არავის არ ჰგავდა. აუდიტორია გადაჭედილი იყო. ლაპარაკობდა სახასიათო ჟესტიკულაციით, ექსპრესიულად, სილაღეს აფრქვევდა. ბევრი ბეჭედი ეკეთა. ლამაზად ეცვა. იცინოდა ისე, რომ გვეგონა, პრობლემა არასდროს ჰქონია ცხოვრებაში. შიგადაშიგ მაგიდაზე ჩამოჯდებოდა ხოლმე. ვგიჟდებოდით.
საბჭოთა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოების ასლების გადასაღებად უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის გვერდით, მიწისქვეშა გადასასვლელში რიგში ვიდექით და ვამბობდით: მარინა ასეთი იმიტომაა, რომ ამერიკაში დადის.
არადა, უკვე 2001 წელი იყო. ჩვენ მაინც საბჭოთა ჟურნალისტიკის სახელმძღვანელოებით ვსწავლობდით და ალბათ ეს გვეგონებოდა ჩვენი პროფესიის ყველაფერი, მარინა რომ არ გვყოლოდა, რომელიც ლექციის ბოლოს გვეუბნებოდა: წადით, იმეცადინეთ. რა ვიმეცადინოთ? ‒ ვეკითხებოდით. წერეთ ‒ გვპასუხობდა.
„ნახეთ, როგორ აგებს წინადადებას!“ ‒ ამბობდა და შეიძლებოდა ბედნიერებისგან ეტირა. „წერეთ იქამდე, სანამ არ გადაირევით თქვენს ნაწერზე, სანამ არ იტყვით ‒ ვაუ, რა მაგრად დავწერე, რა მაგარი ვარ!“
და ჩვენ მოგვინდა ასე მომხდარიყო. დავიწყეთ ნადირობა ამ შეგრძნებაზე ‒ ჩვენს ნაწერზე რომ გადავრეულიყავით, „რა მაგარი ვარ“ რომ გვეთქვა. სხვანაირი ჟურნალისტიკა მოგვინდა.
მარინასავით გვინდოდა გვეწერა და მისნაირი გვინდოდა ვყოფილიყავით. იმიტომ, რომ მარინა მართლა ერთნაირად მაგარი იყო ბეჭდურ მედიაშიც, რადიო თავისუფლებაშიც, ტელევიზიაშიც და უნივერსიტეტშიც. ასეთივეა დღეს „ევრონიუს ჯორჯიაშიც,“ სადაც ის ევროპული საბჭოს წევრია და სწორედ ისეთ სატელევიზიო სტანდარტს ამკვიდრებს, როგორზეც წლების წინ გვიყვებოდა.
როდის აღმოაჩინეთ, რომ წერა კარგად გამოგდიოდათ?
ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ სკოლის პერიოდი იყო. თავისუფალი თემების წერა მომწონდა, და ამას სიამოვნებით ვაკეთებდი. ერთხელ, ქართულის მასწავლებელმა მთხოვა, ხმამაღლა წამეკითხა ჩემი ნაწერი. დღემდე მახსოვს კლასის რეაქცია და ის, რაც ვიგრძენი ‒ კონტაქტი დამყარდა. შეიძლება ეს იყო ჩემი, როგორც ავტორის, პირველი კონტაქტი აუდიტორიასთან.
ჟურნალისტიკა რატომ აირჩიეთ?
იმიტომ, რომ ყველაზე მეტად წერა მომწონდა და გადავწყვიტე, რაც იოლად გამომდიოდა და მსიამოვნებდა, ის მეკეთებინა ცხოვრებაში. მერე და მერე მივხვდი, სინამდვილეში რას ვაკეთებდი, და რომ ჩემი ცხოვრების საქმე ეს იყო.
როდის მიიღეთ ერთგვარი დასტური იმაზე, რომ პროფესიული არჩევანი სწორი იყო? და ხშირად იღებდით თუ არა ამ დასტურს ჟურნალისტური საქმიანობის დროს?
სტუდენტობისას, საზაფხულო პრაქტიკაზე რეგიონებში გვაგზავნიდნენ. მეორე კურსზე ვიყავი და ზესტაფონის გაზეთში გამიშვეს. ვფიქრობდი, რომ არ გამიმართლა, მაგრამ სულ პირიქით მოხდა… ძალიან მაგარი რედაქტორი ჰყავდა ზესტაფონის გაზეთს, ძლიერი და ლამაზი ქალი ‒ მანიკო ვარდოსანიძე. ყველაფრის კეთების უფლებას მაძლევდა. ხან რეპორტიორი ვიყავი, ხან მემანქანე, ხან მთავარი რედაქტორი. სხვაგან სად მიგიშვებდნენ მაგალითად, საბეჭდ დაზგასთან. გიჟივით ვმუშაობდი… დავდიოდი „ფეროს“ საამქროებში და რეპორტაჟებს ვაკეთებდი. დღემდე მახსოვს ამიაკის საამქროს სუნი და მეტალის მტვრისგან გაშავებული სახეები. დავდიოდი, ველაპარაკებოდი, ვიწერდი მათ მონათხრობს. ისინი გაკვირვებულები მეკითხებოდნენ: მართლა გაინტერესებს? კი, ძალიან მაინტერესებს! ეს იყო ისეთი საოცრება, ისეთი თავისუფლება! ზუსტად მაშინ მივხვდი, რა არის ის მთავარი, რის გამოც, ვერასოდეს მივატოვებ ჟურნალისტიკას და რის ახსნასაც, ახლა ვცდილობ ხოლმე ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის: ჩვენი საქმე, აი ეს არის ‒ ნამდვილი ამბების მოყოლა, ცხოვრების აღწერა ისე, რომ არაფერი შეალამაზო. არც დააკლო, არც მოუმატო და თან, ისე გადმოსცე ეს ამბები, რომ მოთხრობასავით იკითხებოდეს.
როგორ მიხვედით საკუთარ, ძალიან განსხვავებულ, ხელწერამდე, რომელიც ჟურნალისტების შემდგომი თაობებისთვის ერთგვარი სტანდარტიც გახდა იმის, თუ როგორ უნდა ეწერათ, მოეყოლათ ამბავი?
მე მგონი, სტილის გრძნობა თანდაყოლილი რამ არის. მაგრამ მერე ძალიან ბევრი უნდა იმუშაო, რომ ეს გრძნობა ხელწერად აქციო. მახსოვს, ჯერ კიდევ სკოლაში, ქართულის მასწავლებელი წითლად გამიხაზავდა ხოლმე წინადადებას. ვეკითხებოდი, რა შემეშალა? შეცდომა არ არის, მაგრამ რაღაცნაირად ალაგებ სიტყვებს, ასე კი არა, ასე უნდა იყოსო. მე კი ჯიუტად ისევ ისე მეწერებოდა. მერე გაირკვა, რომ თურმე, ეს იყო წერის მანერა. შეცდომა არა ‒ რაღაც სხვა. და აღმოჩნდა, რომ ეს „სხვა“ არის ის, რაც ადამიანებამდე აღწევდა. იცი, თავიდანვე მქონდა განცდა, რომ საჩუქრად მივიღე რაღაც, და ამას განუზომელი პასუხისმგებლობა მოჰყვებოდა თან.
საერთოდაც, მგონია, რომ არაფრის ნიჭი ტყუილად არ ეძლევა ადამიანს. რაღაცის გასაკეთებლად ეძლევა. იმისთვის რომ გახსნილი იყო, იდეები და შემოქმედებითი ენერგია გქონდეს, უდიდესი და თავგადაკლული შრომაა საჭირო. ბევრი უნდა გასცე, რომ დაგიბრუნდეს. როგორც კი ჩერდები, ყველაფერი იკეტება. შემხვედრია ახალგაზრდა, რომელიც ნაპერწკლებს ყრის და მიფიქრია, ეს ძალიან მაგარი იქნება-მეთქი, მაგრამ გაჩერებულა რაღაც ეტაპზე, იმიტომ, რომ საკმარისად არ მუშაობდა. ყოფილა პირიქითაც, თითქოს არაფერი, და მერე უცებ სულ სხვანაირად გამობრწყინდება. ამიტომაც არასოდეს ვჩქარობ დასკვნის გაკეთებას, ვისგან რა დადგება მომავალში. ჟურნალისტიკაში, გემოვნება გადამწყვეტია. გემოვნება კი, რთული ამბავია. ბევრი უნდა მოისმინო, რომ კარგი მუსიკის ყადრი გაიგო. ბევრი უნდა წაიკითხო, რომ შედარება შეგეძლოს. ბევრი უნდა წერო, რომ გემო გაუგო…
ყოველთვის დიდი დრო მიჰქონდა პროფესიას? ბალანსის დაცვა რამდენად რთული იყო, თუნდაც ოჯახსა და საქმეს შორის და რამდენად, რის ხარჯზე ახერხებდით ამას?
ეს ძალიან ძნელია, მაგრამ არამარტო ჟურნალისტებისთვის ‒ ამ სირთულის წინაშე დგას საქართველოში ყველა ქალი. დღემდე ასე უყურებენ ამ ამბავს ‒ ქალმა ოჯახს უნდა მიხედოს, შვილები გააჩინოს და დაზარდოს. ცხადია, ბევრი რამ შეიცვალა, ამ თვალსაზრისით, მაგრამ მაინც ასეა. ზოგადად, არც მე ვიყავი გამონაკლისი, მაგრამ ზურა, ჩემი მეუღლე, ყოველთვის იყო ჩემი მხარდამჭერი. ყოველთვის პატივისცემით ეკიდებოდა ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი. ამის მიუხედავად, ის ტვირთი, რაც ქალს აქვს ოჯახში, მე არაფრით შემმსუბუქებია. სულ მქონდა დანაშაულის განცდა, როცა სამსახურში მივდოდი და ბავშვებს ბაღში ან სკოლაში ვტოვებდი. ახლა ამ გადასახედიდან მეცინება ‒ რას ვაშავებდი… სულ ვმუშაობდი და მგონია, რომ ეს კი არ მართმევდა, პირიქით მაძლევდა ძალას, შინ თუ გარეთ ბედნიერი ვყოფილიყავი. ზურა დიპლომატია და სულ წასული იყო. მე და ჩემი შვილები ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთი გავზარდეთ, და ისე გამოვიდა, რომ დღეს ისინი ჩემი ყველაზე ახლო მეგობრები არიან. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, მაგრამ ახალბედა ჟურნალისტებს სულ ვეუბნები, არ შეეშინდეთ, არ ეგონოთ, რომ საყვარელი საქმის კეთება ოჯახის შექმნაში შეუშლით ხელს. უბრალოდ ეცადონ რაღაცები შეცვალონ, პირადი მაგალითით შეცვალონ საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპები.
თქვენ იყავით თქვენს თაობაში, ფაქტობრივად, პირველი, ვისაც დასავლურ მედიასაშუალებებში მუშაობის შესაძლებლობა ჰქონდა. როგორ მოგეცათ ამის შანსი?
ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო. ვგრძნობდი, რომ სამყარო წინ მიდის და ჩვენ კი, ამ პატარა ქვეყანაში, საკუთარ წვენში ვიხარშებით. ვგრძნობდი, რომ ახალი ჟურნალისტიკა უნდა მესწავლა და სხვებისთვისაც მეჩვენებინა, რომ სხვა გზა არსებობს.
90-იანი წლები იყო და საქართველოში ამერიკის საელჩო გაიხსნა. ერთ დღესაც, საელჩოდან დამიკავშირდნენ და შეხვედრაზე მიმიწვიეს. იმ საოცარ კაცს, ვინც იმ დღეს შემხვდა, და შემდეგ ჩემი ცხოვრება შეცვალა, ჯიმ ხატჩისონი ერქვა. ასე გაიხსნა ჩემ წინაშე დასავლეთის კარი… საოცარი გამოცდილებისა და საკუთარი თავის ძიების კარი. მაშინ ამერიკაში კარგა ხანს დავრჩი. მას შემდეგ, ხშირად მიწევდა დასავლეთში ყოფნა, და ყოველ ჯერზე ვგრძნობდი, რომ სხვა ადამიანი დავბრუნდი…
სწავლების პროცესი, ლექციების წაკითხვა სიამოვნებას განიჭებთ?
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. სტუდენტებთან ურთიერთობაზე ვგიჟდები! ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა და ყოველ ჯერზე სერიოზულად ვემზადები იმის მიუხედავად, რომ ამდენი ხანია ახალი ამბების ჟურნალისტიკას ვასწავლი, და თან ამდენიხანია თვითონ ვაკეთებ იმას, რასაც ვასწავლი. ყველაზე დაღლილი ლექციიდან გამოვდივარ ხოლმე, მაგრამ რამდენადაც ვიხარჯები, იმდენად ვივსები, ესაა ენერგიის სრულიად ფანტასტიკური გაცვლა! ფიქრისა და აზრის გაცვლა. ვგიჟდები, ისე მიყვარს ეს მაგია. შენ აძლევ რაღაც შენსას, რაც გამოგიცდია. რაც იცი, რომ დასჭირდებათ და გამოადგებათ, ისინი კი სიცოცხლის ენერგიასა და წყურვილს გიბრუნებენ. ძალიან მაგარი რამეა!
თქვენს ტექსტებში, გადაცემებში, მუშაობის სტილშიც განსაკუთრებით საგრძნობია სიყვარული და ინტერესი ადამიანის მიმართ. არის ადამიანი ინტერესის მთავარი ობიექტი თქვენთვის?
ნამდვილად არის! ადამიანი ჩემთვის მთავარია. ახლა უკვე ძალიან პოპულარული გახდა ადამიანური ამბების მოყოლა, ბევრი წერს და ლაპარაკობს ამაზე, მაგრამ 20 წლის წინ ასე არ იყო ‒ რა დროს ეგ არის, მთავარია პრობლემებზე წერაო. თითქოს ეს პრობლემები, ამ ადამიანებს არ ჰქონდათ.
ადამიანებს, სხვა ადამიანების ცხოვრება აინტერესებთ ‒ ეს არის ჩვენი პროფესიის საიდუმლო. და ხიბლიც ეგ არის! ჟურნალისტებს მუდმივად ადამიანებთან გვაქვს ურთიერთობა, ეს კი, დიდი პასუხისმგებლობაა და, ამავე დროს, უდიდესი ბედნიერება.
ადამიანი თავის ამბავს გიყვება, გენდობა, შენი იმედი აქვს…
ადამიანებთან უშუალო შეხების შესაძლებლობა დიდი ფუფუნებაა, ამაში ძალიან გაგვიმართლა ჟურნალისტებს. კარგი იქნება, თუ სულ გვემახსოვრება პასუხისმგებლობის რა დიდი სიმძიმე მოჰყვება ამას.
ოდესმე თუ გქონიათ სურვილი, რომ ჟურნალისტიკაზე უარი გეთქვათ და სხვა სფეროში გემუშავათ?
არასდროს! სრულიად გაუცნობიერებლად ავირჩიე ეს პროფესია, შემდეგ პრაქტიკოსი ჟურნალისტი გავხდი, მერე დასავლური ჟურნალისტიკა აღმოვაჩინე, წავედი, ვისწავლე, დავიწყე კვლევა, სხვებისთვის სწავლება, მაგრამ ამერიკაში ვიქნებოდი მიწვეული პროფესორი თუ თბილისში რადიო თავისუფლებაში ვიმუშავებდი, სულ ჟურნალისტიკაში ვიყავი. არასდროს არაფერი სხვა არ მიკეთებია, არ ვიცი, და არც არასდროს მდომებია.
ყველანაირ გარემოში შეგიძლიათ წეროთ, თუ, მაგალითად, სპეციალური კუთხე გჭირდებათ ამისთვის?
ჩემი ერთ-ერთი ლექციის თემაა ‒ როგორ უნდა შეგეძლოს, დიდ და ხალხმრავალ ნიუსრუმში წერა. ამას სპეციალური ავტოტრენინგი უნდა, საკუთარი თავის გაწვრთნა. ღამე, შენთვის რომ მყუდროდ განმარტოვდები, ეს სხვაა. მაგრამ ჩვენი ხელობა ისეთია, ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ თემაზე უნდა შეგეძლოს წერო და თან ძალიან კარგად წერო ‒ სიუჟეტის ნარატივი იქნება ეს, თუ ფოტოზე წარწერა. არსებობს თეთრი ქაღალდის შიში, რომელსაც დღეს შეიძლება თეთრი ეკრანის შიში დავარქვათ. თავიდან ყველა ასეა ‒ ვერა და ვერ წერ პირველ სიტყვებს, თითქოს უკან გაგდებს ეს ცარიელი ეკრანი. ამიტომ, ახალბედა ჟურნალისტებს ვუხსნი ხოლმე, როგორ შეიძლება გამოვიმუშაოთ პირობითი რეფლექსი, და ეს თეთრი ქაღალდი ჩვენს მეგობრად ვაქციოთ.
ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ ხოლმე. მეც ასე ვიყავი ‒ დედლაინი მახრჩობდა, მე კი ვერა და ვერ ვიწყებდი წერას. დავიწყებდი ‒ მაგდებდა, პირველ სიტყვას დავწერდი ‒ მეორეს ვეღარ… ჰოდა, ასეთი რამ მოვიგონე: ვიწყებდი იმდღევანდელი ამბის მოყოლას. მაგალითად ასე: „ქუჩაში გამოვედი. ესა და ეს შემხვდა… იმან გულით გამიღიმა. იმან, მგონი, ცუდად შემომხედა. იმას კი რატომღაც, არ ვუყვარვარ… აღარ შემიძლია პრობლემების მოგვარება თუ შინ თუ გარეთ…“ და ასე შემდეგ, და ასე შემდეგ… ასე ვწერდი. ფურცლებს ვავსებდი. ძირითადად სევდიანი ამბები მაწვებოდა, მერე გული მიჩუყდებოდა, და ლამის ტირილს ვიწყებდი… და უცბად, ვგრძნობდი, რომ გამეხსნა! რომ ახლა მზად ვარ. რომ ახლა რასაც გინდა იმას დავწერ. და ვწერდი, იმ ამბებს, რომლებიც იმ დღეს მოვაგროვე და რომლებიც ხალხისათვის, ასეთივე გულიანი თხრობით უნდა მომეყოლა. ამ ამბავს ვუზიარებ ხოლმე ახალგაზრდა კოლეგებს და რა ვიცი, ამბობენ, რომ ჭრის. უბრალოდ ბევრი ვარჯიში უნდა. ჯერ საათები მიაქვს, მერე წუთები, მერე წამები გყოფნის იმისათვის, რომ შენში ეს „მზაობა“ გამოიძახო. და მაშინ, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია.
კრიტიკაზე როგორ რეაგირებთ? და როგორ რეაგირებდით მაშინ, როცა უფრო გამოუცდელი იყავით?
როცა პატარა ვიყავი, ძალიან მწვავედ და მტკივნეულად აღვიქვამდი. მახსოვს, რედაქტორმა ნაწერი პირველად რომ შემიმცირა, ისეთი განცდა მქონდა, რომ თითქოს, თითოეული ამოღებული ფრაზით ხორცი ამომაგლიჯა. მერე ნელ-ნელა ცხოვრებამ მასწავლა: უნდა მოიკრიბო ძალა იმის დასანახად, რომ ყოველთვის ყველაფერს, გენიალურად ვერ გააკეთებ. სწორედ ეს მოაქვს გამოცდილებას და რაც უფრო წინ მიდიხარ და რაც უფრო მაგარი ხდები, მით უფრო შეგიძლია შენ თვითონვე შეაფასო კრიტიკულად შენი ნაშრომი. ახლა თვითონ დავჯდები და სადამდეც მეტყვით, იქამდე დავიყვან ჩემს ნებისმიერ ტექსტს. ისე, რომ ნერვი არ ამიტოკდება და ის ბოლო ვერსია კიდევ, ყველაზე კარგი იქნება.
ქალებისა და მამაკაცების ძალა განსხვავდება ერთმანეთისგან?
სულიერი ძალა ‒ არა. ვიცი, რომ ფიზიკურ ძალაზე არ მეკითხები. მე მჯერა ქალების ძალის. ვიცი რა არის. და მინდა, რომ ყველა ქალმა იგრძნოს და გამოსცადოს, რა შეუძლია.
წინააღმდეგობებს ან სირთულეებს შეხვედრიხართ იმის გამო, რომ ქალი ხართ?
რა თქმა უნდა, შევხვედრივარ. მაგალითად, უთქვამთ, ჩემპიონი ხარ ქალებს შორისო. გამცინებია, იმიტომ, რომ არ ვიყავი იმაზე ნაკლები, ვისაც ეს უთქვამს. ხშირად მიგრძვნია დამოკიდებულება, რომ ეს არ არის ქალის საქმე და კაცის საქმეა; მიგრძვნია ისიც, ქალი რომ არ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა უპირატესობა მქონოდა რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში. მაგრამ ამას არასდროს ვეპუებოდი, იმიტომ, რომ შინაგანად არ მქონდა ამ განსხვავებულობის განცდა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა: შენ თვითონ როგორ გრძნობ თავს. თავიდანაც და მერეც, როცა უკვე ამ პრობლემებს ვაშუქებდი, სულ ვხედავდი, რომ ქალების დაბალი თვითშეფასება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ამიტომაა საჭირო ქალების გაძლიერება, გარემოს შეცვლა, სტერეოტიპების დანგრევა. ბევრი რამ შეიცვალა, საბედნიეროდ. არიან ორგანიზაციები, რომლებიც ძალიან მაგრად მუშაობენ და ქალების უფლებებს იცავენ. წინსვლაა ისიც, რომ ახლა გაცილებით მეტს ვლაპარაკობთ ამ საკითხებზე, მაგრამ დღემდე ლამის ყოველდღე გვიწევს ქალთა მიმართ ძალადობის გაშუქება. დღემდე ვიბრძვით უთანასწორობის წინააღმდეგ…
როგორ შეაფასებდით „ევრონიუს ჯორჯიას“ საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობას?
საქართველოში საერთაშორისო მედიის, განსაკუთრებით კი, დასავლური მედიის შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მივისწრაფვით ევროპისაკენ, გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ. ამისათვის კი, გააზრებული უნდა გვქონდეს ‒ რა არის ევროპა, რა არის ევროპული ღირებულებები? საქართველოში, მნიშვნელოვანია ევროპული ამბების თხრობა, ან ევროპულად თხრობა. ისევე, როგორც მნიშვნელოვანია საქართველოს ამბების მოყოლა ევროპისათვის. ამ თვალსაზრისით, მრავლისმთქმელია „ევრონიუსის“ საქართველოში არსებობა, ევროპული სტანდარტებისა და ღირებულებების დამკვიდრება.