სალომე ვაშაკიძე, ევროპასა და ამერიკაში განათლების მიღების შემდეგ, 2013 წელს დაბრუნდა საქართველოში და ენერგეტიკულ სექტორში დაიწყო მუშაობა. მან „რონდელის ფონდში“ გაიარა საერთაშორისო უსაფრთხოების ძალიან საინტერესო კურსი. როგორც თავად ამბობს, ეს იყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი პერიოდი, როცა ალექსანდრე რონდელმა თანამედროვე მსოფლიოს დიდ ოჯახში პატარა ქვეყნის თვითდამკვიდრების შესაძლებლობებს აზიარა. სწორედ ამ ცოდნის საფუძველზე 2017 წლიდან სალომე, ფაქტობრივად, გახდა საქართველოს არაოფიციალური „ელჩი“ ჰოლანდიაში და დღემდე წარმატებით ასრულებს საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას, რომ საქართველო მუდამ იყოს საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანა მსოფლიო რუკაზე.
რამ განსაზღვრა შენი პროფესიული არჩევანი?
სიმართლე გითხრათ, მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა ჯგუფს, ვინც 18-წლის ასაკში უკვე ჩამოყალიბებულია თავის არჩევანში, მაგრამ მე გადავწყვიტე დავუფლებოდი საერთაშორისო ბიზნესისა და მენეჯმენტის საფუძვლებს იმდენად, რამდენადაც ამის ცოდნა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს წარმატებულ მოღვაწეობას უამრავ სხვადასხვა პროფილის მქონე დარგებში.
რას საქმიანობ ახლა?
დღეს მე ჰოლანდიის განვითარების ბანკის, FMO-ს ინვესტიციების მიმართულების გუნდის წევრი ვარ კერძო კაპიტალში. FMO-ს მთავარი მისიაა განვითარებად ქვეყნებს პარტნიორობა გაუწიოს არა მხოლოდ ფინანსური ქმედუნარიანობის შეძენაში, არამედ გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პასუხისმგებლობის სრულყოფაშიც.
ხარ თავდაჯერებული საკუთარ შესაძლებლობებში? ეს უფრო დრომ, გამოცდილებამ თუ ქვეყანამ მოიტანა, სადაც ცხოვრობ, თუ ბავშვობიდან ასეთი იყავი?
ადამიანის თავდაჯერებულობას საკუთარ შესაძლებლობებში განსაზღვრავს ერთი მხრივ პიროვნების თანდაყოლილი თვისებები, მეორე მხრივ ის ობიექტური საქმიანობა, რომელშიც ვლინდება ამ თვისებების მნიშვნელობა საქმიანობის ეფექტური წარმართვისათვის.
ბავშვობაში დიდად თავდაჯერებული საკუთარ შესაძლებლობებში არ ვყოფილვარ. ჩემი თავის მიმართ ყოველთვის კრიტიკული ვიყავი. საერთოდ, ჯანსაღი კრიტიკა მნიშვნელოვანია, რადგან ის არის განვითარების მამოძრავებელი ძალა, მაგრამ, ამასთანავე გაუმართლებელია საკუთარი შესაძლებლობებისადმი პესიმისტური განწყობა. ამ დროს უკმაყოფილება დროის ფლანგვაა.
დღეს მე დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებში, რაც განაპირობა პროფესიონალიზმმა, პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებამ და დიდმა შრომამ საკუთარ თავზე. აქვე ხაზს გავუსვამ იმას, რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა შეიძლება გადაიზარდოს მავნე სიჯიუტეში, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს შენი შრომითი კოლექტივის საერთო საქმიანობას. მთავარია ბალანსი.
რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება, რას შეცვლიდი და რატომ?
არაფერს! ესეც ზემოაღნიშნულ დროის ფლანგვას მიეკუთვნება. ძალიან კარგი ფრაზა არსებობს “it is only up to you to decide, one day or day one”. მე დღეს არ ვიქნებოდი ის ადამიანი ვინც ვარ, ის გზა რომ არ გამევლო, რაც გავიარე. რეტროსპექტივა მხოლოდ რეფლექსიისთვის არის კარგი, მაგრამ წარსულზე ხანგრძლივი ფიქრი დღევანდელი დღის მტერია.
შენი კარიერის განმავლობაში თუ გქონია რაიმე უკუსვლა ან დაბრკოლება იმის გამო, რომ ქალი ხარ?
კი, მქონია, განსაკუთრებით ანაზღაურების კუთხით, რასაც ხელფასზე თავისუფლად საუბარი მაძლევინებს. დამსაქმებელს შენ სერვისს სთავაზობ – შენს შესაძლებლობებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ისწავლო როგორ შეაფასო ეს სერვისი და არგუმენტირებულად ახსნა შეთავაზება. ქალები ამას ოდითგანვე ვაკეთებდით ყოჩაღად ყველა სხვა საკითხში, პროდუქტის შეძენა იქნებოდა ეს თუ ბიუჯეტის განაწილება, ამიტომ ეს ჩვენში არის, უბრალოდ საზოგადოება და საკუთარი თავი უნდა მივაჩვიოთ ამას. მე დღემდე მხვდება ეს დაბრკოლება და ყოველ ჯერზე მიზანს ვერ ვაღწევ, მაგრამ შეფასებისა და ახსნის უნარი მიუმჯობესდება.
რამდენად მნიშვნელოვანია დროის მენეჯმენტი, კარგად დაგეგმვა? რთული იყო თუ არა შენთვის ისეთ ქვეყანასთან შეგუება, სადაც ყველა გეგმის მიხედვით ცხოვრობს?! რამდენად რთულია შეინარჩუნო ე.წ „work-life balance“?
ნიდერლანდები, ჩემი გამოცდილებით, ის ქვეყანაა, სადაც „work-life balance“-ს უდიდეს პატივს სცემენ, სწორედ ეს არის ქვეყნის ეფექტიანობის ერთ-ერთი საფუძველი. მე არასდროს არ გამოვირჩეოდი დისციპლინით, ეს ჩემი ოჯახის დიდი თავის ტკივილი იყო სულ, მაგრამ დროთა განმავლობაში მივედი იმ დასკვნამდე, რომ პირადისა და სამსახურებრივი დროის შეთავსება სწორი დაგეგმვით სრულიად შესაძლებელია.
ჰოლანდია ჩემთვის არის… სახლი.
საქართველო ჩემთვის არის… სამშობლო. ოჯახის, მეგობრების და საყვარელი ხალხის ერთობა, რაც დღემდე ჩემი ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა.
რა არის შენთვის თავისუფლება?
აზრისა და არჩევანის დამოუკიდებლობა, სხვისი უფლებების დაურღვევლად.
„არა“ როგორც დაბრკოლება თუ „არა“ როგორც შესაძლებლობა?
არა, როგორც შესაძლებლობა. ძალიან კარგი წიგნი წავიკითხე, რომელიც სტოიციზმის საფუძვლებზეა აწყობილი და ძალიან კარგად ხსნის, რომ ყველა „არა“ შესაძლებლობაა. “Obstacle is the way” – Ryan Holiday.
იყენებ თუ არა შენს მრავალწლიან გამოცდილებას და უცხადებ თუ არა მხარდაჭერას სხვა გოგო კოლეგებს?
მე ყველა ადამიანს ვუცხადებ მხარდაჭერას და გოგო კოლეგებს ფინანსურ სექტორში კი განსაკუთრებით. სამწუხაროდ, იშვიათია ეს მიდგომა, რადგან რაღაცის მოსაპოვებლად ბევრი მსხვერპლი გაიღეს ამ ქალბატონებმა, მე მესმის ეს, მაგრამ ზუსტად ამ გაკვლეული გზის მთავარი აზრიც ხომ სხვისთვის ამ გზის გავლის შემსუბუქებაა. მე ამას ვცდილობ ჩემი არსებით, საბედნიეროდ, ბევრ ქალ კოლეგას შეუმჩნევია და დაუფასებია ეს. ძალიან მნიშვნელოვანია თანადგომა, ვიღაცის სიყოჩაღე ჩემთვის საამაყოა და ამას საფრთხედ არ მივიჩნევ, რადგან მისგან სწავლა შემიძლია და ძალების გაერთიანებით უფრო ეფექტური ვხდები მეც.
რას ნიშნავს შენთვის წარმატება და რა არის საჭირო დღეს, ცხოვრების უკიდეგანოდ აჩქარებულ ტემპში წარმატების მისაღწევად?
წარმატება ჩემთვის ნიშნავს შენი თავის ისეთ განვითარებას, როდესაც შენს აზრს და შესაძლებლობებს სხვები იყენებენ უკეთესი შედეგის მისაღწევად. დღეს, მოცემულობები აჩქარებულ ტემპში იცვლება და შენი მოვალეობაა ამას ფეხი აუწყო თვითგანვითარებით.
რა რჩევას მისცემდი 20 წლის სალომეს?
20 წლის სალომეს ვეტყოდი: იზრუნე წუთზე და საათზე, თვე და წელი თვითონ იზრუნებს თავის თავზე.
უახლოესი და შორეული მიზნები როგორია?
უახლოესი მიზანია გავაგრძელო საკუთარი თავის განვითარება და რაც შეიძლება დიდი გამოცდილება მივიღო იმისთვის, რომ ჩემს ქვეყანას გამოვადგე. ბევრი მიმოგზაურია და ყოველი ახალი გამოცდილება მარწმუნებს როგორი განსაკუთრებული ქვეყანაა საქართველო, თავისი გეოგრაფიით, კულტურით და ადამიანური რესურსით, უბრალოდ საჭიროა, რომ ბევრმა ადამიანმა ქვეყნის ინტერესი დააყენოს პირად ინტერესებზე მაღლა და დადოს საქართველოზე კოლექტიური ზრუნვის პირობა. ძალიან მინდა, რომ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს თანამედროვე სამყაროში. ჩემი მოკლე და გრძელი ვადაც ამას ეძღვნება.