როდესაც ექვსი წლის ვიყავი და პირველ კლასს ვიწყებდი, მასწავლებელმა გვკითხა რა გვინდოდა ვყოფილიყავით, როცა გავიზრდებოდით. „დიასახლისი“ – ვუპასუხე ამაყად. მაშინ ჩემი ცხოვრების იდეალი დედაჩემი იყო, რომლისაც მწამდა და მიყვარდა. მაშინ „დიასახლისობა“ მისი მთავარი როლი იყო. სწორედ ამიტომ იყო ჩემიც.
ეს მისწრაფება დიდხანს არ გაგრძელებულა. ახლა, ამდენი წლის შემდეგ – ჩემთვის, როგორც ფემინისტისთვის და პროფესიონალისთვის, რთულია წარსულის ამ მისწრაფების აღიარება. თუმცა, რატომღაც, პირველი სწორედ წარსულის ეს მონაკვეთი გამახსენდა, როცა საქართველოში გენდერული ურთიერთობების კვლევის შედეგებს გადავხედე, რომელიც 2020 წლის ივნისში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ გამოიცა.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ასახავს საქართველოში გენდერული როლებისადმი დამოკიდებულებების სწრაფ ცვლას. თუ 2013 წელს გამოკითხულთა 72 პროცენტი დაეთანხმა აზრს, რომ „ქალის ადგილი სახლშია“, 2019 წლისთვის ამ განწყობასთან იდენტიფიცირების წილი დაეცა ნახევარზე ქვემოთ, 48 პროცენტზე.
ეს მასიური ცვლილებაა, სულ რაღაც ექვსი წლის განმავლობაში. ცვლილებების დიდი ნაწილი, ქალების დამსახურებაა, რადგან ქალების შეხედულებები უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კაცების. სინამდვილეში, კვლევის უმეტეს კითხვებზე, კაცთა დაახლოებით ორი მესამედის პასუხები კვლავ ტრადიციულ დამოკიდებულებებს ემთხვევა, ხოლო იმ ქალთა წილი, რომელიც ტრადიციულ დამოკიდებულებებს იზიარებს, ერთ მესამედამდე შემცირდა.
ასაკი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია. ყველაზე ახალგაზრდა ჯგუფები იკავებენ პოზიციას, რომელიც მტკიცედ უჭერენ მხარს ბიზნესისა და პოლიტიკის სფეროებში ქალთა შესაძლებლობების გაფართოებას. 25 წლამდე ქალთა 84 პროცენტზე მეტი უარყოფს მოსაზრებას, რომ „ქალის ადგილი სახლშია“.
დამოკიდებულებების ეს ცვლა ჯერ კიდევ არ ემთხვევა ქცევის ცვლას. გამოკითხვამ დაადგინა, რომ ქალები – მუშაობენ თუ არა ისინი სახლს გარეთ – საოჯახო საქმიანობის თითქმის მთელ ტვირთს თავად ატარებენ. ქალების 94 პროცენტი ამბობს, რომ სარეცხის უმეტესობას ისინი რეცხავენ, 96 პროცენტი აცხადებს, რომ ყოველთვის ისინი ასუფთავებენ აბაზანას და 87 პროცენტი ამბობს, რომ ძირითადად თავად ამზადებენ საკვებს.
ანალოგიურად, ქალების ორი მესამედი ამბობს, რომ ისინი ბავშვთა აღმზრდელობითი აქტივობების უმეტესობას თავად ახორციელებენ. აქ კვლევის ინდიკატორებიდან ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ისაა, რომ ქართველი მამების ნახევარს ბავშვისთვის არასოდეს გამოუცვლია საფენი.
საყოფაცხოვრებო შრომის დაყოფის თვალსაზრისით, დროთა განმავლობაში ბევრი რამ არ შეცვლილა. უფრო მეტიც, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა დიდი უმრავლესობა ამას როლის „ბუნებრივ“ დავალებად მიიჩნევდა. ამავე დროს, ქალები მიუთითებენ, რომ საოჯახო საქმე და ბავშვის მოვლა უმსხვილესი წინააღმდეგობაა, რაც ხელს უშლის მათ შრომით ბაზარზე გასვლას და პროფესიულ წინსვლას.
აქ ერთი დიდი წინააღმდეგობაა ორ გარემოებას შორის: ქალების მკვეთრად მზარდი წილი, რომელიც თავის ადგილს ხედავს სახლისა და ოჯახის ტრადიციული როლების მიღმა და ერთი შეხედვით გამძლე და ხანგრძლივი შრომის უაღრესად ტრადიციული დაყოფა საოჯახო საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ძნელია წინასწარ განსაზღვრო, თუ როგორი იქნება საქართველოს მომავალი გენდერული როლებისა და ურთიერთობების მიმართულებით, ეს ქვეყანა არის ის ადგილი, რომელშიც ცვლილებების დაკვირვება ნამდვილად ღირს.
ეს ყოველივე კი საკუთარ გამოცდილებასთან მაბრუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ექვსი წლის ასაკში თამამად ვსაუბრობდი დიასახლისობაზე, როგორც კი საშუალო სკოლაში გადავედი ყველაფერი შეიცვალა. დედაჩემი კოლეჯში დაბრუნდა და სამსახურიც იპოვა, გაიკაფა გზა, რომელმაც საბოლოოდ ის ოჯახის მარჩენლად გადააქცია. ეს ნაწილობრივ აუცილებლობისგან, თუმცა, ასევე რწმენისგან გამომდინარეობდა.
ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც იმ დროს ჩვენს აზროვნებაზე იმოქმედა, იყო ფემინისტური მოძრაობა აშშ-ში და 1971 წელს შექმნილი ყოველთვიური ჟურნალი ქალებისთვის, ე.წ. “Ms. Magazine” (ე.წ. იმიტომ, რომ ქალები იძულებულნი იყვნენ საკუთარი თავის იდენტიფიცირება თავიანთი ოჯახური მდგომარეობის გამოყენებით მოეხდინათ – ან მის (Miss.) ან მისის (Mrs.))
ქალების ჟურნალის პირველ ნომერში გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „დიასახლისის ნამდვილი მომენტი“, სადაც აღწერილია, თუ როგორ იაზრებდნენ ქალები საოჯახო საქმესთან დაკავშირებული აშკარად უსამართლო შრომის გაყოფას და იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აუცილებლად დაქვემდებარებულ პოზიციაში იყვნენ. ავტორი ასახავს მენტალურ ცვლილებას და გარდამტეხი მომენტის რეალიზაციას, როდესაც ქალები „მოულოდნელად და შოკისმომგვრელად აღიქვამდნენ უსამართლო წყობას ნორმებისა, რომლებიც ბუნებრივად იყო მიჩნეული“. ამის შემდეგ, ტერმინი “click”, ანუ მენტალური რეალიზაციის მომენტი გაგებულია, როგორც აღიარების მომენტი მათთვის, ვისაც ტრადიციული გენდერული როლების გადააზრება და მნიშვნელობის შეცვლა სურს.
დედაჩემს უამრავი რეალიზაციის მომენტი, ანუ ე.წ. “click” მომენტი ჰქონდა და სწორედ ამ მომენტებმა განსაზღვრეს ჩემი კარიერის განვითარების გზაც.
ეს, რა თქმა უნდა, დიდი ხნის წინ იყო და ძალიან განსხვავებულ კონტექსტში. მიუხედავად ამისა, საქართველოში გარკვეულწილად მსგავსია სიტუაციაა, როგორც ამას ახალი კვლევის მონაცემები აჩვენებს. ვნახავთ ქართველი ქალების ე.წ. “click” მომენტებს მაშინ, როცა ისინი დაუღალავად ცდილობენ კარიერისა და საოჯახო ცხოვრების დაბალანსებას? როგორც ჩანს, სავარაუდოდ ასე მოხდება.
ყოველ შემთხვევაში, საქართველო სერიოზული დისკუსიის საჭიროების წინაშე დგას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიყოს საოჯახო საქმეების პასუხისმგებლობა უფრო სამართლიანად, რათა შესაძლებელი გახდეს ისეთი ვარიანტების არსებობა, როგორსაც ახლა ქალები ითხოვენ.
ავტორი: ლუიზა ვინტონი
ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა