თუ კომპანიაში საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერი ხართ, საკუთარი თავისთვის ამ ორი კითხვიდან ერთი, დიდი ალბათობით, თქვენც დაგისვამთ. კერძოდ: ა) როგორ შემიძლია შევამცირო და დავარეგულირო სხვადასხვა ტიპის რისკები ჩემს კომპანიაში? ან ბ) როგორ შემიძლია თავი ერთად მოვუყარო ყველა მარეგულირებელ სტანდარტს ჩემს ოპერაციულ პროცესებში, რომ მათი ცვლილების შემთხვევაში არაფერი გამომრჩეს და ამით, შესაძლო ცვლილებებთან ადაპტაციის პროცესი გაცილებით გავიმარტივო?
აღმოჩნდა, რომ ნებისმიერ სფეროში ამ კითხვებზე უნივერსალური პასუხი მსოფლიოს მასშტაბით დიდი ხანია არსებობს, საქართველოში კი ფინანსურ სექტორს პირველად, ბილაინის მიერ დანერგილი პრაქტიკით გასცდა.
ეს ე.წ. კომპლაენსია.
კომპლაენსის ცნება ამერიკის ფინანსური სექტორის შვილია. სულ თავიდან, ძირითადი აქცენტი საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობის დარეგულირებაზე კეთდებოდა: კომპლაენსი კაპიტალურ ბაზრებსა და ამ ბაზრების მოთამაშეებს შორის ნდობის ზრდის მექანიზმი იყო და ინსაიდერული ვაჭრობის პრევენციის საუკეთესო საშუალებად ითვლებოდა. დღეს ეს ნორმა საფონდო ბირჟაზე დალისტული ნებისმიერი კომპანიისთვის სავალდებულოა, თუმცა მსოფლიოში სულ უფრო მეტ კომპანიას ვხვდებით, რომლის საქმიანობის არეალი საფინანსო სექტორი სულაც არ არის, მაგრამ კომპლაენსს ორგანიზაციის ყოველდღიურ ოპერაციებში მაინც აქტიურად ნერგავს.
ვიონი ჯგუფი ზუსტად ასეთი კომპანიაა. ის „კავშირგაბმულობისა და ინტერნეტის პროვაიდერი საერთაშორისო ჯგუფია“, რომელიც 10 ქვეყნის მობილურ ოპერატორებს აერთიანებს, საქართველოში კი ბრენდ ბილაინის (კომპანია „ვიონი საქართველო“) სახითაა წარმოდგენილი. ვიონის აქციები ამერიკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპლაენს-მოთხოვნები ამ ჯგუფის თითოეულ წევრზე თანაბრად ვრცელდება.
შენიშნავდით, რომ, ისევე როგორც ბევრ სფეროში, აქაც ტერმინოლოგიის პრობლემა გვაქვს და მიუხედავად იმისა, რომ კომპლაენსი წესთან ან კანონთან შესაბამისობას გულისხმობს, ბილაინი ტერმინს საკუთარ ყოველდღიურ ბიზნესსაქმიანობაში ორიგინალი ფორმით ნერგავს. ასე საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია გაცილებით უფრო მარტივია.
სტატიის დასაწყისში დასმული ორი კითხვაც კარგად აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ნებისმიერ სფეროს კომპანიებისთვის რისკ-მენეჯმენტი და ე.წ. კომპლაენსის თანამედროვე სისტემა. გადაჭარბებად ვერ ჩაითვლება თუ ვიტყვით, რომ გლობალიზებულ და რეგულირებულ გარემოში, სადაც წესები და კანონები ცვალებადია, იმ კომპანიებს გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ადრეულ ეტაპზევე აღმოაჩინონ რისკები და შედეგად, ცვალებადი მარეგულირებელი გარემოს გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ უხერხულობებს თუ პრობლემებს თავი აარიდონ, რომელთაც კომპლაენსის სახით ამ ცვლილებების პულსზე მუდმივად ხელი უჭირავთ.
ვიონმა ეს ყველაფერი საკუთარ მაგალითზე გამოსცადა. ჯგუფს, ჯერ კიდევ ვიმპელკომად ყოფნის პერიოდში ‒ 2016 წლის თებერვალში ‒ უზბეკეთის მაღალჩინოსნების მოქრთამვის სკანდალის შლეიფი მოსდევდა. უზბეკეთის ბაზარზე ხელსაყრელი სიხშირეების და ლიცენზიების მისაღებად, ქრთამის გაღებამ ‒ რაც იმ პერიოდში იმ ქვეყანაში ერთადერთი დამკვიდრებული პრაქტიკა იყო და ვიონის მსგავსად, სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც შეცდნენ ‒ კომპანიის 795 მილიონი ამერიკული დოლარით დაჯარიმება გამოიწვია. რეპუტაციული ზიანი უნდა გამოსწორებულიყო და თან სწრაფად, ამიტომ ვიონმა მაშინ დაშვებული შეცდომების სისტემური გასწორება დაიწყო. ამ სისტემური გარდაქმნების ნაწილი უნდა გამხდარიყო ვიონი საქართველოც, როგორც ამ ჯგუფში შემავალი კომპანია. ამისთვის ბევრი შრომა, რეკომენდაციების ზედმიწევნით გათვალისწინება და დიდი ძალისხმევა იქნებოდა საჭირო.
დღეს ბილაინს დამოუკიდებელი კომპლაენს ოფიცერი ჰყავს ‒ ია მამეიშვილი, რომელიც საერთაშორისო კომპლაენს ასოციაციის (ICA) წევრია. ფაქტს, რომ ქალმა ძირითადად კაცებით დაკომპლექტებულ მენეჯმენტში თავი გაართვა კომპლაენს პროცესების დანერგვას და დიდი წვლილი შეიტანა, ზოგადად, კომპლაენს კულტურის დამკვიდრებაში ‒ Forbes Woman Georgia გამოხმაურების გარეშე ვერ დატოვებდა.
როცა ბილაინისგან თანამშრომლობის შეთავაზებას დათანხმდა, ია მამეიშვილს ზურგს უკვე ბაზის ბანკში ამ მიმართულებით დაგროვილი 6-წლიანი გამოცდილება უმაგრებდა. სამსახურის დაწყებიდან ზუსტად 2 თვეში შესასრულებელი რეკომენდაციების ვრცელი სია მიიღო, რომელიც ძალიან მოკლე დროში ეფექტურად უნდა დაენერგა. „არ იყო სასიამოვნო შეგრძნება“, ‒ დღეს უკვე ღიმილით იხსენებს ია და მალევე ამატებს: „ეჭვი საკუთარ თავში არ შემპარვია. ვთქვი, რომ საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო, რადაც უნდა დამიჯდეს“.
პასუხისმგებლობა მართლაც ძალიან დიდი იყო. შეინარჩუნებდა თუ არა ვიონი საერთაშორისო კომპანიის სტატუსს და მოერგებოდა თუ არა საქართველოც კომპლაენსის იმ სტანდარტებს, რასაც მას ვიონი, როგორც ამერიკის საფონდო ბირჟაზე აქციებით მოვაჭრე კომპანია უწესებდა, ფაქტობრივად, სრულად იმ რეკომენდაციების წარმატებით დანერგვაზეც იქნებოდა დამოკიდებული, რაც ჯგუფისთვის იყო გათვალისწინებული.
„ამ პროცესში მონაწილეობა ნებისმიერი კომპლაენს ოფიცრისთვის ფუფუნება იქნებოდა. უიშვიათესი გამოცდილება მივიღე“, ‒ დღეს უკვე ასე აფასებს მაშინდელ გამოწვევებს ია მამეიშვილი და ამის საფუძველიც აქვს: „ვიონი საქართველო“ იყო ერთ-ერთი პირველი საოპერაციო კომპანია, რომელმაც წარმატებით დანერგა ყველა რეკომენდაცია. ოქტომბერში კი სერტიფიკატი უკვე მთლიანად ჯგუფს მიენიჭა. „ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიას აქვს სწორი კომპლაენს პროგრამა“, ‒ ჩვენს რესპოდენტს ხმაში სიამაყის ნოტები ეპარება.
დანარჩენი განვითარებული მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც ეს პროგრამა რამდენიმე ფუნდამენტურ ამოცანას მოიცავს ‒ კერძოდ, აუცილებელია მთელი კომპანიის მასშტაბით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანილი ყველა ზომის, პროცესის თუ ნაბიჯის უნიფიცირებულად დანერგვა, დოკუმენტირება, მონიტორინგი, შეფასება და კომუნიკაცია. სწორედ ამიტომ კომპლაენს ოფიცრის საქმე ია მამეიშვილისგან ოცდაოთხსაათიან ჩართულობას მოითხოვს.
„კომუნიკაცია და ტრენინგები არის ძალიან მნიშვნელოვანი“, ‒ გვიხსნის ია: „ვინაიდან ჩვენ რაც უნდა ვწეროთ პოლიტიკის დოკუმენტები, პროცედურები და ა.შ. თუ ამის სწორი კომუნიკაცია არ მოვახდინეთ თანამშრომლებთან ‒ უბრალოდ არაფერს ნიშნავს. არ იმუშავებს“.
ტრენინგებზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, მისთვის, კომპლაენს კულტურაა ‒ იმ ღირებულებების ერთობლიობა, რომელსაც მთლიანად კომპანია ეფუძნება და ყველა თანამშრომელი იზიარებს მაშინაც კი, როცა ეს ღირებულებები ფურცელზე გაცხადებული არცაა. „ეს უკვე ეთიკის ნაწილია. ეთიკა და კომპლაენსი სხვადასხვა რამ არის“, ‒ ამბობს ია მამეიშვილი: „ეთიკა უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტული კანონები და რეგულაციები. ეს არის ის ღირებულებები, რაც უფრო ხანგრძლივი და ნაკლებად ცვალებადია. ამიტომ ყოველთვის ვამბობ, რომ კომპლაენს კულტურა და კომპლაენს პროცესები ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია“.
კომპლაენს პროცესები რამდენიმე მიზანს ემსახურება ‒ მათ შორისაა: ბიზნესრისკების შემცირება; მენეჯმენტში პარტნიორების გაფართოებული შემოწმების დანერგვა; ჯარიმების თავიდან არიდება; რეპუტაციული ზიანის პრევენცია; ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის თავიდან არიდება; მეტად გამჭვირვალე ბიზნესპროცესების დანერგვა და პროდუქტიულობისა და კონკურენტულობის გაზრდა. „ვიონის შემთხვევაში ჯგუფი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მექრთამეობასა და კორუფციაზე, რაც, ზოგადად, ვთანხმდებით, რომ 21-ე საუკუნის უდიდესი გამოწვევაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თანაც, ამ კუთხით პოსტსაბჭოთა ქვეყნები უფრო მაღალი რისკის მატარებლები არიან. თუმცა, ამ მხრივ საქართველოში ეს რისკი მთელ რეგიონთან შედარებით, ყველაზე დაბალია. ყველა რეიტინგი ამას აჩვენებს“, ‒ ამბობს ია მამეიშვილი, რომელიც საერთაშორისო კომპლაენს ასოციაციის წევრია.
„ვიონი საქართველოს“ კომპლაენს ოფიცერს კარგად აქვს გათავისებული, რომ მისი კომპანია ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც თავისი პარტნიორებისთვის სანდო პარტნიორი უნდა იყოს და ამაში, მისი საქმიანობის წვლილი ძალიან დიდია: „სანდო პარტნიორი ვერ იქნები, თუ არ გაგაჩნია შესაბამისი სისტემები, რომლებიც შესაძლო რისკებს აღმოგიჩენს და გააკონტროლებს, თუ არ გაქვს შესაბამისი ადამიანური რესურსი, რომელიც შემდეგ ამ რისკებს გააანალიზებს“, – ამბობს ია მამეიშვილი.
პასუხისმგელობა კიდევ უფრო მასშტაბურია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კომპანიის რეპუტაცია ჯამში ისევ ქვეყნის რეპუტაციას უკავშირდება. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდამ, „ვიონი საქართველოს“ და, ზოგადად, მთელ ჯგუფს მისცა ძალა, სამწლიანი, ძალიან მძიმე და შრომატევადი სამუშაო გაეწია იმისთვის, რომ ყველა ასეთი პროცესი თუ პროცედურა ერთ კომპლექსურ პროგრამად გაეერთიანებინა და კომპლაენს კულტურის ნაწილად ექცია. „სამი წლის განმავლობაში გერმანელი მონიტორი გვყავდა დანიშნული. შედეგების ჩაბარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მივიღეთ უკუკავშირი. ვღელავდით. თუმცა, ორივე ვიზიტმა ‒ გუნდთანაც და უმაღლეს მენეჯმენტთანაც ‒ წარმატებით ჩაიარა. ბოლოს, ჩვენი მონიტორისგან მივიღეთ დადებითი დასკვნა, რომელიც ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ დაამოწმა. ამის საფუძველზე კი ვიონის ჯგუფს, რომლის წევრიც ბილაინია, მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სერტიფიკატი“, ‒ განმარტავს ია მამეიშვილი.
დღეს „ვიონი საქართველო“, საბანკო-საფინანსო სექტორს მიღმა, შეიძლება ითქვას, ერთადერთი კომპანიაა, რომელიც კომპლაენს პროცესებსა და კულტურას დიდი მონდომებით ავითარებს და ამით, ბაზრის სხვა მოთამაშეებისთვისაც ორგანიზაციული მართვის სტანდარტების თამასას ბევრად მაღლა სწევს.
მაგალითად, „ვიონი საქართველო“ პარტნიორებს გაფართოებული შემოწმების მექანიზმის საფუძველზე არჩევს, ხოლო მომსახურებას მხოლოდ ტენდერის საფუძველზე შეისყიდის. ეს გარდაუვალი პროცედურაა, როდესაც საქმე მესამე მხარესთან კონტრაქტის გაფორმებას ეხება. „ჩვენი მთავარი მიზანია, ვიცნობდეთ, ვისთან ვთანამშრომლობთ და პარტნიორთან გვქონდეს მაქსიმალურად გამჭვირვალე ურთიერთობა“, ‒ განმარტავს ია მამეიშვილი.
კარგი მაგალითია ასევე უფასო ან აქციით გათვალისწინებული მომსახურება. „აქაც, კომპლაენსი დიდი დოზით არის ჩართული, რომ ვიონმა არ მიიღოს ისეთი სარგებელი, რაც ჩვენ არ გვეკუთვნის“, ‒ ამბობს ია მამეიშვილი. კომპლაენსის მონიტორინგის ქვეშ ექცევა ინტერესთა კონფლიქტის სფერო; საჩუქრები და წარმომადგენლობითი ხარჯებიც.
კომპანიისთვის ეს პროცედურები და კულტურა, ია მამეიშვილის შეფასებით, ზრდის მის სანდოობას, კონკურენტულობას, ღირებულებას აქციონერისთვის და, რაც მთავარია, არის მაღალი ხარისხის და დაბალი რისკის მთავარი გარანტი. „ჩვენ ‒ კომპლაენსი ვართ პრევენციისთვის და ძირითად შემთხვევაში აცილებული რისკის ფინანსურ მაჩვენებლებში აღქმა რთულია, თუმცა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა პოლ მაკნალთიმ თქვა: “If you think compliance is expensive, try noncompliance” ‒ „თუ თვლით, რომ კომპლაენსის დანერგვა ძვირი სიამოვნებაა, სცადეთ და დათვალეთ, რა შეიძლება დაგიჯდეთ საქმიანობა მის გარეშე“, – ამბობს ია მამეიშვილი.
ვერც შეედავები. რაც უფრო მეტად იზრდება რეგულირებული სფეროების ჩამონათვალი ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ‒ მით უფრო აქტუალური ხდება, კომპანიების ყოველდღიურ საქმიანობაში, ამ არსებული მარეგულირებელი ნორმების და კანონების ზუსტად ასახვა. თუ ადრე კომპლაენსი მხოლოდ საფინანსო სექტორს, ბანკებს და კაპიტალის ბაზრებს ეხებოდა, დღეს ეს ჩამონათვალი გაცილებით უფრო ფართოა. ვაჭრობა, კომუნიკაცია, განათლება ‒ ვერ დაასახელებთ სფეროს, სადაც კომპლაენსი საჭირო არ არის ‒ შესაბამისად, ვერ დაასახელებთ კომპანიას, რომელსაც ამ კუთხით კარგად გაწერილი სტრატეგია და პროცესები არ სჭირდება. რაც მთავარია, ეს მსჯელობა სადღაც გარეთ არსებულ მსოფლიოს არ ეხება, რომელიც საქართველოსგან დამოუკიდებლად არსებობს და ჩვენზე არანაირი გავლენა არ აქვს. ჩვენს რეალობაში კარგ მაგალითად გამოდგება ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგი და ამ დღის წესრიგით განსაზღვრულ რეგულაციებთან ჩვენი ქვეყნის ჰარმონიზების, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დიახ ‒ შესაბამისობის დადგენის პოლიტიკა. ავიღოთ, თუნდაც შრომის უსაფრთხოება (დღეს ეს ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია) ‒ გამოდის, სულ მალე, კომპლაენს პროცესები და კომპლაენს კულტურა ისეთ ფართო სფეროს შეეხება, როგორიც დასაქმებაა. ამით ძალიან მარტივდება პასუხი კითხვაზე ‒ თუ რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ კომპლაენსი. პასუხი მოკლე და ცალსახაა ‒ ყველას!
ავტორი: ელენე კვანჭილაშვილი
ფოტო: ანა ბოკო