ეკას, ინტერვიუსთვის, თბილისის ერთ-ერთ კაფეში შევხვდი. კაფეს ინტერიერი მყუდრო და მუქი განათებით გამოირჩევა, თუმცა გარემოს, ჩემთვის აქამდე უცნობი რესპონდენტის თვალები ანათებდა და ეს თვალები კიდევ უფრო აენთო, როცა მან საკუთარ საქმეზე საუბარი დაიწყო. ეს საქმე სოფლის მეურნეობაა, უფრო ზუსტად, ლურჯი მოცვის ინდუსტრია, Forbes Woman-ის რესპონდენტი კი ‒ ეკა ვეფხვაძეა „აგრითაჩის“ და Blueberry Farm-ის დამფუძნებელი, ლურჯი მოცვის ასოციაციის პრეზიდენტი.
მისი ამბავი თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ შრომის შედეგი იმდენად ხილული, რომ ნულიდან დაწყებული საქმის წარმატებას მარტივად იჯერებ. ეკა სოფლის მეურნეობაში, არც მეტი არც ნაკლები, აკადემიური სფეროდან წავიდა, მაშინ როცა კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში 7 წლის განმავლობაში, თითქმის ყველა საფეხურზე იმუშავა და მაშინ, როცა ცხოვრებაში მასშტაბური ცვლილებების მძაფრი სურვილი გაუჩნდა.
„სულ მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, გარდა ამისა, იყო ცხოვრებისეული სირთულეები და ჩავთვალე, რომ ძალიან მჭირდებოდა გარემოს შეცვლა, რომელიც დაკავშირებული იქნებოდა ცხოვრების ჯანსაღ წესთან, თავისუფალ განრიგთან. როცა ვთქვი, რომ სოფლის მეურნეობაში მივდიოდი, ირგვლივ ბევრს გაუჭირდა ჩემი წარმატების დაჯერება, მაგრამ დღეს ეს ჩემი ცხოვრების წესია, მას შემდეგ აღარასოდეს მითქვამს სიტყვა ვმუშაობ და ცხოვრების ეს წესი ძალიან სასიამოვნოა. ბუნებით თავისუფლების მოყვარული ვარ და ეს თავისუფლება სწორედ აქ, სოფლის მეურნეობაში ვიპოვე. თანაც მგონია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ, თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ გურიაში ბევრი ადამიანის ცხოვრება შევცვალეთ, განსაკუთრებით ქალების, რადგან ჩვენს ლურჯი მოცვის ბაღში დასაქმებულთა 80% ადგილობრივი ქალია, ეს ხდება რეგიონში, სადაც წლების განმავლობაში უმოძრაობა იყო“.
სოფლის მეურნეობაში, როგორც თავად გვეუბნება, შემთხვევით ერთ-ერთი აგროპროექტის გზით შეაბიჯა. ეს უცხოელებისგან შემდგარი კორპორაცია იყო, რომელიც ინტენსიურ ბაღებს აშენებდა და ორგანიზაციამ ეკა ვეფხვაძეს ქართული ფილიალის გენერალური მენეჯერობა შესთავაზა. იქ მიღებულმა პრაქტიკულმა გამოცდილება დაარწმუნა, რომ სწორედ ეს იყო ის საქმე, რაც იმ დროს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. როცა ეს კონკრეტული პროექტი დასრულდა, ეკა ლურჯი მოცვის მოყვანაზე დაფიქრდა, ხილი, რომელიც საქართველოში ახლაც კი ეგზოტიკის ნაწილია. პარტნიორის დარწმუნება მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ნიადაგის ანალიზმა, კლიმატურმა რუკამ დაამტკიცა, რომ საქართველოში ლურჯი მოცვისთვის კარგი ნიადაგი არსებობს. პარტნიორთან ერთად კომპანია Uvies Berries დააარსა, გურიაში 10 ჰექტარი მიწა შეიძინა, სხვადასხვა ჯიშის ნერგები შტატებიდან და ჰოლანდიიდან ჩამოიტანა. რატომ მაინც და მაინც ლურჯი მოცვი? ეკა ამბობს, რომ სხვადასხვა ქვეყნებში ასე დაიწყო მისი პირველი ნაბიჯები საქართველოში ლურჯი სექტორის განვითარებისთვის.
რადგან ეკას საკუთარი საქმიანობა, ერთი კონკრეტული პროდუქტის მოყვანამდე არ დაუვიწროებია, ამიტომაც ჩვენ მოცვზე ცოტა ხნით აქ შევჩერდებით და რესპონდენტის პარალელურ საქმიანობაზე მოგიყვებით. ბაღის გაშენების პარალელურად ექსპორტით დაინტერესდა, ანუ ადგილობრივი ფერმერებისგან პროდუქტს ყიდულობდა და მას ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში აგზავნიდა. ამბობს ეს უფრო სწავლა იყო, ვიდრე კომერციული ინტერესი. ამ გზაზე, ცხადია, იყო ბევრი ჩავარდნა, მაგრამ იყო გამართლებაც. მაგალითად 2017 წელს, როცა ყატარში მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების დაძაბვის გამო სუპერმარკეტების დახლები ფაქტობრივად ცარიელი დარჩა. ყატარმა საქართველოს დახმარება სთხოვა, სახელმწიფომ კი ბიზნესს ახალი შესაძლებლობის თაობაზე აცნობა და ცხადია, ეკამ გარისკა! მაშინ როცა, როგორც თავად გვეუბნება, მასზე ბევრად გამოცდილმა ზოგიერთმა ბიზნესმა უკან დაიხია. შემდეგ იყო თითქმის 48 საათიანი თავდადებული შრომა და ზუსტად ამ დროში ყატარისკენ მწვანილით, ხილით და ბოსტნეულით დატვირთული კონტეინერი გაუშვეს. ასე ეკა, საკუთარ გუნდთან ერთად, აგროელჩადაც იქცა. იმ სუპერმარკეტში, სადაც ქართული პროდუქცია შევიდა საქართველოს დროშები გამოფინეს. უკვე 2018 წლიდან ეკამ კომპანია „აგრითაჩი“ დააარსა, რომელიც დღეისთვის უდიდესი აგრო საკონსულტაციო კომპანიაა. ის საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის მეურნეობებს პროდუქციის მოყვანის კუთხით კონსულტაციას უწევს, ეხმარება მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებითაც.
„როცა საექსპორტოდ ადგილობრივი ფერმერებისგან პროდუქტს ვყიდულობდი, ხშირად ვაწყდებოდით პრობლემებს ხარისხის მიმართულებით. მაგალითად, იყო შემთხვევები, რომ შევიძენდით 10 ტონას და საექსპორტოდ ვარგისი მხოლოდ 1 ტონა იყო, ამიტომაც გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის გაგვეზიარებინა და ფერმერებისთვის კონსულტაციის შეთავაზება დავიწყეთ. ახლა ამ საქმიანობას ძირითადად ლურჯი მოცვის სექტორში ვეწევით და ძალიან ბევრ დიდ პროექტში ვართ ჩართულნი. გარდა ამისა, „აგრითაჩი“ „საქართველოს ბანკის“ პარტნიორია და ბანკთან ერთად შემუშავებული მოცვის ბაღის გაშენების პროექტის ფარგლებში დახმარებას ვუწევთ ბანკის კლიენტებს, როგორც ბანკთან ურთიერთობაში, შესაბამისი ფინანსების მოძიების მიზნით, ასევე ბაღის გაშენებისთვის საჭირო საკონსულტაციო მომსახურების კუთხით“.
ლურჯი სექტორის განვითარების ამბავს უნდა დავუბრუნდეთ. 2019 წელს, მცირემიწიან გურიაში, სრულიად მოულოდნელად ერთდროულად გასაყიდად 50 ჰექტარი მიწა გამოდის, არც კი უფიქრია, რომ ამ შესაძლებლობაზე უარი ეთქვა, თუმცა საჭირო იყო საკმაოდ მასშტაბური ინვესტიცია. ლურჯი მოცვით ძმები არველაძეები და მათი მეგობრები ინტერესდებიან და ეკა მათთან ერთად კომპანიას Blueberry Farm-ს აფუძნებს. ახლა სოფელ ლიხაურში მდებარე ლურჯი მოცვის ეს ბაღი ეკა ვეფხვაძის თქმით, ყველანაირ კრიტიკას უძლებს. ამბობს, რომ ის თითქმის სრულყოფილთან მიახლოებულია. პროექტი რომ წარმატებულია ამას ოფიციალური შედეგები ადასტურებს. Blueberry Farm-ს მოცვის ბაღის მოსავალმა გასულ წელს 50 ტონა შეადგინა, წელს უკვე გაორმაგებულია და დამფუძნებლებმა 100 ტონა მოსავალი აიღეს, გეგმები, ცხადია, ამბიციურია. ეკა გვეუბნება, რომ მხოლოდ ლიხაურის ამ ბაღში მოსავალი 300 ტონამდე ავა. ლურჯი მოცვის კრეფა ივნისში იწყება და 6 კვირას გრძელდება. კომპანიას მოცვის ნერგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან და პოლონეთიდან ჩამოაქვს. Blueberry Farm-ს ასორტიმენტშია: სუზიბლუს, ლასტოლის, ლეგასის, ნიუ ჰანოვერის, ბლუგოლდის, გუფთონის და სხვა ჯიშის მოცვი. თავად ხილი ‒ ძვირადღირებული, მაგრამ მალფუჭებადია, მისი ვარგისიანობის ვადა 20 დღეა, ამიტომ კომპანია მოსავლის აღებას კონკრეტულ საექსპერტო კონტრაქტებს ახვედრებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს ცალკე, სულ სხვა მასშტაბის შრომაა!
ქართული ლურჯი მოცვის 90% ექსპორტზე გადის, ადგილობრივ ბაზარს 10%-ზე მეტის მოთხოვნა არ აქვს. ამიტომაც ეკა უსაფუძვლოს უწოდებს ვერსიებს იმის თაობაზე, რომ მწარმოებლები ხელოვნურ დეფიციტს ქმნიან და ასე პროდუქტზე ფასს ზრდიან.
„ლურჯი მოცვი აბსოლუტურად საექსპორტო პროდუქციაა. 10% სჭირდება მთელ ქართულ ბაზარზს, უფრო მეტი უბრალოდ გადაჭარბებული მიწოდება იქნება. ლურჯი მოცვი საქართველოსთვის ჯერ ისევ ახალი ხილია. წარმოების დაწყების ინსპირაცია ჩემთვის საერთაშორისო მოთხოვნა იყო, რომელ ქვეყანაშიც მივდიოდი ყველგან, ეს ხილი მხვდებოდა“.
გუნდთან ერთად ეკა ვეფხვაძის თავდადებული შრომის შედეგია, ის რომ ქართულ ლურჯ მოცვს სპარსეთის ყურის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში, სხვა ქვეყნების წარმოების გვერდით შეხვდებით, თუმცა უახლოესი პერიოდის გეგმა ევროპული ბაზრის სრულად ათვისებაა. ამ გეგმის ნაწილია ლიხაურში მდებარე ბაღის გაფართოება. პროექტი, რომელზეც ახლა ეკა მუშაობს, საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელ 14 გიგანტს შორის საპატიო ადგილს მოუტანს. უფრო ზუსტად, ეკა გვიხსნის, რომ მსოფლიოში ლურჯი მოცვის კლუბი არსებობს, რომელიც 14 ქვეყანას აერთიანებს, კონკრეტული ჯიშების წარმოება მხოლოდ ამ კლუბის წევრებს შეუძლიათ. მოლაპარაკებები თითქმის ფინალშია, Blueberry Farm მალე ერთ-ერთი ლიცენზიანტის პარტნიორი გახდება და სპეციალური ჯიშის მოცვს გურიაში მოიყვანს, ეს კი საერთაშორისო ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის გარანტია იქნება.
ბუნებრივია, ბაღის გაფართოება გურიაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდასაც გამოიწვევს. ამ ეტაპზე, სეზონურად ბაღში 400 ადამიანია დასაქმებული, ახალი პროექტი გურიის რეგიონში დამატებით 300 ადამიანს დაასაქმებს. ეკა არ მალავს, რომ ლურჯი მოცვის ბაღში შრომა მარტივი საქმე არ არის, მარტივი არც ის იყო, როცა სოფელში ჩასული გოგოს გეგმებს თავიდან უყურებდნენ. ეკაც მათ რიგებშია, ვინც ბიზნესში ქალის მიმართ მამაკაცების მხრიდან არასერიოზულ აღქმას და უნდობლობას წააწყდა, თუმცა დღეს ამბობს, რომ წარმატება საკუთარი თავის რწმენამ მოუტანა.
„მეც ბევრჯერ დავმარცხდი. იყო შემთხვევები, როცა შეთავაზებით, ასეულობით მეილს ვაგზავნიდი და პასუხს მხოლოდ ერთეულები გვიბრუნებდნენ. ექსპორტის დროსაც არაერთხელ ვიზარალე, იყო შესაფუთ მაცივრებში გათენებული, უძილო ღამეები, მაგრამ მე ეს ნიჰილიზმში არ მაგდებდა, პირიქით, პატარ-პატარა დამარცხებები მოტივაციას მმატებს“.
ეკას არჩეულ გზაზე მხოლოდ უნდობლობა არ ყოფილა. იყო ქალი ფერმერის მიმართ საერთაშორისო მასშტაბის მხარდაჭერა, იწვევდნენ გამოფენებზე, სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, საიდანაც ყოველთვის ახალი კონტაქტებით ბრუნდებოდა. ეკას მონდომებამ აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სტიპენდიაც მოაპოვებინა და სასწავლებლად კალიფორნიაშიც იმყოფებოდა.
კარგია, როცა ცხოვრებას ცვლი, მაგრამ უფრო კარგია, თუ ცვლილებები შენს ცხოვრებასაც სცდება. როცა ეკას ვეკითხებით, რა შეცვალა მისმა შრომამ, ერთი მაგალითიც საკმარისია ‒ ლურჯი მოცვის სექტორი ხომ ბოლო წლებში რადიკალურად გაიზარდა? თავად ერიდება იმის თქმა, რომ ეს მისი და მისი გუნდის დამსახურებაცაა.
„რამდენიმე წლის წინ, როცა პირველად დავიწყეთ ქართული ლურჯი მოცვის სექტორი, ბევრმა ქვეყანამ არ იცოდა საქართველო როგორც ამ პროდუქტის მწარმოებელი. ახლა მაქვს ამბიცია, რომ მოცვის მწარმოებელი ქვეყნების რუკაზე საქართველოს გამოჩენაში ჩვენი წვლილიცაა“.
ეკა ვეფხვაძის გეგმები მხოლოდ Blueberry Farm-თან არ არის დაკავშირებული. ახლა იმისთვის მუშაობს, რომ „აგრითაჩისის“ სერვისი ექსპორტზე გაიტანოს, სამიზნე ბაზრები რეგიონის ქვეყნებია. უახლოეს გეგმებშია მაღალი ღირებულების პროდუქციის მოყვანა, მაგალითად, ისეთი როგორიც ავოკადო და ჟოლოა, რომლის სადემონსტრაციო ბაღებსაც კომპანია უახლოეს მომავალში გააკეთებს. ეკას სამიზნე მათ შორის ბოსტნეულის ნიშური პროდუქტებია და თუ თქვენ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ყოფნისას მალე ქართულ ავოკადოს ნახავთ, იცოდეთ რომ ეს ქალაქიდან სოფელში, თავისუფლების საძებნელად წასული გოგოს მორიგი წარმატებული განაცხადია!