2020 წლის მარტის დასასრულს თითქმის 100 ქვეყანა გადავიდა სრულ ან ნაწილობრივ საკარანტინო რეჟიმზე, შედეგად 4 მილიარდამდე ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება მათივე სახლით შემოიფარგლა. იზოლაცია, ჩვეულებრივ, ადამიანისათვის უჩვეულო და არანორმალური მდგომარეობაა. შესაბამისად, მისი გავლენა ადამიანის მენტალურ ჯანმრთელობასა და ფსიქოლოგიურ სტაბილურობაზე ეჭვგარეშეა. ფსიქოლოგები და სოციოლოგები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ ადამიანების ცხოვრება აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორც ადრე. ახალი ტიპის კორონავირუსმა მსოფლიო უკვე დააყენა ახალი ტიპის გამოწვევების წინაშე, თუმცა პანდემია გაამწვავებს მსოფლიოსთვის უკვე კარგად ცნობილ პრობლემებსაც და გაართულებს მათთან ბრძოლას.
საკარანტინე რეჟიმზე გადასვლის პირველივე დღეებიდან ადამიანთა უფლებადამცველები ოჯახური ძალადობის ზრდის რისკებზე ალაპარაკდნენ. მაშინ, როცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მთავარი რეკომენდაცია სახლში დარჩენაა, როგორ შეიცვლება იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლიც დახურულ კარს მიღმა მოძალადეებთან ერთად რჩებიან და რისი გაკეთება შეეძლება საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფოსა და საზოგადოებას ძალადობის მსხვერპლთათვის?
როგორც ჩანს, ძალადობის ზრდასთან დაკავშირებული პროგნოზები უკვე ბევრი ქვეყნისათვის იქცა კონკრეტულ ფაქტებად და სტატისტიკად. გაეროსთან არსებულმა ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზე მომუშავე ორგანიზაციამ UN Women-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში ქალებსა და გოგონებზე ძალადობა, განსაკუთრებით კი ოჯახური ძალადობა, გაიზარდა. მარტის მონაცემებით საფრანგეთში ქალთა თავშესაფრებისთვის დახმარების მთხოვნელთა რიცხვი 30%-ითაა გაზრდილი, იგივე მაჩვენებელი არგენტინაში – 25%-ს, ხოლო სინგაპურში 30 %-ს შეადგენს. დახმარების მთხოვნელი ქალების რიცხვი გაზრდილია კანადაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ესპანეთშიც.
UNWOMEN-ის მონაცემებით ბოლო 12 თვის განმავლობაში 243 მილიონი ქალი და გოგონა (15-49 წლის ასაკობრივი ჯგუფი) იქცა სექსუალური ან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლად.
მეორე მხრივ, ოფიციალური რიცხვები, თუნდაც გაზრდილი, ვერ ასახავენ ქალებზე ძალადობის სრულ სურათს, რადგან ჩვეულებრივ, მსხვერპლთა ნახევარიც კი არ მიმართავს შესაბამის ორგანოებს დახმარების თხოვნით. UN Women-ის მონაცემებით მსოფლიო მასშტაბით საშუალოდ ძალადობის მსხვერპლი ქალების მხოლოდ 40% ითხოვს დახმარებას სხვადასხვა ფორმით, ხოლო მათგან მხოლოდ 10% მიმართავს პოლიციას. ძალადობის შესახებ შესაბამისი ორგანიზაციებისათვის დროულ მიმართვას კიდევ უფრო ართულებს იზოლაციაში ყოფნა, როცა მსხვერპლი შესაძლოა მთელ თავის დროს მოძალადის გვერდით ატარებდეს და სათანადო რესურსებზეც კი არ მიუწვდებოდეს ხელი.
შექმნილ მდგომარეობაში პრობლემურია არა მარტო მიმართვიანობის საკითხი, არამედ დროული და ეფექტიანი დახმარების მიწოდება სახელმწიფო ორგანოებისა თუ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან. 6 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში UN Women-ის აღმასრულებელი დირექტორი ფუმზილე მლამბო-ნგუკა აღნიშნავს, რომ კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდის და საავადმყოფოების გადატვირთვის გამო ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა სოციალური მომსახურებისათვის განკუთვნილი დაწესებულების, მათ შორის ქალთა თავშესაფრების, საკარანტინე ზონებად გადაკეთება უწევთ. განსხვავებული პროტოკოლით ფუნქციონირებს პოლიცია, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემებიც, რაც ასევე ართულებს მოძალადის დასჯას და მის მსხვერპლისაგან ჩამოშორებას. მაშინ, როცა ყოველი 4 სახელმწიფოდან ერთს საერთოდ არ აქვს ქალების ოჯახური ძალადობისგან დასაცავად შესაბამისი კანონმდებლობა, შესაძლოა ქალები მასობრივად დაუცველნი აღმოჩნდნენ იმ ქვეყნებშიც კი, სადაც კანონი არსებობს, მაგრამ საგანგებო ვითარების გამო ეფექტიანად ვერ აღსრულდება.
ძალადობის გაზრდილი შემთხვევების კონტროლისა და ქალების მოძალადეებისაგან დაცვისთვის UN Women-ის ანგარიში მთავრობებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რამდენიმე რეკომენდაციას სთავაზობს. ორგანიზაცია მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხი შეიტანონ COVID-19-თან ბრძოლის სტრატეგიებში, მათ შორის ეკონომიკურ გეგმაში, რათა გამოიყოს შესაბამისი მატერიალური რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს მსხვერპლის მოძალადისაგან ჩამოშორებას და მის რეაბილიტაციას. ამ მხრივ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა უკვე არსებული და ახალი ქალთა თავშესაფრებზე, ასევე მოძალადის მიმართ სათანადო სამართლებრივი ღონისძიებების გატარებაზე აქცენტირებას ენიჭება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თუ არასამთავრობო სოციალურმა სააგენტოებმა შეინარჩუნონ თავიანთი მატერიალური თუ ადამიანური რესურსები პანდემიის პირობებშიც, რადგან ისინი ძალადობასთან ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. ამ რესურსების მატერიალური ღირებულება ჩვეულებრივ მდგომარეობაშიც კი ძალიან დიდია, მით უმეტეს გაზრდილი ძალადობის შემთხვევების და ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ამიტომ UN Women შიშობს, რომ ყველაზე დაუცველნი ღარიბ ქვეყნებში მცხოვრები ქალები და გოგონები იქნებიან.
„COVID-19-მა უკვე დაიწყო ჩვენი შემოწმება იმგვარად, როგორც ჩვენს უმეტესობას აქამდე არასოდეს გამოუცდია, მათ შორისაა ეკონომიკური თუ ფსიქოლოგიური შოკები. პანდემიის სიბნელიდან წარმოშობილი ძალადობა ერთდროულად სარკე და გამოწვევაა ჩვენი საზოგადოების ღირებულებებისათვის, ჩვენი შეუპოვრობისა და ჰუმანურობისთვის. ჩვენ არა მხოლოდ უნდა გადავურჩეთ კორონავირუსს, არამედ უნდა აღვადგინოთ საკუთარი თავი, ძლიერი ქალებით ამ პროცესის ცენტრში.“ – ნათქვამია ფუმზილე მლამბო-ნგუკას განცხადებაში.