Visa – ქსელი, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს | ინტერვიუ დიანა კიღურაძესთან

რახანია, რაც ფინანსურმა კომპანიებმა ტრანსფორმაცია განიცადეს, საკუთარი პორტფელი სხვადასხვანაირი ბიზნესებით დააკომპლექტეს, ტექნოლოგიურად განვითარდნენ და თან, საკუთარი ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობის ასპექტებზეც დაფიქრდნენ. გარდა ამისა, მომხმარებელთა ცხოვრების გამარტივების მიზნით, კომპანიებმა საზოგადოებისთვის ახალი ფინანსურ-ტექნოლოგიური მოდელებისა და სერვისების შეთავაზება დაიწყეს. 

ამ მხრივ, გადახდების მსოფლიო ლიდერი კომპანია – Visa ნამდვილად გამორჩეულია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Visa გლობალური ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც ხელს უწყობს მომხმარებლების ყოველდღიურ ცხოვრების გამარტივებასა და მათ ტექნოლოგიურ განვითარებას, და ამავედროულად საზოგადოების კეთილდღეობაზეც ზრუნავს.

Visa-ს კავკასიის ოფისს ზურგს ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი უმაგრებს, რომლებიც თბილისის ერთ-ერთ ცათამბჯენში მდებარე მყუდრო ოფისიდან, უზარმაზარი ფინანსურ-ტექნოლოგიური კორპორაციის საქმიანობას წარმატებით უძღვებიან. რამდენიმე თვეა, რაც დიანა კიღურაძე კავკასიის რეგიონალურ მენეჯერად დაინიშნა. საქმიანობის დაწყებისთანავე დიანამ კომპანიაში ახლებური სტრატეგიული ხედვა შეიტანა და კავკასიის ელექტრონული გადახდების ადგილობრივი ბაზრის უკეთ ათვისებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის, ქალები მეწარმეების ხელშეწყობისთვის, ინოვაციების განვითარებისთვის კონკრეტული მიზნები დაისახა, რომელთა შესახებ უფრო დეტალურ ინფორმაციას ინტერვიუს სახით გთავაზობთ.

დიანა მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა გკითხოთ – როგორც ვიცით, Visa-ს თქვენ ჯერ კიდევ 2018 წელს შეუერთდით და დღეს კავკასიის რეგიონული მენეჯერის თანამდებობას იკავებთ. მოგვიყევით, რას ნიშნავს Visa თქვენთვის და როგორი მიზნებით შეუდექით საქმიანობას ახალ რანგში?

Visa არის კომპანია, რომელიც ადამიანის ცხოვრების და გაუმჯობესებასა და გამარტივებაზე ზრუნავს და დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან სერიოზული მისიაა. კავკასიის რეგიონში ამ საინტერესო პროცესების ლიდერობა ჩემთვის ძალიან საამაყო და საპასუხისმგებლო საქმეა. სიამაყის მიზეზები ბევრია და მინდა რამდენიმე მათგანზე გესაუბრო.

დავიწყებ იმით, რომ Visa-ში კარგად იციან, თუ სად არის „Georgia” (საქართველო) – ამერიკის ერთ-ერთ შტატში ის არავის ეშლება (იცინის). ინოვაციების განხილვისას, ჩვენი პატარა რეგიონი საუბრის მთავარ თემად განიხილება. ცნობისთვის, ლოკალურ ბაზარზე შესრულებული უკონტაქტო გადახდების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე ვართ – ყოველი ათი გადახდიდან ცხრანახევარზე მეტი ტრანზაქცია, უკონტაქტო ტექნოლოგიით ხორციელდება. ადამიანები იხდიან უსაფრთხოდ და მარტივად ხოლო ჩვენ მათ ყველაზე ძვირფასს რესურსს – დროს ვუფრთხილდებით.

ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი ქვეყნის ძლიერი პოზიციები სტარტაპ ინდუსტრიაში. ცოტახნის წინ ქართული სტარტაპი Payze გახდა Visa Everywhere Initiative 2021-ის ფინალისტი და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკა რეგიონული ფინალის გამარჯვებული. ეს რეგიონი 90 ქვეყნისგან შედგება და ალბათ ხვდები, როგორ კონკურენტულ გარემოში მოუწიათ ასპარეზი. Payze-ს წარმატება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი რეგიონის გამორჩეულობას. მათი გამარჯვება – ჩვენი ქვეყნის წარმატებაა.

ჩვენი რეგიონის წარმატებების სია მხოლოდ ამ მიღწევებით არ შემოიფარგლება – ის საკმაოდ გრძელია, რაც ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, კიდევ უფრო საამაყოა.

ახალი პოზიცია შესაძლებლობას მაძლევს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ვიმუშაო, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებაზე, როგორიც ქალი მეწარმეების გაძლიერებაა.   ვზრუნავ Visa-ს იმ მდიდარი მემკვიდრეობის გაფართოებაზე, რომელიც დამხვდა და რომლის შექმნაშიც, კომპანიაში მოსვლის დღიდან აქტიურად ვმონაწილეობდი. 

ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება საქართველოში ინოვაციების დანერგვა და განვითარება, პროდუქტების გაძლიერება და მჭიდრო თანამშრომლობა როგორც მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტებთან, ასევე ფინტექ კომპანიებთან, მარეგულირებელთან და ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

Visa აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ბიზნეს-ინდუსტრიების, მათ შორის მცირე და საშუალო ზომის ბიზნესსუბიექტების განვითარებაში. რა პრობლემების წინაშე დგანან მცირე და საშუალო ზომის საწარმოები დღეს და რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს თქვენი კომპანია მათ დასახმარებლად?

Visa ქართული ბიზნესის ერთგული  მხარდამჭერია. ჩვენი ეგიდით არაერთ ღონისძიებას ვატარებთ, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება, მათ შორის გაციფრულებაში, კლიენტების მოზიდვასა და პროდუქტის პოპულარიზაციაში. პანდემიის დაწყებიდან მალევე, წამოვიწყეთ რეგიონული კამპანია „Where You Shop Matters“, რომელიც ქართულად ჟღერს, როგორც „აირჩიე ქართული“. ამ კამპანიის საშუალებით ადგილობრივ ბიზნესებს მხარში დავუდექით რათა შეუჩერებლად გაეგრძელებინათ ოპერირება და საკუთარი პროდუქტის რეალიზება.

ვფიქრობ, პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაცია დააჩქარა: ბიზნესები ონლაინ-სივრცეში გადავიდნენ, განვითარების სტრატეგიები ახალ რეალობას მოარგეს და ზოგადად, გაიზარდა მოთხოვნა გაციფრულებაზე,გაფართოვდა უკონტაქტო გადახდების ფუნქციონალის გამოყენების არეალი. ამ კონტექსტში, პანდემია კომპანიებს განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში დაეხმარა. ჩვენ ძალიან საინტერესო აქტივობები განვახორციელეთ ჩვენს პარტნიორ ბანკებთან ერთად და დავეხმარეთ ბიზნესებს ონლაინ ტრანსფორმაციაში სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებებით და უპირვესელ ყოფლისა, მათ საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილებებით. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესებს გვერდში დავუდექით, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. 

რეგიონში, საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პანდემიას სწრაფად უპასუხა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა წამოიწყო. ჩვენ გვჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესები ნებისმიერი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა და Visa, როგორც გლობალური კომპანია, მათ სხვადასხვა პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს, რომლებიც, როგორც წესი, მხოლოდ გადახდის ინსტრუმენტებით არ შემოიფარგლება. ჩვენ წარმოვადგენთ ქსელს, რომელიც აერთიანებს ყველას და ყველაფერს და ჩვენი მიზანია, რომ კომპანიებს ამ ქსელის ღირებულება დავანახოთ. ისე კი, როცა საქმე ადგილობრივ ბიზნესებს ეხება, გლობალური Visa ძალიან ქართული ხდება და ენერგიას არ იშურებს, რომ მათ წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.

რა პრობლემების წინაშე დგანან ქალი მეწარმეები საქართველოში და რა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს Visa მათ გასაძლიერებელად?

ზოგადად, ქალი მეწარმეების გაძლიერება Visa-ს სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვჯერა, რომ მათი გაძლიერებით, ხელს ვუწყობთ გენდერული თანასწორობის განვითარებას. She’s Next-ის პროექტის ფარგლებში სოციოლოგიური კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც ცხადყო, რომ წინა წელთან შედარებით, მეწარმე ქალების 54%-ს ბიზნესის წარმართვა უფრო გაუჭირდა. ქალისთვის ბიზნესის წამოწყება დიდი გამოწვევაა. ჩვენს ენაზე კი გამოწვევა  შესაძლებლობას ნიშნავს. სწორედ აქ ჩნდება Visa, რომელიც ცნობილია საკუთარი რესურსებით, მათ შორის ტექნოლოგიით, ცოდნით, გამოცდილებით, გლობალური ქსელის სიძლიერითა და უბრალოდ ღია გულით, რომლითაც ქალებს გაძლიერებასა და დაბრკოლებების გადალახვაში ვეხმარებით.

როგორც უკვე აღვნიშნე, საქართველოში უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, She’s Next, Empowered by Visa ჩამოვიტანეთ, რომლის მიზანს, არამხოლოდ ქალების გაძლიერება წარმოადგენს, არამედ მათი გაერთიანება, ცოდნაზე და შესაბამის რესურსებზე ხელმისაწვდომობა და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა. ჩვენს ერთგულ პარტნიორ ორგანიზაციებთან – Women for Tomorrow-თან და Forbes Woman Georgia-სთან ერთად, საქართველოში ცოდნის, რესურსებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, არაერთი საგანმანათლებლო ინიციატივა განვახორციელეთ,  მაგალითად, როგორიც არის უფასო ონლაინ საგანმანათლებლო მასტერკლასები და კონკურსი ქალი მეწარმეებისთვის. ამ ეტაპზე, ჩვენს ქსელში 2000-მდე ქალია გაერთიანებული და ამ ქსელის გაფართოებასა და გაძლიერებას კვლავ ვაგრძელებთ. არ ვჩერდებით, ვცდილობთ, ამ პროგრამით საკუთარი ბიზნესის დასაწყებად და უკვე არსებული ბიზნესის გასავითარებლად საჭირო მოტივაცია ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ კიდევ უფრო მეტ ქალს მივცეთ.

Visa-სა და Forbes Woman Georgia-ს მიერ ქალი მეწარმეებისთვის ორგანიზებული ერთობლივი კონკურსის შესახებ ხომ ვერ მოგვიყვებით?

კონკურსის ფარგლებში, აქცენტი იმ ქალებზე გაკეთდა, რომელთაც საკუთარი ბიზნესი უკვე აქვთ, ან მისი გაფართოება სურთ, მაგრამ ბრენდის სტრატეგიის განვითარება და მარკეტინგული კომუნიკაციის სწორი დაგეგმვა – მათთვის შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. კონკურსის ფარგლებში, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვითა და Forbes Woman Georgia-ს გუნდის ჩართულობით, შევარჩიეთ ათი ქალბატონი, რომლებმაც ბრენდის ექსპერტის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საკონსულტაციო სესიებში მიიღეს მონაწილეობა. მომდევნო ეტაპზე, პრეზენტაციების, ე.წ. „ფიჩების“ საფუძველზე, პროექტის პარტნიორებთან – „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ წარმომადგენლებთან ერთად, სამი ფინალისტი შევარჩიეთ, რომელთა ბიზნესების პოპულარიზაციაზე Visa და Forbes Woman Georgia ერთობლივად იმუშავებენ.

სიმართლე გითხრათ, ფინალისტების პრეზენტაციების მოსმენა დაუვიწყარი გამოცდილება იყო. პრეზენტაციების დროს, ჟიურის წევრებს საოცარი ემოციები გვეუფლებოდა: ვგრძნობდით მონაწილეთა ჩართულობას, ვხედავდით როგორ დამეგობრდნენ და რამდენად ღირებული იყო მათთვის ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მიიღეს. ამ ყველაფრის ფონზე ხვდები, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. მსურს, კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს, „თიბისის“, „საქართველოს ბანკს“, საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, Forbes Woman-ის გუნდს და იმ ქალბატონებს, რომლებიც შემოგვიერთდნენ და ეს დასამახსოვრებელი დღეები გვაჩუქეს.

თქვენ კომპანიაში ხელმძღვანელობთ რეგიონს, რომელიც საქართველოსა და სომხეთს მოიცავს. რა განსხვავებები არის ამ ორ ქვეყანას შორის, როგორც ქალი მეწარმეების გაძლიერების, ასევე ტექნოლოგიური განვითარების კუთხით?

შეიძლება ითქვას, რომ ქალთა გაძლიერების კუთხით, საქართველოსა და სომხეთში – მსგავსი მდგომარეობაა. ეს ორი ქვეყანა ერთი რეგიონის ქვეშ სწორედ იმის გამო ერთიანდება, რომ გარკვეულ ასპექტებში მსგავსება გააჩნიათ და ის გამოწვევები, რომლებსაც ქართველი ქალები აწყდებიან – სომხეთშიც ფართოდ არის გავრცელებული.

თუმცა, რაც შეეხება ბიზნესის ტექნოლოგიურ მზაობას, საქართველოსთან შედარებით, სომხეთი კვლავ ტექნოლოგიური და უნაღდო ანგარიშსწორების განვითარების გზაზეა. ჩვენ მოხარული ვართ, რომ ხელს ვუწყობთ, როგორც ქვეყანას, ასევე იქ არსებულ ბიზნესებს. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ტოკენიზაციისათვის საჭირო ფუნქციონალი სომხეთში პირველად შარშან გავუშვით. საქართველოში კი პირველი მობილური გადახდები ექვსი წლის წინ განხორციელდა.

სომხეთის ბაზარზე ინოვაციები და ტექნოლოგიები ვიზასთან ასოცირდება, რითიც ძალიან ვამაყობთ და ძალებს არ ვიშურებთ, რომ ეს იმიჯი კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ახალი პროექტების განხორციელებით.

როგორც უკვე აღნიშნეთ, საქართველოში ინოვაციები ძალიან სწრაფად ვრცელდება. მეტიც, ამ მიმართულებით საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა უკონტაქტო გადახდების შეღწევადობის კუთხით  თქვენი აზრით, რამ განაპირობა ეს ერთობ უცნაური ფენომენი?

ამ საკითხზე გუნდში ბევრს ვმსჯელობთ. სხვადასხვა რეგიონებიდან გვეხმიანებიან და ინტერესდებიან, თუ როგორ მოახერხა ასეთმა პატარა ქვეყანამ, ასეთი საოცარი შედეგების დაფიქსირება. ჩემი აზრით, ამგვარ შედეგებს, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესი განაპირობებს – ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ არსებული ერთგვარი ეროვნული მზაობა. თუმცა, ამ ინტერესს თან ერთვის საბანკო ბაზრის სტრუქტურა – ის ძალიან კონცენტრირებულია, ხოლო ძლიერი მოთამაშეები ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და მომხმარებლებისათვის მათ წარდგენას ბევრ რესურსს ახმარენ.

დიანა, რას უნდა ველოდოთ მომავლისაგან? საქართველო ნაღდი ფულის უქონელ, ე.წ „cashless“ ეკონომიკად გადაიქცევა, თუ განვითარების სხვა ღერძს აირჩევს?

ერთ ფაქტს გეტყვით: დღეს მიმოქცევაში ძალიან დიდი მოცულობის ნაღდი ფული გვხვდება, Visa-ს  მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი ასი ლარიდან, Visa ბარათით გადახდისას, დაახლოებით ოცდაათი იხარჯება. გამოდის, რომ ამ სფეროში უზარმაზარი პოტენციალია და საკმაოდ ბევრია გასაკეთებელი ქეშლეს ეკონომიკად გადაქცევისთვის.  რა თქმა უნდა ამაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს – ერთის მხრივ, პროდუქტებს ვაუმჯობესებთ, მომხმარებლისათვის საინტერესო დამატებით შეთავაზებებს ვამატებთ, რათა ადამიანს ნაღდი ფულის გამოტანა აღარ მოუნდეს.

თუმცა, ამავდროულად, არის ადგილები, სადაც უნაღდო ანგარიშსწორება შეუძლებელია. ამ შემთხვევაში, ბანკენთან ერთად ახლებურ გადაწყვეტებზე ვმუშაობთ, მაგალითად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ძალიან მარტივად ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი, რომელიც დაფუძნებულია Visa Tap to Phone-ის ტექონოლოგიაზე, რომელიც ანდროიდის ტელეფონს, რომელსაც შესაბამისი ოპერაციული მხარდაჭერა გააჩნია (NFC: Near Field Communication, ქართ: ახლო საველე კომუნიაცია), მას POS ტერმინალად აქცევს. ამგვარად, ქსელის გაფართოებას ვცდილობთ, ერთის მხრივ, ვავითარებთ პროდუქტებს და საზოგადოება მისი გამოყენების სარგებელს იღებს, ხოლო, მეორეს მხრივ, ვქმნით ქსელს, რომელშიც მომხმარებელი ამ პროდუქტების გამოყენებას თავისუფლად შეძლებს.

საბოლოო ჯამში, რასაკვირველია, Visa უნაღდო, ე.წ. „cashless“ საზოგადოების მომხრეა – ეს არის იდეალი, რომლისკენ მივისწრაფვით. თუმცა, ამ იდეალამდე მისასვლელად გრძელი გზა უნდა გავიაროთ და ერთობლივი ძალისხმევით, მაჩვენებლებს აუცილებლად გავაუმჯობესებთ.

დიანა, თქვენ, ფინანსური ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს-მენეჯერი ხართ და საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში, გლობალური კომპანიის დირექტორი და ამავდროულად რეგიონული მენეჯერი გახდით. რა რჩევას მისცემდით ახალგაზრდებს რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ?

 თქვენს შეკითხვას, ციტატით ვუპასუხებ, რომელიც ზუსტ თანხვედრაშია ჩემს პირად გამოცდილებასთან და იმ რჩევებთან, რაც მინდა გავუზიარო ახალგაზრდა თაობას – Dream big, be curious, stay positive, work hard and enjoy the journey! (თამამად იოცნებე, იყავი ცნობისმოყვარე, შეინარჩუნე პოზიტიური განწყობა ნებისმიერ სიტუაციაში, იყავი შრომისმოყვარე და ისიამოვნე შენი პროფესიული განვითარების საინტერესო გამოცდილებებით).  მე მჯერა, რომ ამ რჩევების გათვალისწინებით აუცილებლად იამაყებენ საკუთარი შესაძლებლობებით და მიღწევებით.