ყოველკვირეულმა კანადურმა ბიზნესგამოცემამ „Business in Vancouver“ ვერა ქობალია ნომინაციის „Forty under 40“ ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა. ვერა ქობალიასთან ერთად გამარჯვებულთა სიაში შევხვდებით სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კორპორაციების დამფუძნებლებს, აღმასრულებელ დირექტორებსა და პრეზიდენტებს.
„Business in Vancouver“ კანადაში 1989 წლიდან გამოიცემა. ბიზნესგამოცემა ყოველწლიურად ასახელებს კატეგორიის “Forty under 40” გამარჯვებულებს. გამოცემის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებასა და მათი საქმიანობის პოპულარიზაციას. გამარჯვებულთა შორის არიან ახალგაზრდები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს, როგორც ბიზნეს სექტორში, ისე საზოგადოებრივ საქმიანობაშიც.
ვერა ქობალია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი საერთაშორისო საბჭოს დირექტორია (Board Director, World Economic Forum, Global Council on Development Finance). ის 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო. 2012 წელს „მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა“ ვერა ქობალია წლის ახალგაზრდა გლობალურ ლიდერად დაასახელა. იგი პირველი ქართველი ქალი პოლიტიკოსია, რომელმაც მსგავს ნომინაციაში გაიმარჯვა.