როგორ დავუმეგობრდეთ იას

მცენარეებს ბავშვობაში დავუმეგობრდი და ხშირად მიწევდა ასეთი ფრაზების მოსმენა –  „ბიჭია და რატომ აინტერესებს მცენარეები, ეგ ხომ ქალის საქმეაო?“. თუმცა, სტერეოტიპების გამო არასდროს მითქვამს უარი საკუთარ სურვილებსა და გატაცებებზე.

თითქმის ყველა ფოთოლსა და ტოტს ვახარებდი, რასაც კი სახლში მოვიტანდი,. ერთადერთი მცენარე, რომელსაც ვერ ვუგებდი იყო რეტრო ჯიშის ია. გავიდა რამდენიმე წელიწადი, გავხდი სტუდენტი და ასობით უზარმაზარი კაქტუსი თუ ტროპიკული მცენარე დავტოვე უყურადღებოდ, წარსულში. პერიოდულად სულ მენანებოდნენ, მახსენდებოდნენ და ვფიქრობდი, რომ ჩემს „საუკეთესო მეგობრებს“ ასე არ უნდა მოვქცეოდი.

დაახლოებით ორი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ერთი ძალიან მაგარი გოგოს პოსტი ვნახე ფეისბუქზე – აყვავილებული ია ჩუქდებოდა. ვინაიდან ერთადერთი ბიჭი ვიყავი კომენტარებში, არ მაწყენინა და დიდუბის მეტროსთან მალევე ჩამახუტა ყვავილებიანი ქოთანი. მაშინ არც კი ვიცოდი ათასობით სახეობის ია თუ არსებობდა. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ „ის ის იყო“. ბავშვობაში დაბრუნება და ოცნების ასრულება გადავწყვიტე – ახლა 300-ზე მეტი სახეობის რჩეული ია მყავს.

რამდენადაც ლამაზები და საყვარლები არიან საკოლექციო იები, იმდენადვე რთულია მათი მოვლა. ნებისმიერი ადამიანი, მით უმეტეს, კოლექციონერი, მზად უნდა იყოს ფსიქოლოგიურად, რადგან იებს „სიურპრიზები“ უყვართ. ასევე, ჩვენი მხრიდან წესების დარღვევაზე მალევე „ბრაზდებიან“ და რეაგირებენ, არ უყვართ პატიება.

ჩემი ფავორიტი მინი-მიკრო ზომის ჭრელფოთლოვანი იებია. ასევე, განსაკუთრებით მომწონს შავ ფერში მოყვავილე ლამაზმანები, რომლებსაც დრამატულობის, ფილოსოფიურობის ელფერი დაჰკრავთ. თუმცა, ყველა სწორად და კარგად მოვლილი ია თავისებურად ლამაზი და საინტერესოა.

დღეს საქართველოში საკოლექციო ია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა, შესაბამისად, უფრო და უფრო მეტი ადამიანი იწყებს სხვადასხვა სახეობის იის შეგროვებას. თუმცა, ცოტანი არიან კოლექციონერები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ამ მიმართულებით.

მინდა რამდენიმე აუცილებელი და მთავარი რჩევა გაგიზიაროთ. ვიცი რამდენად რთულია, როცა ნულიდან იწყებ იებთან ურთიერთობას – ამიტომ, აუცილებლად უნდა შეგამზადოთ ამ თავგადასავლისთვის.

ქოთანი

იებს არ უყვართ დიდი ზომის ქოთნები, რადგან სანამ ფესვი არ გაივსება, მანამ არ იწყებენ ყვავილობას. გარდა ამისა, იზრდება ზედმეტი წყლის მიცემის, ბაქტერიოზისა და დალპობის შანსიც. ქოთნის ყელი იის გარშემოწირულობაზე 3-ჯერ პატარა უნდა იყოს.

ნიადაგი

საკოლექციო ია აუცილებლად მსუბუქ ნიადაგში უნდა გვყავდეს. იდეალურია: 3 წილ ტორფს, რომლის მჟავიანობაც 5.5-6.5- მდეა, შევურიოთ 1 წილი პერლიტი.

განათება

იებს სჭირდებათ იდეალური განათება, მინიმუმ 12-14 საათი, რათა მარტივად შეძლონ ყვავილობა. თუმცა, არ უყვართ მწველი მზე და ვერ უძლებენ მაღალ ტემპერატურას. ჩემი დაკვირვებით, მათთვის იდეალური ტემპერატურა 18-22 გრადუსია.

მორწყვა

აუცილებელია დავიცვათ მორწყვის რეჟიმი და არ დავუსხათ იას ზედმეტი წყალი. გაითვალისწინეთ, რომ მორწყვისას იების გულში წყალი არ უნდა მოგვიხვდეს. მცენარეს ვრწყავთ მანამ, სანამ ტორფი ბოლომდე შეიცვლის ფერს და სრულად გახმება.

დაცვა

ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია იების პროფილაქტიკური შეწამვლა-დამუშავება სხვადასხვა მავნებელზე: ტკიპებზე, ქინქლებზე, სოკო-სიდამპლესა(ნაცარი) და ჭიებზე, როგორც გაზაფხულზე, ასევე, ივნისსა და შემოდგომაზე. დაავადებული იის მკურნალობა გაცილებით რთულია და მოითხოვს მეტ ენერგიას.

მაღალ ტემპერატურაზე ია „ისტრესება“. ასეთ დროს მცენარეს ყვავილობა კიდევ უფრო უქვეითებს იმუნიტეტს. ამიტომ, ზაფხულში ყველაზე კარგია სტიმულატორების მიშველება.

გამრავლება

საკოლექციო ია მრავლდება როგორც ფოთლით, ასევე გვერდითა შვილებითა და თესლით. ყოველთვის სჯობს იის ფოთოლი პირდაპირ ტორფში დავაფესვიანოთ და არა წყალში. ასე უფრო მარტივად ეჩვევა მცენარე ნიადაგს და გამოიმუშავებს იმუნიტეტს.

კოლექციაში იები უნდა გვყავდეს საკუთარი სახელებით, რომ ინტერნეტში მარტივად მოვძებნოთ ამა თუ იმ სახეობის ფოტო. ისინი ნამდვილად განსაკუთრებულები და უცნაურები არიან.

იებს ახასიათებთ გასპორტებაც, ანუ ორიგინალობიდან გადახვევა და შეიძლება ერთი კონკრეტული ია სრულიად სხვანაირი გაიშალოს ჩვენთან. ასევე, გააჩნია რომელ სეზონზე ყვავილობს.

ჩემს იებს, ძალიან უყვართ კლასიკური მუსიკა და მზრუნველი, თბილი ადამიანები. ვისაც ჯერ არ გყავთ საუკეთესო მეგობარი ან მეგობრები, აუცილებლად გაიცანით იები, ოღონდ წინასწარ მოემზადეთ: თქვენ ნამდვილი საგიჟეთი გელით…

ამ ბოლო დროს მომრავლდა ადამიანების რიცხვი, ვინც მწერს და რჩევებს მეკითხება იების მოვლასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზეზის გამო შევქმენი ახალი ფეისბუქ გვერდი, სადაც ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ.

გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია.

ავტორი: ბექა ბოკუჩავა