მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით გამოცხადებული კარანტინის შემდეგ ოჯახში ძალადობის შემთხვევებმა მკვეთრად იმატა. ქალები და ბავშვები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მოძალადესთან ერთად სახლში გამოკეტილები აღმოჩნდნენ. აქტივისტების თქმით, ბრაზილიაში, გერმანიაში, იტალიასა და ჩინეთში ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა.
პოლიციის ანგარიშების მიხედვით, ჰუბეის პროვინციაში კარანტინის გამოცხადების შემდეგ ოჯახში ძალადობის შემთხვევები გასამმაგდა და თებერვლის თვიდან 27-დან 162-მდე გაიზარდა.
„ჩვენი სტატისტიკის თანახმად, ძალადობის გამომწვევი მიზეზების 90% [ამ პერიოდში] დაკავშირებულია COVID-19 ეპიდემიასთან“- განაცხადა ყოფილმა პოლიციელმა და ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის დამფუძნებელმა, ვან ფიმიმ.
რიო-დე-ჟანეიროში ოჯახში ძალადობის საკითხზე მომუშავე მოსამართლე კი აცხადებს, რომ მსგავს საქმეებზე სასამართლოში მიმართვიანობა 40-50 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ციფრები მხოლოდ დასახმარებლად შესული ზარების რაოდენობას ასახავს. რეალურად, სიტუაცია გაცილებით საგანგაშოა, რადგან ზოგიერთი ქალი დასახმარებლად დარეკვას ვერ ბედავს, ვინაიდან მოძალადესთან ერთად ერთ სივრცეშია გამოკეტილი.
იტალიელმა აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ქალები დახმარების თხოვნით შეტყობინებას უფრო ხშირად წერენ, რადგან საუბარი არ შეუძლიათ. „ერთ-ერთი მესიჯი იყო ქალისაგან, რომელიც დახმარებას აბაზანაში ჩაკეტილი გვთხოვდა“- იხსენებს აქტივისტი.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად გაერთიანებული აქტივისტები ამბობენ, რომ ახალი კორონავირუსის პირობებში, ისინი შეეცდებიან მსხვერპლ ქალებთან დასაკონტაქტებლად ყველა საკომუნიკაციო საშუალება გამოიყენონ.
იმ შემთხვევაში, თუკი შეესწრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევას, ან თავად აღმოჩნდებით მსგავს მდგომარეობაში, აუცილებლად დაუკავშირდით:
- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს – 112
- საქართველოს სახალხო დამცველს – 1481