები, გაზეთებიდან ამონარიდები, ჩანაწერები ნათელს ჰფენს ვივიანის ინდივიდუალურ ხედვას, მის ინტერესს მიმდინარე მოვლენების, საზოგადოების, მისი სოციალური მოწყობისა და ქალის როლის მიმართ ამ სოციუმში.
დღეს დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, რატომ არჩია ვივიანმა ყოფილიყო უცნობი ფოტოგრაფი: იმდროინდელი სოციალური და გენდერული მოწყობის პირობებში დაბრკოლებების შეეშინდა თუ აბსოლუტური ანონიმურობა, უბრალოდ, მისი არჩევანი იყო: პირადი საზღვრების, თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის დასაცავად.
2013 წელს ჯონ მალოფმა დოკუმენტური ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „Finding Vivian Maier” (ვივიან მაიერის აღმოჩენა). ნამუშევარი ოსკარზე საუკეთესო დოკუმენტური ფილმების სექციაში წარადგინეს. რეჟისორი გვიჩვენებს გზას, რომელიც ვივიანის ნამუშევრებმა ნეგატივებიდან მსოფლიოს ცნობილ საგამოფენო სივრცეებამდე განვლო.