მერსედეს ვერა-მარტინის გზა ეკონომისტის პოზიციიდან საქართველოში საერთაშორისო სავალუტო მისიის ფონდის ხელმღვანელობამდე
მერსედეს ვერა-მარტინის სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო სავალუტო ფონდში თითქმის ორ ათწლეულს ითვლის. ფონდის სახელით საქართველოსთან აქტიურ ურთიერთობას 2016 წლის აგვისტოდან მართავს. მანამდეც, საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნებში მუშაობდა. მაგალითად, 2013-2016 წლებში მერსედესი მავრიტანიის ისლამურ რესპუბლიკაში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციის მისიას, მანამდე კი ეკვადორის გუნდს უძღვებოდა. თავისი კარიერის განმავლობაში, მაღალი დოლარიზაციის მქონე პერუში მისიის ხელმძღვანელი იყო და აქცენტს საერთაშორისო ლათინური ამერიკის განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებზე (არგენტინა, მექსიკა, კოლუმბია და ა.შ.) აკეთებდა. მერსედესს ნამუშევარი აქვს მულტილატერულ და რეგიონულ საკითხებზე ‒ მათ შორის, განვითარებადი ბაზრების მოწყვლადობის შეფასება, ადგილობრივი საფინანსო ბაზრების განვითარება, ბუნებრივი რესურსების მენეჯმენტი და საფინანსო სისტემების რისკების დაზღვევის პოლიტიკა. მერსედეს ვერა-მარტინის საბაკალავრო განათლება ბიზნესის ადმინისტრირებას, ეკონომიკასა და სამართალს აერთიანებს. ეკონომიკის მაგისტრისა და დოქტორის კვალიფიკაცია კი, ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში მიიღო (LSE).
Forbes Woman Georgia-მ მერსედეს ვერა-მარტინთან განსხვავებული ინტერვიუ ჩაწერა ‒ ნაკლები აქცენტი საქართველოსა და ქვეყნის ეკონომიკაზე, უფრო მეტი ‒ მასზე და მისი, როგორც ქალის კარიერულ გზაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდში ‒ საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელიც 189 ქვეყნის წინაშეა პასუხისმგებელი. მათ შორისაა, საქართველოც.
უკვე ორი ათეული წელია, IMF-ის თანამშრომელი ხართ. როგორ განვითარდა თქვენი კარიერა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო ორგანიზაციაში და დამდგარხართ თუ არა კონკრეტული გამოწვევების წინაშე მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხართ?
სხვებისგან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი, თუმცა რასაც მივაღწიე ‒ ყველაფერს მხოლოდ ჩემი თავდადებით და იმით, რომ ჩემი სამსახური ‒ ჩემი გატაცებაა.
ჩემი მშობლები მასწავლებლები იყვნენ, სწორედ ამიტომ, ისინი ყოველთვის კარგი განათლების მნიშვნელობაზე ამახვილებდნენ ყურადღებას, პირველ რიგში, სწორედ ქალისთვის. ჩემს რისკებსა და სამყაროს უკეთ შესწავლის მცდელობებს ყოველთვის მხარს უჭერდნენ. მათ მასწავლეს, რომ ჩემი შესაძლებლობები ულიმიტოა, თუკი საკმარისად მოვინდომებ. სტიპენდიებმაც ძალიან შემიწყო ხელი.
IMF-ში მუშაობისას ისეთ დავალებებს ვეძებდი, რომელიც საშუალებას მომცემდა მემუშავა ადამიანებთან, ვისგანაც ვისწავლიდი. ჩემს კარიერაზე პოზიტიური გავლენა იქონიეს ჩემმა მენტორებმაც, რომლებიც მეხმარებოდნენ ისეთი პოზიციის პოვნაში, რომელიც ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იქნებოდა. დღეს, ასეთი გამოწვევა ჩემთვის, საქართველოა.
დაბოლოს, ვთვლი, რომ მივაღწიე ბალანსს პროფესიულ ინტერესებსა და ოჯახს შორის, და ეს ისაა, რაც დღეს ბევრისთვის გამოწვევას წარმოადგენს. IMF-ის მოქნილი სამუშაო გარემო ძალიან დამეხმარა და ქმარი, რომელიც ჩემსავით ეკონომისტია და ჩემს კარიერულ გადაწყვეტილებებს მუდმივად მხარს უჭერდა.
კარიერის დასაწყისში მქონია შემთხვევები, როდესაც საკმარისად არ ესმოდათ ჩემი ხმა ან არ მიმჩნევდნენ, როცა საქმე ახალი შესაძლებლობების გახსნას ეხებოდა. თავიდან ძალიან ვბრაზდებოდი, თუმცა დროთა განმავლობაში ვისწავლე სიტუაციის გააზრება და უფრო ძლიერი არგუმენტებით დაბრუნება. საერთო ჯამში, ეს ძალიან კარგი გაკვეთილი იყო ჩემთვის ‒ ამ პერიოდში ისიც ვისწავლე, როგორ უნდა ვყოფილიყავი უფრო მტკიცე.
მაკროეკონომიკურ სურათს თუ შევხედავთ, ყველაზე მეტად რა გაშფოთებთ?
ერთ-ერთი, რაც ამ მიმართულებით ჩემს წუხილს იწვევს უთანასწორობის გაღრმავებაა ‒ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ უკანასკნელი დეკადის ეკონომიკურმა ზრდამ მხოლოდ ერთეულების ცხოვრების სტანდარტი გააუმჯობესა. გრძელვადიან პერსპექტივაში, უთანასწორობა აფერხებს ეკონომიკურ ზრდას ‒ ადამიანები თავს იკავებენ, გამოავლინონ სრული პოტენციალი. საქართველოს შემთხვევაშიც, ყურადღებას უფრო მეტად ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საჭიროებაზე ვამახვილებთ.
ბოლო დროს, ჩვენ უფრო მეტი ცოდნა შევიძინეთ კლიმატის ცვლილების გავლენაზე ‒ ეს ყველაფერი გლობალური ეკონომიკისათვის და, ზოგადად, ადამიანების მომავლისთვის სისტემურ რისკად ყალიბდება. ზღვის დონის მატება და ისეთი ექსტრემალური ბუნებრივი მოვლენების გახშირება, როგორიცაა, გვალვა, წყალდიდობები და ქარიშხალი, გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნები, რომლებიც მეტად მოწყვლადი არიან ბუნებრივი კატასტროფების მიმართ, ყველაზე მეტად ზარალდებიან ‒ არა მხოლოდ ადამიანური დანაკარგის, არამედ ეკონომიკაზე ხანგრძლივი ნეგატიური ეფექტის გამოც.
უთანასწორობის საკითხს რომ მივუბრუნდეთ. როგორც ჩანს, ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი თემაა. მაინტერესებს, რამდენად ეთანხმებით პოპულარულ მოსაზრებას, რომელიც ძირითადად ქალთა გაძლიერების მოძრაობებთან ასოცირდება – „როცა მეტი ქალი მუშაობს, ეკონომიკაც შესაბამისად იზრდება“?
დარწმუნებული ვარ, რომ ქალთა მეტი ჩართულობა ეკონომიკაში, შედეგად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ინკლუზიურობასა და მედეგობას მოგვიტანს. IMF-ის უახლესი კვლევა აჩვენებს, რომ გენდერული ინკლუზიურობა უფრო დიდი მაკროეკონომიკური სარგებლის მომტანია, ვიდრე ადრე გვეგონა. მარტივად რომ ვთქვათ, მეტი ქალი სამუშაო ძალის სახით ზრდის მრავალფეროვნებას, სამუშაო გარემოში ჩნდება უფრო ღირებული უნარები და იდეები ‒ შედეგად ვიღებთ მეტ ინოვაციასა და პროდუქტიულობის ზრდას. IMF-ის სხვა კვლევები მიუთითებს, რომ გენდერულად ყველაზე უთანასწორო ქვეყნებში ქალთა მეტი ეკონომიკური ჩართულობის უზრუნველყოფის შემთხვევაში, მათი ეკონომიკა შესაძლოა საშუალოდ 35%-ით გაიზარდოს, სადაც 7-8 პროცენტული პუნქტი გენდერული მრავალფეროვნების გზით მიღწეული პროდუქტიულობის ზრდის შედეგია.
ჩვენ მარტივად შეგვიძლია გენდერული უთანასწორობის რამდენიმე ძირითადი მიზეზი დავასახელოთ – სიღარიბე, განათლებასა და ფინანსურ რესურსებზე წვდომის ნაკლებობა – რა პოლიტიკა აქვს IMF-ს ქალთა აქტიურ ცხოვრებაში ჩართვისთვის და იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროფესიულ თვითრეალიზებასა და ოჯახურ ცხოვრებას შორის ბალანსი იპოვონ?
ქალთა გაძლიერებამ შეიძლება ეკონომიკა შეცვალოს. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება ზრდის მათ დამოუკიდებლობას, რაც ჩაკეტილი წრის როლს ასრულებს, უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდისთვის. თქვენის არ იყოს, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ხაზს უსვამს ქალებისთვის უკეთეს განათლებაზე წვდომის გაიოლებას, მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და აუნაზღაურებელი სამუშაოს დაბალანსებას ‒ სახლის
საქმეები, ოჯახის წევრებზე ზრუნვა და ა.შ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გაზარდა ძალისხმევა ისეთი პოლიტიკის წახალისებისთვის, რომელიც ეხმარება ქალებს, სამსახური და პირადი ცხოვრება ერთმანეთს უფრო ეფექტურად შეუთავსონ. პრიორიტეტია გამართული პოლიტიკა დეკრეტული შვებულებისთვის, ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის სერვისები ბავშვზე ზრუნვისთვის, უფრო მოქნილი სამუშაო პირობები. ასევე, საგადასახადო პოლიტიკა, რომელიც დამატებით შემოსავალს ბეგრავს და ამით მოტივაციას ძირითადად, სწორედ ქალებს ართმევს.
სქესის ნიშნით თუ განასხვავებთ ერთმანეთისგან სამსახურებს და თქვენი გადმოსახედიდან, რა ტიპის სამუშაოა ეკონომისტობა?
როგორც ეკონომისტი, მე არ ვასხვავებ სამსახურებს ქალური და კაცური ნიშნით. ეკონომისტს სჭირდება კარგი ანალიტიკური უნარები, კრიტიკული აზროვნება, პოლიტიკის ანალიზის უნარი ‒ ეს ის თვისებებია, რომელსაც ერთნაირად ვიპოვით ქალებსა და მამაკაცებში. თუმცა, ეკონომიკური საკითხების ანალიზი შეიძლება განსხვავებული იყოს ‒ და ამას მხოლოდ სქესი არ განაპირობებს, კულტურაც, მათ შორის. ჩვენ უნდა წავახალისოთ აზრების და მიდგომების ეს მრავალფეროვნება, რადგან ასე ქვეყანაზე უკეთ მორგებულ გადაწყვეტებს მივაგნებთ.
თქვენი კარიერის განმავლობაში, რომელი გლობალური მოვლენა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?
ჩემი კარიერის განმავლობაში ყველაზე მოულოდნელი და, ამავდროულად, სამწუხარო გლობალური ეკონომიკური მოვლენა იყო 2008-2009 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია გლობალურ ეკონომიკაზე. აშშ-ში დაწყებულმა საბინაო კრიზისმა საერთაშორისო საფინანსო სისტემის სტაბილურობა მოარყია და გამოიწვია გლობალური სიმდიდრის ფართო მასშტაბით შემცირება ‒ ყოველივე აღნიშნულმა წარმოუდგენელი გავლენა იქონია ძალიან ბევრ ადამიანზე. ჩვენ ჯერ კიდევ სრულად ვერ გამოვედით ამ კრიზისიდან, რადგან ალბათ ბოლომდე ვერ გავიაზრეთ საბაზრო ეკონომიკის განახლებული თანამედროვე ხედვა.
უფრო ახლო წარსულიდან, გლობალური სავაჭრო ომი იყო მოულოდნელი. მსოფლიო ეკონომიკა 2000-იანებიდან მოყოლებული გლობალიზაციისგან დიდ სარგებელს იღებდა. ძნელია იმის დანახვა, თუ რამხელა ნაბიჯი გადაიდგა უკან სავაჭრო ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე. ეს დაპირისპირება ვრცელდება რამდენიმე ქვეყანაზე და გავლენა აქვს სხვა კრიტიკულ საკითხებზეც ‒ ვალუტები კვლავ მოექცნენ ყურადღების ცენტრში. სხვადასხვა ეკონომიკების მჭიდრო კავშირის გამო ამ სავაჭრო ომების გავლენას ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ძალიან მალე იგრძნობს. სავაჭრო ომების ირგვლივ არსებული გაურკვევლობა აფერხებს ეკონომიკურ პოტენციალსაც.
რა არის 2020 წლის პროგნოზი საქართველოსთვის?
2020 წლის პროგნოზზე თუ ვისაუბრებთ, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდა შენელდება. ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი მაჩვენებელი ივნისში 4.8%-დან 4.3%-მდე დავწიეთ, რაც განაპირობა რამდენიმე მიზეზმა ‒ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით განპირობებული სუსტი მოთხოვნა ადგილობრივ ბაზარზე, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არასტაბილურობის შედეგად შემცირებული ან შენელებული ინვესტიციები და კაპიტალის შემოდინება. გვაქვს მოლოდინი, რომ 2023 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 5.25%-მდე გაიზრდება ‒ რაც დამოკიდებულია სტრუქტურული რეფორმების სწრაფ იმპლემენტაციასა და ინფრასტრუქტურაში სტაბილურად ინვესტირებაზე. პროგნოზთან ასოცირებული რისკები უარყოფით მოვლენებს უკავშირდება ‒ მოსალოდნელი გლობალური სავაჭრო დაპირისპირებები და ფინანსური ბაზრების რყევები უარყოფით გავლენას იქონიებს ტურიზმის სექტორსა და ექსპორტზე, ყოველივე ეს შეამცირებს ფინანსური რესურსების შემოდინებას ქვეყანაში. ამასთან, დაძაბულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და არასტაბილურ პოლიტიკურ გარემოს შეუძლია როგორც ნდობის, ისე რეფორმებისადმი მხარდაჭერის შემცირება, რაც გამოიწვევს საშუალო-ვადიანი ზრდის პერსპექტივის შემცირებას. პოზიტიურ მოლოდინებს რაც შეეხება, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ შესაძლოა გააძლიეროს ნდობა და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ ზრდას.
რაკი ეს სიტყვა ახსენეთ ‒ ნდობა, ჩემი დაკვირვებით, გლობალურად, ნდობა ინსტიტუციებისა და ექსპერტებისადმი მუდმივად მცირდება… თქვენ როგორ ფიქრობთ და რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით?
ნდობის რღვევა საკმაოდ სამწუხარო მოვლენაა. ჩვენ კომპლექსურ სამყაროში ვცხოვრობთ და მის უკეთ გასაგებად სპეციალური ცოდნა გვჭირდება. ჩვენ ასევე გვჭირდება ძლიერი ინსტიტუციები, რათა უზრუნველვყოთ სამართლიანი თამაშის წესები ეკონომიკური განვითარებისთვის. ეკონომისტის გადმოსახედიდან, ექსპერტებისა და ინსტიტუციების მიმართ უნდობლობის მთავარ წყაროს 2008-2009 წლის ეკონომიკური კრიზისის ნეგატიურ შედეგებში ვხედავ და კრიზისის შემდეგ, საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებაში, რომ ექსპერტებმა ვერ დაინახეს ეს საფრთხე, თავიდან ვერ აგვაცილეს. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო პოპულისტური პოლიტიკის შემობრუნებას, რამაც გაამყარა უნდობლობა ინსტიტუციების მიმართ.
ინსტიტუციისთვის ნდობის მოპოვება არ არის მარტივი. მიზნის მიღწევის აუცილებელი წინაპირობაა ყოველთვის ვსაუბრობდეთ გასაგებად და ამასთან, ვესაუბრებოდეთ ყველას. მაგალითისთვის შეგვიძლია ავიღოთ საერთაშორისო სავალუტო ფონდი. ჩვენი საქმიანობა, ძალიან ხშირად, არ არის მარტივი ასახსნელი. თუმცა, როდესაც საქართველოს ვსტუმრობ, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ მხარეს შევხვდე. ვხედავ, თუ რამდენად რთულია მარტივად ავხსნა, რას ვაკეთებთ და როგორ ვეხმარებით ჩვენი საქმიანობით საქართველოს ‒ თუმცა, ამ ძალისხმევის გაწევა აუცილებელია, სხვაგვარად ნდობის შენარჩუნება ძალიან ძნელია.
როგორ ფიქრობთ, რა როლი ექნება საერთაშორისო სავალუტო ფონდს მომავალში?
ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში, სადაც ეკონომიკური ზრდა შენელებულია და მულტილატერალიზმი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მთავარი როლი იქნება, დაეხმაროს წევრ ქვეყნებს საშინაო და გლობალური ტრანზიციების მარტივად გადალახვაში და იმგვარი ეკონომიკის მშენებლობაში, რომელიც იქნება უფრო მდგრადი და წაახალისებს ეკონომიკურ შესაძლებლობებს.
სსფ კვლავ შეინარჩუნებს დიალოგის გლობალური პლატფორმის როლს და გააგრძელებს თანამშრომლობას ქვეყნებთან, რომ მათ მიიღონ ექსპერტული ანალიზი და რჩევა, ფინანსური მხარდაჭერა და უნარების ისეთ განვითარებაში დახმარება, რომ ადამიანების ცხოვრება რეალურად გაუმჯობესდეს.
ეფექტურობის შესანარჩუნებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოლიტიკა, პროპორციული წარმომადგენლობა, სამუშაო და მხარდაჭერის სისტემები ფოკუსირებული იქნება განვითარდეს გლობალური ლანდშაფტის ცვლასთან ერთად და მუდმივად ადაპტირდნენ თითოეული ქვეყნისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გარემოებებთან.
10 წლის შემდეგაც IMF-ში იქნებით?
დიახ, კვლავ IMF-ში. წილად მხვდა ბედნიერება ვმუშაობდე ისეთ საერთაშორისო და მრავალფეროვან ორგანიზაციაში, რომელიც მის წევრ სახელმწიფოებს უზრუნველყოფს მიუკერძოებელი რეკომენდაციებით და ეხმარება მათ ეკონომიკის გაძლიერებასა და კეთილდღეობის შექმნაში.
შენიშვნა: ინტერვიუ ჩაწერილია COVID-19-ის პანდემიამდე. 31 მარტს IMF-მა განცხადება გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით.